რაში შეიძლება გამოიყენოს ქალმა მექალთანე ქმართან ურთიერთობაში მიღებული გამოცდილება
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ღალატის პრევენციის ერთადერთი საშუალება სიყვარულია. მაგრამ, ფსიქოლოგები იმასაც ამბობენ, რომ ქალებისა და მამაკაცების დიდ პროცენტს აქვს ღალატისკენ მიდრეკილება. თანაც, უმრავლესობას, სულაც არ სურს ძირითადი პარტნიორის – მეუღლის მიტოვება, მათ ეშინიათ კიდეც ამის, თუმცა მაინც ღალატობენ. რა ხდება. რატომ გვაღალატობენ, თუკი ვუყვარვართ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია. თითქოს ღალატის ყველა ისტორია ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ყოველი შემთხვევა მაინც განსხვავებულია. ზოგიერთი მეუღლესთან ურთიერთობაში რომანტიკის ნაკლებობას უჩივის, ზოგიერთი – ეროტიკის. ზოგს მძაფრი განცდების სურვილი და ინტერესი უბიძგებს ღალატისკენ, ზოგსაც უნდა, დროებით მაინც გაექცეს ერთფეროვნებას, მობეზრებულ ყოველდღიურობას. მოღალატე მამაკაცების უმრავლესობას, აქვს პასუხი კითხვაზე: „რატომ მიღალატე“? მაგრამ მათგან მხოლოდ ერთეულები არიან მზად ახალი სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად. თუ გამოკითხვებს ვენდობით, მამაკაცების 76 პროცენტი თანახმაა, ერთხელ მაინც ჰქონდეს ურთიერთობა სხვა ქალთან, მაგრამ რეალურად გაცილებით ნაკლები რისკავს და ღალატობს ცოლს. როცა ქალი ღალატობს ქმარს, მიზეზი ძირითადად არის სურვილი, იგრძნოს თავი სასურველ ქალად, ანუ შეივსოს ყურადღების ის დეფიციტი, რომელიც ქმართან ჰქონდა. რაც შეეხება მამაკაცებს, სამწუხაროდ, მათში ჯერ კიდევ ძლიერია დაუსჯელობის სინდრომი. ის, რომ „მე მამაკაცი ვარ და შენზე მეტი მეპატიება“, ძალიან ცუდ სამსახურს უწევს მამაკაცებს და ხშირად ოჯახის გარეშე ტოვებს.
თამარი (46 წლის): მე ისეთ გამოუვალ და უჩვეულო სიტუაციაში აღმოვჩნდი, დღესაც არ მგონია, რომ ეს ყველაფერი მე გადამხდა თავს. ვერ ვიტყვი, რომ დროს ჩამოვრჩი და თანამედროვედ ვეღარ ვაზროვნებ, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არ მესმის და ალბათ, ვერც ვერასოდეს გავიგებ. ქმარს ათი წლის წინ დავშორდი. სახლიდან მე თვითონ გავაგდე, როცა საკუთარ ლოგინში მივასწარი საყვარელთან. მანამდეც ვხვდებოდი, რომ მღალატობდა, მაგრამ თვალებს ვიბრმავებდი, თქვენი ბევრი რესპონდენტი ქალბატონის მსგავსად. ვფიქრობდი, რომ როცა იქნებოდა, გაუვლიდა ჩემს ქმარს ამ „დროებითი გატაცებების“ პერიოდი და დამშვიდდებოდა, მაგრამ უსინდისოს თუ ერთხელ მაინც არ მიეზღო დამსახურებულად, მისი სინდისის გაღვიძებაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან ასეთ მამაკაცებს სინდისი არა აქვთ. სხვათა შორის, იცინოდა სახლიდან რომ ვაგდებდი, არ სჯეროდა, რომ არ ვთამაშობდი და კიდევ ჰქონდა პატიების იმედი. ჩემი ბრალია, მე ჩავნერგე მასში დაუსჯელობის სინდრომი. მე მივეცი იმის უფლება, რომ ფეხები გაეწმინდა ჩემზე. ამ ტიპის მამაკაცები არ იმსახურებენ პატიებას, მათ ეს არ სჭირდებათ, ისევე, როგორც არ სჭირდებათ გვერდით ერთგული, პატიოსანი ადამიანი. ვერ ვიტყვი, რომ არ გამიჭირდა ცხოვრების თავიდან დაწყება. მამაკაცების მიმართ ისეთი აგრესიული გავხდი, დარწმუნებული ვიყავი, სხვა კაცს ჩემს ცხოვრებაში აღარასდროს შემოვუშვებდი. აღარ მინდოდა, კაცის ვერაგობას ისევ ეტკინა ჩემთვის გული. თავდაცვის უკეთესი საშუალება ვერ მოვიფიქრე და საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტე, მაგრამ ბედმა მაინც შემახვედრა კიდევ ერთ მოღალატე მამაკაცს, რომელმაც კიდევ უფრო დიდი ტკივილი მომაყენა. პირადი ტრაგედია არაფერი ყოფილა იმასთან შედარებით, როცა საქმე შენი შვილის ცხოვრებას ეხება. მე ვერ დავიცავი ჩემი ქალიშვილი იმ ვერაგობისგან, რომლის ჩადენა მხოლოდ მოღალატე მამაკაცს შეუძლია. ვერ დავიცავი ისეთივე ტკივილისგან, რომელიც მე განვიცადე. არადა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ანუკი ჩემს ბედს არ გაიზიარებდა. საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ მოღალატე მამაკაცებისგან ყოველთვის დავიცავდი.
– არსებობს კი, რამე მექანიზმი ამისგან თავის დასაცავად?
– არ არსებობს. მაგრამ მე ამას ძალიან გვიან მივხვდი. ანა 19 წლის ისე გახდა, შეყვარებული არ ჰყოლია. მე თავს ვიწონებდი, ჭკვიანი და სერიოზული გოგო მყავს-მეთქი. დარწმუნებული ვიყავი იმაშიც, რომ ჩემს შვილს ჩემგან დაფარული არაფერი ჰქონდა. რომ ყველაფერს მიყვებოდა, რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა. რატომ ვართ მშობლები ასეთი გულუბრყვილოები? თუმცა, შეიძლება, ეს მარტო ჩემი პრობლემაა. თავიდან ქმარსაც ხომ ასე ბრმად ვენდობოდი. როცა ანამ მითხრა, გოგოებს ზღვაზე გვინდა ერთად წასვლაო, ეჭვი არაფერში შემპარვია. მის დაქალებს ვიცნობდი და მათაც ისე ვენდობოდი, როგორც საკუთარ შვილს. გავუშვი. თავი არ გამაცილებინა – არ მინდა, პატარა ხომ არ ვარო. მეც აღარ ჩავაცივდი. მანამდე სულ კუდში დავდევდი. იქნებ ესეც შეცდომა იყო. ვერ გაიგებ, შვილი როგორ უნდა გაზარდო. უნდა ენდო, თუ ყოველ ნაბიჯზე უნდა ამოწმო. წავიდა ანა და გული რაღაცნაირად დამიმძიმდა. ხომ არსებობს ინტუიცია! ვიფიქრე, ალბათ პირველად რომ წავიდა ჩემ გარეშე, იმიტომ მაქვს ასეთი ცუდი განცდა-მეთქი. გადავწყვიტე, გული გადამეყოლებინა და საღამოს კუს ტბაზე ავედი. კაფეში შევედი თუ არა, ანას მეგობრები დავინახე, სწორედ ისინი, ვისთან ერთადაც იყო ზღვაზე წასული ჩემი შვილი. ლამის დამბლა დამეცა. თვალებს ვერ ვუჯერებდი. იმათაც დამინახეს და ისეთი რეაქცია ჰქონდათ, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. დამალვას შეეცადნენ. ერთი მაინც, ლამის მაგიდის ქვეშ შეძვრა. ხალხსაც აღარ მოვრიდებივარ, მივვარდი და ლამის თმაში ვწვდი. სად არის ჩემი შვილი-მეთქი, ვუყვირე. ვხედავდი, როგორ მარიდებდა თვალს და ცდილობდა, დაძრომოდა პასუხს. მანქანაში ლამის ძალით ჩავსვი და ისეთი ამბავი ავუტეხე, იძულებული გავხადე, ეთქვა, რომ ანამ მომატყუა. სიმართლე შოკისმომგვრელი აღმოჩნდა: ჩემი შვილი თავის ბოიფრენდთან ერთად იყო ზღვაზე წასული. კიდევ არ მოვეშვი და ამ ბოიფრენდის ვინაობაც გავარკვიე. ნუ მკითხავთ, ეს რის ფასად დამიჯდა. საშინელებები ჩავიდინე, ბავშვი დავატერორე. აბა, რა მექნა, როცა ყველა საშუალებით ცდილობდა, დაემალა, ვინ იყო ჩემი შვილის საყვარელი.
– რატომ საყვარელი და არა, შეყვარებული?
– იმიტომ, რომ იმ კაცს ცოლი ჰყავდა და ანაზე ოცდახუთი წლით იყო უფროსი. რა დამემართებოდა ამ ამბის მოსმენისას, ხომ წარმოგიდგენიათ. ლამის გავგიჟდი. რა ვქნათ, თამრიკო დეიდა, ჩვენც ვეუბნებით ანას, რომ ის კაცი მისი შესაფერისი არ არის, მაგრამ ამბობს, რომ უყვარს და უიმისოდ ცხოვრება არ შეუძლიაო. თითქმის მაშინვე გადავწყვიტე იმ კაცის ცოლთან მისვლა. ვერ დაველოდებოდი „საქორწინო მოგზაურობიდან“ „ქალ-სიძის“ დაბრუნებას. შევიშლებოდი და, ალბათ, მოვკვდებოდი. როცა კაცის ვინაობა იცი, მისი მისამართის გაგებას არაფერი უნდა. სხვათა შორის, ცოლი საკმაოდ ცნობილი პიროვნება აღმოჩნდა და ბევრი საერთო ნაცნობიც აღმოგვაჩნდა. ძალიან გამწარებული ვიყავი, მაგრამ მაინც მეყო ძალა, რომ არავისთვის მეთქვა ჩემი პრობლემის შესახებ.
– გასაგებია. არ გინდოდათ ამ ამბის გახმაურება...
– რა თქმა უნდა. რომ გითხრათ, იმ წუთში იმაზე ვფიქრობდი, იმ კაცს ცოლთან არ შექმნოდა პრობლემები, ან არავის გაეგო, რა საქმისთვის მივდიოდი, მის ოჯახში-მეთქი, მოგატყუებთ. ის ნაძირალა ხელში რომ ჩამვარდნოდა, მივახრჩობდი. მაგრამ, ჯერ უნდა მეპოვნა.
– მის ცოლთან ამიტომ მიხვედით?
– მე ჩემი შვილი უნდა გადამერჩინა. ბუნებრივია, შემეძლო მარტო წავსულიყავი ზღვაზე და მომეძებნა ისინი, მაგრამ ბოღმამ მძლია. წარმოვიდგინე, როგორ განვითარდებოდა მოვლენები: ის ნაძირალა ჩემს შვილთან „იგულავებდა“, არაფერს დაიკლებდა. მერე ჩამოვიდოდა ცოლთან დაღლილი, საქმიანი კაცის იერით და იწუწუნებდა, რომ ძალიან დაიღალა ამდენი მივლინებით. ამის გაცნობიერებამ საერთოდ გადამრია. გვიანი იყო, იმ ნაძირალას სახლში რომ მივედი. კარი მისმა ცოლმა გამიღო. მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო. მოღალატე კაცების ცოლები, ყველანი ერთმანეთს ჰგვანან.
– მართლა? რითი?
– დაძაბული და დამფრთხალი მზერა აქვთ. ყველა უცნობი ქალის დანახვა აშფოთებთ. შინაგანად გრძნობენ, რომ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგებიან ფაქტის წინაშე და ამ მომენტის პანიკურად ეშინიათ. როგორც კი დამინახა, მაშინვე მიხვდა, რისთვის ვიყავი მისული. მაგრამ მაინც მკითხა, რა გნებავთ, ქალბატონოო. თქვენი ქმარი ხომ მივლინებაშია-მეთქი. ლამის ჩაიკეცა, ფერი დაკარგა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მესმოდა მისი. წლების წინ მეც ხომ გამოვცადე ღალატის სიმწარე. დარწმუნებული ხართ, რომ მისამართი არ შეგშლიათ და სწორად მოხვედითო? თუ ახლა თქვენი მეუღლე სახლშია, მაშინ შემშლია მისამართი, თუ არა – სწორად მოვსულვარ-მეთქი. ვინ ხართო. იმ გოგოს დედა ვარ, ვისთან ერთადაც თქვენი ქმარი ახლა ბათუმში ერთობა. თქვენთვისვე აჯობებს, მომისმინოთ და მიიღოთ ჩემი წინადადება, სხვა გამოსავალი მაინც არ გაქვთ-მეთქი. რამდენიმე წუთს ჩუმად მიყურა. ეტყობა, საკუთარ თავს ებრძოდა, მერე თავი გააქნია, შეგეშალათ ქალბატონოო და კარზე მიმითითა. ფურცელზე ჩემი მობილურის ნომერი დავწერე და მივეცი. დაფიქრდით და, თუ მიხვდებით, რომ ჩემს სიტყვებში სიმართლის მარცვალი არის, დამირეკეთ, მე დილით ბათუმში მივდივარ-მეთქი. არაფერი უთქვამს, მაგრამ ფურცელი გამომართვა. დარწმუნებული ვიყავი, რომ დამირეკავდა.
– რადგან ფურცელი გამოგართვათ?
– მარტო მაგიტომ არა. ხომ გითხარით, მეც ვიყავი მის სიტუაციაში-მეთქი. ზუსტად ვიცოდი, რას გრძნობდა, რა ბრძოლები ჰქონდა საკუთარ თავთან. როცა საკუთარ ტყავზე გაქვს გამოცდილი მამაკაცის ვერაგობის მთელი სიმწარე, სხვის ტკივილსაც უფრო კარგად გაიგებ.
– ამით იმის თქმა ხომ არ გინდათ, რომ შეგეცოდათ ის ქალი?
– რა თქმა უნდა, შემეცოდა. ამას არ უარვყოფ. ძალიან შემეცოდა. ის ხომ არ იყო დამნაშავე იმაში, რომ მისი ქმარი მატყუარა და ნაძირალა გამოდგა. გამთენიისას დამირეკა. საწყალმა, ალბათ გაათენა, ისევე, როგორც მე. რა დააძინებდა. წამოვალო, მითხრა. გზაში ძალიან ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ. მე მოვუყევი ჩემი ამბავი. ვუთხარი, რამდენიმე წლის განმავლობაში როგორ ვიბრმავებდი თვალებს, ვიტყუებდი თავს და რა მომიტანა ამან. მისმენდა, თან ტიროდა. მიყვარს ჩემი ქმარიო. მეც მიყვარდა, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ სწორად მოვიქეცი სახლიდან რომ გავაგდე-მეთქი. მეც გავაგდებ, თუ ახლა მართლა თქვენს შვილთან ერთად არისო. მაგრამ ძალიან მიკვირს, რომ ჩემთან ასე მოხვედით და არ სცადეთ, თქვენს შვილს ჩემთვის ქმრის წართმევაში დახმარებოდითო, – გაკვირვებული იყო. თქვენს ქმართან ჩემი შვილი ბედნიერი ვერ იქნება. მას რომ ანა ნამდვილად უყვარდეს, ჯერ თქვენთან გაარკვევდა ურთიერთობას და გაგეყრებოდათ, მაგრამ ასეთ კაცებს მხოლოდ საკუთარი თავი უყვართ. თქვენი ქმარი ანასაც ისევე ატყუებს, როგორც თქვენ. დარწმუნებული ვარ, ფაქტზე დაჭერილიც გეტყვით, რომ უყვარხართ. არც ის გამიკვირდება, ანასნაირი სულელი კიდევ რამდენიმე თუ ეყოლება რეზერვში-მეთქი.
– რატომ გამორიცხეთ, რომ შეიძლებოდა იმ კაცს თქვენი შვილი მართლა ჰყვარებოდა, იმიტომ, რომ ძალიან უფროსი იყო მასზე?
– არა, ეს არაფერ შუაშია. უბრალოდ, ჭეშმარიტად შეყვარებული კაცები ასე არ იქცევიან. ისინი პატიოსან თამაშს თამაშობენ: მიდიან ცოლთან, ეუბნებიან, რომ სხვა შეუყვარდათ და ამის მერე იწყებენ ახალ ცხოვრებას. ღირსეული კაცი ამას აკეთებს. ხოლო თუ კაცს ღირსება არა აქვს და ლაჩარია, ის არც ერთ ქალს არ გამოადგება. გული ამერია, ისე მოიქცა ის ნაძირალა. ზუსტად ჩაჯდა ჩემ მიერ წინასწარ წარმოდგენილ სცენარში. პირდაპირ სასტუმროს ნომერში დავადექით თავზე. კარი ჩემმა შვილმა გააღო. არ ვიცი, როგორ შევიკავე თავი, რომ თმაში არ ვწვდი და იქვე არ ვითრიე. ისტერიკა კინაღამ დაემართა ჩემს დანახვაზე, მაგრამ სინანული ვერ შევამჩნიე. პირიქით, შეტევაზე გადმოვიდა. ყვირილი დაიწყო – მიყვარს, ჩემი ოცნების მამაკაცია და არსადაც არ წამოგყვები, არ მოგცემ უფლებას, ცხოვრება დამინგრიოო. სამაგიეროდ, მისმა „რაინდმა“ ჩაისვარა: ცოლი რომ დაინახა, ლამის ატირდა, ფეხებში ჩაუვარდა. ხოხავდა, მაპატიე, ეს ის არ არის, რაც შენ გგონიაო. ვეღარ გავუძელი ამ საზიზღარი სცენის ყურებას და წამოვედი.
– შვილი იქ დატოვეთ?
– დიახ. აზრი არ ჰქონდა მის ძალით წამოთრევას. თვითონ უნდა მიმხვდარიყო საკუთარ შეცდომას, რომ მერე მთელი ცხოვრება ის არ ეძახა, შენ წამართვი ბედნიერებაო. ჩამოვედი და ხუთ საათში ისიც ჩამოვიდა. განადგურებული, მოკუნტული, ატირებული, შეშლილი სახით. ქვითინებდა, არ ვყვარებივარ, მითხრა, რომ ცოლი უყვარს და არასოდეს მიატოვებს. მე მხოლოდ გასართობი ვიყავი მისთვისო. ვიცი, რომ ანას დიდი დრო დასჭირდება, ამ სტრესიდან გამოსასვლელად, მაგრამ ჯობია, ახლა ეტკინოს, ვიდრე მთელი ცხოვრება ტყუილში იცხოვროს და დაიტანჯოს. ახლა ეცოდინება, რომ ცოლიან კაცს სიახლოვეს არ უნდა გაეკაროს.
– თუ იცით, მიიღო ის კაცი ცოლმა უკან?
– მგონი, კი. მაგრამ ეს ჩემი საქმე უკვე აღარ არის. ყველას თავისი არჩევანი აქვს. შეიძლება, იმის იმედი აქვს, რომ ასეთი მწარე გაკვეთილის შემდეგ მისი ქმარი გამოსწორდება, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ ცდება და მალე მისი ძვირფასი მეუღლის ცხოვრებაში სხვა ანა გამოჩნდება.
დალი მიქელაძე