რისგან იხსნა ვანო ჯავახიშვილი ცოლმა და რა ბედი დაკარგა მან ამერიკაში
ვანო ჯავახიშვილი იღბლიან ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება – დღეს ყველაზე პოპულარული იუმორისტული შოუს წამყვანია, თუმცა წარსულში იღბლისა და ნიჭის მიუხედავად, საკმაოდ ბევრი სირთულის გადალახვა მოუხდა. მის ცხოვრებაში სიურპრიზებიც იყო და საჭირო დროს საჭირო ადგილზეც მოხვდა, რამაც მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება – დღეს ვანოს უკვე ჰყავს თილისმა, რომელმაც ის ქალთა შეტევებისგანაც იხსნა და სოლიდური პრიზიც მოაგებინა.
ვანო ჯავახიშვილი: იღბალი, რა თქმა უნდა, არსებობს. იღბალი რომ არ მქონდეს, დღეს ვიქნებოდი ჩვეულებრივი ადამიანი, ისეთი, როგორიც ყველაა: მექნებოდა ჩემი საქმე, ვიმუშავებდი ისეთ სამსახურში, სადაც ტექნიკური განათლებაა საჭირო – ბანკში ან სადმე სხვა ასეთ ადგილას, მით უმეტეს, რომ სპეციალობით მათემატიკოსი ვარ. ალბათ, ჩემი ნიჭის ბრალია, რომ, არა ტექნიკურ სფეროში, არამედ აქ მოვხვდი. წარმატებაში, ალბათ, ისიც დამეხმარა, რომ საკუთარი თავი „ჟილკიან“ ადამიანად მიმაჩნია, მანამ არ ვჩერდები, სანამ მიზანს არ მივაღწევ. წესით, მე ყველასთვის საყვარელი პიროვნება არ უნდა ვიყო და, ისეთებიც არსებობენ, ვისაც არ ვუყვარვარ, თუმცა, ზოგადად ვიცი, რომ ხალხს ვუყვარვარ და ეს ძალიან მიხარია. ეს არის პოპულარობის „ხიბლი“...
– ალბათ, ბევრი კარი იოლად იხსნება შენ წინ.
– დიახ, ახალ ბინაში რომ გადავედი, ტელეფონი დავიდგი და „ბლატებით“ კარგი ნომერი მომცეს. ხანდახან იმას, რაც სამ დღეში უნდა გაკეთდეს, ერთ დღეში, ვაგვარებ, დაჩქარებულ ვადებში, ოღონდ, კატეგორიული ტონი არავისთან მაქვს, ყველაფერს თხოვნით ვაკეთებ.
– შემთხვევითობას რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში?
– შემთხვევითობებიც საკმაოდ ბევრი იყო. მაგალითად, ჩემი არტისტული მონაცემების გამო თეატრში რომ წავსულიყავი, აქ, ალბათ, ვეღარ მოვხვდებოდი. თეატრი სხვა განზომილებაა, ჩვენთან ბევრმა პროფესიონალმა მსახიობმა ვერ შეძლო თავის დამკვიდრება, საკმაოდ ბევრ ხუმრობას აფუჭებდნენ და ჩვენს „ლიანდაგზე“ გადმოსასვლელად დრო დასჭირდათ. სიმართლე გითხრათ, თეატრი ძალიან მიყვარს და ყოველთვის მინდოდა სცენაზე დგომა, თუმცა, ამ ოცნების ასრულება არც ისე იოლი აღმოჩნდა (იცინის). საქართველო იმდენად პატარა ქვეყანაა, თუ ნიჭი გაქვს, აუცილებლად მიაღწევ რაღაცას, ოღონდ, იღბალიც უნდა დაგეხმაროს. მე ამ სფეროში შემთხვევით მოვხვდი – ჩემმა ზესტაფონელმა მეგობარმა, ირაკლი ცქიტიშვილმა, ნიკა გრიგოლია გამაცნო და ასე დაიწყო ყველაფერი – ეს ის დრო იყო, როცა მათემატიკის ფაკულტეტზე „ვიტანჯებოდი“ (იცინის). მაშინ თბილისში ძალიან რთული პერიოდი იყო. მამა ადრე გარდამეცვალა, ისეთ პერიოდში დავობლდი, როცა შვილებს მამა ძალიან სჭირდებათ. ჩემი ძმაც პატარა იყო და ყველაფერმა დედაჩემის ზურგზე გადაიარა. მე საკმაოდ რთული ბავშვობა მქონდა და, რომ არა დედაჩემი ჩვეულებრივი რეციდივისტი შეიძლებოდა, გამოვსულიყავი. ქუჩაში ყველა ავტომატებით დარბოდა, „კოჭობანას“ ჰილზებით ვთამაშობდით. პირველი ფულიც მაშინ ვიშოვე – ალუმინებს ვაგროვებდი და ვაბარებდი ბიჭებთან ერთად, 50 მანეთი მომცეს და ისიც სახლში მივიტანე... ამ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან მიყვარდა ხელოვნება, სულ ტელესპექტაკლებს ვუყურებდი. მე არ მაქვს ამბიცია მსახიობობაზე, ზოგი კი ამბობს ჩვენზე, მსახიობობას იბრალებენო, მაგრამ ნამდვილად არ ვიბრალებ. ჩვენ ვართ იუმორისტები და ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. მახსოვს, პირველად რომ დავდგი სცენაზე ფეხი. ეს ნარკოტიკივითაა – რომ „შეჯდები“, თავს ვეღარ ანებებ, სცენას აქვს მაგია, რომელიც „გატყვევებს.“
– აზარტულ თამაშებში თუ გიმართლებს?
– ერთხელ ვარ ნამყოფი კაზინოში, მეგობარი თამაშობდა და მე ვუყურებდი. ისეთი აზარტული ვარ, რომ ვითამაშო, ბოლომდე შევყვები და გავბანკროტდები. ტოტალიზატორში ვდებ ხოლმე მიზერულ თანხებს, რომ ფეხბურთის ყურებას რაღაც მიზანი ჰქონდეს, თუმცა, მნიშვნელოვანი არასდროს არაფერი მომიგია. ერთხელ მოვიგე „ლოტოში“ 1 ლარი და 47 თეთრი, ხუთიათასმა ბილეთმა მოიგო რაღაც თანხა, რომელიც გაიყო და მეც ეს მცირე ნაწილი შემხვდა. მას შემდეგ დავრწმუნდი, რომ ამ მხრივ მაინცდამაინც არ მიმართლებდა. ჩემი ყველაზე დიდი მოგება არის „ვა-ბანკის“ 11 ათასი ლარი. ესეც, მგონი, უფრო ჩემი ცოლის დამსახურებაა – ძირითადად მან გახსნა ის კეისები, სადაც ძალიან დაბალი თანხები იყო. ჩემი ცოლი არის ჩემი თილისმა. თამუნა პროფესიით ჟურნალისტია და ყველა საკითხში ჭკვიანურ და კომპეტენტურ რჩევებს მაძლევს, ბოლო პერიოდში, რაც კი ჩემს ცხოვრებაში უკეთესობისკენ შეიცვალა, ძირითადად მისი დამსახურებაა. ჩემი ცოლია ჩემი „ფოკუს-ჯგუფის“ შეფი (იცინის).
– გოგონებში თუ იყავი იღბლიანი?
– ასე ვერ ვიტყვი. მე არასდროს ვყოფილვარ „წაბაბნიკო“ ტიპი. ოთხი-ხუთი წლის წინ გოგონებთან ურთიერთობაში უფრო სხვა სიტუაცია იყო, ახლა ძალიან რთულადაა საქმე (იცინის), ჩემი პატარა ბიჭები ისეთებს მიყვებიან, რომ... თუმცა, ჩემს დროსაც იყო შემოტევები. ორჯერ გამოვცვალე ტელეფონის ნომერი, რომ შემოტევების მოგერიება შემძლებოდა. ცხოვრება იყო შეუძლებელი. მერე ცოლი მოვიყვანე და ყველაფერი დამთავრდა.
– საჭირო დროს საჭირო ადგილას ბევრჯერ მოხვედრილხარ?
– ასეთებიც იყო, მაგალითად, როცა ჩემი მეუღლე გავიცანი. ეს მოხდა ძალიან შემთხვევით: რესტორანში სხვადასხვა მაგიდებთან ვისხედით. მაშინ მე ვიყავი გურამი – ამ როლმა ძალიან დიდი პოპულარობა მომიტანა. თამუნას თურმე ძალიან უყვარდა გურამი და მოკითხვა შემომითვალა ვასოს პირით. მერე კიდევ შევხვდით ერთმანეთს და ასე დაიწყო ყველაფერი, ეს იყო ყველაზე დიდი სიურპრიზი, თუმცა, ზოგადად, ცხოვრება მაინცდამაინც არ მანებივრებს სიურპრიზებით. დაკვირვებული ვარ, თუ წინასწარ ვთქვი რამე ჩემს გეგმებზე, ის არასდროს არ ამიხდება ხოლმე, ამიტომაც, ბევრს არ ვლაპარაკობ, რომ არ დავითარსო (იცინის). ვანო მერაბიშვილი რომ მოდიოდა ჩვენს გადაცემაში, სულ რამდენიმე ადამიანმა ვიცოდით.
– ვანო მერაბიშვილის ნაჩუქარი მანქანა როგორაა?
– ეგ ძალიან მაგარი იყო, ვითომ მანქანა რომ მაჩუქა – არაფერი არ უჩუქებია, არაფერი... ვანო სულ სამჯერ მყავს ნანახი. როგორც ზოგს ჰგონია, კვირაობით ნამდვილად არ ვხვდები (იცინის). ქვეყანაა ისეთი, ასეთი ჭორები რომ არ გაჩნდეს, არ შეიძლება. ვიცი, რომ ის საკმაოდ მკაცრი ადამიანია, მაგრამ არ ვიცოდი, რაზე შეიძლება, გაბრაზებულიყო. ხომ შეიძლებოდა, უცებ დაეკრა ფეხი და წასულიყო?! მერე დამირეკეს და მომატყუეს: მინისტრი გაციებულია და ვერ მოდისო. ვიფიქრე, რომ ყველაფერი ჩაიშალა, მაგრამ, თურმე, ისინიც გამეხუმრნენ (იცინის). მერე უცებ მოვიდა, გადახედა მონოლოგის ტექსტს და, – აბა, დავიწყოთო. მიდი და, თუ მაგარი ბიჭი ხარ, არ დაიწყო...
– ამის მერე თქვენი ურთიერთობა როგორ გაგრძელდა?
– არ შემხმიანებია. ჩემი საჩუქრის ბედი მაინტერესებდა, მაგრამ, ვიცი, რომ ჩემს საჩუქარს, რომელიც მისთვის სიურპრიზი იყო, კარგად „მოუვლიდა.“
– მე მგონი, ერთ დღეს შალვა ნათელაშვილსაც ვიხილავთ შენთან, რომელსაც ასევე ხშირად „კბენ“.
– მე მგონი, ეგ უფრო რთული დასათანხმებელია. ძალიან ბევრი მცდელობა მქონდა, მაგრამ არაფერი გამოდის. ხუთჯერ რომ მიხეილ სააკაშვილზე ვიხუმრებ, არ შეიძლება, რომ ერთი შალვაზეც ვიხუმრო? ამ ბოლო დროს თავს ვიკავებ მასზე ხუმრობების ჩასმისგან, შალვა ნათელაშვილი მიყვარს კიდეც და მისი სტუმრობა ოცნებად მექცა.
– მაგის გარდა, კიდევ რაზე ოცნებობ?
– ძალიან ცოტა ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ჯერ ერთი, ამის საშუალება არ მქონდა, თან, ფრენაც არ მიყვარს – ცუდად ვხდები და, ამიტომაც ვიკავებ თავს... მინდა, ვნახო ამერიკა, ლოს-ანჯელესი, ლას-ვეგასი, იქ მაინც შევალ კაზინოში. მინდა ვნახო პარიზი, ლონდონი, არც ავსტრალიაზე ვიტყვი უარს. ამერიკაში რომ დავბადებულიყავი, შეიძლება, როკფელერობა მომნდომებოდა, ან წითელ ხალიჩაზე გავლა და ოსკარი. ასეთი პოპულარული რომ ვყოფილიყავი იმ ქვეყანაში, უფრო ბევრი ფულიც მექნებოდა.
– კარგი, ნუ წუწუნებ, ახალი სახლი ხომ გაქვს?
– ახალი სახლი კი მაქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, არც ვალები მაკლია, თუმცა, კარგ გადამხდელად ვითვლები. რა ვქნა, თუ „ოსკარი“ ვერ მივიღე, სამაგიეროდ მაქვს რამდენიმე „ოსკარი“, რომლებიც ვიყიდე, როგორც სუვენირი. კიდევ მაქვს ერთი „ოსკარი“ – ხალხის სიყვარული, რომელიც „ოსკარიც“ არის, „ოქროს გლობუსიც“ და „ოქროს რტოც“ (იცინის).