კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

როგორ გავხდი ოთხი ვაჟიშვილის მამა.

ამ ხნის კაცმა, გადავწყვიტე, ჩემი ტრაგიკომიკური ისტორია თქვენთვის მომეთხრო. საბედნიეროდ, ყველაფერი კეთილად დამთავრდა.

საკმაოდ ასაკოვანმა მოვიყვანე ცოლი – 38 წლის ვიყავი, რომ დავოჯახდი. ქალებში „გულაობა“ ყელში მქონდა ამოსული და ოჯახური კერა მენატრებოდა. ჩემი ცოლი არაჩვეულებრივი ქალია, ყველაფერში მიგებს და ძალიან მყუდრო და თბილი ოჯახი გვაქვს, მაგრამ ეს სიმყუდროვე ამ რამდენიმე წლის წინ დამერღვა.

უფრო კარგად რომ გაგარკვიოთ სიტუაციაში, გეტყვით, რომ ცოლის შერთვამდე ერთი წლით ადრე მე და ჩემი ძმაკაცი სოჭში ვისვენებდით. ცხადია, დროსტარება არ მოგვიკლია. ორი მაგარი „ნაშა“ გავიცანით და მთელი თვე მათთან „ვგულაობდით“. რომ მოვდიოდით, სისულელე ვქენი და ჩემი მისამართი და ტელეფონი ორივეს ჩავაწერინე, რადგან მაშინ ცოლის შერთვაზე ჯერ არ ვფიქრობდი, წინასწარ კი რაიმე საშიშროება არ მიგრძვნია. ჩემმა ძმაკაცმა ჭკუა იხმარა და რაღაც მოგონილი მისამართი ჩააწერინა, მე სულელმა კი ბოლომდე „ჩესნობა“ გამოვიჩინე. ცოლის შერთვამდე ერთი წელი ისე გავიდა, ის გოგოები არ გამოჩენილან და არც მე გამხსენებია მათი არსებობა. მერე კი დავოჯახდი და საერთოდ სხვა რეჟიმზე გადავერთე – სანიმუშო მეოჯახე გავხდი, რაც ყველას ძალიან უკვირდა.

ერთ დღეს კი ჩემს კარზე ზარის ხმა გაისმა. გავაღე და სახტად დავრჩი: ჩემი ორი ყოფილი „ნაშა“, ორ პატარა ბიჭთან ერთად (3-4 წლის იქნებოდნენ), ჩემოდნებ და ჩანთებაკიდებულები, უცერემონიოდ შემოლაგდნენ ბინაში. ბარგი იქვე დააწყვეს, ბავშვებს ქურთუკები გახადეს და ყველანი დივანზე ჩამოსხდნენ. ჯერ მეგონა, ეს ყველაფერი მელანდებოდა, მერე ვერ მივხვდი, მე რატომ მომადგნენ და თანაც ასეთი დაბარგულები. თავი რომ არ შეგაწყინოთ, „გაირკვა“, რომ ეს ორი პატარა „რიჟა“ და ჭორფლიანი ბიჭი ჩემი „გაკეთებული“ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ, ნოდარ დუმბაძის პერსონაჟისა არ იყოს, ჩემ მიერ ჩატარებული აქტი არ ემთხვეოდა ბავშვების დაბადების თარიღებს. ბიჭუნები 3-4 წლის იყვნენ, მე კი, უკვე ხუთი წელი იყო, ცოლი მყავდა შერთული და მანამდე კიდევ ერთი წელი იყო გასული, რაც ეს „ტურფები“ არ მყავდა ნანახი. ჩემი დაოჯახების ხუთი წლის განმავლობაში კი ერთი დღითაც არსად წავსულვარ ცოლის გარეშე.

ქალბატონებმა გამომიცხადეს, რომ თვითონ ამერიკაში მიდიოდნენ ორი წლით და ჩემი „სისხლი და ხორცი“ მე მომიყვანეს. როცა დავბრუნდებით, ისევ ჩვენ წავიყვანთო, – „დამამშვიდეს“. არანაირმა ჩხუბმა, ყვირილმა, პატრულის გამოძახებამ არ გაჭრა. დიდი გაწევ-გამოწევის შემდეგ გადაწყდა, დნმ-ს ანალიზი გაგვეკეთებინა, მაგრამ მეორე დილით ორივე ქალი ისე უმისამართოდ აორთქლდა, მათ გზა-კვალს პოლიციამაც ვერ მიაგნო. ბავშვები კი ჩვენთან დატოვეს. მინდოდა, ბავშვთა სახლში ჩამებარებინა, მაგრამ ვერ შევძელი, ისე ლეკვებივით დამდევდნენ უკან და „პაპა, პაპას“ დამძახოდნენ, დედები კი ერთხელაც არ მოუკითხავთ. თან, ჩემმა ცოლმაც მითხრა, დავიტოვოთ, ჩვენი მაინც არ გვყავს და, ეტყობა, სხვისი შვილები გამოგვიგზავნა ღმერთმაო.

დავიტოვეთ. მას მერე ოთხი წელი გავიდა. დედიკოები, რა თქმა უნდა, არ გამოჩენილან. ბავშვები შვილებად გავიფორმეთ და ჩემს გვარზე დავწერე. ჩემს ცოლს პირველივე დღიდან ეძახიან დედას. ქართული ძალიან მალე ისწავლეს და, ცხადია, ქართულ სკოლაშიც მივიყვანეთ. რამდენიმეწლიანი უშვილობის შემდეგ კი, ბიჭების მოყვანიდან თითქმის ერთი წელი რომ გავიდა, ჩემი ცოლი დაორსულდა და ტყუპი ბიჭი გააჩინა.

ასე რომ, ახლა ოთხი ვაჟიშვილის მამა ვარ და რომელი უფრო მეტად მიყვარს, ნამდვილად ვერ გეტყვით.

ნოდარი, 47 წლის.



შეყვარებულის

კოცნა არ მაღელვებს

ერთ საშინელ რამეში უნდა გამოვტყდე: მყავს შეყვარებული. რამდენიმე თვეა, ერთმანეთს ვხვდებით და ახლახან ქორწილიც დავნიშნეთ. ჩვენ შორის კოცნისა და მოფერების მეტი არაფერი ყოფილა, მაგრამ სულ მიკვირდა, რომ, როცა მაკოცებდა ხოლმე, არასდროს მიგრძვნია შინაგანი ღელვა, არც მისი მოფერებისას ვგრძნობდი რამეს, თუმცა ძალიან მიყვარს, უიმისოდ ერთ დღესაც ვერ ვძლებ. როცა მკოცნის, ერთი სული მაქვს, თავს როდის დამანებებს. მირჩევნია, ერთად ვისეირნოთ, სადმე კაფეში ან პარკში დავსხდეთ და ვისაუბროთ. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მემართება ასე. სულ იმას ვფიქრობ, ქორწინების შემდეგაც რომ ასე ვიყო, რა მეშველება-მეთქი. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ გეგას ძმაკაცი ჰყავს ერთი, ოთო, რომელიც ჩვენი მეჯვარე უნდა გახდეს. ღმერთს გეფიცებით, თუ მის მიმართ რაიმე ქვენა გრძნობა გამაჩნდეს. თვითონაც უწესიერესი ბიჭია, როგორც თავის საკუთარ დას, ისე მიყურებს და მექცეა, მაგრამ, საკმარისია, შეხვედრის დროს ჩვეულებრივად გადამკოცნოს და მომიკითხოს, რომ ჩემდაუნებურად თავიდან ფეხამდე ჟრუანტელი მივლის და სუნთქვა მეკვრება. ხანდახან ჩემთვის მიფიქრია კიდეც, იქნებ მომწონს და თვითონაც ვერ ვხვდები-მეთქი, მაგრამ, გამორიცხულია, მის მიმართ ნამდვილად არანაირი გრძნობა კი არა, ინტერესიც კი არ გამაჩნია. თან, საკმაოდ შეუხედავი ბიჭია. გეგას სულაც რომ არ ვიცნობდე, ოთოსნაირ ბიჭს ზედაც არ შევხედავდი.

ფიქრისგან, ლამისაა, თავი გამისკდეს, მაგრამ ვერაფრით ვხვდები, რა მემართება. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ვუშველო თავს.

მერი, 19 წლის.



შეფმა საყვარლობა შემომთავაზა

საკმაოდ სერიოზულ დაწესებულებაში ვმუშაობ. ჩემს ასაკთან შედარებით თანამდებობაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მაქვს და ხელფასიც, რის გამოც, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ბევრი თანამშრომლის (განსაკუთრებით – ქალების) შურის ობიექტი გავხდი, მაგრამ, ვცდილობ, არ შევიმჩნიო და ჩემი საქმე ვაკეთო. ფიზიკურადაც არა მიშავს რა და, ამ ყველაფრის ფონზე, მომწონებელიც ბევრი მყავს: უცოლო თანამშრომელი ბიჭების უმრავლესობა კუდში დამდევს და სიყვარულს მეფიცება და არც ცოლიანები მაკლებენ ყურადღებას.

საერთოდ, ძალიან სერიოზული ადამიანი ვარ და არც ემოციების აყოლა მჩვევია, მაგრამ ერთი თანამშრომელი ბიჭი მეც მომეწონა და ჩუმად ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს, სამსახურში კი არაფერს ვიმჩნევდით. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ეს ამბავი ჩემმა უშუალო უფროსმა შეიტყო, დაიბარა ვაჟიკო და შეფარვით დაემუქრა, რომლის შინაარსი ასეთი იყო: აირჩიე, ან სამსახური, ან ეგ გოგოო (ანუ – მე). ვაჟიკომაც სამსახური აირჩია და ასე დავშორდით. თუმცა ეს ყველაფერი მე გვიან შევიტყვე და ვერ ვიგებდი, რატომ მარიდებდა თვალს და გამირბოდა ჩემი ყოფილი შეყვარებული.

როცა ჩემამდეც მოვიდა ეს ინფორმაცია, რომ უფროსს ვაჟიკო დაუბარებია, თავიდან მეგონა, ასაკოვანი კაცია, დიდი ხანია, ვაჟიკო მასთან მუშაობს, ალბათ, რაღაც „ისეთი“ იცის მის შესახებ და უნდა, რომ მისგან დამიცვას-მეთქი, მაგრამ ჩემს ყოფილ შეყვარებულზე ცუდი ჭორადაც კი არაფერი გამიგია. მერე ისიც კი ვიფიქრე, ალბათ, ჩემი ხნის ბიჭი ჰყავს და სარძლოდ მოვწონვარ-მეთქი, რადგან ვაჟიკოს ჩამოშორების შემდეგ განსაკუთრებით თბილად და ყურადღებით მექცეოდა, სახალხოდ მადლობას მიცხადებდა კარგი მუშაობისთვის, რაღაც სერიოზულ დავალებებს მაძლევდა და სხვების გასაგონად მაქებდა. ერთ დღეს კი დამაწინაურა – მთავარი განყოფილების უფროსად გადამიყვანა. ესეც არ მაკმარა, ორი თვის შემდეგ თავის მოადგილედ დამნიშნა და პრაქტიკულად მთელი სამსახურის საქმე მე ჩამაბარა. მეც მიხაროდა და თავს არ ვზოგავდი, რომ მისი ნდობა გამემართლებინა. ცუდი ნამდვილად არაფერი მიგრძვნია, რადგან ერთხელაც კი არ შეშლია რამე. მართალია, ხაზგასმით თბილად და პატივისცემით მექცეოდა, სულ მადლობებს მიხდიდა კარგი მუშაობისთვის, მაგრამ ამის იქით მისი მხრიდან პატარა „ნამიოკიც“ კი არ ყოფილა ისეთი, რომ მისი ეს კეთილგანწყობა სხვა რამისთვის მიმეწერა.

იმის გამო, რომ საქმეებით ძალიან დაკავებული ვიყავი, თანამშრომლებთანაც ვეღარ მქონდა ახლო ურთიერთობა და, აქედან გამომდინარე, ვერც კი წარმომედგინა, რომ თურმე ზურგსუკან ქირქილებდნენ და ჭორაობდნენ ჩემზე. ვაჟიკო კი განსაკუთრებით ოფიციალურად მექცეოდა და ყველაფერში ხაზს უსვამდა, რომ მე უფროსი ვიყავი, ის კი – ჩემი ხელქვეითი და ყველაფერში მემორჩილებოდა. მერე თანდათან შევამჩნიე, რომ სამსახურის შენობიდან ჩემი გასვლისას ან უფროსის კაბინეტში შესვლა-გამოსვლის დროს, ქალებსაც და კაცებსაც ირონიული ღიმილი ეფინებოდათ სახეზე და ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადახედავდნენ ხოლმე. განსაკუთრებით კი ერთი, ქალბატონი თამრიკო, ვერ იკავებდა თავს და ჩემი დანახვისთანავე რაღაცას გადაუჩურჩულებდა ხოლმე გვერდით მჯდომს. ეს ამბავი არ მსიამოვნებდა, მაგრამ ხმას არ ვიღებდი. ერთ დღეს კი, სამსახურში რომ მივედი, ქალბატონმა თამრიკომ ხმამაღლა გამოაცხადა – აი, ჩვენი დიასახლისიც მოვიდაო. ზოგმა იუხერხულა, ზოგმა ჩაიფხუკუნა, ვაჟიკო ადგა და ოთახიდან გავიდა. მხოლოდ ერთმა, ნონა დეიდამ (ასე ვეძახდით ყველა, ასაკის გამო) დაუტატანა თავშეკავებულად. ჩემს კაბინეტში შევედი და ნონა დეიდას ვთხოვე, ცოტა ხანს ჩემთან შემოსულიყო. ეს ქალი განსაკუთრებით მიყვარდა, რადგან ყოველთვის დედასავით მექცეოდა. დავსვი და ვკითხე, გამაგებინეთ, რა ხდება-მეთქი. ჯერ იუხერხულა, მერე კი მითხრა, ჯობია, ჩემგან გაიგოო და ყველაფერი მიამბო: თურმე ქალბატონი თამრიკო წლების განმავლობაში ყოფილა შეფის საყვარელი. ის ჰპირდებოდა, ცოლს გავეყრები და შენ შეგირთავო, მაგრამ, არათუ არ გაეყარა, საყვარლობაზეც უარი უთხრა – მომბეზრდიო. საწყალ ქალს ამ ხნის განმავლობაში გამოსჩენია ერთი-ორი მთხოვნელი, მაგრამ მათთვის უარი უთქვამს იმ იმედით, რომ შეფი შეირთავდა, ამან კი ასე უსინდისოდ დააკარგვინა წლებიც და ოჯახის შექმნის შანსიც. მაგრამ, ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ბატონი ომარი თანამშრომელ გოგოებს „მიადგა“ და ხან ერთი ჰყავდა საყვარლად, ხან – მეორე. თანაც, ყველას, ვისაც კი თვალს დაადგამდა, ჯერ ქებას უწყებდა, მერე აწინაურებდა, დიდ ხელფასს უნიშნავდა და ბოლოს არჩევანის წინაშე აყენებდა: ან მისი საყვარლობა, ან – სამსახურიდან წასვლა. ცდუნებას თითქმის ვერავინ უძლებდა და ეს ყველაფერი თამრიკოს თვალწინ ხდებოდა. ბოლოს, როცა ბატონ ომარს ის ვიღაც გოგო მობეზრდებოდა, მისთვის სხვა სამსახურს შოულობდა და თავიდან მშვიდობიანად იშორებდა. მხოლოდ ვერიკო არ გაუშვია, რადგან მისი შანტაჟის ეშინოდა. როგორც გაირკვა, მეც იმიტომ ამითვალწუნა ქალბატონმა თამრიკომ, რომ შეფმა ჩემთან დასაახლოებლად ჩვეულ ხერხს მიმართა, ოღონდ, ცოტა შორიდან შემომიარა – ალბათ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ასე ადვილად ვერ გამიბედა, ეთქვა, ჩემი საყვარელი გახდიო.

მე დეიდა ნონას ვუმტკიცებდი, მსგავსი არაფერი უგრძნობინებია ომარს-მეთქი. მან კი მითხრა, აწი გაგრძნობინებს და ფრთხილად იყავიო. მისი სიტყვები რამდენიმე დღის შემდეგ გამართლდა: ომარმა შეფარვით და ძალიან ფრთხილად, მაგრამ მაინც შემომთავაზა საყვარლობა და ეს მის კაბინეტში მოხდა, როცა რაღაც საქმესთან დაკავშირებით სათათბიროდ დამიძახა. მე შინაგანად მზად ვიყავი ამისთვის, მაგრამ მაინც ავღელდი. ჯერ ერთი, ასეთი ურთიერთობები ჩემს მორალურ პრინციპებს საშინლად ეწინააღმდეგება. მეორეც, თუ მაინცდამაინც საყვარელს გავიჩენ, რაღა 60 წლის ბეხრეკს ავირჩევ, თანაც – ცოლშვილიანს. ერთი სიტყვით, ვუთხარი, პასუხს ხუთ წუთში გეტყვით-მეთქი და ჩემს კაბინეტში გავედი. უჯრიდან წინასწარ გამზადებული განცხადება (სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით) ამოვიღე, შევუტანე, მაგიდაზე დავუდე და უხმოდ გამოვედი. ეს რა არისო, – მხოლოდ ეს მკითხა, მეტი არაფერი უთქვამს.

ჩემს კაბინეტში დავბრუნდი, პირადი ნივთები შევაგროვე, პარკში ჩავაწყვე და ისე წამოვედი იქიდან, არავისთვის არაფერი მითქვამს, მარტო ნონა დეიდას დავემშვიდობე.

რა მოხდა იქ ჩემი წამოსვლის შემდეგ არ ვიცი და არც მაინტერესებს. ერთი თვის შემდეგ კი ვაჟიკომ დამირეკა, შენი ნახვა მინდა, საქმე მაქვსო. არ მინდოდა მასთან შეხვედრა, ტელეფონში მითხარი, რა საქმე გაქვს-მეთქი, მაგრამ, ისე გადამეკიდა, დავთანხმდი.

ყვავილებით მოვიდა. მერე მთხოვა, კაფეში დავსხდეთ, ყავა დავლიოთ და ჩემს სათქმელსაც იქ გეტყვიო. უკვე მართლა მაინტერესებდა, რა სათქმელი ჰქონდა ასეთი. ბოლოს მეუბნება, შენთან დამნაშავე ვარ, სხვა გზა არ მქონდა, ის ტიპი (ანუ – შეფი) ისე დამემუქრა. ახლა მეც წამოვედი იქიდან და, თუ ისევ გიყვარვარ, ცოლად გამომყევიო. ნამდვილად აღარ მიყვარდა და, რომც მყვარებოდა, მაინც უარს ვეტყოდი. პირდაპირ მივახალე: ოღონდ შენი ქეციანი სამსახური არ დაგეკარგა და იმ გარყვნილი ბებრის საყვარლობისთვის გამიმეტე. ახლა კი საშიშროება აღარ გემუქრება და ისევ ჩემთან მოირბინე-მეთქი. მერე ის თაიგული ფეხებში მივაყარე და წამოვედი. ცოტათი კი შემეცოდა, მაგრამ ეს ომარზე უარესი არაკაცი გამოდგა და ასეთ ადამიანს ცხოვრებას ნამდვილად ვერ დავუკავშირებ, სულ რომ გაუთხოვარი დავრჩე.

ელენე, 28 წლის.



ყველაფერი ჩემი ბრალია

მიუხედავად იმისა, რომ დედისერთა და ძალიან განებივრებული გოგო ვიყავი, ბიჭებთან ურთიერთობებში დიდი აქტიურობით არ გამოვირჩეოდი. საკმაოდ შეძლებული მშობლები მყავს, სკოლის დამთავრებისთანავე მამაჩემმა მანქანაც მიყიდა, ცალკე ბინაც მაქვს, კარგადაც მეცვა და ჯიბის ფულად 50 ლარს ყოველდღე მატანდნენ, მაგრამ ამ ყველაფრის აფიშირება არასდროს მიცდია, რადგან ამ გზით „მოპოვებული“ არც მეგობარი მდომებია არასდროს და არც შეყვარებული. ამიტომ, ლექციებზეც იშვიათად მივდიოდი ჩემი მანქანით. პირველად რომ დამინახეს ჯგუფელებმა და მკითხეს, ვისია ეგ „ბეემვეო“, ვუთხარი, ჩემმა ძმამ მათხოვა-მეთქი.

გარეგნობითაც არ დავიწუნები, მაგრამ, ჩემი პასიური ხასიათის გამო, ვერ ვიტყვი, რომ ბიჭები ბუზებივით მეხვეოდნენ. მართალია, მომწონებლები და თაყვანისმცემლები მყავდა, მათ შორის საკმაოდ კარგი ბიჭებიც იყვნენ, მაგრამ არავინ მაინტერესებდა დათოს გარდა. არადა, ყველაზე ავარდნილი, ყველაზე თამამი და უწესრიგო ბიჭი კურსზე ეგ იყო. როგორც გავიგე, მრავალშვილიანი და საკმაოდ ხელმოკლე ოჯახიდან ყოფილა, რაც, ეტყობა, აკომპლექსებდა და თავის ზღვარს გადასული სითამამით ცდილობდა ამ კომპლექსის დაფარვას. ფიზიკურად მართლაც მაგარი ბიჭი იყო და სწორედ ამ გარეგნობით „სპეკულიანტობდა“. მისი ყველა ნაკლი ზედმიწევნით კარგად ვიცოდი. ისიც ვიცოდი, რომ ამ ყველაფერს სხვას არასდროს ვაპატიებდი, მაგრამ ხანდახან თავს ვუტყდებოდი, რომ ეს უსაქციელობა და სითავხედე დათოს უხდებოდა. კარგა ხანს ვცდილობდი, რომ თავის მეგობართა წრეში მივეღე, მაგრამ არაფერი გამომდიოდა – მე მისთვის მხოლოდ რიგითი თანაკურსელი გოგო ვიყავი, მეტი არაფერი. არადა, უკვე ისე მიყვარდა, ლამის მესიზმრებოდა ხოლმე. როცა შევატყვე, რომ მეგობრებსაც და გოგოებსაც მათი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ირჩევდა და იცვლიდა, გადავწყვიტე, პრინციპებისთვის მეღალატა და ყველა ჩემი „კოზირი“ გამომეყენებინა. ამიტომ, პირველ ყოვლისა, ლექციებზე ხან ჩემი მანქანით მივდიოდი, ხან – მამაჩემის და ვამბობდი, ორივე მე მაჩუქა მამაჩემმა-მეთქი. ამ ხერხმა ეგრევე გაჭრა – დათოს ყურადღება პირველივე დღეებში დავიმსახურე. მერე, როცა მიხვდა, რომ ჯიბეში ყოველთვის მედო რაღაც თანხა, სულ მთლად მომეტმასნა. ხან „სესხად“ მთხოვდა ხოლმე, ხან ისე იქცეოდა, მაგრძნობინებდა, რომ ფული სჭირდებოდა და თვითონ ვაძლევდი. ერთ დღეს კი სიყვარულიც ამიხსნა და ცოლობაც მთხოვა. ზუსტად ვიცოდი, როგორც ვუყვარდი, მაგრამ ისე ვიყავი დაბრმავებული, ოღონდ ჩემ გვერდით ყოფილიყო და არაფერი მაინტერესებდა. ჩემს მშობლებს დათო არ მოეწონათ, მაგრამ მათი აზრი არაფრად ჩავაგდე. უნდა გამოგიტყდეთ, ვიცოდი, რომ ბოლოს ვინანებდი, მაგრამ ისე ვიყავი დაბრმავებული და გონებადაბინდული, რომ, როგორც კი შემომთავაზა, გავიპაროთო, მაშინვე დავთანხმდი.

მეორე წელი იწურება, მე და დათო ცოლ-ქმარი ვართ. რა ისეთი დიდი დრო ეს არის, რომ ცოლი მობეზრებოდა, მაგრამ, ზუსტად ვიცი, ქორწინების პირველი თვიდან მღალატობს და ამ ბოლო დროს არც ცდილობს ამის დამალვას, რადგან იცის, რომ ნამდვილი უთავმოყვარეო დებილი ვარ და, ოღონდ არ მიმატოვოს, ყველაფერს ვაპატიებ. ერთხელ ისიც მითხრა, ვიცი, რომ ნაძირალა ვარ, მაგრამ შენ ასეთი მიყიდე და ახლა ამიტანეო.

მართალია. ყველაფერი ჩემი ბრალია.



ნუნუკა, 20 წლის.


скачать dle 11.3