კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დაუტოვა ლალი მოროშკინას მდინარე ვოლგის პირას ულამაზესი მამული და სოჭში მიწაში ჩამარხული შეუფასებელი ძვირფასეულობა


ლალი მოროშკინას ბევრი ეუბნებოდა, გვარი შეიცვალეო, მაგრამ მან წინაპართა ხსოვნას სცა პატივი და ეს არ გააკეთა. მისი წინაპრები კი საკმაოდ შეძლებული, სახელოვანი და გავლენიანი ადამიანები იყვნენ. როგორც ლალი ამბობს, მას მამულიც ჰქონდა მდინარე ვოლგის პირას, ბებიის გარდაცვალების შემდეგ, საკმაო ქონებაც დარჩა, თუმცა ამაზე მან უარი თქვა. ის მუდამ თან ატარებს ერთადერთ ნივთს, რომელიც შთამომავლობით ერგო და ერთგვარ თილისმად მიაჩნია.


ლალი მოროშკინა: ჩემი წინაპრები, როგორც დედის, ისე მამის მხარე, საკმაოდ შეძლებული და გავლენიანი ადამიანები იყვნენ. ამ ფესვებით დღესაც ვამაყობ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მეუბნებოდა, გადაიკეთე გვარი, საქართველოში ცხოვრობ და ასე უკეთესი იქნებაო, მე მაინც არ გადავიკეთე და ასე, მოროშკინად დავრჩი. ჩემი წინაპრის ხსოვნას ვეცი პატივი და მათი მოგონება ჩემში სიამაყის გრძნობას აორმაგებს. სხვათა შორის, როცა პასპორტში ეროვნება იწერებოდა, მე ქართველი მეწერა. გული მწყდება, რომ ჩვენი გვარი საქართველოში ვერ გაგრძელდება, რადგან სულ გოგონები დავრჩით. საოცარ ისტორიებს მიყვებოდა მამაჩემი დიდ ბაბუაზე. თურმე, როცა ლომონოსოვი ციმბირიდან წამოსულა, თან ჩემი დიდი ბაბუა გამოჰყოლია – მეგობრები ყოფილან. ლომონოსოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამაარსებელი კი სწორედ ბაბუა გახლდათ და იქ დღესაც ჰკიდია აბრა წარწერით. პეტერბურგიდან მოდის ჩემი გვარის ფესვები. მინდოდა, გენეალოგიური კვლევა დამეწყო და ყველაფერი გამომერკვია ჩემი გვარის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, მამა ახალგაზრდა გარდაიცვალა და ეს ვეღარ მოვახერხე. მამაჩემის მამა კი გახლდათ ლვოვის უნივერსიტეტის პრორექტორი. ამ უნივერსიტეტში ჩავიდა ზოოვეტერინალურ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად საქართველოდან, სოფიო ვაჩნაძე – თბილისელი სტუდენტი – ბაბუაჩემი მისი ლექტორი გახლდათ, ერთი ნახვით შეყვარებია და ცოლად შეურთავს. სოფიოს უთქვამს, მე აქ ვერ ვიცხოვრებო. ისე ჰყვარებია ბაბუას ბებიაჩემი, რომ ყველაფერი მიუტოვებია და მას გამოჰყოლია საქართველოში საცხოვრებლად. აქაც პრორექტორი გახლდათ ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში. ყველა პატივს სცემდა. ორი ვაჟი შეეძინათ და სასაცილო ის იყო რომ, მამას ეწერა პასპორტში ეროვნება – ქართველი, ბიძაჩემს კი – რუსი. ბიძაჩემი რუსეთში წავიდა სასწავლებლად, და დარჩა. იქ გააგრძელა ცხოვრება და მოღვაწეობა. სხვათა შორის, ვოლგის პირას ჰქონდა ბაბუას მამული, მაგრამ ის გაყიდა ბიძაჩემმა. ყველა მეუბნება, ულამაზესი ადგილიაო, მაგრამ მე არ მინახავს და იმედი მაქვს, აუცილებლად მოვინახულებ.

– ბიძასთან ურთიერთობა არ გაქვს?

– ბიძაჩემი გარდაიცვალა. შვილი პატარა დარჩა. ადრე უფრო ვკონტაქტობდით, ვკითხულობდით ერთმანეთის ამბებს. ახლა კი იშვიათად. მართალია, ვოლგის პირას მამული არ დამრჩა, მაგრამ, სამაგიეროდ, დიდი ბებიისგან დამრჩა საქორწინო სამაჯური, რომელიც თაობიდან თაობაზე, მხოლოდ გოგონებზე გადადის და რადგან მე ვიყავი პირველი შვილიშვილი გოგო, ეს მე მერგო. ეს სამაჯური მამაჩემის ბებიას ნიშნობაზე ეკეთა და ჯვარიც ამით დაიწერა. მეც, პირველ შთამომავალ გოგონას გადავცემ ამ თილისმას. ბებიაჩემს, სოფიო ვაჩნაძეს, ვაკეში თაყაიშვილის ქუჩაზე ჰქონდა ბინა, რომელიც ანტიკვარული და ძვირფასი ნივთებით ჰქონდა გამოჭედილი. მდიდარი ქალი გახლდათ. სამი წლის წინ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, როცა ქონების გაყოფაზე დადგა საქმე, სამი და შევიკრიბეთ. რომ მკითხეს, შენ რა გინდა, აქედან წაიღოო, დავფიქრდი და ვთქვი, ბებიაჩემი უბედური ქალი იყო, მე მჯერა რომ ნივთები ადამიანის ცხოვრების ყოველ წამს იმახსოვრებენ, შეიძლება, ამ ნივთებმა უბედურება ჩვენც მოგვიტანოს, ამიტომ, არაფერი მინდა, ჯობია გავყიდოთ ეს ნივთებიც და ბინა-მეთქი. წარმოიდგინეთ, ხომ ასეთი სიმდიდრის პატრონი იყო ბებია, მაგრამ რად უნდოდა? ორი შვილი ჩადო მიწაში და მასზე უბედური, დამეთანხმებით ალბათ, რომ არც შეიძლება ვინმე ყოფილიყო. ასე რომ, მე იმ ბინიდან არაფერი წამომიღია. რაც შეეხება სამაჯურს, რომელსაც მე ვატარებ, დიდი ბებიის ნაქონია. ის კი ბედნიერი ქალი იყო და არც შვილების სიკვდილს შესწრებია. კიდევ ვამბობ, ადამიანის აურა ნივთებშიც იბუდებს და მას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.

– როგორც ვიცი, დედის მხარეც საკმაოდ შეძლებული გყავდა. მათგან რა გადმოგეცა მემკვიდრეობით?

– მართალია, დედაჩემის მხრიდანაც საკმაოდ შეძლებული წინაპარი მყავდა. სოჭის ცენტრში ცხოვრობდნენ. დიდი ბებია იყო ძალიან მდიდარი. 1929 წელს, როცა პირველი რეპრესიები დაიწყო, დიდი ბაბუა დაიჭირეს. ბებია მიყვებოდა, ბევრი რამ გავიტანეთ მაშინ სახლიდანო. სხვათა შორის, როცა ბებია ამბობდა, ასეთი სიმდიდრის პატრონები ვიყავითო, სულ მიკვირდა, ახლა რატომ არ აქვთ შემორჩენილი თუნდაც ერთი საგვარეულო ძვირფასი ნივთი-მეთქი. მერე გავარკვიეთ, რომ თურმე ძვირფასეულობა სახლის ქვეშ, მიწაში ჩაუმარხავთ. შემდეგ, ეს სახლი გადმოცვალეს თბილისში. ის ბინა დაანგრიეს სოჭში. ბებია ჩვენთან ცხოვრობდა და არასდროს ახსენებდა ჩამარხულ განძს. გავიდა წლები და ერთ დღესაც გამიმხილა, იცი, სოჭში დიდი ქონება დავტოვეთო. ვუთხარი, ბებო, რა ქონება, ერთი სახლი გქონდა და ისიც გადმოცვალე, რაღას მისტირი-მეთქი. მაშინ მითხრა, მიწაში დიდძალი ოქრო ჩავმარხეთ, სახლის ქვეშო. ვკითხე, ამდენი წლები რატომ არ გაამხილე-მეთქი. გამომხედა და მიპასუხა, მეშინოდაო. გასაგებიც იყო მისი შიში, გაკულაკებას შეესწრო, რეპრესიებს, დახვრეტებს... აქ რომ ჩამოვიდა, თურმე აკვირდებოდა სიტუაციას და რომ მიხვდა, საშიში არ იყო თქმა, გაამხილა. ჯერ არასერიოზულად მივიღეთ ეს ამბავი, მაგრამ რომ დავფიქრდით, მერე დავიჯერეთ. დედაჩემის და სოჭში ცხოვრობდა. დავურეკეთ და ვუთხარით ეს ამბავი. მეორე დღესვე, დეიდაჩემი და ბიძაჩემი ნიჩბით ხელში წავიდნენ იმ ადგილას, სადაც სავარაუდოდ, სახლი იდგა. იქ დღესაც სკვერია გაშენებული. დაარჭვეს თუ არა ნიჩაბი, მილიცია დაადგათ თავს. ჰკითხეს, რას შვრებითო. თავი უმართლებიათ, არაფერსო და უკან გამობრუნებულან. რომ ეთქვათ, ჩამარხულ განძს ვეძებთო, სახელმწიფო იქიდან ოცდაათ პროცენტს მისცემდა მხოლოდ. თან ტყუილი რომ აღმოჩენილიყო, ამისიც შერცხვათ. მოკლედ, ბოლოს ვიფიქრეთ, მოხუცი რასაც იტყვის, ხომ არ უნდა ავყვეთ ამხელა ხალხიო და დაანებეს განძზე ფიქრს თავი. ამ ამბიდან სამი თვის შემდეგ, დეიდაჩემმა წივილ-კივილით დარეკა და გვითხრა, შემთხვევით გაზეთი გადავშალე, ეწერა, პარკში წყლის მილი გასკდა, ჯარისკაცმა გათხარა მიწა და განძი იპოვა, თან ჩამოთვლილია რაც იქ იყო, მპოვნელს ოცდაათი პროცენტი ერგო იქიდანო. იმ ჯარისკაცის გვარი დღემდე მახსოვს – მუხატოვი.

– მაინც, რა იყო ჩამოთვლილი, თუ საიდუმლო არ არის?

– ძალიან ბევრი რამ, მაგრამ სასაცილო ის იყო, ეს რომ ბებიას ვაჩვენეთ, სინანულით თავი გადააქნია, აქ იმდენი არ წერია, რამდენიც ჩავმარხე, ეტყობა, იმ ჯარისკაცმა წაიღო ჩუმად და რაც სახელმწიფოს მისცა, იქიდანაც ერგო წილად, ოცდაათი პროცენტიო. ჩამონათვალში იყო: ნიკოლოზის 14 ოქროს მონეტა, ოქროს და ბაჯაღლოს ნივთები და რა ვიცი, კიდევ უამრავი რამ. ბებიამ დაიჟინა, 14 მონეტა კი არა 24 ჩავმარხე, მაგ გაზეთში ტყუილი წერიაო (იცინის). რაღას ვიზამდით? მერე ვხუმრობდით, კიდევ კარგი არ ვიპოვეთ, თორემ გაყოფის დროს დავერეოდით ერთმანეთს და შეიძლება, იმ განძს ჩვენი ურთიერთობები გადაეყოლებინაო (იცინის). მოკლედ, ძალიანაც კარგი, რომ დაიკარგა და ნათესაობა ჩხუბს ავცდით. ისე, რომ გვცოდნოდა, ბებია ასპროცენტიან სიმართლეს ამბობდა, შესაძლოა, სერიოზულად მივდგომოდით ამ საკითხს. რამდენჯერაც ფინანსურად გავიჭედებით, სულ ის მიწაში ჩამარხული, დაკარგული ძვირფასეულობა გვახსენდება. ვამბობთ, ის რომ თავის დროზე გვეპოვა, ხომ არ გავიჭედებოდით და მთელი ცხოვრება უზრუნველად ვიცხოვრებდითო. ერთადერთი, რითიც ვამაყობ, ჩემი წინაპრების სახელია და კიდევ ის ვისწავლე მათგან, რომ თუ რამე მაქვს, უნდა დავხარჯო და არა – მიწაში ჩავმარხო. მე დღესაც ბევრი ვიცი, მიწიდან რომ ობიან დოლარებს აძრობს. მე კი მირჩევნია, იმდენი დავაგროვო, რომ წელიწადში ორჯერ თუ არა, ერთხელ მაინც უცხოეთში ვიმოგზაურო და სხვებსაც ამას ვურჩევ.


скачать dle 11.3