რა შეურაცხყოფის გამო ჩაიკეტა საკუთარ მამულში დიმიტრი ამილახვარი სიკვდილამდე და რატომ დაასახიჩრა მეფემ მისი 15 წლის ვაჟი – ალექსანდრე
ქართლის უდიდესი ფეოდალის – დიმიტრი ამილახვრის ვაჟი, ალექსანდრე ამილახვარი, ტრაგიკული პიროვნება იყო. იგი ერეკლე მეორის თანამედროვე ქართლში ცხოვრობდა და მისი ტრაგედიაც ერეკლეს სახელს უკავშირდება. რა გადახდა თავს ამ ადამიანს, რის გამო გაიმეტა იგი 15 წლის ასაკში მეფემ დასასახიჩრებლად და რატომ შეიფარა საქართველოდან გაპარვის შემდეგ იგი ეკატერინე მეორემ, – ამის შესახებ ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე გვიამბობს ინტერვიუში.
ვაჟა კიკნაძე: ალექსანდრე ამილახვარი არის ქართულ სინამდვილეში უნიკალური მოვლენა. ეს პიროვნება პირველი იყო ქართველ მოღვაწეთა შორის, რომელიც გაეცნო ევროპელი განმანათლებლების შრომებს და შემდეგ მათი მოკლე შინაარსი გადმოგვცა ქართულად. ალექსანდრემ ევროპელთა ნააზრევი მცირე ტრაქტატად – პატარა და „დაწნეხილი“ სახით გადმოსცა. აშკარად იგრძნობა, რომ მას წაკითხული აქვს ვოლტერი, მონტესკიე, ჟან-ჟაკ რუსო და ზოგიერთი სხვა ფრანგი განმანათლებელი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ის ძალიან საინტერესო პიროვნებაა.
– რა არის ცნობილი ალექსანდრე ამილახვრის ოჯახის შესახებ?
– ალექსანდრე ამილახვრის თავგადასავალი ძალიან ტრაგიკულია. მამამისი, დიმიტრი ამილახვარი, ქართლის უდიდესი ფეოდალი გახლდათ, რომელსაც კონფლიქტი მოუვიდა ერეკლე მეორესთან. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ 1765 წელს ცნობილი გახდა, რომ ერეკლეს წინააღმდეგ შეთქმულების მოსაწყობად იკრიბებოდნენ ქართლის დიდი თავადები (ეგრეთ წოდებული „მარკოზაშვილის დარბაზი“). ქართლის ფეოდალები იმიტომ შეიკრიბნენ, რომ მათ არ მიიღეს ერეკლე, როგორც ქართლის მეფე. იგი მიაჩნდათ კახეთის უფლისწულად და უზურპატორად, მიმთვისებლად ქართლის ტახტისა და სურდათ, რომ ქართლში ემეფათ ვახტანგ მეექვსის შთამომავლებს. ეს ძალიან აღიზიანებდა ერეკლეს და, ალბათ, ამიტომაც იყო, რომ, როდესაც ეს გამომჟღავნდა, ჯერ კიდევ ჩანასახშივე, მან შეთქმულების ყველა წევრი სასტიკად დასაჯა. მისი განაჩენი არნახული სისასტიკით გამოირჩეოდა, რაც არ იყო დამახასიათებელი არა მხოლოდ ერეკლე მეფისთვის, არამედ, საერთოდ, საქართველოში არასდროს მიმართავდნენ ასეთ სასტიკ ზომებს პოლიტიკური მოწინააღმდეგის მიმართ.
– როგორ გაუსწორდა ერეკლე მეორე ქართლის თავადებს?
– დასჯილთა შორის იყო ალექსანდრე ამილახვრის მამა, დიმიტრი ამილახვარი. აღსანიშნავია, რომ ერეკლე ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, დიმიტრი ნამდვილად მონაწილეობდა თუ არა ამ შეთქმულებაში, თორემ, უფრო სასტიკად გაუსწორდებოდა. ცნობილია, რომ ამ აჯანყების ერთ-ერთი მონაწილე, 80 წლის მოხუცი, თავადი თაქთაქიშვილი, მეფემ ცოცხლად დაწვა რიყეზე. ასევე, სხვებიც, ზოგი დახოცა, ზოგიც დაასახიჩრა. დიმიტრი ამილახვარს კი სამარცხვინო სასჯელი გადაუწყვიტა: ის ვირზე შესვეს და ისე შემოატარეს ქალაქი. დიდი თავადისთვის ეს იმდენად საშინელი შეურაცხყოფა იყო, რომ ამ ინციდენტის შემდეგ, სიკვდილამდე, ის საკუთარ საგვარეულო მამულში, სოფელ ჭალაში ჩაიკეტა. არის ცნობები, რომ ბოლოს ერეკლემ შეუთვალა: მგონი, შევცდი და შევრიგდეთო, მაგრამ დიმიტრი ისე გარდაიცვალა, მეფეს არ შეურიგდა.
– თვითონ ალექსანდრეს რა ბედი ეწია?
– ალექსანდრეს ერეკლე მეფისგან კიდევ უფრო დიდი ფიზიკური სასჯელი ელოდა, მაგრამ, ჯერ იმას გიამბობთ, თუ რა გადაიტანა მისმა ოჯახმა მთელი წლის (იგულისხმება 1765 წელი) განმავლობაში: ჯერ იყო და, ერეკლემ ალექსანდრეს ძმა გამოაგდო, უფრო სწორად, მეფემ საკუთარი და, ელისაბედი, ამილახვრების უფროს ვაჟს იმ მიზეზით დააშორა, რომ უშვილოაო. ამავე პერიოდში, ალექსანდრე თავის ბიოგრაფიულ ჩანაწერებში მოგვითხრობს, რომ დედამისიც ტრაგიკულად დაღუპულა ანჩისხატთან: მათი თბილისური სახლის აივანი მტკვარზე გადადიოდა. ერთ დღეს, თურმე, ეს აივანი ჩაინგრა და მასზე მდგარი ალექსანდრეს დედაც მტკვარმა წაიღო. რაც შეეხება პირადად ალექსანდრეს, 15 წლის იყო, როდესაც ერეკლემ დაიბარა, როგორც მოწმე. მეფეს აინტერესებდა, მისგან შეეტყო, რა ხდებოდა ამილახვართა სახლში და იყო თუ არა მამამისი შეთქმულების წევრი. ახალგაზრდა ალექსანდრემ სასტიკი უარი განაცხადა, რომ ეთქვა მამამისზე ის, რაც, როგორც თვითონ ამბობს, არ ჩაუდენია. ალექსანდრე თავის ჩანაწერებში მოგვითხრობს, რომ ერეკლე მისგან მოითხოვდა, რომ ეღიარებინა დიმიტრის დამნაშავეობა, რასაც იგი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. ამან იმდენად გაამწარა მეფე, რომ აიღო რკინის მავთულები, ტანთ გამხადა და საკუთარი ხელით მირტყამდაო, წერს ალექსანდრე და დასძენს: მე იმდენად არ მტკიოდა, მოხუცებული მეფის მოდუნებული ხელით ცემა, რამდენადაც საშინელი იყო ეს შეურაცხყოფა ახალგაზრდა თავადისთვისო.
– როგორ წარიმართა ამის შემდეგ ალექსანდრე ამილახვრის ბედი?
– რადგან ის მაინც არ შეეპუა მეფეს და არ თქვა საკუთარ მამაზე ავი, ერეკლემ გადაწყვიტა მისი დასახიჩრება. მართლაც, მოიყვანეს ჯალათი, რომელმაც 15 წლის ალექსანდრეს ცხვირი მოაჭრა და ფეხის მყესი გადაუჭრა, თანაც ის შინაპატიმრობაში გამოკეტეს თბილისში. იმდენად მძიმე იყო ალექსანდრეს ჭრილობები, რომ, შესაძლოა, ის ვერც კი გადარჩენილიყო, მაგრამ ახლობლების მიერ მიყვანილმა მკურნალმა მას სიცოცხლე შეუნარჩუნა.
ამის შემდეგ ალექსანდრემ დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ როგორ გაჰპარვოდა მისთვის მიჩენილ მცველებს თბილისიდან. ამ დროს ქართლში, საშინელი ვითარება სუფევდა, რაც კარგად ჩანს მისივე ბიოგრაფიული ჩანაწერებიდან, რომელიც მან შემდგომში რუსულ ენაზე გამოსცა. იგი ამბობს, რომ თბილისიდან გამოიპარა საღამოთი, მაშინ, როდესაც ვერავინ ბედავდა ქალაქიდან გამოსვლას, რადგან ქალაქგარეთ იყო სრული ანარქია: მძვინვარებდა შავი ჭირი და თავისუფლად დანავარდობდნენ ლეკები.
– როგორ მოახერხა ამილახვარმა გაპარვა?
– მან მცველს ვინაობა დაუმალა და მოატყუა, დიღმის ველზე ჭურჭლის ქარხანა რომაა, იქ ჭურჭელი უნდა ვიყიდოო. ეს საინტერესო ცნობაა – თურმე, დიღმის ველზე ჭურჭლის ქარხანა ყოფილა. ალექსანდრე გაუშვეს. მას წინასწარ ჰქონდა შეთანხმება მოახლესთან, რომელიც ელოდა. ამის შემდეგ, ის ფეხით დაადგა მშობლიური სოფლისკენ მიმავალ გზას. დღისით ეძინა და ღამით მოძრაობდა. გზაში, მდინარის პირას, ნაბადში გახვეულ ლეკებსაც წაწყდომია. ლეკებს ასეთი წესი ჰქონიათ, როდესაც მათი „ბანდის“ რომელიმე წევრი დაიჭრებოდა და მას სიარული აღარ შეეძლო, ნაბადში ახვევდნენ და მდინარის პირას აწვენდნენ, რომ, თუ გადარჩებოდა, წყალი დაელია, თუ არა და – დაიღუპებოდა. ალექსანდრე წერს, რომ სოფელ მეტეხში შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა და შეშინებული სოფლელები გარბოდნენო, პირველად გზა აერია და გორში აღმოჩნდა, მაგრამ, ბოლოს, მიაღწია სოფლამდე, სადაც ოჯახის წევრები შეხვდნენ. მას ბევრი და-ძმა ჰყავდა. ისინი აიყარნენ საქართველოდან და ზოგი სპარსეთში გადაიხვეწა, ზოგიც ალექსანდრეს გაჰყვა რუსეთში.
– როგორ მოახერხა ალექსანდრე ამილახვარმა რუსეთში გაპარვა?
– ამაში მას იმერეთის მეფე სოლომონ პირველი დაეხმარა. ამ ქმედებიდან ჩანს, რომ სოლომონსა და ერეკლეს შორის მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ იყო. ალექსანდრე ცხინვალიდან გადადის ჩრდილოეთ კავკასიაში, შემდეგ ასტრახანში და ბოლოს ჩადის მოსკოვში. საინტერესოა, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატის დადების დრო ახლოვდება და, მიუხედავად ამისა, ეკატერინე ერეკლესთანაც კარგ ურთიერთობაში იმყოფება და მის ოპოზიციასაც იფარებს – იგი უცდის დროს, როდის აამოქმედოს ის ერეკლეს წინააღმდეგ. აქ ნათლად ჩანს რუსეთის მზაკვრული პოზიცია, რომელიც ამ ქვეყანას საერთოდ ახასიათებს და ახლაც არ ღალატობს.
მოსკოვში ამილახვარი ძალიან კარგად მიიღეს და მისცეს საშუალება, რომ განათლება მიეღო, მან ისწავლა რუსული, რომელიც მანამდე საერთოდ არ იცოდა. შესაძლოა, ევროპული ენები მანამდეც იცოდა, რადგან, თვითონვე წერს, რომ როგორც არისტოკრატიული ოჯახის შვილთან, ბავშვობაში მასთან სახლში მასწავლებელი დადიოდა. რას სწავლობდა, არ ვიცით, მაგრამ, ფაქტია, რაღაც საფუძველი ჰქონდა. რუსეთში ალექსანდრემ შეძლო იმ ფრანგი განმანათლებლების შრომების მოპოვება, რომლებც ჯერ ცოცხლები იყვნენ, გაეცნო მათ ფილოსოფიურ-განმანათლებლურ ნაშრომებს და გადაამუშავა ისე, რომ მათი აზრები მისადაგებული ყოფილიყო საქართველოს სინამდვილესთან. ეს პატარა ტრაქტატი, ეგრეთ წოდებული „ბრძენი აღმოსავლეთისა“, რომელიც სულ ათი თავისგან შედგება, პირველ ყოვლისა, იმას განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს მეფე აღმოსავლეთის ქვეყანაში: ის უნდა იყოს განათლებული, ბრძენი და გონიერი. საგულისხმოა, რომ ასეთად მას სოლომონი მიაჩნდა და არა ერეკლე. პირველი თავი ამ ტრაქტატისა მეფეებს ეძღვნება, მეორე – დიდგვაროვნებს. სხვათა შორის, ამილახვარი ძალიან პროგრესულ აზრებს გამოთქვამს. იგი აღნიშნავს, რომ გვარი არ არის ის, რასაც უნდა ვეთაყვანოთ. რა თქმა უნდა – წერს ის, – მე პატივს ვცემ გვარს, ჩამომავლობას, მაგრამ, გონება, განათლება, ოჯახის შექმნა – ეს არანაკლები დამსახურებააო. შემდეგ საუბარია ვაჭრებზე, ხელოსნობაზე და ასე შემდეგ. ამ თავში არის ერთი საინტერესო ეპიზოდი: ის ამბობს, რომ ვაჭარი არ უყვართ ქართველებს, მაგრამ ის ისევე საჭიროა, როგორც ფუტკარი, რომელიც კბენს პატრონს, მაგრამ ამით მშვენიერ საქმესაც აკეთებს. ასევე, დასძენს, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს ხელოსნობა და თვითონ აწარმოოს საკუთარ ქვეყანაში ძირითადი პროდუქცია. შემდეგ ერთი თავი ეძღვნება მხედართმთავრებს, ერთი – ეკლესიას და აქაც მისი მიზნები პროგრესულია. იგი აღნიშნავს, რომ არის ქრისტიანობის მომხრე, მაგრამ, განმანათლებლების გავლენით, ამბობს იმასაც, რომ მაინც განსხვავებაა ღმერთსა და ეკლესიას შორის, რადგან ღმერთი არის უცოდველი და ერთადერთი, მაგრამ ეკლესიას ხანდახან რაღაცეები ეშლებაო. ალექსანდრეს აზრით, არ შეიძლებოდა ადამიანების იძულება, რომ რწმენა შეეცვალათ, რომ თავისუფალ ადამიანს რწმენის თავისუფალი არჩევნის უფლება უნდა ჰქონდეს. ბოლო თავი ასეთია: ომი ჯობია, თუ მშვიდობა და რისთვის უნდა ვიცხოვროთ, საერთოდ, დედამიწაზე. ამილახვარი ამბობს, რომ ომი საერთოდ არ შეიძლება იყოს კარგი, რადგან, კაცის კვლა, დარიშხანით მოკლავ მას თუ მახვილით, სულერთია, მაინც კაცის კვლაა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და არ ვიყოთ მზად მტრის მოსაგერიებლად. როდესაც ადამიანი თავისი პატივმოყვარეობით დაბინდულ სარკეში იყურება, იქ ვერაფერს ხედავს პატივმოყვარეობის გარდა. ამის ნაცვლად, მან უნდა იფიქროს კაცთმოყვარეობაზე, ერის გამრავლებაზე, განათლებაზე და ასე შემდეგ. ამასთან, ერთმა ადამიანმა, ამილახვრის რწმენით, მეორეს არ უნდა წაართვას ის, რისი მიცემაც თავად არ შეუძლია – ანუ, არ უნდა ხელყოს სხვისი სიცოცხლე. ასეთია მოკლე შინაარსი ტრაქტატის, რომელიც ამილახვარმა რუსეთში დაწერა და სოლომონს გამოუგზავნა.
საბოლოოდ, ისე წარიმართა ალექსანდრეს ცხოვრება, რომ მას არ ღირსებია საქართველოში ჩამოსვლა. გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ ერეკლე მეფემ რუსულ მხარეს ამილახვარის გადაცემა მოსთხოვა. ეკატერინემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მაგრამ ალექსანდრე და მისი ძმა რუსეთის ერთ-ერთ ციხეში გამოკეტა. ისინი მხოლოდ 1801 წელს გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ალექსანდრე საქართველოსკენ გამოემართა, მაგრამ ასტრახანამდე მოსული, გზაში გარდაიცვალა. დაკრძალეს იქვე, მიძინების ტაძარში, სადაც ბევრი ქართველი მეფე და დიდგვაროვანი იყო დაკრძალული.