როდის ჩნდებიან გარდაცვლილი ადამიანების სილუეტები ფოტოზე და რაზე მიგვანიშნებს გაძლიერებული ინტუიცია
ნებისმიერი ადამიანისთვის სიტყვას უდიდესი ენერგეტიკული ძალა აქვს. ამიტომ, უნდა აკონტროლოთ ყოველი სიტყვა, აზრი და ემოცია. ასევე, განსაკუთრებულ ენერგეტიკას ატარებს ფოტოსურათი და მასზე დაკვირვებით, შეიძლება, ბევრი თქვენთვის საჭირო და სიცოცხლისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიტყოთ. დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარია ბატონი ვალერი, რომელიც უკვე წლებია, ზემოთქმულ თემებზე მუშაობს, ენერგეტიკულ-ეზოთერული ცოდნა კი წლების წინ მოსკოვში მიიღო.
ვალერი: სიტყვას უდიდესი ძალა აქვს და, ეს, ალბათ, ბევრმა თქვენგანმა საკუთარ თავზეც დასცადეთ. ის გარკვეული ენერგეტიკის მატარებელია და უდიდესი ზემოქმედებაც შეუძლია. გეტყვით იმასაც, რომ ძალა არა თვითონ წარმოთქმულ სიტყვას აქვს, არამედ იმ ენერგეტიკას, რაც მას მოჰყვება. ენერგეტიკულ საკითხებზე შესაბამისი ცოდნა მოსკოვის ერთ-ერთ ეზოთერულ ცენტრში შევიძინე. იქ მაშინ ძალიან დიდი ინტერესი იყო მისტიკური, ეზოთერული და ენერგეტიკული საკითხების მიმართ. ჩვენთან კი იმ დროს ამ თემებზე რომ გესაუბრათ, გიჟად შეგრაცხავდნენ (იცინის).
– ბატონო ვალერი, ამბობენ, თუ ადამიანი ემოციის გარეშე საუბრობს, მის სიტყვებს არანაირი ენერგეტიკული ძალა არ აქვსო. თქვენ რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
– გეტყვით, რომ, რაც მეტია ადამიანის ემოციური ფონი, რაც მეტად გაბრაზებული საუბრობს ადამიანი, მით მეტ ენერგეტიკას ატარებს სიტყვა. ამ დროს მას მეტად დიდი ზემოქმედებაც შეუძლია სხვა ადამიანებზე. ამიტომ ვამბობ, უნდა დაფიქრდეთ, სანამ რამეს იტყვით და სხვას შესჩივლებთ საკუთარ გასაჭირს. ხომ გაგიგიათ გამოთქმა – სიტყვით გათვალულიო. ეს, იცით, რას ნიშნავს? როცა ადამიანს ეტყვით, მაგალითად, თბილად ჩაიცვი, თორემ გაცივდები; დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვი, თორემ ფეხს იღრძობ; ან, მაგალითად, მანქანა არ გაგიფუჭდეს გზაში, ფრთხილად იყავიო. ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც ამბობს: საკმარისია, ასე მითხრან, რომ ზუსტად ის შემემთხვევა, რაზეც ყურადღებას მიმახვილებენო. ეს არის სიტყვით გათვალვა. ჯობია, გულში თქვათ: ნეტავ ფრთხილად იყოს ესა და ეს, ნეტავ არ გადაუბრუნდეს ფეხი ან ნეტავ მანქანა არ გაუფუჭდესო. ეს მას კი არ გათვალავს, პირიქით დაიცავს კიდეც საფრთხისგან. არ დამავიწყდება, ბავშვობისას დედამ სოფელში ჩამიყვანა და ბებიაჩემთან დამტოვა. თვითონ მუშაობდა და სკოლის არდადეგები იქ უნდა გამეტარებინა. ბებია, სულ კუდში დამდევდა, ეშინოდა, არაფერი მომეწია. მოკლედ, ეზოში დიდი კაკლის ხე იდგა. მომინდა მასზე ასვლა, უფრო სწორად იქიდან მინდოდა დამენახა, მოედანზე ბავშვები იყვნენ თუ არა ფეხბურთის სათამაშოდ შეკრებილები. რომ ავდიოდი, ბებიაჩემმა მომკრა თვალი, გამოვარდა გიჟივით, დადგა ხის ძირში და დაიწყო: ახლა რომ ჩამოვარდე, ხელი რომ მოიტეხო... ახლა რომ ფეხი დაგიცდეს, თავით რომ გადმოეშვა... რა გინდა მანდ, სად მიბობღავ, დედამიწაზე ვეღარ ეტევიო? ერთი სიტყვით, ჩაირთო. არადა, ძალიან მოქნილი ბავშვი ვიყავი და ხეზეც არაერთხელ ავსულვარ. დამიცდა ფეხი, ჩავეჭიდე კაკლის ტოტს, ხმელი ყოფილა, მოტყდა და დავეშვი მიწაზე. მართლაც, ფეხი მოვიტეხე. ის სიმწარე რომ მახსენდება, ახლაც ტანში მზარავს. ახლა ვხვდები, რომ იმ დროს ისეთი ენერგეტიკული ძალა ჰქონდა ბებიაჩემის სიტყვებს, ისეთი ემოციით იყო წარმოთქმული და ისე გავითვალე სიტყვით, რომ ზედმიწევნით ამიხდა მისი სავარაუდო ნათქვამი. ბევრ ადამიანს კი, ექსტრემალურ სიტუაციაში, ინტუიციური ხაზი ეხსნება და წინასწარ იცის, სულ მალე რაც მოუვა, მაგრამ ვერაფერს შეცვლის. ერთი მეზობელი მყავს. ამას წინათ მესტუმრა და მითხრა, შენთან საუბარი მინდაო. დავსხედით. დაიწყო მოყოლა: აღარ ვიცი, რა ვქნა, მგონი, სიგიჟეები მეწყება, რამდენიმე წუთით ან საათით ადრე ვხვდები, რაც მელოდება. ამას წინათ პურის მაღაზიაში მივდიოდი, ჩემს წინ გოგონა მიდიოდა. შევხედე და გავიფიქრე, ნეტავ არ გადავიდეს გადასასვლელზე-მეთქი. არ გასულა ორი წამი, რომ მანქანის მუხრუჭების ხმა გავიგე, მოვტრიალდი და – ის გოგონა ძირს ეგდო. გადასვლისას მოძრაობის წესი არ დაურღვევია, მაგრამ მანქანა გიჟივით გამოვარდა და დაეტაკა. საბედნიეროდ, გადარჩა, მაგრამ სასწრაფოს მანქანით გასისხლიანებული და დალეწილი წაიყვანესო. მოკლედ, ასეთი უამრავი ფაქტი მიამბო. სიმართლე გითხრათ, ინტუიციის ზედმეტად გაძლიერების გამო ალბათ ბევრი ჩვენგანი დაფიქრებულა, მაგალითად, სკოლაში, სანამ მასწავლებელი გაგიძახებდათ, წინასწარ გიფიქრიათ, ახლა მე გამიძახებსო, ან სტუმარი მოვაო და კარზე ზარი ყოფილა, ანუ, ამხდარა თქვენი გაფიქრებული. ეს ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება და ამ დროს თქვენი ინტუიცია ზენიტშია. სხვათა შორის, ზოგს ინტუიცია მეტად აქვს განვითარებული, ზოგს – ნაკლებად. ეს მემკვიდრეობით ფაქტორადაც შეგვიძლია მოვიაზროთ. თუმცა, ამ საკითხზე ეზოთერიკოსები, მეცნიერები და მედიკოსები ბევრს დავობენ. ანუ, ეს ჯერ კიდევ კვლევის საგანია.
– გამიგია, ხშირად წინასწარმეტყველური მინიშნებები ფოტოსურათზეც ჩნდებაო. თქვენი აზრით, ეს სიმართლეა?
– როგორ არა, ესეც სიმართლეა, ოღონდ, ამ შემთხვევაში მეტად დაკვირვებული თვალი და მეხსიერებაა საჭირო. ნებისმიერი ჩვენგანი უფრთხილდება საოჯახო ალბომს, რომელშიც უამრავი ნაცნობისა და ოჯახის წევრის ფოტო ინახება. ეს ფოტოები ადამიანების ენერგეტიკული ასლია და მისი ხშირად დათვალიერებისას უამრავ შეუცნობელ ინფორმაციას ვიღებთ. ზოგჯერ ფოტო თვალით უხილავ სამყაროსაც აფიქსირებს. ამ უცნაურობას ეზოთერიკოსები და მეცნიერები უკვე წლებია, სწავლობენ. შესაძლოა, ერთ დღესაც, კარგად დააკვირდეთ ფოტოს და მასზე ისეთი ადამიანი აღმოაჩინოთ, რომელიც სურათის გადაღებისას იქ არ იმყოფებოდა, ან, სულაც, გარდაცვლილი იყო. როგორც გითხარით, ეს მოვლენა დღემდე შეუსწავლელი და ამოუცნობია და, ჩემი აზრით, ვერც ვერავინ შეძლებს მსგავსი ფაქტების ამოხსნას. თავად გახლავართ მსგავსი ამბის მომსწრე. ძველი ფოტოალბომი შენახული მქონდა, მას არც კი ვათვალიერებდით. ახალ ფოტოებს ახალ ალბომში ვინახავთ და მას კი ხშირად ვათვალიერებთ ხოლმე ოჯახის წევრები, გამოსაჩენ ადგილასაც გვიდევს. მოკლედ, ორი წლის წინ ნათესავი მესტუმრა. ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით და ბევრი ფოტო გვაქვს ერთად გადაღებული. ძველი ამბები გავიხსენეთ და მთხოვა, მოდი, ალბომი დავათვალიეროთ, ბავშვობის ფოტოები ვნახოთო. გადმოვიღე ალბომი, მივუსხედით მაგიდას და დავიწყეთ თვალიერება. ერთ ფოტოს დააკვირდა ჩემი ნათესავი და მითხრა, ვალერი, ეს სურათი რომ გადავიღეთ გუშინდელი დღესავით მახსოვს, მაგრამ ვეფხია მაშინ უკვე გარდაცვლილი იყო და აქ როგორ მოხვდაო. გამოვართვი ფოტო და გავოცდი. ის ფოტო სწორედ მაშინ გადავიღეთ, როცა ვეფხია დაახლოებით სამი-ოთხი წლის გარდაცვლილი იყო. არადა, ფოტოზე აშკარად ჩანდა მისი გამოსახულება, მე კი ეს ადრე არასდროს შემიმჩნევია. ასეთი რამე გამოგეპაროს ადამიანს, ხომ არ შეიძლება? მაშინ დავფიქრდით ორივე, მაგრამ ამას ახსნა ვერ მოვუძებნეთ. ჩემმა ნათესავმა კი მითხრა, გული კარგს არ მიგრძნობს, თან, მგონი, გარდაცვლილის ფოტოზე გამოჩენა კარგის ნიშანი არ უნდა იყოსო.
– თქვენ რა უპასუხეთ?
– ვერაფერი ვუთხარი. რომ წავიდა, კარგა ხანს ვაკვირდებოდი ფოტოს და ვერაფრით ამომეხსნა ეს ფაქტი. მოკლედ, რამდენიმე თვის შემდეგ, იმ ჩემს ნათესავს მოურჩენელი სენი აღმოაჩნდა და რამდენიმე კვირაში დალია სული. აი, მაშინ კი გავიფიქრე, იმ ფოტოზე გარდაცვლილი მეგობარი თურმე ამაზე მიგვანიშნებდა და ჩვენ აზრზეც კი ვერ მოვედით-მეთქი. რომ დავასაფლავეთ საწყალი, ისევ გადმოვიღე ალბომი და, სასწაული ის იყო, რომ ფოტოზე ადრე გარდაცვლილი მეგობარი აღარ ჩანდა. კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა. დიდი ფიქრის შემდეგ ერთი დასკვნა გამოვიტანე: ფოტო ნამდვილად ინახავს ადამიანის ენერგეტიკას და ზოგჯერ მასზე ისეთი უცნაური რამ ჩნდება, რაც საშიშროებაზე მიგვანიშნებს. საერთოდ, ფოტოსურათზე მთლიანად იკითხება ადამიანის აურა, რადგან მასზე ეთერული შრე ძალიან მკაფიოდ აისახება. ასე რომ, ზოგჯერ სურათი წინასწარ ცუდ, ზოგჯერ კი კარგ ამბავს გვიწინასწარმეტყველებს. ძლიერ ენერგეტიკულ ველს შეუძლია, მატერიალიზება მოახდინოს, რაც შემდგომ გარკვეული ფორმით აისახება ფოტოზე. წარმოიდგინეთ, წლების წინ გარდაცვლილმა ძმაკაცმა იმქვეყნად იგრძნო მეგობრის გასაჭირი და მისი სილუეტი ფოტოზე ამიტომაც აისახა.