რა გასაოცარი სიურპრიზი მოუწყო მანიკა ასათიანმა საქმროს და როგორ გადაიყვანა ის თავის ჭკუაზე
მშვენიერი და ძალიან საყვარელი მანიკა ასათიანის პირად ცხოვრებაში დიდი სიახლეა – 14 თებერვალს მას ნიშნობა ჰქონდა, თუმცა ეს სიტყვა მაინცდამაინც არ უყვარს. მისი რჩეული აგრარული უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდის კაპიტანი, 21 წლის ბექა წივწივაძეა. მანიკა და ბექა დაახლოებით რვა თვეა, შეყვარებულები არიან. შეუძლებელია საოცრად თბილი და ლამაზი წყვილის დანახვისას და მოსმენისას, მათ მიმართ სიყვარულით არ განეწყო.
მანიკა ასათიანი: დაახლოებით ერთი წელია რაც ერთმანეთს ვიცნობთ. ჩემი დაქალი ნუკი ყარალაშვილი იცნობდა ბექას და მან გამაცნო.
ბექა: პირველად ჩვენებაზე ვნახე – გოგონებს ვათვალიერებდი, მანიკა დავინახე და ძალიან მომეწონა. მეორე დღეს ისევ ჩვენება იყო და, დედაჩემი, მამიდაჩემი, ერთი ათი კაცი წავიყვანე და ვაჩვენე მანიკა – ეს გოგონა მომწონს-მეთქი. ბევრი გოგონა მომწონებია, მაგრამ მანიკა განსაკუთრებულად მომეწონა. მოკლედ, დედას, დას, მამიდაშვილებს, სიძეს – ყველას ვაჩვენე და ძალიან მოეწონათ, კარგი გოგონააო.
მანიკა: მანამდე ერთმანეთს ინტერნეტით ვეკონტაქტებოდით.
ბექა: მე კი ვწერდი, მაგრამ მანიკა ათასში ერთხელ თუ მიპასუხებდა.
მანიკა: როცა ინტერნეტში უცხო ბიჭი გწერს, რატომ უნდა უპასუხო? ასე ბევრი მწერდა და, რა ვიცოდი, ეს თუ იყო ჩემი ბედი. წინა დღეს ზალიკო ბერგერის ჩვენებაზე დამპატიჟა. არ ვიცოდი, თუ გამოვდიოდი და უარი ვუთხარი. მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ მეც ვმონაწილეობდი და, რომ მნახა, გაბრაზდა – რატომ მომატყუეო. მერე ერთმანეთი უკვე პირადად გავიცანით აკვა-პარკში.
ბექა: ნუკიმ მითხრა, აკვა-პარკში გვაქვს ჩვენება, მანიკაც გამოდის და მოდიო. ვარჯიში მქონდა, გავაცდინე და გუნდელები – ათი კაცი წავედით. მანიკამ რომ პოდიუმზე ჩამოიარა, ერთი ამბავი ატყდა.
მანიკა: მაშინ არ ვიცნობდი, არ მომწონდა და, შესაბამისად, მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არ გამომიჩენია, ისედაც ყველა მიკრავდა ტაშს და ყველასგან მოდიოდა ემოციები. მერე გავიცანით ერთმანეთი: მე მანიკა ვარ-მეთქი, მე – ბექაო. მეტი არაფერი ყოფილა, არც კი გამოვლაპარაკებივართ ერთმანეთს.
ბექა: ძალიან სერიოზული მეგონა, მაგრამ ასეთი არ აღმოჩნდა. 16 წლის იყო, როდესაც გავიცანი, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბავშვური იყო. პირიქით, საკმაოდ ჩამოყალიბებული ადამიანია და, ასე თუ ისე, ესმის ყველაფერი, მაგრამ, ბავშვური ქცევებიც აქვს. უყვარს გართობა და ხმამაღლა ლაპარაკი, რაზეც ცუდად ვხდები – ისეთი ხმა აქვს, რომ ყური აღარ მივარგა. სახლშიც სულ ამაზე მაქვს ჩხუბი, დედაჩემი და ჩემი დაც ასეთები არიან და, ახლა მესამეც შემოემატათ. ალბათ, მალე სახლიდან გამაგდებენ. სულ იცინის. ძალიანაც რომ ვიჩხუბოთ, ისეთ რაღაცას მეტყვის, რომ მეცინება, მინდა, მივიდე და ჩავეხუტო.
მანიკა: ყოველთვის მინდოდა, რომ გვერდით ჩამოყალიბებული პიროვნება მყოლოდა, მამაკაცური თვისებებით. არ მიყვარს, როდესაც ბიჭი გოგონაზე არის დამოკიდებული. ბექას ყველა ის თვისება აქვს, რაც მე მომწონს ბიჭში. სერიოზულია, ოღონდ, ჩემთან არ არის ასეთი, მე ძალიან მხიარული ვარ და ამყვება ხოლმე.
ბექა: გადამიყვანა თავის ჭკუაზე.
მანიკა: დედამისიც ამჩნევს უკვე ამას.
ბექა: მთელ სახლში დავრბივართ მე, ჩემი და და მანიკა, ოთახებში დაჭერობანას ვთამაშობთ.
მანიკა: კარადის თავზე ვიმალებით ხოლმე.
ბექა: ერთხელ კარადაში დავიმალე, ძლივს შევეტიე, ვეღარ გამოვდიოდი და მერე დავამტვრიეთ კარადა.
– მანიკა, შენ ხმამაღლა ლაპარაკობ და ბექას ამაზე ნერვები ეშლება. მას არ აქვს უარყოფითი თვისება, რაზეც შენ ბრაზდები?
– ძალიან ბრაზიანი ვარ. (იცინის).
მანიკა: ჩემთან კი არ არის ბრაზიანი, უბრალოდ არ უყვარს, მასზე ხმამაღლა რომ ვლაპარაკობ. რა ვქნა, ასეთი ხმა მაქვს. სერიოზულად არასდროს გვიჩხუბია, უბრალოდ, ორივე ჯინიანები ვართ.
ბექა: თუმცა, ბოლოს მე გითმობ.
მანიკა: სხვა რა გზა გაქვს. თავიდან რაღაცაზე ვიკამათებთ, მერე ჩხუბამდე მივდივართ, ბოლოს ბექა მითმობს, მაგრამ როგორც ბავშვს, ისე მიხსნის, რომ ვტყუი.
– მინდა თქვენს გაცნობას დავუბრუნდე. როგორ განვითარდა აკვა-პარკის შემდეგ მოვლენები?
– ერთმანეთს ვეკონტაქტებოდით, ათასში ერთხელ ვნახულობდი და მაშინვე მომეწონა, თუმცა, დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი.
ბექა: მერე მე ერთი თვით წავედი საქართველოდან.
მანიკა: მე ველოდებოდი, როდის მომწერს ან დამირეკავს-მეთქი, ეს კი არ შემეხმიანა და ამით „დავიზმენდი“ – მივხვდი, რომ ძალიან მაკლდა. როგორც კი ჩამოვიდა, მაშინვე მომწერა – „რას შვები დიბილ“, მერე გამომიარა და იმ დღიდან სულ ერთად ვართ.
ბექა: მერე მისი დედა და და გავიცანი. მანიკამ ბევრი რამე მიამბო.
მანიკა: „ელიტის“ კონკურსის წინა დღე იყო და საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო მქონდა, ვისაუბრეთ, ბევრი რამ მოვუყევი, თავიდანვე გავუგეთ ერთმანეთს. მეორე დღესაც ერთად ვიყავით, შემდეგ „ბამბარუმში“ „ავთენ ფართი“ იყო და იქ მამაჩემი გაიცნო. ბექას მშობლები მაშინ გავიცანი, როდესაც ისრაელში მიდიოდა და ვაცილებდი. ძალიან მიყვარს ისინი.
ბექა: მამაჩემმა უთხრა, თუ ბექამ რამე გაწყენინა, სახლიდან გავაგდებ და შენ დაგიტოვებო. მანიკამ უპასუხა – მეც გავყვებიო.
– ალბათ, როცა ბექა საქართველოში არ არის, ძალიან გენატრება.
– იმის მერე აღარ წავსულვარ. წელს, ალბათ, ერთად წავალთ დიდი ხნით.
მანიკა: ერთი კვირით იყო წასული და ძალიან ცუდად ვიყავი. ძალიან გვინდა, რომ უცხოეთში გააგრძელოს კარიერა და, ვნახოთ, რა იქნება.
– ისე, რომელი უფრო ყურადღებიანი ხართ?
– ორივე ყურადღებიანები ვართ, მაგრამ მე უფრო თბილი ვარ.
ბექა: მეც თბილი ვარ, მაგრამ შენ ძალიან გიჟური მოფერება იცი. ჩემთვის მანიკაა დიდი სიურპრიზი, მინდა, რომ მოვალ, სახლში დამხვდეს. ერთხელ, ვარჯიშიდან მოვდიოდი და დავურეკე, სად ხარ-მეთქი. ქორწილშიო, რომ მითხრა, გავბრაზდი – ნაბიჯს რომ გადადგამს, იმას მეუბნება და ეს რატომ არ მითხრა-მეთქი.
მანიკა: მივიდა სახლში, თან მემესიჯებოდა: სად ხარ, ვისთან ერთად ხარ, ბევრი ხალხიაო? მე ვაგიჟებდი – 500-კაციანი ქორწილია, ბევრი ხალხია-მეთქი. ამ დროს მის სახლში, მისაღებ ოთახში ვიჯექი, ნახევარი საათი ვმესიჯობდით. მერე დედამისს უთხრა, მშიაო და მე შევედი საჭმლით ხელში.
ბექა: გადავირიე, რომ დავინახე, საჭმელიც კი მაჭამა.
– როგორც ვიცი, 14 თებერვალს დაინიშნეთ.
მანიკა: ორივე დარწმუნებული ვიყავით, რომ ერთმანეთი გვიყვარს და გვინდოდა ერთად ყოფნა და ამას ხომ უნდა ჰქონოდა დაგვირგვინება! სიტყვა „ნიშნობა“ არც მამაჩემს უყვარს და არ ბექას, ამიტომ არ ვარქმევდით სახელს, უბრალოდ უნდა მოსულიყვნენ მისი მშობლები და ჩემებთან ჩვენს მომავალზე უნდა დაელაპარაკათ. ყველა გაგიჟებულია, უკვირთ, როგორ მიიღო ეს ამბავი მამაჩემმა, მაგრამ, ისეთი ადამიანია, რომ ყველაფერში მიგებს, ვმეგობრობთ, ესმის ჩემი.
ბექა: ერთს რომ იტყვის, მერე აღარ გადავა სიტყვას.
მანიკა: შენ ხომ, რას ამბობ, არ ხარ მასეთი! ბევრი საერთო თვისება აქვთ.
ბექა: ისე, მე, შეიძლება, უფრო მკაცრი მამა ვიყო.
მანიკა: არც ერთი გოგონა არ სთხოვს მამამისს – მომწონს ეს ბიჭი და ერთი საათით გამიშვი, ვნახავო. მე კი სულ ვუებნებოდი და მიშვებდა. თუ არ გამიშვებდა, მაშინ ბექა ბრაზდებოდა – რატომ არ გამოგიშვაო. ბექა რომ გაიცნო, მოეწონა და მერე გვიანობამდეც მიშვებდა მათთან.
ბექა: გვიანობამდე არ გიშვებდა, ახლა გამოგიშვა, ნიშნობის მერე. ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა კახასთან, მანიკას მამასთან. ბევრ ადგილას წავსულვართ ერთად და სხვადასხვა თემაზეც გვისაუბრია. ბევრმა გვითხრა, რატომ არ გაიპარეთო. სად უნდა გავპარულიყავით, მანიკას ოჯახს თავზე არ გადავახტებოდი. მამამისს რომ ეთქვა, ჯერ პატარააო, მაინც არ გავიპარებოდით და დაველოდებოდი, როდის გახდებოდა 18 წლის. რაც შეეხება ნიშნობას, წინა დღეს დედაჩემი ესაუბრა მანიკას დედას, სხვათა შორის ორივეს დედას ხათუნა ჰქვია, მერე მამაჩემმა დაურეკა მამამისს, მამებსაც ორივეს კახა ჰქვია და გადაწყდა, რომ 14 თებერვალს უნდა მისულიყვნენ, ესაუბრათ და კარგად გაეცნოთ ერთმანეთი. ჩვენც, წავედით, თან – ყველაფრით, ნიშნობა მერე დაერქვა.
მანიკა: იმხელა სათამაშო ძაღლი მომიყვანა, რომ თვითონ არ ჩანდა. ძალიან საყვარელი იყო ძაღლით ხელში.
ბექა: აპრილის ბოლოს გვექნება ქორწილი, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით, სად.
მანიკა: მაგრამ, ვიცით, რომ ყველაზე კარგი ქორწილი გვექნება, არა ბექ?!
ბექა: კი, თავისთავად!