რა იწვევს ძაღლებში ბეწვის ცვენას
ბეწვის ცვენა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც გვხვდება შინაურ ცხოველებში, კერძოდ, ძაღლებსა და კატებში. აღნიშნული პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს უამრავმა მიზეზმა, ამიტომ, ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის მიმართ და, როგორც კი მსგავს პრობლემას შენიშნავთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ვეტერინარს. ამ პრობლემურ თემასთან დაკავშირებით ვეტერინარ ზაქრო ბაჯიაშვილს მივმართეთ, რომელმაც მკითხველისთვის ბევრი საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდა. ასე რომ, გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ და საჭირო დროს გამოიყენოთ პროფესიონალი ვეტერინარის რჩევა-დარიგება.
– რამ შეიძლება ძაღლებში ბეწვის ცვენა გამოიწვიოს?
– ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს: არასწორი კვება, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა, რასაც მივყავართი იქამდე, რომ ზიანდება თმის ბოლქვი და ბეწვი ვარდება ბოლქვიდან ანუ ძირიდან. ბეწვის ცვენა შეიძლება გამოიწვიოს კანის პარაზიტებმა – ბეწვიჭამია და ბუმბულიჭამია ტკიპებმა, რომლებიც ძალიან ხშირად გვხვდება შინაურ ცხოველებში. სწორედ აღნიშნული პარაზიტით დასნებოვნება იწვევს ბეწვის ცვენას. კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც იწვევს თმის ცვენას, არის სოკოვანი დაავადებებიც: მიკოსპოროზი, ტრიქოფიტოზი და მკრეჭავი მუნი. ამ დროს ბეწვი ცვივა სოკოვანი დაავადებით დაზიანებული ადგილებიდან. ასევე, ბეწვის ცვენა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიულმა დაავადებებმა და რეაქციებმა არასწორი კვების დროს, ანუ, როცა ცხოველი იღებს მისთვის არაშესაფერის საკვებს, რაც აღიზიანებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაღიზიანების შედეგად სისხლში ხვდება ალერგენები, რაც დაქვეითებული იმუნიტეტის დროს იწვევს ბეწვის საფარველის ცვენას.
– ბეწვის ცვენისთვის აქტიური პერიოდი არსებობს თუ ეს ინდივიდუალურად ხდება?
– ბეწვის ცვენა შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური, ანუ, ემთხვეოდეს ეგრეთ წოდებულ „ლინკის“ პერიოდს, რომელიც, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ ხდება – ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომით. არასწორი მოვლა-შენახვის პირობებში, არასწორი კვების ან ძაღლისთვის მიუღებელი გარემო ტემპერატურის შემთხვევაში „ლინკის“ პერიოდი შეიძლება 6 თვემდე გაგრძელდეს. „ლინკის“ პერიოდი ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პირობებში ცხოვრობს ცხოველი, ანუ, ძაღლზე, რომელიც ქუჩაშია, მოქმედებს მზის სხივები და გარემო ტემპერატურის ცვალებადობა და აღნიშნული პერიოდი უფრო მალე უმთავრდება, ვიდრე იმ ძაღლებს, რომლებიც ოთახის პირობებში ცხოვრობენ. ასევე, მნიშვნელობა აქვს ჯიშს. მაგალითად, პუდელებს ნაკლებად აღენიშნებათ ბეწვის ცვენის პრობლემა, ლაბრადორსა და დალმატინელს კი ბეწვის ცვენა მთელი წლის განმავლობაში ახასიათებთ.
– ბეწვის ცვენასთან თუ აქვს რაიმე საერთო ცხოველის ბანაობის სიხშირეს?
– რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, რა სიხშირით და რა საშუალებებით ხდება ცხოველის დაბანა, გაწმენდა და დავარცხნა. დღევანდელ პირობებში არსებობს ბეწვის მოვლის და დამუშავების ძალიან ბევრი საშუალება, მაგრამ მათგან უნდა შეირჩეს ისეთები, რომლებიც ხარისხიანია და არ გამოიწვევს ალერგიულ რეაქციებს, კანის გამოშრობასა და ბეწვის დაზიანებას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ადამიანის შამპუნის გამოყენება. ბეწვის ცვენა ხშირად გამოწვეულია ჰორმონალური დისბალანსის დროსაც. ჰორმონალური პრეპარატების ხშირმა გამოყენებამ, შეჯვარების პერიოდის გამოტოვებამ, არასწორმა კვებამ, შეიძლება, გამოიწვიოს ჰორმონალური დისბალანსი, რაც თავის მხრივ, აისახება ბეწვის საფარზე და იწვევს ბეწვის ცვენას.
– უფრო ხშირად, როგორ ძაღლებს ახასიათებს თმის ცვენა?
– ბეწვის ცვენა ახასიათებს ცხოველებს, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი. ასეთებს განეკუთვნებიან ის ოთხფეხები, რომლებმაც გადაიტანეს მძიმე ინფექციური დაავადებები, მათ შორის – ვირუსული; ასევე, ის ცხოველები, რომლებმაც გადაიტანეს მძიმე ოპერაციები და ის ჯიშები, რომლებიც გამოყვანილია ახლო ნათესაური მოშენებით.
– როგორც ვეტერინარი, რას ურჩევთ ძაღლის პატრონებს, რას მიაქციონ ყურადღება და რა უნდა გაითვალისწინონ ასეთ შემთხვევაში?
– პატრონს უნდა ახსოვდეს, რომ ბეწვის ცვენის შემთხვევაში, თუ ის არ ემთხვევა „ლინკის“ პერიოდს და ხასიათდება ბუდობრიობით, ცხოველი აუცილებლად უნდა მიიყვანოს ვეტერინართან. გახსოვდეთ, მკურნალობისთვის აუცილებელია იმ მიზეზის დადგენა, რაც იწვევს თმის ცვენას. უმეტეს შემთხვევაში საჭიროა დაზიანებული უბნიდან აღებული კანის ანაფხეკის ლაბორატორიული გამოკვლევა, რის საშუალებითაც დაისმევა სწორი დიაგნოზი. აღნიშნული პროცედურისთვის კი აუცილებელია ვეტერინართან ვიზიტი.
– ბოლოს, რა არის თქვენი რჩევა, როგორ ავაცილოთ ჩვენს ერთგულ ოთხფეხა მეგობარს ბეწვის ცვენის პრობლემა?
– იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბეწვის ცვენის გამომწვევი მიზეზები, აუცილებელია, ვიცოდეთ, როგორ გამოვკვებოთ ცხოველი სწორად, რა ვიტამინები და მიკროელემენტები სჭირდება მის ორგანიზმს. მისი ბეწვი აუცილებლად უნდა დავამუშაოთ პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატებით; ასევე, გადატანილი მძიმე დაავადებისა და ოპერაციის შემდეგ, ოთხფეხს აუცილებლად უნდა ჩავუტაროთ იმუნოსტიმულაციის კურსი.