ბედის ტორეადორი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-6(476)
რაც კანონზომიერია, ის გარდაუვალიც არის. ადრე თუ გვიან, წრედი შეიკვრება და ყველაფერი თავის ადგილას დადგება. ბედისწერის შეცვლა, დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ და მათი ხვედრი ხშირად სულაც არ არის სახარბიელო. თუ ჯორდანო ბრუნოს ამბავს გავიხსენებთ, უფრო გასაგები გახდება, რა ხვედრზეა საუბარი. არა, ყველა გამორჩეულს ჯორდანოსავით კოცონზე არ წვავენ, მაგრამ, „თეთრი ყვავი“ გულზე მაინც არავის ეხატება, რატომ?! იმიტომ, რომ თეთრია და ამით ყველაფერია ნათქვამი. იყო ისეთი, როგორიც ყველაა – გაცილებით ადვილია, თუმცა, ნაკლებად სასიამოვნო. მაგრამ, რა დროს სიამოვნებაზე ფიქრია, როცა სასწორზე, შეიძლება, შენი სიცოცხლე აღმოჩნდეს დადებული...
***
ზურაბმა ყურმილი დაკიდა და სიძეს შეხედა:
– ჩემი ვარიანტი გამოირიცხა. თავს დავდებ, რომ ამ საქმეში მისი ხელი არ ურევია.
ლევანმა უნდობლად გადაიქნია თავი:
– რატომ უნდა დაგიჯეროთ?
– იმიტომ, რომ სიმართლეა. როდისღა უნდა დაიჯერო, რომ არ გატყუებ? ეს არ შედის ჩემს ინტრიგებში.
– ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა პასუხს თქვენგან არ ველოდი.
– ეგ რას ნიშნავს?
– იმას, რომ, თქვენი მოპარულია სურათი თუ არ არის თქვენი მოპარული, თავს ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავთ. აუცილებლად შეძლებთ, გამართლება მოუძებნოთ თქვენს ყველა მოქმედებას. მე რა ვქნა, ასე ბრმად დავიჯერო?
– ლევან, ჩვენ პრობლემები გვაქვს, სერიოზული პრობლემები. ვიღაცამ ცხვირწინ აგვაცალა ის, რაც ყველა კანონზომიერებით ჩვენი უნდა ყოფილიყო!
– კანონზომიერებებზე ნუ ვილაპარაკებთ, – ლევანმა ხელი ჩაიქნია, – რა არასერიოზულობაა!
– რა არის არასერიოზული, ლევან, ჭკუიდან მშლი? – ზურაბმა თავში იტაცა ხელები.
– რა კანონზომიერებებზეა ლაპარაკი? პრობლემა გაცილებით რეალური გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, მე უკვე ვხვდები, რომ მარტოს მომიწევს მოქმედება.
– არავითარ შემთხვევაში! მაშინ, წავაგებთ!..
– რას წავაგებთ? უკვე წაგებულ ბრძოლას, თანაც, მე არავის ვებრძვი. ყოველ შემთხვევაში, აქამდე არ მიმაჩნდა, რომ ვებრძოდი. უბრალოდ, იმის დაბრუნებაში გეხმარებოდით, რაც თქვენი საკუთრება იყო.
– არა, რა თქმა უნდა, არის კიდეც ჩემი საკუთრება! დიახ, ვაჩუქე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.
ლევანი შეიჭმუხნა:
– გულუბრყვილო, მიამიტი კაცის როლს ნუ თამაშობთ, ძალიან არ გიხდებათ. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან არ გამოგადგებათ. მოკლედ, მივხვდი, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა და ტყუილუბრალოდ დრო აღარ უნდა დავკარგო.
– ამას იმიტომ ამბობ, რომ არ მენდობი?
– მართალია, არ გენდობით. რატომ უნდა მოგატყუოთ? მე საერთოდ არავის ვენდობი, მაგრამ თქვენ – განსაკუთრებით.
– ლევან, ჩვენ კიდევ გვაქვს ნახატის დაბრუნების შანსი, – ზურაბს შეწუხებული, დათრგუნული სახე ჰქონდა, – ჰო, შანსი გვაქვს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთად ვიქნებით და ერთადაც ვიმოქმედებთ. ალბათ, ხვდები, რას ვგულისხმობ.
– არ ვიცი, არ ვიცი... – თავი გადააქნია ლევანმა.
– რა არ იცი, შეიძლება თუ არა ჩემი ნდობა?! სინჯე, დასაკარგავი მაინც არაფერია.
– აი, ეგ კი ზუსტად თქვით. დასაკარგავი მაინც არაფერია. აღარაფერი! მაგრამ, თუ სასწაული მოხდება და ნახატი გამოჩნდება, მაშინ...
ზურაბი თითქოს გამოცოცხლდა:
– ისე, არაფერია გამორიცხული. იმიტომაც გეუბნები, ერთი გუნდი უნდა ვიყოთ-მეთქი. საფრანგეთის პოლიცია, ალბათ, უკვე მუშაობს. აბა, გულხელდაკრეფილები ხომ არ ისხდებიან! ჩვენც ხომ არ წავაშველოთ ხელი?
– რას ნიშნავს, წავაშველოთ? – აიმრიზა ლევანი, – ისღა მაკლია, მინისტრმა კაცმა ბაცაცებს დავუწყო დევნა. შემიძლია, ნიკუშას დავურეკო და ვკითხო, რა ხდება – სულ ეს არის.
– კარგი, დავურეკოთ, რაღაცას მაინც გავიგებთ. ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნას, ეს გაცილებით ჯობია.
– დავურეკოთ, არა? მე დავურეკავ, ის ჩემი მეგობარია, თქვენი არსებობის შესახებ კი, უმჯობესია არაფერი იცოდეს. გირჩევნიათ, ისევ ჩემს სიმამრად დარჩეთ მისთვის, ვიდრე... – ლევანმა მრავალმნიშვნელოვნად შეხედა ცოლის მამას. ზურაბი გაფითრდა. მაშინვე მიხვდა, რისი თქმა უნდოდა სიძეს და, არც ის გამორჩენია მხედველობიდან, რას ნიშნავდა ლევანის გამოხედვა.
– შენ ხომ არ გგონია, რომ მე... – თქვა დამარცვლით.
– მე არაფერი არ მგონია, აბსოლუტურად არაფერი! აი, თქვენი ქალიშვილი კი, დიდი ხანია, სერიოზულად ფიქრობს ამაზე და ეჭვიც აწვალებს.
– რა ეჭვი, რა სისულელეა?! მე მხოლოდ ერთი შვილი მყავს, თინიკო! ის, რაც ჩემსა და ელენეს შორის იყო...
ლევანმა ხელის აქნევით შეაჩერა აღსარების არასათქმელად შემართული სიმამრი:
– არ მაინტერესებს. სერიოზულად გეუბნებით, ეს არ არის ჩემი პრობლემა და, თუ თქვენ არ მოინდომებთ, გპირდებით, არც გახდება.
– ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ, თუკი მოინდომებ, ყოველთვის შეძლებ, დამაშანტაჟო?
– დაგაშანტაჟოთ? თქვენ? – ლევანმა გაიცინა, – პატივცემულო სიმამრო, კიდევ ვერ გამიცანით. ყველაფერს თქვენი საზომით ჭრით და კერავთ. ეს თქვენი ხელობაა – ინტრიგები და შანტაჟები. ამიტომაც, ნუ გიკვირთ, რომ არ მჯერა თქვენი მოჩვენებითი გულახდილობის. თვალს არ მოგაშორებთ, თქვენი თითოეული ნაბიჯი მეცოდინება.
– ლევან, ნახატი ჩემგან დამოუკიდებლად გაქრა. დამიჯერე. თუმცა, შეიძლება, მეც მატყუებენ.
– ჰმ, სად პოულობთ მაინც ასეთ ნაძირალებს? წესიერ ხალხთან ურთიერთობა არ გიცდიათ?
– წესიერი ხალხი ძვირფას ნახატებს არ იპარავს, – პირქუშად შეეპასუხა ზურაბი.
– გეთანხმებით, მაგრამ წესიერი ქურდებიც არსებობენ.
– ორი მილიონი ძალიან ბევრია. ცდუნება დიდია, ვერავის დავუდგები თავდებად.
– ჰო, მართალია. მაშინ, მითხარით, რის გაკეთებას აპირებთ?
– ჯერ არ ვიცი. ერთად მოვიფიქროთ სამოქმედო გეგმა.
ლევანმა მხრები აიჩეჩა:
– რა გითხრათ. მე არ ვიცნობ იმ ადამიანს, ვისაც ეს საქმე დაავალეთ.
– მე გეტყვი მის ვინაობას. შენ პარიზში გადაფრინდები და ყველაფერს გადაამოწმებ.
– ჰმ, მშვენივრად მოგიფიქრებიათ, ვერაფერს იტყვი. მოცლილი გგონივართ? ხომ არ გავიწყდებათ, სამინისტროში რამდენი საქმე მაქვს? არა, ამისთვის ვერ მოვიცლი.
– მაშინ, ნახატზე აღარ უნდა ვიფიქროთ, – ხელი ჩაიქნია ზურაბმა, – და ბედს შევეგუოთ. მე რა, ცხოვრების ნახევარზე მეტი გავლილი მაქვს. თქვენთვის მინდოდა უზრუნველი მომავალი.
– მამა ხართ და თინიკოზე უნდა ფიქრობდეთ კიდეც, ეს თქვენი მოვალეობაა, მაგრამ, ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი გამდიდრებისთვის მოიკლავთ თავს.
– არ გინდა ასეთი ღვარძლი. შენ თიკას ქმარი ხარ და არც ის არის ისეთი ცოლი, შენგან რამე ჰქონდეს დამალული. მე ორივეზე ვზრუნავ.
– მაშინ, წადით საფრანგეთში.
– მე წავიდე? – განცვიფრდა ზურაბი.
– ჰო. ვითომ, რა გიჭირთ?! ამ საქმესაც გაარკვევთ და ძველ სიყვარულსაც გაიხსენებთ.
– არ გინდა ეს ირონია. მგზავრობას ვერ ვიტან. გულით ავადმყოფი ვარ და ფრენას ვერ გავუძლებ, მართლა. თუ არ გჯერა, ჩემს ექიმს ჰკითხე.
– კარგი. თუ დაიფიცებთ, რომ ნახატი თქვენ არ მოიპარეთ, მაშინ, ვეცდები, რამე მოვახერხო.
– ეს უკვე მეტისმეტია. მე ვთქვი, ვაპირებდი ამის გაკეთებას, მაგრამ ვიღაცამ დაგვასწრო. მეტად აღარ გავიმეორებ. შენმა უნდობლობამ და ეჭვიანმა მზერამ ძალიან დამღალა.
– კარგი. მე წავალ, – ლევანი დაფიქრდა და თითები მაგიდის ზედაპირზე აათამაშა, – შემთხვევით, ელენესთან ხომ არ გილაპარაკიათ პარიზში?
ზურაბი შეცბა და ხმადაბლა ჩაიბურტყუნა:
– არა. რატომ მეკითხები?
– ისე, უბრალოდ, დავინტერესდი. კიდევ ერთი რჩევაც: თქვენს ადგილას მე აუცილებლად დაველაპარაკებოდი თინიკოს და სიმართლეს ვეტყოდი.
– რა სიმართლეს?
– იმ სიმართლეს, რომლის მოსმენაც თქვენგან უნდა. კარგად ხვდებით, რასაც ვგულისხმობ.
– შენ რომ აუხსნა, რომ ცდება? – ზურაბი დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრია შვილთან საუბრის პერსპექტივას.
– მე უკვე ავუხსენი, მაგრამ მე მამამისი არ ვარ, ამიტომაც, დამაჯერებელი ვერ ვიქნები. მით უმეტეს, რომ დიდად არც მე მჯერა. კარგად ბრძანდებოდეთ. თუ რამე ახალს შევიტყობ, დაგირეკავთ და თქვენც იმავეს გირჩევთ.
ლევანის წასვლის შემდეგ ზურაბი დიდხანს იჯდა ჩუმად, ერთ უხილავ წერტილს მიშტერებული. ფიქრობდა. მერე საწერი მაგიდის უჯრაში გადამალული სიგარა ამოიღო და მოუკიდა. რამდენიმე წუთი ყოყმანობდა, დაერეკა თუ არა. ხარბად ისუნთქავდა სიგარის არომატულ კვამლს. ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო. ტელეფონის აპარატი თავისკენ მიიჩოჩა და ნომერი აკრიფა...
***
ჟანმა გაიღიმა და ნიკუშას თვალი ჩაუკრა:
– იცი, რა მინდა გითხრა, ჩემო მეგობარო: – ხომ გირჩევნია, ასე მოგმართო? – დედაშენის ქმარი ვარ და, წესით, მამობა უნდა გაგიწიო, მაგრამ თავს ვერც ერთი ვერ მოვიტყუებთ – ჩემნაირი მამა შენ არაფერში გჭირდება.
– თქვენ კი ჩემნაირი შვილი არ გჭირდებათ, – ვალში არ დარჩა ნიკუშა.
ჟანს პასუხად გაეღიმა:
– არა, საქმე ეს არ არის. მე ათი წელი მარტო ვცხოვრობდი პირველ და მეორე ქორწინებას შორის და ამ ხნის განმავლობაში რაღაც-რაღაცეები მეც ვისწავლე.
– ბევრი ვერაფერი, – დასცინა ელენემ და ჩაი მოსვა, – ასე რომ არ იყოს, მეორედ აღარ დაქორწინდებოდი, მით უმეტეს – ჩემზე.
– ელენ, მამაკაცების საუბარში ნუ ერევი, – ყასიდად გაუბრაზდა ქმარი, – მინდა, ნიკუშას ჩემი გამოცდილება გავუზიარო. ჩემი თავისუფლების ათი წელი, მე ვიტყოდი, ჩემი ფსევდო-თავისუფლების ათი წელი, რომელიც ძირითადად მსუბუქი ყოფაქცევის გოგონებს მივუძღვენი, დაკარგულად მიმაჩნია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ აქ ელენე ზის. მარტონიც რომ ვიყოთ, მაინც ამას ვიტყოდი. მამაკაცი არსად ისე კარგად, დაცულად და მშვიდად არ გრძნობს თავს, როგორც საკუთარ ოჯახში. ყველა მამაკაცს მხოლოდ ერთი ქალი სჭირდება სრული ბედნიერებისთვის, მხოლოდ ერთი. ისევე, როგორც ქალისთვის არის საკმარისი ერთი მამაკაცი.
ელენეს რომ შევხვდი, მაშინ ვიგრძენი, როგორ მენატრებოდა ოჯახი, როგორ მინდოდა, ჩემი მარტოობისთვის ბოლო მომეღო და როგორ უნიჭოდ ვიტყუებდი თავს.
– გინდათ, დამიმტკიცოთ, რომ მამაკაცები ისევე მიილტვიან ქორწინებისკენ, როგორც ქალები? – უფრო საუბარში ასაყოლად ჰკითხა ნიკუშამ.
– რა თქმა უნდა! ამაში ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი. მამაკაცები ზუსტად ისევე ოცნებობენ ბედნიერ ქორწინებაზე, როგორც ქალები. უბრალოდ, ამის ხმამაღლა თქმის რცხვენიათ. სულ ეს არის.
– იქნებ, ჯობდა, წიგნი დაგეწერა ამაზე?! – გაეხუმრა ელენე.
– ძვირფასო, წიგნი რა შუაშია! მე მინდა, ნიკუშა მივახვედრო, რომ მისი ოცნების ასრულების დროც მოვიდა, – ჟანმა ცოლს ხელზე აკოცა. მონ ამი, შენ ხომ გინდა, რომ ნიკუშამ ცოლი მოიყვანოს?
– მე მინდა, რომ ნიკუშა ბედნიერი იყოს, – თქვა ელენემ და შვილს თვალებში შეხედა, – ძალიან ბედნიერი. ამიტომ, ყველაფერში მხარს დავუჭერ, მის ყველა გადაწყვეტილებას მოვიწონებ.
– მე თბილისში მშვენიერი ქალი გავიცანი... – ჟანს მხიარულად აუციმციმდა თვალები.
– მართლა, ია როგორ არის? – ელენეს შუბლი გაეხსნა, – არ ვიცი, მაქვს თუ არა უფლება, გკითხო, რა ხდება თქვენ შორის?
ნიკუშამ ნიკაპი მოისრისა:
– არაფერი, არაფერი არ ხდება. გავაწვალე და ამით ყველაფერი დამთავრდა, რომ მკითხო, როდისმე მიყვარდა თუ არა, გიპასუხებ, მიყვარდა-მეთქი, მაგრამ, ახლა არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი. ია ძალიან კარგი გოგოა. არაჩვეულებრივი, ფანტასტიკური ცოლი და დედა იქნებოდა, მაგრამ...
– მაგრამ? – ელენემ ქმარს გადახედა.
– ჩვენ დროსა და სივრცეში ავცდით ერთმანეთს. თურმე, ასეთი რამეც ხდება. ყოველ შემთხვევაში, არ გამოვიდა ჩვენგან წყვილი და ეს არავის ბრალი არ არის.
– მარტოა?
– არ ვიცი.
– შენ გინდა, რომ ის ქალი შენ გვერდით იყოს?
– მე? – ნიკუშამ გაურკვევლად აიჩეჩა მხრები, – არ ვიცი. მარტო იასთან დაკავშირებით კი არა, საერთოდ არ ვიცი, რა მინდა. აი, ჩამოვედი – მერე?
– მერე, ჩვენ ერთად ვართ.
ნიკუშა შეიჭმუხნა.
– არა, შენ ვერ გამიგე. მე საკუთარი ადგილის პოვნა მინდა. ზოგჯერ მეჩვენება, რომ უკვე ძალიან გვიან არის.
– სულაც არა. მოიფიქრე, რისი გაკეთება გინდა აქ ან თბილისში, სულერთია, მაგრამ, ჯერ დაისვენე.
– იმდენი წელია, ვისვენებ და არაფერი გამიკეთებია... – ჩაილაპარაკა ნიკუშამ, – ჰო, მართლა, ლევანმა დამირეკა.
– ლევანმა? – ელენეს თითები აუთრთოლდა. წინა ღამით შემდგარი სატელეფონო საუბარი გაახსენდა...
***
ზარმა ჟანიც გააღვიძა. ადგომას და ტელეფონთან მისვლას აპირებდა, რომ ელენემ შეაჩერა. უსიამოვნო წინათგრძნობით შეპყრობილმა არჩია, თვითონ ეპასუხა. ქმარს მხარზე დაადო ხელი და გაუღიმა:
– იყავი. მე მივალ.
– ვინ უნდა იყოს ამ დროს?
– არ ვიცი. შეიძლება, ნომერი შეეშალათ. დაიძინე. აპარატს ახლავე გავიტან ოთახიდან.
– ელენე, თუ პოლიციიდან რეკავენ, დამიძახე!
– აუცილებლად.
ელენემ დერეფანი გაიარა, ბიბლიოთეკაში შევიდა, კარი შიგნიდან ჩაკეტა და ყურმილი აიღო.
– გისმენთ!..
– კარგია, რომ შენ მიპასუხე. ხედავ, როგორ ხვდები, რომ მე გირეკავ?! ეტყობა, ბოლომდე მაინც ვერ დამივიწყე.
– რა გინდა? დიდხანს ვერ დაგელაპარაკები. აქ ღამეა, მეძინა.
– გეძინა? ესე იგი, სინდისი სუფთა გაქვს... იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, შენ ადგილას მე ნამდვილად არ დამეძინებოდა.
– რა გინდა? მე არაფერ შუაში ვარ. სამწუხაროდ, ძარცვა მოხდა, ნახატი კი დაზღვეული არ იყო.
ყურმილში სიცილი გაისმა.
– გეუბნები, დამნაშავე არ ვარ-მეთქი. დაცვას ხომ ვერ დავუყენებდი. ვერც კი წარმოვიდგენდი ამას. ბოლოს და ბოლოს, შეწყვიტე ჩემი დაშინება. ჩემი შვილი ჩემთან არის და მე მას ვჭირდები.
– შენს შვილს ძალიან აინტერესებს, რა გახდა მამამისის სიკვდილის მიზეზი.
– მან იცის, რომ მამამისი გულის შეტევით გარდაიცვალა.
– როგორ არ გრცხვენია, ელენე? შენ გაუხეთქე ქმარს გული და ახლა ამის აღიარება არ გინდა. არა უშავს, ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვინც მას სიმართლეს ეტყვის.
ელენემ მკერდზე დაიდო ხელი. გული ხმაურით უცემდა, თითქოს დერეფნიდანაც ფეხის ხმა მოესმა...
– მომისმინე! გეყოფა, მე შენი არ მეშინია. მზად ვიყავი, მომეცა შენთვის ის ნახატი, იმიტომ არა, რომ დამაფრთხო შენმა მუქარამ. უბრალოდ, მინდოდა, მეჩვენებინა, რომ მათხოვარი ხარ. ჩემთვის ფული არაფერს ნიშნავს. იმ ნახატს სხვა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის და სიამოვნებით დაგიბრუნებდი სიმშვიდის სანაცვლოდ, იმის სანაცვლოდ, რომ აღარასოდეს გავიგებდი შენს ხმას.
– ელენე, მე არ ვხუმრობ. ნახატი მჭირდება! – ხმა გამკაცრდა და მრისხანე გახდა.
– ვერაფრით დაგეხმარები, – ელენე მიხვდა, რომ ერთი ნაბიჯიც არ უნდა დაეთმო, – იქნებ, საფრანგეთის პოლიციას მიმართო?
– დამცინი? არ გირჩევ, მე ცუდი გაბრაზება ვიცი.
– რა მენაღვლება, გაბრაზდი. ისე, პოლიცია დაინტერესდება ნახატის ახალი მეპატრონით.
– ნახატი მჭირდება, ელენე! – გაიმეორა ხმამ.
– გავიგე. მაგრამ, კიდევ გიმეორებ – მე ვერ დაგეხმარები-მეთქი, ვერა! აღარ დამირეკო!
– იძულებულს მხდი, ის გავაკეთო, რისი გაკეთებაც არ მინდა.
– გეყოფა. აღარ დარეკო! გაფრთხილებ, ერთი სიტყვაც რომ ჩააწვეთო ჩემს შვილს, ერთი შხამიანი სიტყვაც, ვერ გადამირჩები! ყველგან გიპოვი, სადაც უნდა იყო და სიკვდილს სანატრელს გაგიხდი.
– ოჰ, რა სიმამაცეა, რა შემართება! მაინც, რას მიზამ, მომკლავ?
– ამას მერე ნახავ! – ელენემ ყურმილი დაკიდა. მძიმედ სუნთქავდა, ნესტოებგაფართოებული და გაფითრებული. ტუჩები ოდნავ უთრთოდა. ჯიშიან ცხენს ჰგავდა, ნადირის სუნს რომ გრძნობს და გაფაციცებული ცდილობს, გამოიცნოს, სად არის ჩასაფრებული საფრთხე, რომ მერე ფლოქვებით შესდგეს მას და თავი გაუჩეჩქვოს.
საძინებელში ფეხაკრეფით დაბრუნდა.
– ვინ იყო? – ჰკითხა ჟანმა.
– ხომ გითხარი, ნომერი შეეშალათ-მეთქი. დაიძინე, საყვარელო!
– ხვალ დილით პოლიციაში უნდა მივიდე.
– რისთვის? – ელენეს ჯერ ისევ უთრთოდა თითები.
– ძალიან ნელა მუშაობენ. ვშიშობ, ნახატის პოვნას დიდად არ ჩქარობენ. თუ უკვე რომელიმე შეშლილი მილიონერი კოლექციონერის ხელშია, ვეღარც იპოვიან. დღის სინათლეს ვეღარასოდეს იხილავს, თუ რამე სასწაული არ მოხდა.
– იქნებ, ასეც ჯობდეს, – ჩაილაპარაკა ელენემ.
ჟანი გააოცა მისმა სიტყვებმა, მაგრამ ძალიან ეძინებოდა და აღარ შეკამათებია.
***
... ლევანი სახლში გვიან დაბრუნდა. თიკა საძინებელში არ დახვდა. რამდენიმეწუთიანი ძებნის შემდეგ ცოლს ბავშვის საძინებელში მიაგნო – შვილთან ჩახუტებული იწვა და მისი ხელი ლოყაზე ჰქონდა მიდებული. სენტიმენტები უცხო იყო ლევანისთვის, მაგრამ ამ სურათის დანახვამ გული აუჩუყა. შეეცოდა გასაღვიძებლად და ფეხაკრეფით აპირებდა ოთახიდან გამოსვლას, რომ ქალმა თვალები გაახილა:
– დამძინებია...
– ჰო. ძალიან საყვარლად გეძინათ დედას და შვილს, თვალი ვეღარ მოგაცილეთ.
– ჩუმად, ზუკა არ გააღვიძო. გადი და ახლავე გამოვალ. ალბათ, გშია.
– იყავი, მივხედავ ჩემს თავს.
თიკამ ფრთხილად გამოაცალა ხელი. ზუკა შეიშმუშნა, მაგრამ არ გაღვიძებია. ლევანი სამზარეულოში ყავას სვამდა. ცოლი რომ დაინახა, ყავადანს შეახო ხელი.
– დავასხა?
– არა, არ მინდა. რაღაც ვერ ვგრძნობ თავს კარგად.
ლევანმა ახლაღა შენიშნა ცოლის ჩამუქებული უპეები და ამღვრეული თვალები.
– ჰო, კარგად ნამდვილად არ გამოიყურები. ხომ არ გაცივდი?
– არა მგონია. გაციების სიმპტომები არ მაქვს.
– მაშინ, ალბათ, გადაიღალე. ბევრს ნერვიულობ და თავს საერთოდ არ უფრთხილდები.
– ჩემი ბრალი არ არის, რომ ვნერვიულობ. შენთვის რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ...
– მითხარი, რამე მოხდა?
– არა, არაფერი. იყავი მამაჩემთან? – თიკამ საუბრის თემა შეცვალა.
– ჰო, ვიყავი და ველაპარაკე. ისევ იმას იმეორებს, ქურდობასთან კავშირი არ მაქვსო.
– იქნებ, ასეცაა. მამაჩემი მატყუარა ნამდვილად არ არის. შეიძლება, ბევრი ნაკლი აქვს, მაგრამ, როცა საქმე ფულს ეხება...
– პატიოსანია, არა?! – აღარ დაამთავრებინა წინადადება ლევანმა.
– მე ეგ არ მიგულისხმია, – ეწყინა თიკას, – იმის თქმა მინდოდა, რადგან თავიდანვე გითხრა მაგ ნახატის ამბავი, ესე იგი, შენი გადაგდება, საქმიდან მოტეხვა არ უფიქრია.
– შენ ასე ფიქრობ?
– ჰო, და, არ უნდა ვცდებოდე.
– რომ აღიარა, ნახატის ქურდობა ნამდვილად შევუკვეთე, მაგრამ სხვამ დამასწროო?
– მერე, რა? ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ფულს არ მოგვცემდა. ჩვენ გარდა სხვა ვინ ჰყავს?
– არ ვიცი, არ ვიცი... დავიბენი და, რა ვიფიქრო, ვერ ვხვდები. ნიკუშასაც ველაპარაკე პარიზში.
– მართლა? – გამოცოცხლდა თიკა, – მერე, რა გითხრა?
– ჰმ, ხომ იცი, როგორია. ვერაფერი შევატყვე საიმისო, რომ ეს ამბავი ძალიან ადარდებდეს. ისე მშვიდად მელაპარაკა, თითქოს მის მილიონებზე არ იყოს საუბარი.
– ტირილს ხომ არ დაიწყებდა! მაინც, რა გითხრა?
– რა ვიცი. პოლიცია იძიებს, ჩვენ არაფერში ვერევითო.
– მართალია. რაში უნდა ჩაერიონ, თვითონ ხომ არ დაიწყებენ გამოძიებას?!
ლევანმა შუბლზე მოისვა ხელი:
– საეჭვოდ არ გეჩვენება ეს ამბავი? რაღა იმ დღეს მოიპარეს, როცა ნიკუშა უნდა ჩასულიყო? ზუსტად წინა ღამით მოიპარეს, ან, დილით ადრე. ვითომ, უბრალო შემთხვევითობაა? მე რომ არ მჯერა ასეთი დამთხვევების?
– შენ ფიქრობ, რომ დააჩქარეს ძარცვა?
– ეჭვი მაქვს.
– ლევან, ნიკუშას გამო ძარცვას არავინ დააჩქარებდა.
– ვითომ რატომ? ნიკუშას დედამისთან შერიგებით ქურდი მიხვდა, რომ ნახატი მალევე გაიყიდებოდა. თუ ის აქამდე არ აღმოჩნდა აუქციონზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ელენე შვილს ელოდებოდა.
– საყვარელო, ეს ჩვენ ვიცით, ფრანგი ქურდები ამას ვერ მოიფიქრებდნენ. ვერ დავიჯერებ, რომ ასეთ ინფორმაციას ფლობდნენ.
ლევანს ჩაეცინა:
– თინი, მართლა ასეთი გულუბრყვილო ხარ? თუ ეს უბრალო დამთხვევა არ ყოფილა, მაშინ, იმის ეჭვიც აღარ იარსებებს, რომ ნახატის გაქრობაში ქართველის, თანაც, ვიღაც შინაურის ხელი ურევია.
თიკას სახეზე გაოცება გამოესახა:
– შენ რა მაგარი ხარ?! როგორ მიხვდი?
– ამის მიხვედრას განსაკუთრებული ნიჭი და იურიდიული ფაკულტეტის დამთავრება არ სჭირდება. მით უმეტეს, რომ იურიდიული განათლებაც მიღებული მაქვს. მაგრამ როგორ გავარკვიო? იცი, რა ვიფიქრე? საფრანგეთში ხომ არ გაისეირნებდი?
– მე?
– ჰო. რა მოხდა? ჩახვალ და ნიკუშას ესტუმრები, დედამისსაც დაელაპარაკები.
– მე? რა სისულელეა? გამორიცხულია! ვერსად ვერ წავალ, ამაზე აღარ იფიქრო.
– რატომ? თუ გინდა, ზუკაც წაიყვანე. ფულს მოგცემთ. გაგიჟდება ბავშვი, ევროპულ „დისნეი-ლენდს“ რომ ნახავს.
– ვერ წავალ-მეთქი, არ შემიძლია!
– საყვარელო, არაფერი არ უნდა გააკეთო განსაკუთრებული. უბრალოდ, სტუმრად მიხვალ და ერთ-ორ შეკითხვასაც დასვამ. მორჩა, სულ ეს არის.
– არ შემიძლია-მეთქი, ცუდად ვარ. თან, აღარ მინდა მაგ საქმეში გავერიო. მით უმეტეს, ნიკუშასთან შეხვედრა აღარ მინდა, დედამისზე რომ აღარაფერი ვთქვა.
– თიკა, სულ ტყუილად იტანჯავ თავს, ნიკუშა შენი ძმა არ არის.
– შენ რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული?
– დარწმუნებული ვარ. მამაშენმა მითხრა.
თიკას ტუჩები აუკანკალდა:
– მამაჩემმა გითხრა? რაო, ჩემი შვილი არ არისო?
– ერთადერთი შვილი მყავს, თინიკოო. ეს ხომ ნიშნავს შენთვის რაღაცას?
თიკა დაფიქრდა და თავი გადააქნია:
– ახლა არ გამაგიჟო! როგორ არაფერს არ ნიშნავს? იცი, რაშია საქმე? კაცი ვერასოდეს იქნება დარწმუნებული იმაში, ვისია ბავშვი. მხოლოდ დედას შეუძლია, ზუსტად ამის თქმა. ამიტომ, მარტო ელენეს თუ დავუჯერებთ. მხოლოდ მას აქვს რაღაცის დამტკიცების უფლება. გესმის, რას ვგულისხმობ?
– მაკვირვებ, თინი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გინდა, ნიკუშა შენი ძმა აღმოჩნდეს.
– არ ვიცი, მინდა ეს თუ არა, მაგრამ, ნამდვილად არ მეწყინება.
– ამას ვხვდებოდი. ესე იგი, შენ მოკავშირედ არ გამომადგები.
ქალმა თავი გადააქნია. ლევანი მოიღუშა:
– ცუდია, ძალიან, ძალიან ცუდია. ერთადერთი, შენი იმედი შეიძლებოდა, მქონოდა.
თინიკომ თითქოს ვერ გაიგონა მისი სიტყვები:
– წავალ, დავწვები. ცოტა სუსტად ვარ. შენ არ იძინებ?
– ცოტა ხანს კაბინეტში ვიქნები, სამუშაო მაქვს.
ლევანმა დაჟინებული მზერით გააცილა ცოლი და ყავის ფინჯანს ჩააშტერდა. ეჭვი ტვინს უღრღნიდა. ვერაფრით ამოიგდო თავიდან იმაზე ფიქრი, რომ ქურდობა საგანგებოდ დააჩქარეს, რომ ნიკუშას პარიზში ჩასვლამდე მოესწროთ. „გამორიცხულია, ამაში ჩვენიანის ხელი არ ერიოს. გამორიცხულია! ჰო, საგანგებოდ იჩქარეს, რა თქმა უნდა! მაგრამ, ვინ, ვინ შეუკვეთა ქურდობა და სად არის ახლა ნახატი?..“ ლევანმა სიგარეტს მოუკიდა და ფანჯარასთან მივიდა. კარის ჭრიალმა მოახედა – ზღურბლზე თიკა იდგა.
– ცუდად ხომ არ ხარ? – ჰკითხა, შეშფოთებულმა, – ცუდი ფერი გაქვს.
– არა, კარგად ვარ. უბრალოდ, რაღაც გამახსენდა. შენ თქვი, რომ ქურდი ფრანგი რომ ყოფილიყო, მას ნიკუშასა და დედამისის ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია არ ექნებოდაო. მე ვიცნობ ერთ ფრანგს, რომელმაც ეს ყველაფერი ჩვენზე კარგად იცის.
– ვის გულისხმობ? – მაშინვე ვერ მიხვდა ლევანი.
– ჟანს, საყვარელო, ელენეს ქმარს. დაფიქრდი და მიხვდები, რომ სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის ამ სიტყვებში. ის აქ ჩამოვიდა და ქურდს ხელ-ფეხი გაეხსნა. აბა, ნახე, როგორ კარგად ეწყობა ყველაფერი?
– შეუძლებელია! ამაზე არ მიფიქრია... ჟანი? შენ გგონია, რომ...
– ჰო, რატომაც არა? ვინ არის ასეთი, რომ მასზე ეჭვი ვერ მივიტანოთ? რა იცი, რა ამოძრავებს... კი, ბევრი ფული აქვს. გრაფია და საგვარეულო ციხე-კოშკში ცხოვრობს, მაგრამ მისი ცხოვრების ჩრდილოვან მხარეებზე შენ არაფერი იცი. იქნებ, იგროკია და კაზინოში წააგო ფული? იქნებ, ელენე სწორედ მაგ ნახატის გამო შეირთო ცოლად?
– არა, არა, ეგ ვარიანტი გამორიცხე. ელენე მანამდე შეირთო ცოლად, სანამ იმ ნახატის ორიგინალობისა და ღირებულების ამბავი გაირკვეოდა. ხომ იცი, რომ ეს სრულიად შემთხვევით მოხდა, მამაშენმაც კი არ იცოდა. ჰო, მართლა, ხომ არ იცი, საიდან ჰქონდა მამაშენს ასეთი ძვირფასი ნახატი?
– წარმოდგენა არ მაქვს, – მხრები აიჩეჩა თიკამ, – საიდან უნდა ვიცოდე? ზურაბმა ის მანამდე გააჩუქა, სანამ მე დავიბადებოდი.
– მართალი ხარ, ეგ სულ დამავიწყდა. ჟანთან დაკავშირებით კი გავითვალისწინებ. ჭკვიანი გოგო ხარ, მე ამაზე საერთოდ არ მიფიქრია.
– ხედავ, რაღაც მეც შემძლებია! თან, არც იურიდიული განათლება მაქვს. შენ კიდევ ამბობ, მოკავშირედ არ გამომადგებიო.
– გეწყინა, საყვარელო?
– არა, მაგრამ პარიზში მაინც ვერ წავალ.
– ეს შენი ახირებაა?
– არა, მიზეზი მაქვს, სერიოზული მიზეზი, მაგრამ, ჯერ ამისი თქმის დრო არ მოსულა.
– ოჰო, მაინტრიგებ? ხომ იცი, რომ არ მიყვარს, როცა რაღაცას მიმალავ?
– არ გიმალავ, უბრალოდ, მე თვითონ მჭირდება დრო, რაღაცაში უნდა დავრწმუნდე. კარგი?
– კარგი, – ლევანი ცოლთან მივიდა და ლოყაზე აკოცა, – მაშინ, მე მომიწევს პარიზში ჩასვლა, იმიტომ, რომ მამაშენმაც უარი მითხრა – მგზავრობას ვერ ვიტანო.
– მე გეტყვი, ვინ უნდა გაუშვა.
– ვინ?
– დათო. მის ცოლს შანსი მიეცი, პარიზის მაღაზიებში იხეტიალოს და ქმარს შეუძლებელს შეაძლებინებს.
– ნათია სულელი, ჭირვეული გოგოა, თანაც – ორსული. არავითარი სურვილი არ მაქვს, იცოდეს ჩემი გეგმების შესახებ. მით უმეტეს, ნახატის თაობაზე ვერ ჩავაყენებ საქმის კურსში.
– არც არის საჭირო, მაგას საერთოდ არ ვეტყვი. უბრალოდ, „შემთხვევით“ ლაპარაკს მოვაყოლებ იმას, რომ ლევანს რაღაც საქმე აქვს პარიზში და სანდო ადამიანი სჭირდება, რომლის მოგზაურობის მთელ ხარჯებსაც თვითონ ფარავს-მეთქი. ნახავ, როგორ გააგდებს დათოს და თვითონაც უკან გაეკიდება.
– თინი, არ გვინდა, რა! ორსულია, არაფერი დაემართოს, თორემ მერე სინდისი არ მომასვენებს.
– რა უნდა დაემართოს? არაფერი აწუხებს, თავს არაჩვეულებრივად გრძნობს. პირიქით, მოუხდება კიდეც მოგზაურობა.
– არა, არა... დათო არ გამომადგება.
– პირიქით, სწორედ დათო გამოგადგება, დამიჯერე!
– კარგი, ჯერ კიდევ უნდა გადავწყვიტო. რადგან ასე მთხოვ, დათოზეც ვიფიქრებ, გპირდები. თუმცა, რატომღაც მგონია, რომ ამ საქმეში ქალი უფრო გამომადგება.
– მაგალითად?
– მაგალითად, იას გაგზავნა იქნებოდა კარგი, მაგრამ ვახოს ხვდება და ამაზე ფიქრს რომ ვიწყებ, ორივეს დახრჩობა მინდება.
– სისულელეა! – გაიცინა თიკამ.
– რა არის სისულელე?
– ის, რომ თითქოს ვახოს ხვდება ია და საყვარლები არიან. მე ამის არ მჯერა!
– რატომ არ გჯერა? ვახომ თავისი პირით მითხრა, დათოზე რომ აღარაფერი ვთქვა.
– რა გითხრა ვახომ, ის რომ ღამე იასთან დარჩა? მერე რა? ისინი მეგობრები არიან. ეს, შეიძლება, ნათიას გაუკვირდეს და კუდი გამოაბას, მე ასეთი სულელი არ ვარ. თანაც, ვახოს ვიცნობ კარგად.
– ეგ რა შუაშია?
– იმ შუაშია, რომ ვახო ძალიან ვაჟკაცურია, საკუთარ თავს არ აკადრებდა მასთან დაწოლას. გაუგონარი, სერიოზული შეცდომა დაუშვი.
ლევანს ენიშნა ცოლის სიტყვები:
– შენ ასე გგონია?
– კი არ მგონია, ასეა. თანაც ინტუიცია მკარნახობს, რომ ეგ შეცდომა დიდ პრობლემასაც შეგიქმნის. ასე რომ, გირჩევ, მალე გაარკვიო ვახოსთან ურთიერთობა და მერე იას პარიზში გაგზავნაზეც შეიძლება ფიქრი.
– თუ ტყუილად ვწვალობთ და ნახატი რომელიმე გიჟი მილიონერის კოლექციაშია?.. – მწარედ გაეცინა ლევანს.
– ეგეც არ არის გამორიცხული. მაშინ ერთი საშუალებაღა დაგვრჩება.
– რა საშუალება?
– დავიკიდოთ, – მიუგო თიკამ ღიმილით და კარი გაიხურა.
***
... ეჭვი ყველაზე ცუდი მრჩეველია. ისეთ გადაწყვეტილებას მიგაღებინებს, მთელს შენს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. უფრო სწორად, შენ თვითონ დააყენებ თავდაყირა საკუთარი ხელით და, ვეღარც იმას შეძლებ, სხვას გადააბრალო – იმან შემიყვანა შეცდომაშიო. მაგრამ, ეჭვთან ბრძოლაც ხომ არ არის ადვილი? თუ ერთხელ გულში და გონებაში შემოგეპარა, ისე უშვებს თავის საცეცებს, სანამ მიხვდები, რა ხდება, მანამ შეგიბოჭავს ხელ-ფეხს. ლაპარაკი არ არის მხოლოდ ცოლქმრულ, ბანალურ ეჭვიანობაზე. თუმცა ესეც არ არის უმნიშვნელო და ყურს იქით გასატარებელი. ერთი სიტყვით, ეჭვი ძალიან ცუდი რამეა, იმაზე ცუდი, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება, მოგეჩვენოთ. როგორ ძლიერადაც უნდა მოგქონდეთ თავი, როგორი შეუვალი და პრინციპულიც უნდა იყოთ, ეჭვი ისე გამოღრღნის თქვენს პიროვნებას, აღარაფერს დატოვებს მისგან. მერე, შეიძლება, ძალიან ბევრიც ინანოთ, მაგრამ ვეღარაფერს შეცვლით, ვეღარ ამოავსებთ იმ სიცარიელეს, რომელიც თქვენ გარშემო შექმენით.
***
ნიკუშამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და დედამისის ზურგს უკან გაჩერდა. ელენემ იგრძნო მისი დაჟინებული მზერა.
– ვიცი, რომ ჩემს პასუხს ელოდები. ვიცი, მაგრამ ცოტა დრო კიდევ უნდა მომცე. ძალიან გთხოვ, შვილო, იმიტომ არა, რომ შენი მოტყუება მაქვს განზრახული. უბრალოდ, მინდა, საკუთარ თავში დავრწმუნდე. ბევრი აღარ დამჭირდება, გპირდები...
ნიკუშამ მხარზე დაადო ხელი და ოდნავ მოუჭირა... და კიდევ ერთხელ გაიფიქრა, ამ ქალის გარეშე, ნეტავი, როგორ ვცხოვრობდიო...
გაგრძელება შემდეგ ნომერში