კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბიზნესმენი ძმები მეტაქსები, სიმღერ-სიმღერით შეხმატკბილებული მძღოლ-მგზავრი, რადიოთი გამოღვიძებული გოგი დოლიძე და გახსენებული „ცოდვები“


ამ ქალაქში რომ სახელი დაიმკვიდრო და შენი კაცური სიტყვა თამამად თქვა, ძალიან რთულია. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ქცევით ეს შეძლეს. სამწუხაროდ, ზოგი მათგანი ჩვენს გვერდით აღარ არის, მაგრამ მათ საქციელს დღესაც სიამაყით იხსენებენ მისი მეგობრები და უბრალო ქალაქელები. თემურ ჭკუასელს, თავისი პროფესიის გამო, უამრავ ადამიანთან უწევს ურთიერთობა. მან ბევრი ისეთი ისტორიაც იცის, რაც თავის დროზე არავის უკვირდა, დღეს კი გმირულ საქციელად შეიძლება ჩავთვალოთ.


ბანის მაძებარი ტაქსის მძღოლი და თბილისის ქუჩებს ასჯერ წრედარტყმული გოგი დოლიძე

დაახლოებით, ღამის პირველი საათი იქნებოდა. გოგი დოლიძემ ვაკეში ტაქსი გააჩერა. გოგოლის ქუჩაზე ცხოვრობდა და მძღოლს იქ წაყვანა სთხოვა. დაიძრა ტაქსის მძღოლი „პლეხანოვისკენ“, საიდანაც „ვაგზალზე“ აუხვევდა და მგზავრს სახლში მიიყვანდა. მძღოლს გზაში ქართული სიმღერის ღიღინი დაუწყია ხმადაბლა. გოგის რა შეეშლებოდა? დაუგდო თურმე ყური და ისე მოეწონა მისი ნამღერი, თავადაც აჰყვა. ეშხში შევიდნენ, ხმას აუწიეს და მაგრად დაამღერეს გაქანებულ მანქანაში. ამ სიმღერ-სიმღერაში, გოგიმ შეამჩნია, რომ გზა ძალიან გაგრძელდა და მძღოლმა სულ სხვა გზაზე გადაუხვია. უთხრა, სად მიდიხარ, აქ რა უნდა გოგოლის ქუჩასო. მძღოლი თურმე მოუბრუნდა და ჰკითხა, გეჩქარებაო? გოგის არასდროს არსად ეჩქარებოდა, სახლში – მით უმეტეს და უპასუხა თურმე, მე არ მეჩქარება, მაგრამ შენ რატომ იხარჯებიო. მძღოლს ჩასცინებია, შენ ჩემს ხარჯვაზე ნუ ინერვიულებ, ისე მომეწონა შენი ნამღერი, არ გადაგახდევინებ ფულს, ქალაქში ვიაროთ ცოტა ხანს. მე დავიწყებ სიმღერას და შენ ამყევიო. მოკლედ, იარეს, იარეს და მაშინდელ ლენინის მოედანზე ამოჰყვეს თავი. იმ დროს, იქ ბევრი ხალხი იდგა რიგში და ტაქსს ელოდებოდა სახლში წასასვლელად. მძღოლებიც მიდიოდნენ იმ ადგილას და დაიყვირებდნენ ხოლმე, აბა, ვინ მოდის საბურთალოზე, ვაკეში, „პლეხანოვზე“ და ასე შემდეგ, რამდენიმე მგზავრს დაიმატებდნენ და მიდიოდნენ. მიუახლოვდნენ თურმე იმ რიგს. გააჩერა მანქანა მძღოლმა გადმოვიდა და იმის მაგივრად, რომ დაეყვირა, ვინ სად მიდისო, დაიძახა, აბა, ვინ იცის კარგი ბანიო. ხალხი გაოცებულა, რა ბანი, რის ბანი, საით მიდიხარო. მძღოლს უთქვამს, აგერ ორი კაცი ვზივართ მანქანაში, ბანი გვაკლია და თუ ვინმემ იცით დაგვემგზავრეთ, უფასოდ მიგიყვანთ დანიშნულ ადგილასო. არადა, თურმე, ბანის მთქმელი იქ არავინ აღმოჩენილა. სინანულით ჩაუქნევია მძღოლს ხელი, ჩამჯდარა მანქანაში, მგზავრისთვის უთქვამს, ეს საქმეა, ბანის მთქმელ კაცს რომ ვერ იშოვიო და ასე, ორ ხმაში სიმღერით მიუყვანია გოგი სახლში.

იუბილარის „მოპარვის“ მცდელობა

ადრე ყველა უბანში იყვნენ ისეთი ბიჭები, ყველგან რომ იცნობდნენ და პატივს სცემდნენ. დაბადების დღეებზე ერთს რომ დაპატიჟებდნენ, მას მთელი საძმაკაცო მიჰყავდა და უბატონოდ ხმას ვერავინ გასცემდათ. დაპირისპირებები, რასაკვირველია ხდებოდა, მაგრამ, ამ გარჩევებსაც თავისი თბილისური ხიბლი ჰქონდა. ყოველი შერიგების შემდეგ, რესტორანში მიდიოდნენ და იქ აღნიშნავდნენ შერიგებას. ასეთ სუფრებზე ხშირად მეც ვყოფილვარ და არაერთ გარჩევაშიც მიმიღია მონაწილეობა. მოკლედ, ერთხელ მოვხვდი სუფრაზე და წარმოდგენა არ მქონდა, ვის დაბადების დღეზე ვიყავი. ბიჭები რომ შეზარხოშდნენ, სიტუაცია ცოტა დაიძაბა. ეს არ მომეწონა და ვიფიქრე, აქედან გავერიდები-მეთქი. ძმაკაცებისთვის რომ მეთქვა, ვიცოდი არ გამომყვებოდნენ. ერთი ჩემი ნაცნობი უბნელი ბიჭი გამოვიჭირე, რომელიც ჩემს მისვლამდე მისულიყო იქ. ვუთხარი, წამოდი ბიჭო, ხომ ხედავ, უაზრო სიტუაციაა და გავერიდოთ-მეთქი. მითხრა, ვერ წამოვალო. დავუწყე ახსნა, ხომ ხედავ, თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობთ, სანამ ერთი ამბავი ატყდა წავიდეთ-მეთქი. შემომიტრიალდა და მითხრა, ვერ წამოვალ, ძმაო, ჩემი დაბადების დღეაო. აი, ასეც ხდებოდა ადრე თბილისში, ისეთ სუფრაზე მიწევდა მოლხენა და დროსტარება, საერთოდ რომ არ ვიცოდი, რა გაუგებრობაში ამოვყავი თავი. წარმოიდგინეთ, მასპინძელს „ვიპარავდი“ საკუთარი დაბადების დღიდან და აზრზეც არ ვიყავი.

კონიაკი „მეტაქსა“ და სოხუმელი ბერძენი ბიზნესმენი ძმები

ერთი ჩემი ძმაკაცი სამსახურში მოაწყვეს, ჩემთან მოვიდა და მითხრა, პატივი მინდა ვცე უფროსს. ეს რომ ვუთხარი გადაირია, მარტო ის მითხრა, თუ მაინცდამაინც პატივისცემა გინდა, ბერძნული კონიაკი „მეტაქსა“ მომიტანე, ჩავთვლი, რომ პატივნაცემი ვარ შენგანო. იმ დროს ეს კონიაკი უპრობლემოდ იყიდებოდა მაღაზიებში. იმ დღეებში კი რატომღაც ვერსად იშოვა. ვკითხე, მერე რა ჰქენი მიუტანე-მეთქი. მიპასუხა, ერთი კვირაა დავდივარ და ვერ ვიშოვე, მრცხვენია იმ უფროსის, თვალებში ვეღარ ვუყურებ, ამხელა საქმე გამიკეთა, სამსახურში მომაწყო, შევპირდი ამ კონიაკს და ამიტომ, მოვედი შენთან, იქნებ დამეხმაროო. გამახსენდა, რომ მე მქონდა ეს კონიაკი, მაგრამ სასუვენირო გამოშვება – პატარა ბოთლში ჩამოსხმული. შევთავაზე, მაგრამ იუარა, ამხელა საქმე გამიკეთა იმ კაცმა და ასეთი პატარა ბოთლი როგორ ვაკადრო, სირცხვილია, კოლექციონერებს დავუვლი, იქნებ ვინმემ მომყიდოსო. წავიდა. ერთი კვირის მერე ისევ მე მომაკითხა, ვერ ვიშოვე, რაც არის არის და ისევ მაგას წავუღებ, აბა, რა ვქნაო. ვიფიქრე, ამ ბოთლს რომ ცოტა მეტი დატვირთვა მივცე და ამასაც არ გაუტყდეს ასეთი პატარა ბოთლის მიტანა, რამეს წავამატებ-მეთქი და ტყუილი ვუთხარი: პაწაწუნა ბოთლი „მეტაქსა“ კი მაქვს, მაგრამ იცი ეს ვისი ნაჩუქარია? მეტაქსა ბერძნული გვარია, მეტაქსები სოხუმელი ძმები იყვნენ, სოხუმიდან საბერძნეთში გადასახლდნენ, იქ დააარსეს კონიაკის ქარხანა და ჩამოასხეს „მეტაქსა“. საფრანგეთის გარდა, მთელ ევროპაშია მოდებული ეს კონიაკი. მოსკოვში რომ ვიყავი, სრულიად შემთხვევით გავიცანი ის ერთ-ერთი ძმა, ეს სასუვენირო ჩამოსხმა „მეტაქსა“ მისი ნაჩუქარია-მეთქი. გადაირია სიხარულით. არადა, ტყუილი არ მიყვარს, მაგრამ მეგობრის გამო ვაღიარებ და, ვთქვი. რომ მიუტანა უფროსს, მერე დამირეკა და მითხრა: მივუტანე ის კონიაკი და მოვუყევი, ვისი ნაჩუქარიც იყო, კინაღამ სიხარულით გაგიჟდაო. გავიდა დრო. ეს ამბავი დამავიწყდა კიდეც. სამსახურში ერთ ქალბატონს საქმე გავუკეთე და გადაწყვიტა, სახლში სადილზე დავეპატიჟე. დავთანხმდი. შუადღეს ვესტუმრე ოჯახში. სადილი გაშალა და მითხრა, სასმელს ხომ დალევო. ვუთხარი, ბევრს ვერა, სამსახურში უნდა დავბრუნდე, ცოტას კი დავლევ-მეთქი. გავიხედე და ის ჩემი ასგრამიანი „მეტაქსა“ არ გამომიტანა? თან დააყოლა, ბატონო ჩემო, ეს უბრალო კონიაკი კი არ გეგონოთ, იცით, ვისი ნაჩუქარიაო... და იმ ჩემი მოგონილი ისტორიის მოყოლა არ დაიწყო... მოსკოვში ერთ-ერთმა ძმა მეტაქსამ, ჩემს მეგობარს აჩუქა, იმან მე მომართვა და ახლა დაგალევინებო. რას ვიზამდი, ავდექი და ვუთხარი, ამას კი გეახლებით დიდი სიამოვნებით, მაგრამ ასეთი ზუსტი გამართლება ანდაზის – „მადლი ქენი, ქვაზე დადე, გამოივლი, წინ დაგხვდება“, აქ არ გამართლდა-მეთქი. გაოცებული მიყურებდა დიასახლისი, ეს რაებს ყვება ეს კაცი, რა ზღაპრები მოიგონა ამ სადილზეო. ასეა, ამ ქალაქში არც სიკეთე იმალება და არც ბოროტება, ორივე წინ დაგხვდება კაცს.

ნაჩუქარი ღვინო და გადარეული ძმაკაცი

საპატიო სტუმრებს ველოდი. ქართველების ხასიათი ხომ მოგეხსენებათ, ამ დროს კარგი სუფრით და საუკეთესო ღვინით უნდა მოიწონო მათ წინაშე კაცმა თავი. არადა, არ მაქვს ღვინო და დავიწყე ძებნა. ჯემალ ჭკუასელს გამოვუტყდი, ბიჭო, საპატიო სტუმრებს ველოდები და კარგი ღვინო მინდა-მეთქი. მითხრა, ამას წინათ მეც მჭირდებოდა კარგი ღვინო, ელბაქიძის აღმართზე მივედი ღვინის ქარხანაში, დირექტორმა კარგი ღვინო მომყიდა და თუ ჩემს სახელს ეტყვი, ჩემი ნაცნობია და თან ფასსაც დაგიკლებსო. მართლაც მივედი. მდივანს ვკითხე, დირექტორი ადგილზეა-მეთქი. მიპასუხა, კი არის ადგილზე, მაგრამ ძმაკაცები ჰყავს ოთახში, დიდხანს მოგიწევთ ლოდინი და იქნებ სთხოვოთ მიგიღოთო. შევაღე კარი და რას ვხედავ, სუფრაა გაშლილი და ქეიფობენ. გამობრუნება დავაპირე, მაგრამ, რომ დამინახა დირექტორმა, შემოდიო, მითხრა. დამსვა მაგიდასთან და მკითხა, აბა, რამ მოგიყვანა ჩემამდეო. ვუამბე ჩემი ამბავი, მაგრამ ჯემალი არ მიხსენებია. ვიფიქრე, ჯერ ჩემით დაველაპარაკები და თუ მითხრა, არ მაქვს, მერე ვუხსენებ მის სახელს-მეთქი. დირექტორმა, ორი სახის ღვინო შემომთავაზა, გაგასინჯებ, დააჭაშნიკე და რომელიც მოგეწონება იმას მოგყიდიო. შემივსო ორი ჭიქა – ერთი თეთრი, მეორე შავი ღვინით. ერთი სიტყვით, გამოცდა მომიწყო. მისი ძმაკაცები იღიმებოდნენ. დავლიე ერთი, მეორე, მივუბრუნდი და ვუთხარი, აი, ეს თეთრი ღვინო მომეწონა და თუ გაქვთ, იქნებ მომყიდოთ-მეთქი. გაეღიმა დირექტორს, ღვინის ცნობა გცოდნია, მაგრამ ეს ღვინო არ მაქვს და მეორეს გაგატანო. კი გავიფიქრე, შე მამაცხონებულო, თუ არ გაქვს რაღას მასინჯებდი-მეთქი, მაგრამ რაღას ვეტყოდი. მივხვდი, რაც ჩაიფიქრა, ანუ გამომცადა, ვიყავი თუ არა ღირსი ღვინო გამოეტანებინა. მოკლედ, ჩამისხეს ჭურჭელში და ფულიც არ გამომართვა. წამოვედი. რამდენიმე დღეში ჯემალი შემხვდა შემთხვევით ქუჩაში. მკითხა, ღვინოზე რა ჰქენი, ხომ მოგცა იაფადო. ვუთხარი, რა იაფად, საერთოდ არ გამომართვა ფული და არც შენი სახელის ხსენება დამჭირდა-მეთქი. გადაირია, როგორ ჩემი სახელი არ გიხსენებიაო? ვუთხარი, შენი სახელი რომ მეხსენებინა, მაშინ გადამახდევინებდნენ-მეთქი. ძლივს დავარწმუნე, რომ მართლა უფასოდ მომცა ღვინო ქარხნის დირექტორმა. ნამდვილი ქალაქელი კაცი იყო, ეს ერთი შეხედვითაც ეტყობოდა და რადგან მის გამოცდაში არ ჩავიჭერი, ასე დამასაჩუქრა. იმ კაცის სიკეთე დღემდე არ მავიწყდება და ყოველთვის დაგვიანებულ მადლობას ვუთვლი ხოლმე.


скачать dle 11.3