კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირი ჰქონდა სერგეი ივანოვს ბადრი პატარკაციშვილთან და რატომ უწოდა მას „დეილი ტელეგრაფმა“ „მისტერ საზიზღრობა“


10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი

ბრიტანულმა „დეილი ტელეგრაფმა“, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მისი საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ, თავის ერთ-ერთ სტატიაში მას „მისტერ საზიზღრობა“ უწოდა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ის ვლადიმირ პუტინის მემკვიდრედ ითვლებოდა და მსოფლიო მასმედიაში ღიად საუბრობდნენ მისი შესაძლო გაპრეზიდენტების შესახებ. რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ამჟამად რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი ივანოვი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად ითვლება რუსულ პოლიტელიტაში. მას რეზიდენტურის უმაღლესი სკოლა აქვს გავლილი. ივანოვი პუტინის „პირად მეგობართა“ სიაში შედის და არ იქნებოდა ურიგო, მის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტების ტრადიციულ ტოპ-ათეულს გავცნობოდით.

1. სერგეი ივანოვი 1953 წელს დაიბადა ლენინგრადში და მთელი ბავშვობა ვასილიევსკის კუნძულზე გაატარა, სადაც დედასთან ერთად ჩვეულებრივ კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა. თავდაცვის მომავალი მინისტრი ინგლისურ სპეცსკოლაში სწავლობდა, რომელიც 60-იანი წლების დასაწყისამდე მხოლოდ გოგონებისთვის იყო განკუთვნილი. წესიერი და დისციპლინირებული მოსწავლის ერთადერთი მავნე ჩვევა უზომოდ დიდი რაოდენობით სიგარეტის მოწევა იყო. იგი ხშირად მონაწილეობდა სკოლის სამოყვარულო სცენაზე დადგმულ სპექტაკლებში. ჩარლზ დიკენსის შემოქმედების მოტრფიალე ივანოვს არაერთხელ უთამაშია ოლივერ ტვისტის როლი ამავე სახელწოდების სპექტაკლში. სხვათა შორის სერგეი ბავშვობიდან იყო მიჩვეული დიკენსის, რობერტ ბერნსისა და სხვა ინგლისელი მწერლების ნაწარმოებების ორიგინალურ ენაზე კითხვას.

2. მინსკში, „კაგებეს“ უმაღლესი კურსების დამთავრების შემდეგ, 1976 წელს სერგეი ივანოვი „კაგებეს“ ლენინგრადის პირველ საკადრო განყოფილებაში გაანაწილეს, სადაც მან გაიცნო კიდეც ვლადიმირ პუტინი. „სუკის“ კურსების დასრულებამდე, ივანოვი 1974 წელს დიდ ბრიტანეთში, ილინგის კოლეჯში ინგლისური ენის გაძლიერებული შესწავლის 26-კვირიან სწავლებას გადიოდა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ საბჭოთა უშიშროების მამამთავრები მასში წარმატებული ჯაშუშის მომავალს ხედავდნენ.

1981-1983 წლებში სერგეი ივანოვი ლონდონში, საბჭოთა კავშირის საელჩოში მეორე მდივნად მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ივანოვს ჯაშუშობის ფაქტზე წაასწრეს და ბრიტანეთის მთავრობამ ამ ქვეყნიდან გამოაძევა. ამბობენ, საელჩოში მუშაობის პერიოდში, ივანოვი ნისლიანი ალბიონიდან კონტინენტზე იარაღის მიწოდებას კურირებდა. მისი „შპიონაჟში“ მხილების ამბავში წვლილი დასავლეთში გაქცეულ „კაგებეს“ ყოფილ ოფიცერს ოლეგ გორდიევსკის მიუძღვის. მოგვიანებით, სერგეი ივანოვმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ბრიტანელი ჟურნალისტებისთვის შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ბრიტანეთიდან მართლაც იყო გამოძევებული საელჩოს თანამშრომელი, მაგრამ ეს სხვა სერგეი ივანოვი იყო.“

ბრიტანეთის შემდეგ სერგეი ივანოვი, რომელიც ინგლისურთან ერთად სრულფასოვნად ფლობს შვედურ და ფინურ ენებს, კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში მსახურობდა რეზიდენტურაში, ძირითადად ფინეთსა და კენიაში.

3. რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობის პერიოდში, პუტინის დავალებით, სერგეი ივანოვი სამხედრო რეფორმებსა და ოლიგარქებთან ურთიერთობას კურირებდა. კერძოდ, აწ გარდაცვლილი და რუსეთიდან დევნილი ბადრი პატარკაციშვილი იხსენებდა, რომ 2001 წელს ის ორჯერ შეხვდა ივანოვს. ამ შეხვედრების ინიციატორი ივანოვი იყო და მან რამდენჯერმე შესთავაზა პატარკაციშვილს, რომ ამ უკანასკნელს ბორის ბერეზოვსკი დაერწმუნებინა, ხელი აეღო პოლიტიკური ამბიციებისგან და გაეყიდა მთლიანი მედიაბიზნესი, „საგამომცემლო სახლ „კომერსანტის“ ჩათვლით. სანაცვლოდ კი პუტინის მთავრობა პატიმრობიდან გაათავისუფლებდა „აეროფლოტის“ ყოფილ ტოპმენეჯერს, ბერეზოვსკი-პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორსა და ამჟამად ლონდონში გაქცეულ ნიკოლაი გლუშკოვს. გარიგება არ შედგა, ხოლო შეხვედრიდან სულ ცოტა ხანში ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილზე ძებნა გამოცხადდა.

4. 2004 წელს რუსეთის თითქმის ყველა სამხედრო ჰოსპიტალში, სამხედრო ნაწილებსა და აკადემიებში გავრცელდა თავდაცვის სამინისტროს გაზეთის „კრასნაია ზვეზდას“ სპეცგამოცემა, სადაც მინისტრ სერგეი ივანოვის ექსკლუზიური ინტერვიუ იყო დაბეჭდილი. პუბლიკაციაში იგი ღიად საუბრობდა ჰომოსექსუალებისა და სექსუალური უმცირესობების სხვა წარმომადგენლების აუცილებელ გაწვევაზე ჯარში. მინისტრის მტკიცებით, „ცისფერების“ ჯარში ყოფნა აამაღლებდა სულიერ სიმტკიცეს და დაანგრევდა „დედოვშინის“ ინსტიტუტს რუსულ არმიაში. ივანოვის სიტყვებით: „გაუმართლებელია ადამიანის დევნა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო, მე დარწმუნებული ვარ, რომ „ცისფერები“ ისეთივე პატრიოტები იქნებიან რუსეთის, როგორც ჰეტეროსექსუალები. მათი ურთიერთობა სიყვარულზეა აგებული და სიძულვილის გამოხატვა არ სჩვევიათ“.

სინამდვილეში ეს ინტერვიუც გაყალბებული იყო და გაზეთის გამოცემაც. ივანოვს არ მიუცია მსგავსი ინტერვიუ, მაგრამ ფაქტი, რომ გაზეთი დიდი ტირაჟით დაიბეჭდა და ყოველგვარი პრობლემის გარეშე გავრცელდა სამხედრო წრეში, ბევრს მეტყველებს.

5. ინდოეთში რუსეთ-ინდოეთის საერთო სამხედრო სწავლების დროს, მოხდა ინციდენტი, რომელმაც კინაღამ რუსეთის თავდაცვის მაშინდელი მინისტრის სერგეი ივანოვის სიცოცხლე შეიწირა. სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის თვითმფრინავ „ან-32-დან“ დესანტირების დროს, პლატფორმა, რომელზეც ნაღმმტყორცნი იყო დამონტაჟებული, რამდენიმე მეტრის სიახლოვეს დაეშვა იმ ადგილიდან, სადაც რუსეთისა და ინდოეთის თავდაცვის მინისტრები იდგნენ. პლატფორმის პარაშუტი პირდაპირ საბრძოლო მასალით გატენილ სამხედრო კარავს დაეცა ზემოდან, რასაც ძლიერი აფეთქება შეიძლება, მოჰყოლოდა. აღსანიშნავია, რომ ყველაფერ ამის შემხედვარე, სერგეი ივანოვი ადგილიდან არ განძრეულა.

6. სერგეი ივანოვი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმართლებდა თავს იმის გამო, რომ მას სიტყვაში „შარლატანები“ რუსი „შამანები“ არ უგულისხმია. ერთ-ერთ ინტერვიუში მინისტრმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია იმ ფაქტის გამო, რომ გაზეთები აჭრელებულია ბორდელების, შარლატანების, მჩხიბავების, ასტროლოგების, მკურნალების და სხვა მსგავსი აფერისტების რეკლამებით. რუსმა „შამანებმა“ ღიად დააფიქსირეს, რომ ისინი ადამიანებს არ ატყუებენ და მათი მომსახურებით ხშირად სარგებლობენ რუსი მაღალჩინოსნებიც, მაგალითად, ივანოვის კოლეგა სერგეი შოიგუო. მოგვიანებით, ივანოვმა სპეციალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ სიტყვა „შარლატანებში“ მას არ უგულისხმია „შამანები“.

7. სერგეი ივანოვმა რუსული ტელეარხები „მასების დებილიზაციაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, წამყვანი რუსული ტელევიზიები არმიის დისკრედიტაციის პოლიტიკას ეწევიან, როდესაც ისეთ სერიალს აჩვენებენ როგორიცაა – „სოლდატი“ და ფილმს „სვოლოჩი“. გარდა ამისა, მინისტრს აშფოთებს ის ფაქტიც, რომ სერიალი „ზონა“, სადაც ნაჩვენებია ციხის ყოფა, დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე ივანოვმა განაცხადა, რომ მიაღწევს მსგავსი ფილმების აკრძალვას. საინტერესოა, რომ სერიალი „სოლდატი“ დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს, ხოლო „სვოლოჩი“ ბოლო პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო რუსულ მხატვრულ ფილმად მიიჩნევა.

8. სერგეი ივანოვი ბავშვობიდან უსმენს „ბითლზს“ და თითქმის ზეპირად იცის მათი ყველა სიმღერა. მისი საყვარელი ფილმია ბულგაკოვის რომანის ეკრანიზაცია – „ძაღლის გული“. გარდა ამისა, ყოფილი მინისტრი გატაცებულია ფრედერიკ ფორსაიტის, აგათა კრისტის, სომერსეტ მოემისა და ჯონ გოლსუორსის შემოქმედებით. თავისუფალ დროს მას თევზაობა, ნადირობა, პრეფერანსის, ჩოგბურთისა და გოლფის თამაში უყვარს. საჭმელებიდან უპირატესობას ჩინურ და ფინურ კერძებს ანიჭებს, ალკოჰოლური სასმელებიდან კი – რუსულ არაყსა და ფრანგულ წითელ ღვინოს. დასასვენებლად კარელიაში ან ბალტიისპირეთის ქვეყნებში დადის.

9. 2005 წლის 20 მაისს, მოსკოვში ლობაჩოვსკის ქუჩაზე, სერგეი ივანოვის უფროსმა ვაჟიშვილმა – ალექსანდრმა მაღალი სიჩქარით მოძრავი საკუთარი ავტომობილით, „ფოლკსვაგენ ბორა“, ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა, რომლის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა ქვეითად მოსიარულე, 68 წლის მოსკოველი სვეტლანა ბერიძე. ალექსანდრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ძიების ადრეულ ეტაპზევე შეაჩერეს, მიუხედავად იმისა, მისი ბრალეულობა ათამდე თვითმხილველმა დაადასტურა. მინისტრმა მამამ ერთ-ერთ ინტერვიუში შვილს საქმის შეჩერება მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და რომ თვითონ ძიების მსვლელობაში არ ჩარეულა. არსებობს ვერსია, რომ ამ შემთხვევამ სერგეი ივანოვს საპრეზიდენტო სავარძლის დაკავების შანსი დაუკარგა, რადგან მანამდე სწორედ ის მიაჩნდათ ვლადიმირ პუტინის მემკვიდრედ.

10. 2010 წლის იანვარში კრასნოიარსკში, ივან იარიგინის სახელობის დარბაზში შედგა კალათბურთის საჩვენებელი მატჩი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო კალათბურთის აღიარებულმა ვეტერანმა ვარსკვლავებმა: შარუნას მარჩულიონისმა, სერგეი ბელოვმა და უამრავმა სხვამ. აღსანიშნავია, რომ მატჩში მონაწილეობდა NBA-ის ექვსგზის გამარჯვებული, ოლიმპიური ჩემპიონი „დრიმ თიმის“ შემადგენლობაში, ლეგენდარული სკოტი პიპენი. ჩვენთვის ეს ფაქტი იმით არის საინტერესო, რომ გუნდს, რომელშიც პიპენი თამაშობდა, რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი, კალათბურთის დიდი მოყვარული სერგეი ივანოვი წვრთნიდა.


скачать dle 11.3