რას მალავს მიშა ანდღულაძე თავის წარსულიდან
მიშა ანდღულაძის საოჯახო ალბომი საინტერესო კადრებით არის სავსე. მიშას დედა, ლალი ხომასურიძე, სტომატოლოგია, მამა, ბუხუტი ანდღულაძე – ინჟინერი. ჰყავს ოთხი წლით უფროსი იურისტი და უცოლო ძმა, დათო. მიშას ოჯახი გლდანში, მეცხრე სართულზე ცხოვრობს. კართან უცნაური მინი-წისქვილია დამონტაჟებული და პატარა სტომატოლოგიური კაბინეტიც აქვთ გახსნილი, რომელიც ოჯახის შემოსავლის წყაროა. მიშას ნაკლებად ცნობილ მხარეებზე დედამ და ძმამ გვიამბეს.
– ყველა ოჯახს აქვს თავისი საინტერესო ისტორია. მოდი, თქვენი და მიშიკოს მამის ქორწინებიდან დავიწყოთ.
ქალბატონი ლალი: მე 26 წლის ვიყავი, მიშას მამა, ბუხუტი ანდღულაძე - 33 წლის, რომ დავქორწინდით. პროფესიით სტომატოლოგი ვარ, ჩემი ქმარი კი – ინჟინერი. მოსკოვში დავამთავრე ინსტიტუტი და გროზნოში ვმუშაობდი – იქ ვიყავი განაწილებული. მერე თბილისში ჩამოვედი და ნათესავმა გაგვაცნო ერთმანეთი თავის ოჯახში. ბედის ამბავია, თორემ გარეგნულად არ იყო მიმზიდველი მამაკაცი.
– წარმოიდგენდით ოდესმე, რომ თქვენი შვილი ასეთი პოპულარული გახდებოდა და თქვენი ოჯახი ყველას ყურადღების ცენტრში მოექცეოდა? გაიხსენეთ მიშიკოს დაბადება.
– მიშიკო 1983 წლის 18 მარტს, პირველ სამშობიაროში დაიბადა. პირველი ვაჟი მყავდა და მეორე გოგო მინდოდა. საერთოდ, არ მქონდა გათვალისწინებული მეორე შვილის გაჩენა, იმიტომ რომ სამუშაოს დაწყებას ვაპირებდი, მაგრამ მიშიკო რომ არ დაბადებულიყო, შეიძლებოდა? მესამე აღარ გავრისკე, ვაითუ, ისიც ბიჭი იყოს-მეთქი. ბიჭები ძნელი გასაზრდელები არიან. უფროსი შვილი, დათო, უფრო დინჯი და ჭკვიანი იყო, მიშიკო კი ყველაფერს აფუჭებდა და შლიდა, რაც ხელში მოხვდებოდა – აინტერესებდა შიგნით რა იყო. დათო მიშიკოზე ოთხი წლით უფროსია და ამიტომ, როგორც უფროს ძმას, ყოველთვის ჰქონდა მასზე გავლენა. ეზოში ბიჭებთან ერთად თუ მიშიკო ჩხუბობდა, დათოც იქ იყო და ძმას იცავდა. ძალიან კარგი ძმობა აქვთ. მიშიკო, ყველაფერთან ერთად, ხიფათიანიც იყო – ხან ხელს იტეხდა, ხან – ფეხს. ბევრჯერ დაკარგულა. ერთხელ წყნეთში ვიყავით დასასვენებლად. საღამოს გარეთ ვისხედით და უცებ დამეკარგა. წავიდოდა სადღაც და რაღაცეებს ათვალიერებდა, ჩვენ კი გულგახეთქილები ვეძებდით. თავგადასავლების მქონე ბავშვი იყო.
– როგორ სწავლობდა?
– მეოთხე კლასამდე კარგად სწავლობდა. სკოლა რომ დაამთავრა, ჯერ სამხატვრო აკადემიაში უნდოდა ჩაბარება, რადგან კარგად ხატავდა ზეთის საღებავებში და ძერწავდა. რაღაც ფიგურებს გამოძერწავდა, თაბაშირში ჩადებდა და მის ასლებს აკეთებდა. მერე თავისი ნახატების გადაყრას აპირებდა და მე შევინახე. შემდეგ თეატრალურში უნდოდა, ბოლოს მითხრა, სტომატოლოგიურ კოლეჯში შემიყვანეო. იქ კარგად სწავლობდა, ხუთებზე დაამთავრა. ეს საქმე ახლაც კარგად გამოსდის. სხვათა შორის, შაბათ-კვირას მოდის და ერთად ვმუშაობთ. სწავლის პერიოდში უნივერსიტეტის „კავეენში“ მოხვდა, იქიდან – „ღამის შოუში“. იმიტაციის უნარი ბავშვობიდან აქვს. ხან ვის აჯავრებდა, ხან – ვის. ცოტა ხანს კარატეზეც იარა.
– ქალბატონო ლალი, მიშიკო თქვენ გგავთ თუ მამას?
– გარეგნულად უფრო მე, ჩემს ძმას და მამაჩემს გვგავს. ჩემი ქმრის ბებია იუმორით სავსე ქალი იყო, ძალიან ართობდა ბავშვებს. იუმორის ნიჭიც, ალბათ, მისგან გამოჰყვა. ჩემს მამამთილს მუსიკისა და ხატვის საოცარი ნიჭი ჰქონია, რაც მიშიკოსაც გადაეცა შთამომავლობით – მუსიკა უყვარს და ოცნებაც აიხდინა ელექტროგიტარა იყიდა. სამწუხაროა, რომ ბაბუა ვერ მოესწრო შვილიშვილებს – 28 წლის ასაკში გარდაცვლილა. ბავშვების მოვლაში დედაჩემი მეხმარებოდა. მერე ბაღში შევიყვანე და ცოტა ამოვისუნთქეთ. ზაფხულობით გურიაში ჩავდიოდით. ერთხელ მიშიკომ ჭაში მასტიკა ჩაასხა და მერე ერთი კვირა იმ ჭის ამორეცხვას მოვუნდით. მიშიკო დედაჩემს ძალიან აბრაზებდა, ერთი წუთით არ ასვენებდა, „მებოქსავეო“, – ეუბნებოდა. ისიც აჰყვებოდა ხოლმე – ხელთათმანებს გაიკეთებდნენ და „ბოქსაობდნენ“. საერთოდ, მიშიკო არ არის გახსნილი, ყველაფერს არ ამბობს, მაგრამ ჩემთან ყოველთვის მეგობრულად იყო. დღესაც ყველანაირ თემაზე ვსაუბრობთ. ბავშვობაში როგორი ფიცხიც იყო, ისეთი აღარ არის.
– დათო, ალბათ, შენც გაქვს რამე გასახსენებელი მიშიკოზე.
დათო: ჩვენ შორის, ასაკობრივი სხვაობის გარდა, არანაირი განსხვავება არ არის. ჩვენს ძმობაში პირველ ადგილზე უბრალოება დგას. ნიჭიერება გაკვირვებს ადამიანს, უბრალოება კი ბედნიერებას განიჭებს. მართალია, მასზე უფროსი ვარ, მაგრამ სულ ერთად ვიყავით, ერთნაირი აზრები და გეგმები გვქონდა. მაიმუნობა უყვარდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დასასვენებლად წავიდოდით. ოთხი წლის იყო, ტელევიზორი რომ დაამტვრია და შიგ შეძვრა. როგორ გადარჩა, ზედ რომ არ დაეცა, არ ვიცი. სოფელში მეზობელმა აივანი შეღება. ეს კი მიიპარა და სხვაფრად გადაუღება. ასეთ რაღაცეებს ხშირად აკეთებდა. მე უფრო დამთმობი ვიყავი, როცა ვჩხუბობდით. უფრო გონივრულად შემეძლო, გამეთვალა, თუმცა გონიერება არც მიშას აკლდა. დათა თუთაშხია რომ ამბობს – ჩვენს საკეთებელს ჩვენი ძმობა ჯობიაო – ასე ვიყავით და ვართ. როცა მას რაღაც უჭირს და პრობლემა აქვს, ძალიან განვიცდი და პირიქით. როგორიც იყო, ისევ ისეთია ჩემს თვალში, არ შეცვლილა. 9 წლის იყო, სიგარეტის მოწევა რომ დაიწყო. შემთხვევით აივანზე გავედი და ვხედავ ეწევა, მაგრამ არ გამიცია. მასაც შეეძლო, ჩემი რომელიმე არასწორი საქციელი გაეცა. პიონერთა ბანაკებშიც ერთად ვიყავით. ერთი თვე მანგლისში წაგვიყვანეს. მშობლები ჩამოდიოდნენ და გვნახულობდნენ, საჭმელი მოჰქონდათ. ჩხუბისთავი იყო, უმიზეზოდ ვიღაცეებს აუშარდებოდა. არ უყვარდა დამორჩილება, არავის ემორჩილებოდა. ძილის დრო რომ მოდიოდა, ბრაზდებოდა – დაძინებას ვერ იტანდა. ეზოში დიდებთან დაიწყებდა ჩხუბს და მერე ტირილით ამოდიოდა სახლში. ყოველთვის ვიცავდი. მამაჩემს მიშიკო ძალიან უყვარს. ერთხელ თქვა: კარი ჩამოტეხა, მოვიდა და ისე საყვარლად მითხრა, გავაფუჭეო, ვერ გავუჯავრდი, გამეცინაო. სულ ის აფუჭებდა და მე მბრალდებოდა.
– ქალბატონო ლალი, გამოდის, რომ მიშიკო უფრო ძნელად აღსაზრდელი ყოფილა, ვიდრე დათო.
ქალბატონი ლალი: ექსკურსიებზე აუცილებლად მივყვებოდი. თვითონაც იხსენებს, ერთადერთი მშობელი იყავი, ვინც ყველგან მოდიოდაო. „კავეენზეც“ დავყვებოდი. მე და დათო არ ვაცდენდით არც ერთ კონცერტს. ადრე „შაბათის შოუზეც“ მივყვებოდით.
– დათო, შენ არ გქონია სურვილი, მასთან ერთად სკეტჩებში გეთამაშა და ცნობილი სახე გამხდარიყავი?
დათო: ორი ფაქტორია: შეიძლება, იყო პოპულარული, მაგრამ არ იყო დიდი ადამიანი, მაგრამ, თუ დიდი ხარ, მაშინ პოპულარობას არ ანიჭებ უპირატესობას. როცა შენს საქმეს ალალად აკეთებ, ეს ადამიანებში პატივისცემას და სიყვარულს იწვევს. მისი პოპულარობა ჩემთვის საამაყოა. მსიამოვნებს, რომ უფრო გაიზარდა. ისე, სხვები უფრო ტრაბახობენ ჩემი ძმით, ვიდრე – მე. მიშა იდეების ნაკლებობას არ განიცდის. იქ, სადაც სიცარიელეა, ხალისი შეაქვს.
– ძმები ერთმანეთს თუ უმხელდით, ვინ მოგწონდათ და გიყვარდათ?
– მე და მიშა ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით. მეოთხე კლასში იყო, შეყვარებული რომ ჰყავდა. თუმცა ეს, ალბათ, უფრო მეგობრული ურთიერთობა იყო. მერე კოლეჯში შეუყვარდა ვიღაც მოდელი. ესეც ხანმოკლე აღმოჩნდა. იმ გოგომ უთხრა, როგორც მეგობარი, ისე მიყვარხარო. არ იყო საჭირო რამის თქმა, ისედაც ყველაფერი შესამჩნევი იყო. ბევრი ლაპარაკი მე უფრო ვიცი, ვიდრე მან. ზოგჯერ იმ გოგონების სურათები მოჰქონდა სახლში, ხან ტელეფონზე საუბრობდა მათთან.
– კმაყოფილი ხართ შვილების პროფესიული არჩევანით?
ქალბატონი ლალი: მიშიკოს რაც მოსწონს და სიამოვნებს, იმას აკეთებს. ძალიან მინდოდა, თანამდებობის პირი ყოფილიყო. უნივერსიტეტი, სახელმწიფო მართვის ფაკულტეტი დაამთავრა. სიამოვნებით ვუყურებ მის სკეტჩებს. კასეტები გვაქვს და, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ჩავრთავ და მაშინვე კარგ ხასიათზე ვდგები. ძალიან უხდება თავის როლებს. ყველაფერში რაღაც თავისთვის გამოსადეგ მომენტს იჭერს. შეიძლება, ჩვენს ოჯახშიც იყო ხოლმე ისეთი სიტუაციები, რასაც თამაშობს. რაც შეეხება დათოს, იურისტია. ის ყოველთვის ანალიტიკური პროფესიისკენ იყო მიმართული.
– როცა ოჯახში ბიჭი იზრდება და ჯარში წასვლის დრო უწევს, მშობლები ძალიან განიცდიან და ფიქრობენ, როგორ დაიხსნან ამ სიტუაციიდან. ალბათ, თქვენც განიცდიდით.
– მიშიკო ჯარში, პოლიციის აკადემიაში იყო ერთი წელი, პარალელურად, კოლეჯში სწავლობდა. საყვირზე უკრავდა ორკესტრში. ზოგჯერ ძმები ერთად უკრავდნენ: მიშიკო – საყვირზე, დათო – გიტარაზე. კარგად ერთობოდნენ. ხშირად ერთად გამოსულან კონცერტებზე. არც მიშიკოს უნდოდა ჯარში და არც მე, რადგან ძალიან ცუდი კვება იყო, მაგრამ ცოტა უკეთეს ადგილზე მოხვდა. ორთვე-ნახევარი კარანტინში იყო და მერე გაუშვეს მანდ. ვერ იტანდა ფორმის ჩაცმას. ჩექმები იმდენად უჭერდა, რომ დაუჩირქდა და ორი დღით წამოსვლის უფლებასაც არ აძლევდნენ. მერე მე გავათავისუფლებინე. იქ ვმუშაობდი სტომატოლოგიურ კაბინეტში.
– რძლით კმაყოფილი ხართ თუ უმცროსი შვილისთვის თვითონ გინდოდათ ვინმე შეგერჩიათ?
– კოლეჯში ერთი გოგო მოსწონდა, მაგრამ მარი რომ ვნახე, უფრო მომეწონა. სურათი მოგვიტანა და მითხრა, ჩემი შეყვარებულიაო. მერე ფილარმონიაში კონცერტზე გამაცნო. კმაყოფილი ვარ, ყველანაირად მშვენიერი გოგოა. ფშავში მარის ოჯახს აგარაკი აქვს და ზაფხულობით იქ ადიან. იქ დაიწერეს ჯვარი ეკლესიაში. ოჯახის წევრები ვიყავით მხოლოდ. ეზოში დიდი კაკალი უდგათ და იქ გაშალეს სუფრა. მიშიკოს ძალიან უყვარს ის ადგილი.
– დათო, შენ რატომ არ ბაძავ ძმას და არ ირთავ ცოლს?
დათო: ცოლის მოყვანა დიდი პრობლემა არ არის, უბრალოდ, შენ ვისთანაც კარგად და თავისუფლად გრძნობ თავს, ის გინდა, რომ მოიყვანო. ყველა თავის გულისსწორს ირჩევს. ისეთებიც იყვნენ, ვისაც მოვწონდი და მე არ მომწონდა, თუმცა არასოდეს არავისთვის მიტკენია გული. თვითონ უფრო მატყუებდნენ – ისეთ რაღაცეებს აკეთებდნენ, რომ მოტყუებული ვრჩებოდი.
– დათო, სახლის კართან საინტერესო მინი-წისქვილი გაქვთ. მისი დადგმის იდეა ვის მოუვიდა და როგორ იყენებთ?
– ეს ქვა მამაჩემმა ტყიბულიდან მაშინ ჩამოიტანა, პურის შოვნა რომ ჭირდა და დიდი რიგები იყო. ან შეგხვდებოდა პური, ან – არა. მახსოვს, რკინიგზის სადგურიდან სახლამდე ხელით მოვაგორეთ, არაფერი ტრანსპორტი არ იყო. ლიფტში რომ ჩავდეთ, კინაღამ ჩავვარდით, გადატრიალდა და მიშას დაეცა ფეხზე. მერე მამაჩემმა შეკრა და ავამუშავეთ. ოჯახშიც გვადგება და სხვებსაც ვუფქვავთ. დიდი შემოსავლის წყარო არ არის, მაგრამ, მაინც... ბევრჯერ დავაპირეთ აღება. მამაჩემი ლიფტების მექანიკოსიც არის. ესეც ჩვენი ოჯახის დამატებითი შემოსავლის წყაროა. დენთან აქვს საქმე და ძალიან სახიფათოა. რამდენჯერ დამწვარა სახეზე.
– დათო, როგორც ვიცი, რამდენიმე წლის წინ მიშას ავარია მოუხდა. იმ დროს შენც იქ იყავი?
ოთხი წლის წინ მიშას გერმანიიდან მანქანა ჩამოუვიდა. მე, მისი მეგობარი და მიშა წავედით წამოსაყვანად. მცხეთიდან რომ მოვდიოდით, საშინელი ავარია მოგვივიდა. საბედნიეროდ, გადავრჩით, მიშამ ხელი მოიტეხა, მე – ფეხი. მეორე მანქანის მთლიანი თანხა სულ იმ ადამიანმა დაფარა, ვინც საჭესთან იჯდა.
ეკა პატარაია