როგორ დაამარცხეს ფეხბურთში ქართველმა მილიციელებმა პელე და ჯეკ ნიკოლსონი
დაწუნებული ვარსკვლავები
მილიციელი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გავხდი, რომ ტრავმა მივიღე და აქტიური სპორტული ცხოვრება ვეღარ გავაგრძელე. არადა, მაშინ სულ რაღაც 19 წლის ვიყავი, ყველაფერი წინ მქონდა და მოსკოვის „დინამოს“ საფეხბურთო გუნდის დუბლშემადგენლობაში ვთამაშობდი. ამიტომ, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლას სერიოზულად მოვკიდე ხელი, დამთავრებისთანავე კი „მურში“ დავიწყე მუშაობა სისხლის სამართლის უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე, მაგრამ, ფეხბურთს ბოლომდე ვერ შეველიე, უწყებრივი გუნდი ჩამოვაყალიბე და ლეიტენანტ გია ცეცაძესთან ერთად, რომელიც აგრეთვე ყოფილი ფეხბურთელი იყო, მილიციის საკავშირო პირველობას ჩავუყარეთ საფუძველი. მაგარი ბიჭები მყავდა გუნდში (მარტო ცეცაძე რად ღირდა, რომელიც მანუჩარ მაჩაიძესავით მთელ გუნდს ატყუებდა და მოწინააღმდეგის კარში ბურთიანად შედიოდა) და ყველა შეჯიბრებას ვიგებდით. ერთხელ, 1979 წლის დეკემბერში, „მურის“ უფროსმა, გენერალმა ვოლკოვმა თავის კაბინეტში დამიბარა და მითხრა, რომ რიო-დე-ჟანეიროში პოლიციური საფეხბურთო-სამოყვარულო გუნდების საერთაშორისო ტურნირი იმართებოდა და მასში „მურის“ ნაკრებიც იყო მიწვეული. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვოლკოვმა მითხრა, იმ 15 ფეხბურთელს შორის, რომელიც რიოს მინიფეხბურთის ტურნირში გაემგზავრებოდა, კიევის „დინამოს“ სახელგანთქმული ფეხბურთელი ოლეგ ბლოხინი და მოსკოვის „დინამოს“ ლიდერი ვალერი გაზაევიც იყვნენ ჩართული. ასეთი გადაწყვეტილება კი იმით ახსნეს, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გაგვემარჯვებინა, რაც იდეოლოგიური მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი...
მოსკოვიდან 29 დეკემბერს მინუს 20-გრადუსიან ყინვაში გავემგზავრეთ. რიოში რომ ჩავფრინდით, პლუს 25 გრადუსი იყო. მეორე დღეს, მე, გია ცეცაძე, ოლეგ ბლოხინი და კიდევ სამი ჩვენი გუნდის წევრი, რიოს ცნობილ პლაჟზე, „კოპაკაბანაზე“ გავედით სპორტულად ჩაცმულები. ერთ-ერთ მინისტადიონზე 15-16 წლის ბრაზილიელი ბიჭუნები თამაშობდნენ ფეხბურთს და ჩვენც ჩავებით. ვეთამაშეთ მათ და 8:3 მოვუგეთ. თამაშის მერე, ერთ-ერთი მულატი ბიჭუნა ჩვენთან მოვიდა, ცეცაძეს მხარზე დაჰკრა ხელი და უთხრა:
–კარგად მატაობ. ხვალ მეზობელი უბნის გუნდთან გვაქვს თამაში. შენ და ეს (მან ჩემზე ანიშნა) მოდით და გათამაშებთო.
გიამ ბლოხინისკენ და გაზაევისკენ მიანიშნა ბიჭს და უთხრა:
– ამათაც წამოვიყვან.
ბიჭს გაეცინა, თავი გააქნია და უთხრა:
– ეგენი თამაშის აზრზე არ არიან, მხოლოდ დარბიან და წაგვაგებინებენო.
ასე დაიწუნა 16 წლის რიოელმა მულატმა ბიჭუნამ საბჭოთა ფეხბურთის ორი სუპერვარსკვლავი, რომელთაგან ერთ-ერთს (ბლოხინს) ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ჰქონდა...
მოვალე პელე
რიოს ტურნირი, რა თქმა უნდა, დიდი უპირატესობით მოვიგეთ და საბჭოთა კავშირში დაბრუნებამდე ორი დღით ადრე მე და ცეცაძე რიოს სასტუმრო „კოპაკაბანაში“ შევედით. ის უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული, ხუთვარსკვლავიანი სერვისი ჰქონდა. უამრავი ცნობილი ადამიანი იყრიდა იქ თავს, რომლებიც მთელი მსოფლიოდან იკრიბებოდნენ. ჯიბეში 500 დოლარი გვედო, რაც იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა იყო და უნდა დაგვეხარჯა, რადგან, საბჭოთა კავშირში ვერ წამოვიღებდით. „მივტასაობთ“ მე და ცეცაძე ამ დიდებულ კომპლექსში, თან ისე გვიჭირავს თავი, თითქოს აქაურობის ხშირი სტუმრები ვართ. ბოლოს, ღია საცურაო აუზზე შევედით, სადაც საფეხბურთო მინდორიც იყო. ჯერ ვიცურავეთ, თან მაგარი მულატკები ავყარეთ, რომლებსაც ფეხბურთელებად გავაცანით თავი. მერე ცარიელ სტადიონზე შევედით და გოგონებთან ერთად ბურთი გავაგორეთ. შუა გართობაში ვართ და ვხედავ, რომ თავად პელე და ცნობილი მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი მოდიან ვიღაც მაგარ ნაშებთან ერთად. ფეხბურთის მეფის დანახვაზე მე და გიამ კინაღამ სიხარულისგან გავაფრინეთ, მაგრამ არ შევიმჩნიეთ და თამაში გავაგრძელეთ. პელე მოვიდა, მოგვესალმა და გვითხრა, შემოგიერთდებითო. ჩვენ უარი არ გვითქვამს და ერთი საათის განმავლობაში მე, გია ცეცაძე, პელე და ჯეკ ნიკოლსონი ოთხ მომხიბვლელ და ტანწერწეტა გოგონას ფეხბურთს ვეთამაშებოდით. ბოლოს პელემ შემოგვთავაზა, მამაკაცებმა ვითამაშოთ, ქალებმა კი გვიგულშემატკივრონო. ჩვენ დავთანხმდით, მაგრამ ნაძლევზე თამაში შევთავაზეთ. მოგებული წაგებულს რესტორანში უნდა დაეპატიჟებინა. პელემ დასტური გვითხრა და თვითონ და ჯეკ ნიკოლსონი (კარგად თამაშობდა) მე და გია ცეცაძეს რვა ქულამდე გვეთამაშნენ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მე და გია ცეცაძემ ჯეკ ნიკოლსონს და ფეხბურთის მეფეს 8:6 მოვუგეთ. არა და პელეს სულ რაღაც 1 წლის წინ ჰქონდა თავი განებებული ფეხბურთისთვის. თუმცა, მშვენიერ ფორმაში იყო. შეთანხმებისამებრ, მე და გია ჩვენი „ნაშებითურთ“ პელემ და ნიკოლსონმა (თავიანთი „ნაშებიანად“) რესტორანში წაგვიყვანეს. სუფრას რომ მივუსხედით და კერძები შევუკვეთეთ, პელე და ნიკოლსონი ვიღაც კაცმა სადღაც წაიყვანა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ის კაცი პროდიუსერი იყო, რომელსაც პელე და ნიკოლსონი რაღაც მხატვრულ ფილმში ერთად უნდა გადაეღო. პელემ მოიბოდიშა, გვითხრა, მალე მოვალთო და წავიდა... თუმცა, აღარ დაბრუნებულა. ჩვენ კი ჯერ კარგად ვიქეიფეთ, მერე კი მე და ცეცაძე ორ-ორ „ნაშასთან“ ერთად ნომრებში ავედით და ფანტასტიკური დრო გავატარეთ. თუმცა, პელეს გადასახდელი სუფრის ვალი (450 დოლარი) მე და გიამ გადავიხადეთ და არც გვინანია. ასე რომ, პელე დღემდე ჩემი და გიას მოვალეა...
პოლკოვნიკ კონსტანტინე (კოკა) რუსაძის ნაამბობის მიხედვით