ჩასამწკრივებლები
პირველი ტყვიის გემო
რაკი რფ აფხაზეთთან და „იუჟნაია ოსეტიასთან“ თანამშრომლობს, საქართველოს პარლამენტში, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების პარლამენტებთან გადაწყვიტეს დაძმობილება, რა თქმა უნდა, რუსეთის გვერდის ავლით. სავარაუდოდ, ეს იდეა ხალხის რჩეულის, ბ-ნი წიკლაურის, თავში მომწიფდა (ყოველ შემთხვევაში, მას მან გვაზიარა), თუმცა, ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების პარლამენტებისადმი მიმართვა სრულიად პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა მოამზადა. ბ-ნი წიკლაური განმარტავს, რომ „საქართველოსა და ჩრდილოკავკასიურ ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური დამოკიდებულება დასაბამს ისტორიიდან იღებს, ამდენად, არ გვაქვს უფლება, რუსული აგრესიის გამო ჩეჩნებთან, ინგუშებთან, ყაბარდოელებთან და დაღესტნელებთან ურთიერთობაზე უარი ვთქვათ.“ ჩვენ, ბუნებრივია, ეჭვი არ გვეპარება (ყოველ შემთხვევაში, ვცდილობთ, არ შეგვეპაროს), ჩვენებური ხალხის რჩეულების ჩრდილოკავკასიელებთან ფიც-ვერცხლის ჭამის სურვილის გულწრფელობაში, თუმცა, არაფერი ვიცით, რას ფიქრობენ თავად ჩრდილო კავკასიის ხალხის რჩეულები ქართველი პარლამენტარის ძმადნაფიცობაზე. სამაგიეროდ, ვიცით, რომ „მეგობრობის ჯგუფს“ დეპუტატი ცქიტიშვილი უხელმძღვანელებს, თავად ჯგუფს კი შემდეგი რჩეულები დაამშვენებენ: ლევან ვეფხვაძე, გია თორთლაძე, რუსუდან კერვალიშვილი, შოთა მალაშხია, ხათუნა ოჩიაური და, რა თქმა უნდა, ნუგზარ წიკლაური. მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ ჩრდილოკავკასიური სახელისუფლო შტოები, გამონაკლისის გარეშე, რფ-ის ცენტრალური ხელისუფლების ერთგულებითაა დაკომპლექტებული, აშკარაა, რომ ისინი რფ-ის ხელისუფლების ნების საწინაღმდეგოდ არც მტრებს ირჩევენ და არც მოყვრებს. ისიც აშკარაა, რომ ეს „მეგობრული “ ჟესტი რფ-ის უგვირგვინო მეფეს (ვლ. პუტინს) კიდევ უფრო გაახელებს. ხოლო, თუკი ამ ჟესტის მიზანიც ესაა, როდესაც დათვი ბუნაგიდან კიდევ ერთხელ გამოვა, სავსებით სამართლიანი იქნებოდა, ზემოხსენებული დეპუტატები წინა ხაზზე ჩაგვემწკრივებინა და, როგორც რჩეულთ ეგების, პირველი ტყვიისთვისაც მათ გაესინჯათ გემო!