პროკურორი ექვსჯერ ნასამართლევი, 11-წელიწადმისჯილი მიშა შავაძისთვის 24-წლიან პატიმრობას ითხოვდა, სასამართლომ კი, ის დარბაზიდან გაათავისუფლა
ხუთი მუხლით ბრალდებული პატიმარი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. საქმე ეხება 32 წლის, წარსულში ექვსჯერ ნასამართლევ მიშა შავაძეს, რომელსაც 11 წელი ჰქონდა მისჯილი. მართლაც რომ კურიოზია, პროკურორს შავაძისთვის 11 წელი ძალიან ეცოტავებოდა და განაჩენს ზემდგომ სასამართლოში ასაჩივრებდა – სასჯელი 24 წლამდე გაუზარდეთო. თუმცა, პროკურატურამ საქმე პირწმინდად წააგო – შავაძე დარბაზიდან გაუშვეს. არანაკლებ საინტერესოა ის გარემოებაც, რომ 11 წელთან ერთად შავაძეს 15 ათასი ლარი ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული, მაგრამ ვინაიდან ციხეში თითქმის ორი წელი გაატარა, ის ჯარიმის გადახდისგანაც გაათავისუფლეს.
მძიმე დანაშაულებისთვის ბრალდებულ შავაძეს ბრალი ედებოდა – ქურდობაში, ყაჩაღობაში, მძევლად აყვანაში, ცრუ დასმენასა და ნარკოტიკების მოხმარებაში. ყველა ამ ბრალდებისთვის პროკურორი სასჯელად 24-წლიან პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლომ შავაძეს სულ რაღაც 11 წელი აკმარა. სასამართლოს ჰუმანურობისგან აღშფოთებულმა პროკურორმა განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მაგრამ სასამართლომ მისი მოთხოვნა არათუ დააკმაყოფილა, 11 წელს კიდევ ერთი წელი დაუკლო. პროკურორი კიდევ უფრო გაბრაზდა და უზენაეს სასამართლოში იდავა, მაგრამ საბოლოო ინსტანციაში სრული კრახი განიცადა – სამი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ პატიმარი დარბაზიდან გაათავისუფლა.
პატიმრობა მასწავლებლის ჩანთის ქურდობისთვის
უკანასკნელ პატიმრობამდე 32 წლის მიხეილ შავაძემ ციხეში რამდენიმე წელი გაატარა. ცხადია, იქ მეგობრებიც გაიჩინა და ერთ-ერთი მათგანი ვინმე ნოდარ ებანოიძე იყო. ციხიდან გათავისუფლებულებმა ურთიერთობები გარეთ ყოფნის პერიოდშიც გააგრძელეს და ერთ დღესაც ყოფილმა თანამოსაკნეებმა უბანში იქეიფეს. თუმცა, არ გაუმართლათ, ქეიფის დასრულებიდან ცოტა ხანში, ებანოიძე პოლიციამ დააკავა.
გამოძიების ვერსიით, 3 მარტს, დაახლოებით 17 საათზე, როდესაც ძველმა თანამოსაკნეებმა ანუ შავაძემ და ებანოიძემ ქეიფი დაასრულეს, საპირფარეშოში მოუნდათ გასვლა და შინ წასვლის ნაცვლად, იქვე მდებარე სკოლის საპირფარეშოში შესვლა არჩიეს. დერეფანში მიმავლებმა საკლასო ოთახში პედაგოგის ხელჩანთა შენიშნეს. საქმის მასალებით, შავაძემ საკლასო ოთახიდან ჩანთა მოიპარა, რომელშიც 15 ლარი, ლოცვანი და სხვა ნივთები, სულ 45 ლარად შეფასებული ქონება იდო. გამოძიება ამბობს, რომ შავაძემ ჩანთა ებანოიძეს გადასცა და თავად საპირფარეშოში შევიდა. თუმცა, ამ პერიოდში პედაგოგმა ჩანთის დაკარგვის შესახებ შეიტყო და პოლიცია გამოიძახა, რომელიც მაშინვე მოვიდა. პოლიციამ ებანოიძე სკოლაშივე დააკავა და პირადი ჩხრეკისას ქურთუკში დამალული ჩანთა უპოვა.
როდესაც შავაძემ შეიტყო რომ მისი მეგობარი დააკავეს, ვითარების გასარკვევად პოლიციაში მიაკითხა. იმ დროს ებანოიძე უკვე იკითხებოდა როგორც ეჭვმიტანილი. თუმცა, მან ქართული წერა-კითხვა კარგად არ იცოდა და პოლიციამ, როგორც მის ახლობელს – შავაძეს შესთავაზა, ნოდარ ებანოიძის ნაცვლად ჩანაწერები მას გაეკეთებინა. შავაძეც დათანხმდა და დაკითხვის ოქმში ჩაწერა, რომ ნოდარ ებანოიძე დუმილის უფლებას იყენებდა. ამ ჩანაწერის გაკეთების შემდეგ შავაძე შინ წამოვიდა, ებანოიძე კი პოლიციაში დატოვეს. როგორც ჩანთის მომპარავს, ბრალი ქურდობისთვის წაუყენეს.
ამ ამბიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, პოლიციამ შავაძეც დააკავა. ამის საფუძველი ნარკოტიკის მოხმარება გახლდათ. ნარკომომხმარებლები, როგორც წესი, ჯარიმას იხდიან, მაგრამ ვინაიდან შავაძეს ნარკოტიკის მოხმარებისთვის ჯარიმა უკვე არაერთხელ ჰქონდა გადახდილი, ამჯერად ციხეში უკრეს თავი და ამით დაიწყო მისთვის ბრალდებათა წაყენების „კორიანტელი“.
საქმე ისაა, რომ შავაძის დაკავებას, მისი ყოფილი თანასაკნელის, ნოდარ ებანოიძის გათავისუფლება მოჰყვა და რატომ: გამოძიებამ დაასკვნა, რომ, ვინაიდან ნოდარ ებანოიძის ნაცვლად ოქმში ჩანაწერი შავაძემ გააკეთა, ეს დანაშაული იყო და ამისათვის დოკუმენტის გაყალბებაში დასდეს ბრალი. მაგრამ, მოხდა ყველაზე მთავარი – გამოძიებამ მასწავლებლის ჩანთის ქურდობაშიც შავაძე დაადანაშაულა და ამის გამო ებანოიძე ციხიდან გაათავისუფლა.
ერთი სიტყვით, ნარკოტიკების მოხმარებისთვის, ანუ ერთი მუხლით დაკავებულ შავაძეს კიდევ ორი მუხლი დაემატა – დოკუმენტის გაყალბება და ქურდობა, მაგრამ ამ მუხლებს კიდევ ორი დაუმატეს – ყაჩაღობა და მძევლად აყვანა.
გამოძიების ვერსიით, დაკავებამდე თითქმის ორი წლით ადრე, შავაძემ ყაჩაღური გზით მანქანა გაიტაცა, რომელშიც მანქანის პატრონის ცოლიც იჯდა. გამოძიება ამბობდა, რომ იმ დროს, როდესაც მძღოლი მანქანიდან გადავიდა და სალონში მეუღლე დატოვა, შავაძე საჭეს მიუჯდა და მანქანა გაიტაცა. ამასთან, დიდი სიჩქარით მიმავალი, გატაცებულ ქალს, მოკვლით ემუქრებოდა. გამოძიების თქმით, დაახლოებით 700 მეტრის გავლის შემდეგ, გზაზე ორმო დახვდათ, რის გამოც შავაძე იძულებული გახდა მოძრაობა შეენელებინა და სწორედ ამით ისარგებლა მანქანაში მჯდომმა ქალმა – მანქანიდან გადმოხტა. შავაძემ კი მაინც გზა გააგრძელა და მიიმალა...
როგორ ჭამა სამართალმა პური
მოკლედ, 5 მუხლით ბრალდებულ შავაძეს სასამართლომ 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურორმა განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა და 24 წელს ითხოვდა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ საბოლოოდ, შავაძის 11 წელს 1 წელი ჩამოაკლეს და 10 დაუტოვეს.
პროკურორმა ბედი საბოლოო ინსტანციაშიც სცადა. ითხოვდა, რომ საქმე ახალი სასამართლოს შემადგენლობისთვის დაებრუნებინათ, რადგან სააპელაციო სასამართლომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი შავაძის ჩვენება გაიზიარა და პროკურორისა არაო. შავაძეც თავის მხრივ იგივეს ითხოვდა – ან გამამართლეთ, ან საქმე სხვა სასამართლოს მიეცით, რომ იმათ გამამართლონო. ირწმუნებოდა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ, მას ებანოიძემ ტყუილად დაადო ხელი. სასამართლოს ასევე სთხოვდა, რომ მისი ოჯახური მდგომარეობა გაეთვალისწინებინა, რადგან მისი მცირეწლოვანი შვილი, ნათესავებთან იზრდებოდა. მართლაც, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატამ მას ყველა ბრალდება მოუხსნა და პატიმარი გაათავისუფლა.
საქმე ისაა, რომ მანქანის გატაცების ეპიზოდში შავაძეს თავად გატაცებული ქალბატონი დაეხმარა. ქალი აცხადებდა, რომ პიროვნებას, რომელმაც ის მისი ქმრის ავტომანქანით გაიტაცა, შუბლზე ქუდი ჰქონდა ჩამოფარებული, ქურთუკის საყელოც ბოლომდე ჰქონდა აწეული და სახე კარგად არ უჩანდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ის დეტალურად აღწერდა გამტაცებლის გარეგნობას და ირწმუნებოდა, რომ მას ნახვის შემთხვევაში, აუცილებლად ამოიცნობდა, მაგრამ, როცა ქალბატონი ფაქტის წინაშე დადგა, მან შავაძის ამოცნობა ვერ შეძლო – კი ჰგავს, მაგრამ ეს ის პიროვნება არ არისო.
სამაგიეროდ, შავაძეს ხელი დაადო ქალბატონის მეუღლემ, ანუ მანქანის პატრონმა. ქმარი აცხადებდა, რომ მანქანა მას ნამდვილად შავაძემ გასტაცა, მაგრამ მას ცოლმა უმტყუნა. ქალბატონმა განაცხადა, რომ მის მეუღლეს არ შეეძლო შავაძის დანახვა, რადგან თვითონ უფრო ახლოს იყო გამტაცებელთან, ვიდრე მისი მეუღლე. ვინაიდან ცოლ-ქმრის ურთიერთგამომრიცხავი ეჭვის გარდა, სხვა მტკიცებულება არ იყო, პატიმარს ბრალდება მოეხსნა. ეს იმიტომ, რომ კანონით, ყოველგვარი ეჭვი განსასჯელის სასარგებლოდ წყდება.
რაც შეეხება პედაგოგის ჩანთის ქურდობას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ეპიზოდში მას ბრალი ებანოიძემ დასდო. მისი ჩვენების თანახმად, ვინაიდან შავაძეს ტუალეტში უნდოდა, ისინი სკოლის მეორე სართულზე ავიდნენ. ტუალეტში პირველი თვითონ შევიდა, ხოლო როცა იქიდან გამოვიდა, შავაძემ მას მოპარული ჩანთა მიაწოდა – დამიკავე, მალე გამოვალო, მაგრამ აღარ გამოჩნდა. ამ დროს კი, ერთ-ერთი საკლასო ოთახიდან ქალი გამოვარდა და ჩანთას ართმევდა. ებანოიძის თქმით, მან ჩანთა არ მისცა – ვინც ეს ჩანთა მომაბარა თვითონ საპირფარეშოშიაო. ჩანთა არც სასწავლო ნაწილის გამგეს მისცა. ბოლოს დირექტორის კაბინეტში შეიყვანეს, პოლიცია გამოიძახეს და დააკავეს.
შავაძეს სწორედ ამ მონაყოლის გამო დასდეს ბრალი. თუმცა, თავად შავაძე ირწმუნებოდა, რომ ის აბსოლუტურად უდანაშაულო იყო. მისი ჩვენების თანახმად, მას შემდეგ, რაც ერთად დალიეს, მეგობარს, ტუალეტში მოუნდა და სკოლის შენობაშიც ებანოიძე მარტო შევიდა. თვითონ სკოლის გარეთ ელოდებოდა და იქაურ უბნელს ელაპარაკებოდა. მისი თქმით, დაახლოებით, 5 წუთში ებანოიძე სკოლიდან გამოვიდა. უცებ კი პოლიციაც გაჩნდა და მისი მეგობარი მის თვალწინ დააპატიმრეს. თუ რატომ დააპატიმრეს, შავაძის თქმით, სწორედ ამის გასარკვევად წავიდა პოლიციაში. იქ მისულს პოლიციელებმა შესთავაზეს, ებანოიძის ნაცვლად ოქმში ჩანაწერი მას გაეკეთებინა...
მათი ჩვენებების გადასამოწმებლად სასამართლომ პედაგოგი და სხვა მოწმეები დაკითხა. დაზარალებული პედაგოგის თქმით, მოსწავლემ უცნობ კაცზე მიუთითა, რომელმაც მისი ჩანთა აიღო და სწორედ იმ დროს გარეთ გადიოდა. ამიტომ, თვითონ იმ კაცს გამოედევნა, თანამშრომლებს კი, პოლიციაში დარეკვა სთხოვა. პედაგოგის თქმით, ის კაცი ჩანთას არ აძლევდა – მე არაფერი მაქვსო. ამასობაში პოლიციაც მოვიდა და ორი მოქალაქის თანდასწრებით, ებანოიძეს ჩანთა ქურთუკის უბიდან ამოუღეს. ანალოგიური ჩვენებები მისცეს ჩხრეკის მოწმეებმაც და სასამართლომაც ებანოიძის, კი არა, პედაგოგის, ჩხრეკის მოწმეებისა და შავაძის ჩვენებები გაიზიარა. ამიტომ, სასამართლომ შავაძე ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, მაგრამ გაურკვეველი დარჩა ერთი გარემოება – რატომ ამხილა მეგობარმა მეგობარი?