კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაიტანა კრისტიმ საყვარელი ადამიანის ღალატი და რატომ სიამოვნებს მას სიმარტოვე


მისი პირადი ცხოვრების გარშემო ყოველთვის ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, ბევრს ჭორაობდნენ, ამბობდნენ მართალსაც, მაგრამ, უფრო ხშირად – ტყუილს. 32 წლის ასაკში კრისტი არ დგას იმ ზღურბლთან, როდესაც ცხოვრებაში გრძნობების, განცდების, ისტორიების გადაფასებას იწყებ. ის ჩვეულებრივად განაგრძობს ცხოვრებას და მოსწონს წარსული, თავისი შეცდომებით, სინანულით, ბევრი სიყვარულითა და ემოციებით.


– კრისტი, სანამ მთავარ თემაზე გადავალთ, არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ შენს კარიერაში ძალიან სასიამოვნო ფაქტი მოხდა – შენი ფოტოები მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გალერეაში გამოიფინა.

– ირმა შარიქაძემ გადაიღო ფოტოები თემაზე „ფრიდა კალო“. მას შემდეგ, რაც ეს ფოტოები „ამარტაში“ დაიბეჭდა, ირმა თავის საქმეებზე მოსკოვში ჩავიდა, სადაც ეს ფოტოსესიაც აჩვენა გარკვეულ პირებს. ფრიდას თემა იმდენად მოეწონათ, რომ ირმას შესთავაზეს, ეს თემა კიდევ უფრო გაეშალა და შემდეგ მოეწყო გამოფენა. სხვათა შორის, ახლა მთელ მსოფლიოში ასეა. როდესაც თემატური გამოფენები ეწყობა, ამას ემატება პატარა ფილმები იმ კონკრეტული თემის გარშემო, ანუ, პერფორმანსიც დგება, ანტურაჟსაც ქმნიან და ამ ყველაფერს ემატება ეს ერთგვარი ვიდეოარტი. ერთი სიტყვით, ეს პატარა ფილმიც გადავიღეთ, სადაც ორ როლს ვთამაშობ – ფრიდას და ფრიდას დას, მარიცას. ფრიდას დედას თავად ირმა შარიქაძე თამაშობს. ძალიან საინტერესო, ლამაზი ფილმი გამოვიდა. პროექტს ჰქვია „წერილები“. ფრიდას ჰყავდა ალტერ-ეგო, სიზმრებში სულ თავის დას, მარიცას ხედავდა და მას ელაპარაკებოდა. ანუ საკუთარ წარმოსახვაში მეორე „მეს“ ესაუბრებოდა. ცხოვრების დიდი ნაწილი ფრიდა კალომ ლოგინს მიჯაჭვულმა გაატარა. ის ერთ-ერთი იმ მხატვართაგანია, რომელიც ყველაზე ხშირად ავტოპორტრეტს ხატავდა.

– თუმცა, ჰყავდა უდიდესი სიყვარული – მხატვარი დიეგო რივერა. ცნობილია მისი ლევ ტროცკისთან კავშირიც.

– დიახ, მაგრამ ყველაზე დიდ ჰარმონიაში ის საკუთარ თავთან იყო. როდესაც ფრიდას ჰკითხეს, რატომ ხატავდა ამდენ ავტოპორტრეტს, მან უპასუხა – ყველაზე კარგად საკუთარ თავს ვიცნობ, რადგან ყველაზე ხშირად ჩემს თავთან ვარ მარტოო. ფილმიც და ფოტოებიც მისი დღიურებიდან მომდინარეობს, ანუ, აბსოლუტურად რეალისტური ფაქტებია გადმოცემული, სადაც მხოლოდ ფრიდა, მისი და და დედა ჩანან.

– კრისტი ხშირად არის ხოლმე საკუთარ თავთან მარტო?

– მარტო კრისტი არა, ალბათ, ყველა ადამიანი მაინც საკუთარ თავთან რჩება მარტო. ხომ იცი, როგორ ხდება – მარტო მოდიხარ და მარტო უნდა წახვიდე. არის რაღაცეები, რასაც მხოლოდ საკუთარ თავს გაუმხელ. დიახ, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, კომუნიკაბელური ვარ, ბევრი ლაპარაკი მიყვარს, შეიძლება, ვიღაცეებმა ეს წაიკითხონ და თქვან, რას ამბობს, ამის პირადი ბევრი რამ ვიცითო, მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ არის.

– უსვამ საკუთარ თავს კითხვებს? ანუ ჰარმონიაში ხარ საკუთარ თავთან თუ პასუხებს სთხოვ შენს მეორე „მეს“ ხოლმე?

– ძალიან ხშირად ვუსვამ კითხვებს საკუთარ თავს. მუდამ თვითკრიტიკული ვარ, სულ ვეჩხუბები ჩემს მეორე „მეს“. სარკეშიც რომ ვიყურები, ძალიან იშვიათად მომწონს ჩემი თავი. ეს გარეგნობას კი არ ეხება, ზოგადად, შიგნიდან მაწუხებს რაღაც, რის გამოც სარკეში ჩახედვაც არ მინდა. მაგრამ, ვიღაც რომ მოვიდეს და მითხრას, მოდი, რამე შევცვალოთო, არაფერს შევცვლი. შინაგანად სულ რაღაცას ვებრძვი, სულ ვამბობ – ეს არ უნდა გამეკეთებინა-მეთქი... ერთი არის მკაცრი კრისტი, მეორე – უფრო დამთმობი. ცხოვრებაშიც ასე ვარ, ძალიან ლმობიერი, დამთმობი, არ მიყვარს კონფლიქტები და ძალიან მარტივად შემიძლია, დავივიწყო წყენა. არ ვიცი, კარგია ეს თუ არა. ყველას ყველაფერს ვაპატიებ, მაგრამ არა საკუთარ თავს. კრისტი ერთადერთი ადამიანია, ვისთვისაც არაფერი მიპატიებია. (იცინის).

– შენთვის უპატიებიათ?

– ამაზე, სხვათა შორის, არ მიფიქრია, მაგრამ, ახლა რომ ვფიქრობ, ვხვდები, რომ უპატიებიათ. ალბათ, საჭირო იყო ეს, რადგან, მიხვდნენ, რომ, ან არ ვიყავი დამნაშავე ან, უბრალოდ, არ იყო ეს იმხელა დანაშაული, რომ ვერ ეპატიებინათ. თუმცა, მე ყოველთვის ვხვდები, რაში მიმიძღვის ბრალი. ყველაზე საინტერესო მერე იწყება, როდესაც საკუთარ თავში რაღაც გამართლებების ძებნას ვიწყებ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ დამშვიდდე.

– ოცდაათ წელს გადააბიჯე. გრძნობ რაიმე ცვლილებებს საკუთარ თავში, მოხდა რაღაცეების გადაფასება?

– ვერ ვგრძნობ. შინაგანად თითქოს ისევ პატარა ბავშვი ვარ, თითქოს რაღაც ასაკში გავჩერდი და სულ იქ ვტრიალებ. არა, რა თქმა უნდა, არის რაღაცეები, რაც პატარა ასაკში უფრო მხიბლავდა, მაინტერესებდა, მაგალითად, მომწონდა ხმაურიან ადგილებში სიარული. ახლა კი ვფიქრობ, როგორ ვიტანდი-მეთქი ამ ყველაფერს. შეიძლება, მომბეზრდა.

– სიყვარულში დაგიშვია შეცდომები?

– ამაზეც არ ვფიქრობ მარტივი მიზეზის გამო – არ მინდა, რამეზე ვინანო. არანაირი შეცდომა არ ყოფილა, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო, კანონზომიერად.

– არიან ადამიანები, რომლებსაც გარეგნულადაც კი ემჩნევათ შეყვარებულები რომ არიან. შენ კი ეს არასდროს გეტყობა.

– (იცინის) მართალია. მინახავს თუნდაც ჩემზე შეყვარებული ადამიანი, რომელსაც ეს სახეზე ეწერა. მე ასე არ მემართება. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რომანტიკული ვარ, მქონია აღმაფრენები, გაბრწყინებული თვალები – როცა ყველაფერზე გემჩნევა, რომ შეყვარებული ხარ, მაგრამ, ეს აღფრთოვანება მალე ჩამქრალა. მერე უკვე, ახალი გრძნობისთვის მუშაობაა საჭირო, მუდმივი რეგულირება, რომ რამე არ გაფუჭდეს. კარგია, როდესაც შეყვარებული ხარ.

– რატომ არის კარგი?

– (იცინის) გადასარევია, როდესაც ვიღაცაზე ფიქრობ და ისიც ფიქრობს შენზე, ზრუნავს, ყურადღებას აქცევთ ერთმანეთს. სიყვარულით გამოწვეული ზრუნვა ქალს ალბათ ყველაზე მეტად სჭირდება. ზრუნვაში არ ვგულისხმობ პატარა ბავშვივით მოვლას, ხვდები, ალბათ ხომ, რასაც ვამბობ? როდესაც გკითხულობენ, აინტერესებთ შენი ცხოვრება, ყურადღებას გაქცევენ. ძალიან დიდი აზარტი ახლავს ამ ყველაფერს. თუ ჰარმონია არ არის, მაშინ, ჯობია, საერთოდ არ იყოს ურთიერთობა. ახლა მარტო ვარ, მაგრამ ეს მდგომარეობაც ძალიან მომწონს. არ ვამბობ, რომ მთელი ცხოვრება მარტო ვიქნები და ეს გადასარევი მდგომარეობაა, მაგრამ, ამ წუთას ისეთი პერიოდი მაქვს, რომ მარტო ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვფიქრობ მომავალზე, საქმეზე და ვისვენებ. სულ ვამბობ, რომ არ არსებობენ შეყვარებულები, რომლებიც არ ჩხუბობენ, მაგრამ, გააჩნია ჩხუბსაც – თუ ეს ჩხუბები ძირითადად სისულელეებზეა, გაღიზიანება გროვდება. თან, ყოველი ჩხუბი, ასე თუ ისე, კვალს ტოვებს ურთიერთობაზე, ბზარს, რომელიც არ მთელდება და, რაც უნდა მიაწებო, მაინც გაბზარულია. დიდი იშვიათობაა, რომ წყვილი დიდხანს იყოს ერთად. სულ მომყავს მაგალითად დედაჩემი და მამაჩემი, რომლებიც 12 წლიდან ერთად არიან – ამ ასაკში გაიცნეს ერთმანეთი, მერე დაიწყო მათი სიყვარული და 17 წლიდან დაოჯახებულები არიან. ახლა ორივე 51 წლისაა და, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთი წყვილი არ მინახავს. თან, ბოლო ათი წელია, მამას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, დედა უვლის და ეს არანაირად არ ღლის, პირიქით, მათი სიყვარული უკვე იმ სტადიაშია, რომ აღარ არის მხოლოდ ცოლქმრობა, უკვე დედაშვილური, დაძმური, მეგობრული ურთიერთობაა მათ შორის და ეს ყველაფერი ერთმანეთშია არეული.

– შენ გქონია ასეთი ურთიერთობა?

– სამწუხაროდ, არა.

– ყოფილა შემთხვევა, როდესაც შენ გვერდით ყოფილა საყვარელი ადამიანი, მაგრამ მაინც მარტო გიგრძნია თავი?

– დიახ, ასეთი შემთხვევები იყო. მყვარებია, ვყვარებივარ, მაგრამ, ალბათ, მაინც სულ მარტო ვიყავი. ისეთი ადამიანი რომ მეპოვა, რომელიც ბოლომდე ჩემია, ჩემი მეორე ნახევარი, მაშინ ბოლომდე ერთად ვიქნებოდით. ძალიან მარტივი, უკონფლიქტო ადამიანი ვარ, არასდროს არავის ვაწუხებ, მაგრამ, რატომ წყდება ურთიერთობები ნამდვილად არ ვიცი. შეიძლება, ეს მეორე მხარის კომპლექსების ბრალია.

– ლამაზებსაც არ უმართლებთ და ნაკლებად ლამაზებსაც, მაგრამ, როდესაც ლამაზ ქალს სტკივა, ლამაზი ქალი მარტოა – ეს განსაკუთრებით ჩანს, მით უმეტეს, ისინი ხშირად ხდებიან ღალატის მსხვერპლნი.

– არა მგონია, ამაში რამე ჩემი ბრალი იყოს და, თუ უღალატიათ ჩემთვის, ეს არ მომხდარა იმის გამო, რომ საყვარელ ადამიანს სითბო დავაკელი, მის მიმართ ცივი ვიყავი და სხვა. რატომ ღალატობენ კაცები ლამაზ ქალს? საკუთარ თავზე არ ვამბობ, თუნდაც, ავიღოთ ქეით მოსი, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი იდეალური ქალია მსოფლიოში. ჯონი დეპმა უმარტივესად უღალატა, რის გამოც მოსი თავს იკლავდა, წამლის მოხმარება დაიწყო და სხვა. ამის ახსნა ძალიან რთულია. როდესაც ლამაზ ქალთან არიან კაცები, ჩემი აზრით, როგორი მომენტი აქვთ, იცი?! თითქოს არ სჯერათ რომ ის ქალი ბოლომდე მისია, ეჭვიანობენ და ამას ხან აჩენენ, ხან – არა. მერე ამ კომპლექსის გამო ღალატობენ, რომ დაამტკიცონ – აი, მე შენზე მაგარი ვარო. ალბათ, ესეც არის მიზეზი. კი, უღალატიათ ჩემთვის და ძალიან მწყენია, ახლა კი, რომ მახსენდება ეს ამბები, მეცინება.

– მხოლოდ გეწყინა? ალბათ, შენც აღარ გიყვარდა და ამიტომაც „მხოლოდ გეწყინა”?

– არა, მიყვარდა, მაგრამ ღალატი რადიკალურად ცვლის ყველაფერს – ეგრევე გზიზღდება ის ადამიანი. ზიზღიც ისეთია – ერთ მომენტში არის და მერე ქრება და უცებ გრძნობ, რომ ყველაფერი მორჩა. კი, გაპატიებ, მაგრამ ურთიერთობას ვეღარ გავაგრძელებ. თუ ორივე მხარემ ბევრი იზრუნა იმისთვის, რომ სიყვარული არ გაფუჭდეს, დედაჩემის და მამაჩემის მაგალითზე შემიძლია გითხრა, ის აუცილებლად სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება.


скачать dle 11.3