უყურე თვალებში
ყველა ქალი ოცნებობს დიდ და წმიდა სიყვარულზე, მაგრამ, რეალობა არ გვანებივრებს და ხშირად სწორედ ის გვტკენს გულს, რაც უზარმაზარი ბედნიერების საწინდარი გვეგონა. ვინ არის დამნაშავე, ქალი თუ მამაკაცი, ძნელი სათქმელია. რადგან მამაკაცებიც იმასვე ჩივიან, როგორ უჭირთ ნამდვილი სიყვარულის, ცხოვრების ერთგული თანამგზავრის პოვნა. როგორ უნდა გაიგო, გულწრფელია თუ არა ადამიანი, რომელიც შენ წინ დგას და გულსა და ხელს გთავაზობს. გამოცდილები გვირჩევენ: ჩახედეთ მას თვალებში! სხვათა შორის, მამაკაცები იშვიათად უყურებენ ქალს თვალებში. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ამას მხოლოდ შეყვარებული მამაკაცი აკეთებს. მხოლოდ მოხიბლულ კაცს შეუძლია, რამდენიმე წუთის განმავლობაში გაშტერებულმა გიყუროს და სუნთქვაც კი შეიკრას, რათა არაფრით დაარღვიოს იდილია. თვალები ჭეშმარიტად სულის სარკეა. მათ ბევრი რამის თქმა შეუძლია. ისეთ ინფორმაციას მოგაწვდით, სულაც რომ არ ელოდებით. აუცილებლად ჩახედეთ თქვენს პარტნიორს თვალებში. თანაც, ეს ხშირად გააკეთეთ. შეუძლებელია, ადამიანის თვალებში ვერ ამოიკითხოთ რას ფიქრობს ის თქვენზე. თუ ამას ვერ ახერხებთ, ესე იგი არ გინდათ, ან თავად არ ფიქრობთ სერიოზულად თქვენს ურთიერთობაზე. მამაკაცის დაბნეული, არაფრისმთქმელი მზერა თქვენს მთავარ კითხვაზე გასცემს პასუხს. ნუ დაკარგავთ დროს ტყუილუბრალოდ. თუ მხოლოდ გართობა გინდათ და სხვა, უფრო ღრმა გრძნობებზე პრეტენზია არ გაქვთ, მაშინ ნურც თვალებში „ჩადებული“ ინფორმაციის წაკითხვას შეეცდებით, მაგრამ, ჭეშმარიტი გრძნობის დანახვა, მხოლოდ პარტნიორის, თქვენი რჩეულის მზერაში შეიძლება.
P. S. ამბობენ, მამაკაცები უპირველესად, ქალს მკერდზე უყურებენ, მის დანარჩენ ღირსებებს მხოლოდ ამის შემდეგ ამჩნევენო. ნუ დაუჯერებთ ამას. შეყვარებულ მამაკაცს აღარც თქვენი მკერდის ზომა აინტერესებს და აღარც ფეხების სიგრძე. ის ერთგულად შემოგციცინებთ თვალებში და შეიძლება, ისიც ვერ შენიშნოს, ტანზე რა გაცვიათ!