მოდაშია „მსუბუქი სითავხედე“
გალანტურობა – ჭეშმარიტი მამაკაცის ერთ-ერთი სერიოზული იარაღია. ჯერ კიდევ ოფიცრებისთვის დამახასიათებელი ეს თვისება დიდად ფასობდა ქალებში. კაცს სულაც არ სჭირდება გარეგნული სილამაზე, იდეალური აღნაგობა, ათლეტური ტანი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ახდენს შთაბეჭდილებას, მაგრამ ეფექტი დროებითია. აი, გალანტურობა კი ყოველთვის ზუსტად ხვდება მიზანში, ანუ პირდაპირ გულში. ორატორობა მამაკაცისთვის ერთ-ერთი პლუსია. კარგია, თუ ნავთობმაგნატივით ხელგაშლილია, მაგრამ თუ გალანტურობას იქნება მოკლებული, პოპულარული და ქალების გულთამპყრობელი ვერ გახდება. არც ყველა კარი გაიღება მის წინაშე.
ქალის დაპყრობის ტაქტიკა ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს და კარგი ტონისთვის დამახასიათებელ აუცილებელ თვისებათა ცოდნას.
გალანტურობის უდიდესი პლუსია ის, რომ ყველაზე ერთნაირად ჭრის – ყველა ქალბატონზე, მიუხედავად მისი ასაკისა და წარმომავლობისა. აუცილებელი არ არის, ქალბატონი „ცისფერი“ სისხლის იყოს და თეთრ რაშზე ამხედრებულ უფლისწულს ელოდებოდეს. გალანტური მამაკაცი მუდამ სასურველია. სამწუხაროდ, დღეს მოდაში „მსუბუქი სითავხედეა“, რომელიც, რატომღაც, უკომპლექსობად აღიქმება, მაგრამ ქალი მაინც ემოციური არსებაა – ადვილად გვწყინს და ძალიან ცოტა გვჭირდება სიხარულისთვის. ამიტომ, განსაკუთრებით ვაფასებთ მათ, ვინც შეძლებს ნეგატიური განწყობა გაგვინეიტრალოს, გაგვამხიარულოს და გაგვამხნევოს. თან ეს ისე გააკეთოს, საკუთარ თვალშიც კი აგვამაღლოს. ანუ, არ გადააჭარბოს – იპოვოს ოქროს შუალედი. ელეგანტურობა არც ძვირფასი ტანსაცმელია და არც ბრენდების ზეპირად ცოდნა.
P. S. ხუმრობა-ხუმრობით სერიოზულ ურთიერთობამდეც მიხვალთ. ნებისმიერ შემთხვევაში, პატივისცემა და სიყვარული გარანტირებული გაქვთ.