კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იწვევს მთელ მსოფლიოში ქარიშხლების გაძლიერებას და რატომ აბამდნენ თბილისის აეროპორტში თვითმფრინავებს


გლობალური დათბობა, ოზონის ხვრელი, მზის ლაქების გააქტიურება – ბოლო ათეული წლებია, რაც ეს აქტუალური პრობლემები დედამიწის კლიმატს სერიოზულ საფრთხეებს უქმნის. იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს ცნობილი მეცნიერები კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ქვეყნების უსაფრთხოების სტრატეგიებსა და კონვენციებზე აქტიურად მუშაობენ, სტიქია მაინც გვიტევს – თითქმის სანახევროდ დადნა კილიმანჯარო, გაიყინა ევროპა, დაითოვლა ტროპიკები. განსაკუთრებით გახშირდა ქარიშხლები და ტორნადოები, რომელთა წარმოქმნაც მსოფლიო კლიმატის გლობალურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული. როგორ აისახება გლობალური დათბობა საქართველოში ატმოსფერულ ცვლილებებზე და რატომ შემოუტია ქარიშხალმა ფოთს, ამის შესახებ გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ბატონი ბაკურ ბეჟიტაშვილი გვესაუბრა.


– ჩვენ გავაანალიზეთ ძლიერი ქარების განმეორებადობა ბოლო 60 წლის განმავლობაში თბილისსა და ქუთაისში. ქუთაისში აღმოსავლეთის ქარი შევისწავლეთ, თბილისში – დასავლეთის და მივიღეთ ძალიან საინტერესო სურათი: 60-იან წლებამდე თბილისშიც და ქუთაისშიც იყო ძლიერი ქარები. საერთოდ, როდესაც ქარი ძლიერია ქუთაისში, აქ ქარი სუსტია; როდესაც აქ არის ძლიერი ქარი, იქით სუსტი ქარი ქრის. რაც შეეხება სტატისტიკასა და განმეორებადობას, 60-იან წლებამდე ქარი იყო უფრო ძლიერი, ვიდრე 80-90-იან წლებში. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ქარის სიჩქარემაც იმატა და სიხშირემაც.

– ეს რით არის განპირობებული?

– გლობალური დათბობით, რაც იწვევს ატმოსფერული ცირკულაციური პროცესების ცვლილებებსა და პროცესების გამწვავებას. როცა თბება დედამიწა, იცვლება ციკლონები და ანტიციკლონები. ამაზე მეტყველებს ქარიშხლების ინტენსივობის ზრდა. ჩვენთან მინიატურული ფორმებით მიმდინარეობს ის პროცესები, რაც ატლანტიკისა და წყნარ ოკეანეებში საშინელ ტორნადოებს იწვევს. ქარბორბალა, რომელიც ცოტა ხნის წინ წარმოიშვა ჩვენს სანაპიროზე, არის მინიატურული ქარიშხალი. ტორნადო, რომელიც ადრე ჩვენთან არ დაფიქსირებულა, შემოვარდება ზღვისპირეთიდან, 20-30 კილომეტრის მანძილზე ძლიერია და მერე იშლება. ქარებთან დაკავშირებით გლობალური სურათი ასეთია: ძალიან გაიზარდა სასტიკი ქარების ინტენსივობა. გლობალური დათბობის შედეგად გათბა ოკეანის ზედაპირი. რამდენადაც თბილია ოკეანის ზედაპირი, იმდენად მეტია აორთქლება; რამდენადაც მეტია აორთქლება, მით მეტი წყლის ორთქლი და სინოტივე გროვდება ატმოსფეროში, რაც იწვევს ქარების გაძლიერებას. ეს არის როგორც ჯაჭვი: ქარიშხლები არის ღრუბლების წარმონაქმნი, ღრუბელი კი წყლის ორთქლისგან იქმნება. ქარიშხლები განსაკუთრებით სასტიკია შუალედურ სარტყელებში, სადაც მდებარეობს კარიბის ზღვა, ატლანტის ოკეანის ეკვადორთან მიმდებარე, სუბტროპიკებისკენ გარდამავალი ზონა. ქარიშხლები დაკავშირებულია სეზონებთანაც: როგორც წესი, ყველაზე ძლიერი ქარიშხლები ზაფხულობით და შემოდგომობით ხდება, როცა გროვდება გათბობის ეფექტი ზღვაზე, რომელიც ყველაზე გრილი გაზაფხულობითაა. ზაფხულის მეორე ნახევარი და შემოდგომის დასაწყისი არის ტროპიკული გრიგალების სეზონი. სწორედ ამ პერიოდში ამოვარდა რამდენიმე წლის წინ ამერიკაში „კატრინა“, რამაც ძალიან ბევრი უბედურება მოუტანა ხალხს. მსოფლიოს ძალიან ბევრი ქარიშხალი ახსოვს, მაგრამ „კატრინა“ განსაკუთრებული იყო. ქარიშხლები შორეულ წარსულშიც ხდებოდა, როცა მოსახლეობა გაცილებით მცირერიცხოვანი იყო, და, შესაბამისად, ასეთი მასშტაბური მსხვერპლი და ზარალი არ მოჰყვებოდა. ახლა კი, მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პროპორციულად იზრდება მსხვერპლიც და ზარალიც.

– როგორც ჩანს, ჩვენ გლობალური სურათიდან ამოვდივართ, რადგან არც ზამთარია, არც შემოდგომა და ფოთს საშინელმა გრიგალმა გადაუარა. რამ გამოიწივია ეს ქარიშხალი?

– საქართველოში ქარი ყოველთვის იყო და მუდამ იქნება, რადგან საქართველო არის დერეფანი დიდ კავკასიონსა და მცირე კავკასიონს შორის. როგორც კი წარმოიქმნება წნევათა სხვაობა შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის, მაშინვე იწყება ჰაერის მასების სწრაფი გადაადგილება. როცა კასპიის ზღვაზე მაღალი წნევაა, მაშინ ქრის აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, რაც მაინცდამაინც არ აღიქმება აღმოსავლეთ საქართველოში. ქარი ნელ-ნელა მატულობს სურამის ქედისკენ, სურამის ქედის შემდეგ ხდება სწრაფი დაშვება კოლხეთის დაბლობზე, ამიტომაც ეს ქარი ძალიან ძლიერი ქარიშხლის სახეს იღებს. ეს პროცესი იწყება ზემო იმერეთში, გრძელდება ქუთაისში და მთავრდება ფოთში. კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის ქარები უფრო ძლიერია, ვიდრე დასავლეთის, რომელიც შემოდის ზღვიდან – სოხუმის, ქობულეთის მხრიდან, შედარებით დიდ ფართობზე – 300 კილომეტრზე ნაწილდება და ამიტომაც არის სუსტი. დასავლეთის ქარები იმ ჰაერის მასებიდან იქმნება, რომლებიც ხმელთაშუა ზღვიდან შემოდის. ეს მასები, როგორც წესი, გრილია და წყლის ორთქლით გაჯერებული. ამიტომაც, ჰაერის მასების დასავლეთიდან შემოსვლის დროს, დასავლეთ საქართველოში ყოველთვის არის წვიმა, ძლიერი ქარი, ჰაერის მასები სურამის ქედამდე ჩამოცლის ნალექის უმეტესობას და იწყებს დაღმასვლას, დაღმასვლა კი ყოველთვის ათბობს ჰაერის ნაკადს და ამიტომაც შემოდის ჩვენთან დასავლეთის ჰაერის მასები მშრალი და თბილი სახით.

– რატომ ხდება პირიქით, რატომ იქცევა აღმოსავლეთში დასავლეთის ქარი ქარიშხლად?

– მოგახსენებთ, რომ თბილისისთვის ყველაზე ძლიერია დასავლეთის ქარი. როდესაც დასავლეთის ჰაერის მასები გადმოლახავს სურამის ქედს, ჩვენკენ მტკვრის ხეობით მოდის. გზად მას ხვდება ძაბრის ფორმისებრი ეგრეთ წოდებული „მცხეთის კარიბჭე“, სადაც იკრიბება ჰაერის ნაკადები, ქარი ძალიან ძლიერდება და თბილისში შემოდის როგორც ჩრდილო-დასავლეთის ქარი. მას თბილისში ხვდება საგურამოს ქედი, მთაწმინდის, მახათას მთები, რის გამოც ქარი ყველაზე მეტად ძლიერდება სამგორისა და აეროპორტის მიდამოებში.

– რამდენად არის დამოკიდებული ქარი თბილი და ცხელი ჰაერის მასებზე?

– ცხელი ჰაერის მასას მაინცდამაინც დიდი ქარები არ მოჰყვება, რადგან ცხელ ჰაერში წნევა დაბალია, დაბალი წნევა კი შედარებით რბილ ატმოსფერულ პროცესებს, სუსტ, ნელ წვიმას იწვევს. რაც შეეხება ცივი ჰაერის მასებს, ის ყოველთვის დაკავშირებულია ძლიერ ატმოსფერულ ცვლილებებთან. ცივი ჰაერი ქვეშიდან „უგორდება“ თბილ ჰაერს, იმიტომ რომ, უფრო მძიმეა. ეს იწვევს თბილი ჰაერის მაღლა ასროლას, ატაცებას და, რადგან ეს ხდება ხელოვნურად, წარმოიქმნება ძლიერი ღრუბლები, რაც არის ძლიერი ქარის საფუძველი მიწის ზედაპირზე, ხოლო ზედა ფენებში ეს არის ღრუბელი, რომელსაც მოსდევს წვიმა ან სეტყვა.

აბსოლუტურად უსაფრთხოა მთა-ხეობის ქარი, ვაკე ადგილზე ქარს ძალიან ბევრი მიმართულება შეიძლება ჰქონდეს, რასაც ვერ ვიტყვით ჩაკეტილ ხეობაზე. მაგალითად, თბილისში არასდროს იქროლებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის ქარები. კავკასიონისა და თრიალეთის ფერდობებზე, რომლებიც ტყეებითაა დაფარული, ქარი ძალიან სუსტია, რადგან ტყე ხახუნის ძალით ყველაზე მეტად ასუსტებს ქარს. ტყეში ქარიშხალი პრაქტიკულად გამორიცხულია. ამიტომაც უნდა გაშენდეს საქართველოში უფრო მეტი ტყე. ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ძლიერი ქარებით აღინიშნება აზერბაიჯანი, იქ ქარი ქრის კასპიის ზღვის ჩრდილო მხარიდან. ეს ჰაერის ნაკადი ძალიან ძლიერდება ბაქოსთან, სადაც აპრილშიც კი საშინელი ქარები იცის. ამ მხრივ ყველაზე კარგ და უსაფრთხო მდგომარეობაშია ერევანი, სადაც ქარიშხლები, როგორც წესი, არ არსებობს.

მსოფლიოში არის რეგიონები, რომლებიც დაცულია ძლიერი ქარიშხლებისგან. ტორნადო, როგორც წესი, შემოდის ზღვიდან, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ის ხმელეთზეც წარმოიქმნება და ეს ხდება მაშინ, როდესაც ცივი და თბილი ჰაერის მასები ერთმანეთს შეერევა დიდი, 10-12-გრადუსიანი კონტრასტით. ასეთ დროს აუცილებლად იქნება ან ძლიერი წვიმა და სეტყვა, ან მინიატურული ტორნადო. ასეთი „სმერჩები“ არაერთხელ გამოჩნდა რუსეთში. როდესაც ცივი და თბილი ჰაერის მასები უცებ შეერევა ერთმანეთს, თუ კონტრასტი დიდია, ისეთი ძლიერი ქარიშხალია, გლეჯს ხეებს, სახლებს. ასეთმა ქარმა ლამის დაანგრია ვორონეჟი; 10-15 წლის წინ საფრანგეთში ისეთი ქარი იყო, ნახევარი ვერსალი დალეწა. მიწაზე, შეიძლება, გაგრძელდეს ტორნადო 10-15 წუთი, რასაც ვერ ვიტყვით წყლიდან მომავალ ტორნადოზე. ის უფრო ხანგრძლივია, რადგან ზღვის ზედაპირი არის წყლის ორთქლის ძალიან ძლიერი წყარო. ტორნადოს ზომა დამოკიდებულია დიამეტრსა და ქარის სიჩქარეზე. ყველაზე ძლიერი ქარის სიჩქარე ტორნადოებში არის 200 კილომეტრი საათში.

– ქარიშხლის სიჩქარის გაზომვა როგორ ხდება?

– ნორმალური ქარის სიჩქარეა 5-10 მეტრი წამში. ქარი რომლის სიჩქარეა 15-20 მეტრი წამში, არის ძლიერი ქარი; 20-25 მეტრ წამიდან ზემოთ არის ძალიან ძლიერი ქარი, ქარიშხლის სიჩქარედ კი მიჩნეულია 40 მეტრ წამიდან ზემოთ. მე მახსოვს, წლების წინ, თბილისის აეროპორტში ისეთი ქარი იყო, თვითმფრინავებსაც კი აბამდნენ.

– რა მეთოდიკით ხდება მოსალოდნელი ქარიშხლების პროგნოზირება?

– არსებობს ქარის სიჩქარის დაკვირვებული და საანგარიშო მაჩვენებელი, რომელიც შეიძლება განმეორდეს 10, 20, 100 წელიწადში ერთხელ. თბილისის აეროპორტში ას წელიწადში ერთხელ, ქარის სიჩქარემ, შეიძლება, 65 მეტრ წამს მიაღწიოს. ადგილია ისეთი, რომ ამისგან დაზღვეული არ ვართ. ზოგადად, პროგნოზების გაკეთება შეიძლება, მაგალითად, თუ თანამგზავრიდან მოჩანს, რომ ცივი ჰაერის მასა თანდათან შემოდის შავი ზღვიდან, მას ახლავს სპეციფიკური ღრუბლები. იმის მიხედვით, თუ როგორი ტემპერატურული სხვაობაა დამხვედრ და შემოსულ ჰაერის მასებს შორის, შეიძლება ქარის სიჩქარის გამოთვლა. თუ სხვაობა 10 გრადუსია, ქარის სიჩქარეა 40 მეტრი წამში, თუ სხვაობა 5 გრადუსია, ქარის სიჩქარე 20 მეტრია წამში. ხანგრძლივი პროგნოზის გაკეთება არ ხდება, პროგნოზის მაქსიმუმი 5 დღეა, რადგან, შეიძლება, შეიცვალოს ციკლონებისა და ანტიციკლონების კონფიგურაცია, რომელიმე ციკლონმა „გადაიფიქროს“ შემოსვლა, ან ვიღაც „შემოძვრეს“. ადრე ვმუშაობდი სამსახურში, სადაც დაგვირეკავდნენ, გაგვაფრთხილებდნენ – შავი ზღვიდან „მხეცი ციკლონი“ მოდისო, ჩვენც ვისხედით და ვუცდიდით. მოვიდოდა ციკლონი, დადგებოდა სურამის ქედზე და იშლებოდა. შეიძლება, შუა აზიაში ან კასპიის ზღვაში წნევა გაძლიერდეს და ციკლონი თრიალეთთან შეჩერდეს, ამის გაგება კი იოლი არ არის (იცინის).


скачать dle 11.3