ბარაკ ობამას კენიელმა მამიდამ ამერიკაში პოლიტიკური თავშესაფარი ვერ მიიღო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მამიდამ, ზეითუნი ონიანგომ ბოსტონის სასამართლოს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს მიაღწია. ეს მისი მეორე მცდელობაა მას შემდეგ, რაც ქალბატონმა ყურადღება არ მიაქცია დადგენილებას მის დეპორტაციაზე, რომელიც 2004 წელს გამოიტანეს.
ონიანგო ბარაკ ობამას აწ გარდაცვლილი მამის ბიძაშვილია. ის სასამართლოში ინვალიდის სავარძელში მჯდომი გამოცხადდა და ორ-ნახევარი საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას. 57 წლის ონიანგოს მხარეს ორი ექიმი წარმოადგენდა. მათ მიუთითეს მის ხეიბრობაზე, იმაზე, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება კენიაში „ტომობრივი ძალადობის“ გამო, მაგრამ ეს სასამართლოსთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. სხდომის ბოლოს მოსამართლემ, ლეონარდ შაპირომ ადვოკატებს 30 დღე მისცა, რათა წარმოადგინონ საბოლოო არგუმენტები. შემდეგი მოსმენა 25 მაისისთვისაა დაგეგმილი.
ონიანგოს სასარგებლოდ სასამართლოს გადაწყვეტილება ბედის საჩუქარი გახდება ოპოზიციისთვის, რომელიც პრეზიდენტის იმიგრაციული რეფორმის პროექტის წინააღმდეგ გამოდის. დეპორტაცია კი პრეზიდენტს გულგრილი ადამიანის რეპუტაციას შეუქმნის და მისი იმიგრაციული პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა მხრიდან კრიტიკას გამოიწვევს. საქმე ისაა, რომ ობამას საარჩევნო კამპანიის დროს, მისი დადებული პირობის თანახმად, 2009 წელს უნდა მიეღო კანონი 12 მილიონი უკანონო იმიგრანტის თანდათანობითი ლეგალიზაციის შესახებ, თუმცა დაპირება ჯერ არ შეუსრულებია.
ონიანგო ამერიკაში 2000 წელს ჩავიდა და სასამართლოს ორი წლის შემდეგ მიმართა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა 2008 წლის ნოემბრის დასაწყისამდე არ იცოდა თავისი მამიდის არალეგალური სტატუსის შესახებ. „ჩვენ ვაცხადებდით და ახლაც ვაცხადებთ, რომ ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა რობერტ გიბსმა და დაამატა, რომ არც ობამა და არც მისი ოჯახი, არავითარ იურიდიულ დახმარებას არ უწევს ონიანგოს. ონიანგომაც დაადასტურა, რომ ობამასთვის არავითარი დახმარება არ უთხოვია და მასთან გაწყვეტილი აქვს ყოველგვარი კავშირი.