კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საჩუქარი გაუკეთა ინკოგნიტო ქართველმა ემიგრანტმა ნინი შერმადინს და რატომ ატირებენ მას საბერძნეთში მყოფი ქართველები


ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო და, ნინი შერმადინის შემთხვევაშიც სწორედ ასე მოხდა. მაშინ, როცა მომღერალმა ჩათვალა, რომ საქართველოში არავის აღარ სჭირდებოდა და თითქმის ყველგან ბლოკავდნენ, გადაწყვიტა, სიმღერისთვის თავი დაენებებინა, მაგრამ მისი მეუღლის დაჟინებული თხოვნა და მოთხოვნა იყო, რომ ფარ-ხმალი არ დაეყარა. ნინომაც დაუჯერა და დახმარებისთვის საბერძნეთში მყოფ მეგობარს მიმართა, რომელმაც მისი მონაცემები „იქს ფაქტორის“ ჟიურის ერთ-ერთ წევრს წარუდგინა. ქართველი მომღერლის მონაცემებით აღფრთოვანებულმა ჟიურიმ პირველი პრეცედენტი დაუშვა – პროექტში არაბერძენი მონაწილე მიიღო და შერმადინი ქასთინგზე დაიბარეს. მომღერალმა წარმატებით გაიარა 5 შესარჩევი ტური, 14 ლაივ-შოუ და ფინალშიც გავიდა.

ჟურნალ „თბილისელების“ რედაქციამ სურვილი გამოთქვა, ჩვენი წარმომადგენელი დასწრებოდა ფინალურ ტურს, პირადად მიგველოცა ნინისთვის და გაგვეშუქებინა მისი ტრიუმფალური გამარჯვება, მაგრამ, საბერძნეთის საელჩომ საქართველოში, როგორც ჩანს, არ მოინდომა, დაგვხმარებოდა დაჩქარებული წესით ვიზის მიღებაში.

ჩვენ, მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, მაინც მოვახერხეთ სატელეფონო ინტერვიუს ჩაწერა ნინი შერმადინთან, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

– გამარჯობა, ნინი, გილოცავ ტრიუმფალურ წარმატებას და მეორე ადგილს! თუმცა, კარგი იქნებოდა, პირადად მომელოცა და ქართული დროშა ერთად აგვეფრიალებინა საბერძნეთში, მაგრამ ეს რომ ასე არ მოხდა საბერძნეთის საელჩოს დამსახურებაა.

– დიდი მადლობა მოლოცვისთვის და მართლა დიდი სიხარულით ველოდებოდი შენს ჩამოსვლას. ჩემი მხრივ კი, მადლობას გიხდით ყურადღებისა და დაფასებისთვის.

– ნინი, მოდი, ქრონოლოგიურად მივყვეთ: მოგვიყევი, როგორ დაიწყო ყოველივე ეს და რატომ გადაწყვიტე სხვა ქვეყანაში კარიერის აწყობა?

– აქ წამოსვლამდე უკვე ისეთ ზღვრამდე ვიყავი მისული, რომ ვფიქრობდი, თავი დამენებებინა სიმღერისთვის, რადგან, თითქმის ყველგან მბლოკავდნენ, არც ერთ კონცერტზე არ მეძახდნენ და აღარავის ვჭირდებოდი. დეპრესიაში ჩავვარდი და ერთ ადგილას გავიყინე, მაგრამ ჩემი მეუღლის დაჟინებული მოთხოვნა იყო, ფარ-ხმალი არ დამეყარა და ბოლომდე მებრძოლა. მეუბნებოდა, მალე ყველაფერი კარგად იქნებაო. მისი ასეთი ოპტიმიზმი მაცოფებდა კიდეც. თუმცა, მოგვიანებით ვაჟას ოპტიმიზმი რეალობად იქცა – ის დაუკავშირდა ჩვენს საერთო მეგობარს საბერძნეთში, ლიგია მუშკუდიანს და დახმარება სთხოვა. მან ჩემი მონაცემები პროექტის ჟიურიმდე მიიტანა და ჩემი „იქს ფაქტორში“ მოხვედრაც და ქასთინგზე დაბარებაც სწორედ ლიგიას დამსახურებაა. თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა ჯერ ქასთინგზე და მოგვიანებით კი კონკურსზე, არაბერძენი დაუშვეს. გავიარე 5 შესარჩევი ტური და პროექტში მონაწილეობის უფლებაც მოვიპოვე.

– ადვილი იყო შენთვის ეს ყველაფერი?

– რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო. დამჭირდა დიდი მომზადება ბერძნულში, რადგან ამ ენის არაფერი გამეგებოდა და სწავლა ანბანიდან დავიწყე. თითქმის 24 საათის განმავლობაში წიგნებში მქონდა თავი ჩარგული, ვმეცადინეობდი. ინგლისური კარგად ვიცი და ესეც დამეხმარა, რადგან ბევრ რამეს ინგლისური სახელმძღვანელოებიდან ვსწავლობდი. ქასთინგზე 15 000 კონკურსანტი იყო დარეგისტრირებული, რომელთაგან 16 მონაწილე შეგვარჩიეს. განსაკუთრებით ქასთინგებზე მეშინოდა ენის ბარიერის გამო, რომ რამე არ შემშლოდა, რადგან მაშინ ვიდგამდი ენას და მუდმივ ფსიქოლოგიურ სტრესში ვიყავი – ყველაფერზე ერთდროულად ვფიქრობდი: ვოკალზე, ენაზე, გარეგნობაზე და ასე შემდეგ, მაგრამ, ლაივ-შოუს პერიოდში ეს კომპლექსები უკვე მოხსნილი მქონდა. თუმცა, ყოველი ტური სიხარულის ცრემლებით მთავრდებოდა, რადგან ეს იყო კიდევ ერთი ნაბიჯი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე და მეძლეოდა შანსი, კვირიდან კვირამდე დავხვეწილიყავი, განვვითარებულიყავი და კიდევ უფრო კარგად წარვმდგარიყავი ბერძენი მაყურებლის წინაშე.

– ნინი, ქუჩაში რომ გადიხარ, უკვე გცნობენ?

– მეხუთე-მეექვსე „ლაივ-შოუს“ შემდეგ უკვე ვიგრძენი, რომ რაღაც კარგი ხდება ჩემ გარშემო, რადგან მაჩერებდნენ, მელაპარაკებოდნენ და ხელს იშვერდნენ ჩემსკენ. ახლა უკვე ყველგან მცნობენ, რადგან თვითონ პროექტია ძალიან წარმატებული, რაზეც მაყურებლის პროცენტული რაოდენობა მეტყველებს.

– ანუ, შეიძლება, ითქვას, რომ ეგრეთ წოდებული ფანები უკვე ბალკანეთის ნახევარკუნძულზეც გყავს?

– 5 000 ადამიანია, რომლებიც ოფიციალურად არიან დარეგისტრირებული და გაწევრიანებული ჩემს ფანკლუბში, ვინც არ არის გაწევრიანებული, ის კიდევ ცალკეა. იმედი მაქვს, მინიმუმ, ერთი ამდენივე დაურეგისტრირებელი ფანი კიდევ მყავს (იცინის). რა თქმა უნდა, ამათ ემატებიან ის ემიგრანტი ქართველი გულშემატკივრები, რომლებიც ყოველ პარასკევს მიმესიჯებდნენ, რისთვისაც მათ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. სამწუხაროდ, მე არ მაქვს ბევრ ქართველთან პირადად შეხვედრის საშუალება, მხოლოდ ყოველ კვირა დღეს, ქართულ ეკლესიაში, სადაც მამა თეიმურაზი აღავლენს წირვა-ლოცვას, ვხვდები მათ და ვგრძნობ, როგორ ვუყვარვარ, ისეთ თბილ სიტყვებს მეუბნებიან, ხშირად ტირიან კიდეც და მეც მატირებენ ხოლმე. ვიცი, რომ თქვენს ჟურნალს აქ მყოფი ყველა ქართველი კითხულობს და თქვენი მეშვეობით მინდა ვუთხრა მათ: მე თქვენთან ვარ! თითქმის ბოლო 8 თვეა, ვგრძნობ ჩემ გვერდით თქვენ დგომას და ამ სიყვარულისთვის დიდ მადლობას გიხდით.

– ნინი, შენ სალონიკში ოჯახთან ერთად ცხოვრობ, მაგრამ კონკურსი ათენში ტარდებოდა. მთელი ეს პერიოდი ოჯახისგან დამოუკიდებლად როგორ გაატარე?

– თავიდან დაქალთან ვცხოვრობდი, მაგრამ მოგვიანებით „იქს ფაქტორმა“ ყველაფრით უზრუნველგვყო: გამოგვიყვეს სასტუმრო „აკროპოლ მუზეუმ ჰოტელი“, აუზი, შეიპინგი, ქორეოგრაფი, ვოკალისტი და ასე შემდეგ. მეუღლე სალონიკში თავისი პროფესიით არის დაკავებული – ფეხბურთელია და ინტენსიურად ვარჯიშობს, თუმცა, მაინც ახერხებდა ჩემთან ჩამოსვლას, მას ათენში დიდი სამეგობრო წრე ჰყავს და მისი ძმაკაცების მფარველობის ქვეშ ვიყავი.

– როგორი დღის განრიგი გქონდა?

– დილის 10 საათზე რომ გავდიოდით, ზოგჯერ შუაღამეს შემოვდიოდით სასტუმროში. როგორც უკვე გითხარით, ძალიან დატვირთული გრაფიკი გვქონდა: რეპეტიციები, გადაღებები, ვიზაჟისტი, დიზაინერი, აუზი და ფიტნესი, ბერძნული ენის გაკვეთილები და ასე გადიოდა დრო. გარდა იმისა, რომ ყოველდღე ახალი პრომოს გადაღებები გვქონდა, კოსმეტიკურ კომპანია „მაქს ფაქტორის“ სარეკლამო რგოლებშიც გვიღებდნენ მე და ჯგუფ „48 საათის“ სოლისტს. ასევე, გავხდი, „მედი პრინუსის“ სარეკლამო სახე და, კიდევ, ძალიან ხშირად მიწვევენ იუმორისტულ შოუებსა და თოქ-შოუებში.

– თამთა გოდუაძე თუ გაიცანი და თუ მოგილოცა წარმატება?

– თამთას სრულიად შემთხვევით ერთხელ შევხვდი და მას შემდეგ არანაირი კონტაქტი არ მქონია. კინაღამ დამავიწყდა, მეთქვა, რომ არსებობს ინკოგნიტო ქართველი ქალბატონი, რომელიც საბერძნეთში მოღვაწეობს და რომელმაც გარკვეული თანხა გადმომირიცხა ანგარიშზე ჩემს დასახმარებლად, თუმცა მისი ვინაობა ჩემთვის დღემდე უცნობია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი გულისხმიერებისთვის და, თუ ინტერვიუს წაიკითხავს, ჩემი თხოვნაა – გამეცნოს, რომ პირადად შევძლო მადლობის გადახდა.

– საქართველოდან თუ გქონდა რაიმე სახის დახმარება?

– რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, არც არავის გახსენებია, რომ თითქმის 8 თვის განმავლობაში საქართველო სრულიად საბერძნეთს გავაცანი, როგორც უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანა და ყველგან ვამბობ, რომ ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ვარ. რა თქმა უნდა, არავის დასახელებას და გაკრიტიკებას არ ვაპირებ, მაგრამ, ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ, თურმე, „ჯეოსელს“ წარმოუდგენლად მიაჩნია, როგორ შეიძლება, შერმადინის სახელზე თუნდაც მინიმალური თანხა ჩარიცხოს ესემესებისთვის, რადგან მსგავსი პრეცედენტი მათ არ ჰქონიათ.

– შენი პრიზებისა და ემოციების შესახებ რას გვეტყვი?

– რაც შეეხება პრიზებს, მეც იგივე პრიზები და კონტრაქტები მივიღე, რაც პირველ ადგილზე გასულს მისცეს, გარდა „ჯიპისა“, თუმცა, იმხელა პოპულარობა მომიტანა პროექტმა, რომ „ჯიპზე“ ნამდვილად არ მწყდება გული და, სხვათა შორის, არც მეორე ადგილზე გასვლამ დამაღონა, რადგან, ფაქტობრივად ეს მხოლოდ სტატუსია და მეტი არაფერი. ერთ თვეში იწყება ტურნე, სადაც ჩვენ ორივე მივიღებთ მონაწილეობას, „სონის“ სტუდიამაც ორივესთან გააფორმა კონტრაქტი. თავბრუდამხვევი კარიერა ახლა იწყება და კიდევ ბევრი რამ ბანკეტზე გაირკვევა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ არაერთ წარმატებას მივაღწიო.

P.S. მთელი რედაქციის სახელით ვულოცავთ ნინის ამ წარმატებას!


скачать dle 11.3