რატომ ვერ ცნობს ადამიანებს “გაჭედილი„ ნანუკა გოგიჩაიშვილი და სად შეესწრო ის დათვისა და მამის “შებმას„
ნანუკა გოგიჩაიშვილისთვის გასული წელი, მართლაც რომ იღბლიანი აღმოჩნდა. მან სილამაზის კონკურსზე სცადა ბედი და „ვიცე მის საქართველოს“ ტიტულიც მოიპოვა. ნანუკა ძალიან მხიარული, გულახდილი და საინტერესო ადამიანია. კურიოზულ სიტუაციებშიც ხშირად ხვდება და არც ასეთი ამბებიდან თავის დაღწევაა მისთვის პრობლემა.
ნანუკა გოგიჩაიშვილი: უხერხულ სიტუაციებში ძირითადად იმის გამო ვვარდები, რომ ადამიანებს ვერ ვიმახსოვრებ. ხშირად, სახელიც მავიწყდება, ან სად გავიცანი, ან საერთოდ, საიდან მეცნობა. შეიძლება სამჯერ ვნახო ადამიანი, შემხვდეს ისევ, მომიკითხოს, მაგრამ აზრზე ვერ მოვიდე, სად გავიცანი. ასეთი რამ ხშირად მემართება. მიხსნიან ხოლმე, აი აქ რომ ვიყავით, აი აქ რომ გაგიცანი, ასე რომ იყო, ისე რომ იყოო. მე კიდევ ვდგავარ, ვუყურებ და ჩემს თავში რევოლუცია ხდება, ვერაფრით აღვიდგენ ხოლმე ამ სიტუაციებს. ხანდახან, ისე უხერხულად ვარ, ძალით ვუცინი და ვიტყუები, როგორ არ გიცნობთ-მეთქი (იცინის). თუ მეგობრებთან ერთად ვარ, იციან, ჩემი ამბავი და სასწრაფოდ სხვა თემაზე გადააქვთ საუბარი, რომ უხერხული სიტუაცია თავიდან ამარიდონ. მოკლედ, ასეთ „ჭედვებში“ ხშირად ვარ.
– თაყვანისმცემლები ფანჯრებთან მუხამბაზებს არ გიმღერიან?
– მუხამბაზებს არა, მაგრამ ისეთ რამეებს სჩადიან შეიძლება, მათი დანახვისას სიცილით გაიგუდო. თაყვანისმცემლების თვალში „მუდო“ ვჩანვარ. მათთან არანაირი კონტაქტი არ მიყვარს, არც მაინტერესებს მათი გაცნობა. ხშირად ამბობენ კიდეც, რა გულცივი გოგოაო. ამაში ვეთანხმები (იცინის). ერთხელ მეძინა. უცბად, გამომეღვიძა. დაახლოებით, დილის ექვსი საათი იქნებოდა, მომშივდა, ვიფიქრე, სამზარეულოში გავალ და ცოტას შევჭამ-მეთქი. გავედი, ავანთე შუქი და გავოცდი... შუქის ანთება და ტაშის გრიალი ერთი იყო. ვიფიქრე, ხომ არ გავგიჟდი და აპლოდისმენტები მეჩვენება-მეთქი. არადა, აშკარად გარედან ისმოდა. თბილად ჩავიცვი, გავედი აივანზე და გადავიხედე. რას ვხედავ, დგას სამი მანქანა, ბიჭები გადმოსულან მანქანებიდან და ტაშს მიკრავენ. რომ დამინახეს უფრო უმატეს ტაშს. ბევრი ვიცინე. თან ვფიქრობდი, ამ დილაადრიან, ხომ არ გადაირივნენ, ამ სიცივეში რომ დამდგარან და მელოდებიან, როდის გამომეღვიძება და შუქს ავანთებ-მეთქი. ასეთი ორიგინალური სიყვარულის ახსნა გინახავთ? მე არც კი მსმენია (იცინის). არც კი ვიცი, ვინ იყვნენ. შემოვვარდი სახლში და ჩემი და გავაღვიძე. ნახე, რა ხდება, აივანზე გავედი და სცენაზე რომ გადიან და ტაშს უკრავენ, ესე დამემართა-მეთქი. მეორე დღეს კი მთელი სადაქალო შევყარე ამ ამბის გამო. წარმოიდგინეთ, ყვავილი ან რამე საჩუქარი რომ მოეტანა იმ თაყვანისმცემელს, ასე ხომ ვერ გამაოცებდა?
– მეგობრებთან დაკავშირებით ალბათ, ბევრი სახალისო ისტორია გაქვს გასახსენებელი?
– მართალია, ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები და ბევრი სასაცილო ისტორიაც გადამხდენია მათთან ერთად. ერთხელ, მთელი სამეგობრო ერთ-ერთის აგარაკზე შევიკრიბეთ. კარგად გავერთეთ. მე არ ვსვამ, მაგრამ გოგოებმა დალიეს, ვიცეკვეთ, ვიმღერეთ, კარგად გავერთეთ დილამდე. კარაოკე გვქონდა. ერთი ჩემი მეგობარი გოგო კარგად მღერის და უნდა ემღერა. ჯერ ჩვენ ვიმაიმუნეთ და ბოლოს მის სიმღერას ველოდებით. არადა, დალია და სავარძელში ჩაეძინა. მეტი რა გვინდოდა? თუკი რამე გვქონდა, ყველაფერი წავუსვით – თმაზე პლასტელინები, სახეზე საღებავები, კანზე ფლომასტერები, ფრჩხილებზე სხვადასხვა ფერის ლაკი. ერთი სიტყვით, მულტფილმებში რომ „ბაბა-იაგებია“, იმას დავამსგავსეთ (იცინის). მკვდარივით ეძინა, ვერაფერი გაიგო. ბოლოს, როგორც იქნა, გამოიღვიძა. ისეთი რეაქცია ჰქონდა... დაგვერია, მაგრამ რას დაგვერია... ძლივს გადავურჩით. ჩვენ კი კარგად ვიხალისეთ. არასდროს დამავიწყდება ეს დღე. ერთი ამბავი გამახსენდა ახლა. მოკლედ, ოჯახის წევრები ბათუმში ვიყავით დასასვენებლად. ერთ დღესაც გადავწყვიტეთ, რესტორან „ღელეღურდანში“ წასვლა, რომელსაც ძალიან აქებდნენ და ბათუმის გარეუბანშია. მართლაც ულამაზესი გარემო დაგვხვდა. გვშიოდა, შევუკვეთეთ გემრიელი საჭმელები და შემოვუსხედით მაგიდას. ერთი სული გვაქვს, როდის მოგვიტანენ საჭმელს და ვეცემით. გავიხედეთ, იქვე მიბმული იყო პატარა დათვის ბელი. მამაჩემი აფანატებს ცხოველებზე. მივიდა, მოეფერა, იმ ბელს დედა ეგონა და ლოკა და ლოკა. გამოიკითხა, საიდან მოხვდა აქ, რატომ მოსწყვიტეთ ასე პატარა დედასო. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ექვსი თვის ბელი იყო, რომელსაც „მიშკა“ დაარქვეს. პატარაობიდანვე მოსწყვიტეს დედას და აქ მოიყვანეს, ვინც ეფერება, დედა ჰგონიაო. მამაჩემს ისე აუჩუყდა გული, სულ ცრემლები აღვარღვარა და ვეღარ მოვაცილეთ იმ ბელს. მოგვიტანეს საჭმელი, ამ სცენის შემხვედვარემ დავკარგეთ მადა, გაცივდა კერძები, მამაჩემი კი მაინც იმ ბელს დასტრიალებდა. ბოლოს, წამოსვლის დროს, მაგარი სცენა იყო. მოკლედ, მამაჩემი ჩაეხუტა „მიშკას“, ეტყობა, ის მიხვდა, მიდის ჩემი გულშემატკივარიო – ეცა და არ უკბინა? გადავირიეთ. ძლივს ვიშოვეთ ბამბა-ბინტები და ასე გადაბინტული ჩამოვედით ბათუმში. საავადმყოფოში არ მივიდა და მთელი ღამე არ გვეძინა, ველოდებოდით როდის დაიწყებდა ღმუილს და ჩვენც დაგვერეოდა (იცინის). იმ დროს კი შოკირებულები ვიყავით, მაგრამ ახლა რომ გვახსენდება – მამაჩემის და „მიშკას“ გმირული „შერკინება“, მაგრად ვხალისობთ.
– შენი ახლობლები ამბობენ, ნანუკასთან ერთად მგზავრობა არ ღირს. ისეთი „პანიკიორია“ მტრისასო. მართალია?
– (იცინის). მართალია. ისე მეშინია მგზავრობის, ვერ აღგიწერთ. თვითმფრინავით თუ მიწევს მგზავრობა, ძალით თუ არ შემაგდეს სალონში, ჩემი ფეხით როგორ შევალ? რომ შევალ, ეგრევე ვიძინებ, ფრენის პროცესი რომ ვერ ვიგრძნო. ერთხელ, დედაჩემის დაქალი იყო ჩამოსული საქართველოში. ამერიკაში ცხოვრობს და იშვიათად ჩამოდის აქ. მოკლედ, ისე მოხდა, რომ დედაჩემმა მოუცლელობის გამო, ვერ ნახა. წასვლისას, დაურეკა და უთხრა, გული მწყდება რომ ვერ გნახე, არადა, რამდენი საჭორაო მქონდაო. მოკლედ, იმ დღეებში მოგვიწია მე და დედას უცხოეთში გაფრენა. ძლივს ხომ შემაგდეს თვითმფრინავში, იქ კი წავიფარე თავზე და ამოვუშვი ხვრინვა. ჩემს გვერდით ვიღაც იჯდა, იმასაც აფარებული ჰქონდა თვალებზე, ჩაფუთნული იყო და ეძინა. დედაჩემმა გამაღვიძა, საჭმელი ჭამეო. იმ ქალსაც გამოეღვიძა, მოიხსნა თვალებზე და რას ვხედავთ, ის დედაჩემის დაქალი არ არის? გადაირივნენ დაქალები. შუაში მე ვზივარ, დაიწყეს ლაქლაქი და იმდენი იჭორავეს, მთელი გზა ჯოჯოხეთი გამომატარეს (იცინის). არც დამაძინეს, თან შიშით ვკვდებოდი. ერთი სიტყვით, ეს მგზავრობა ერთ ტანჯვად მექცა, მაგრამ, თვითონ ისე გაერთნენ, ვის ახსოვდა იქ ჩემი შიში. ისეთი „პანიკიორშა“ ვარ გზებზე, რომ ვერ გეტყვით. ჩემთან ერთად მართლა არ ღირს მგზავრობა. მანქანაში რომ ჩავჯდები, მაშინვე ხომ ღვედს ვიკრავ, დაქაჩული მაქვს თვალები და დაძაბული აქეთ-იქით ვიყურები. „მის საქართველოზე“ რომ ვიყავით, ბათუმიდან მახინჯაურში წაგვიყვანეს ავტობუსით. მთელი გზა ჩავაშხამე გოგონებს. ცხრამეტი გოგოს ხელი ბეჭზე მედო და მაწყნარებდნენ, ნუ გეშინია, არაფერი მოგვივა, არ ინერვიულოო. მანქანაში, ღვედგადაკრული, გამოჭიმული ვზივარ ხოლმე და მეგობრები სულ დამცინიან ამის გამო.
– ის თუ არის მართალი, თითქოს სულ პატარა ზომის ფეხსაცმლით დადიხარ...
– სულ ეს პრობლემა მაქვს. ჩემი ფეხის ზომაა 40 და სულ პატარა ფეხსაცმელები მაცვია. რომელი ფეხსაცმელიც მომეწონა, ყველა პატარა ზომისაა. გიჟივით ვტენი ხოლმე ფეხს შიგ და თუ რომელიმეში ოდნავ მაინც ჩამივიდა, მის მოჭერას დავეძებ? ოცდათექვსმეტიც რომ იყოს, თუ მომეწონა, მაინც ვიზომებ და ვარ გაწამაწიაში. ამის გამო, სულ პატარა ზომის ფეხსაცმლით მიწევს გამოსვლა. პოდიუმზეც არაერთხელ მცმია პატარა ფეხსაცმელი და „კრივანკასავით“ გამოვსულვარ. ერთი სული მაქვს ხოლმე, სცენიდან როდის გავალ, რომ გავიძრო. ოჯახის წევრების ფეხსაცმელებს რომ დავერევი, უნდა ნახოთ, რა დღეში ვარ. სულ მეჩხუბებიან, რა არის, გაგვიწელე ფეხსაცმელები, წინდებით ხომ არ ვივლითო (იცინის). დამცინიან მეგობრები, სვანივით ხარო.
– სვანობა რა შუაშია?
– ანეკდოტია ასეთი: სვანი პატარა ზომის ფეხსაცმელებით დადის. ივლის ბევრს, ბოლოს გაიხდის და შვებით ამოისუნთქავს, აი, ნამდვილი კაიფიო (იცინის). ასე რომ, ძირითადად, მეც ასე სვანივით „ვკაიფობ“.