ვისზე ახორციელებდა სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ნიკარაგუის პრეზიდენტი დანიელ ორტეგა და რატომ ჰპირდებოდა ის თავის ამომრჩეველს ძროხებს და ღორებს
ის არის ერთადერთი სახელმწიფოს პრეზიდენტი, რუსეთის ფედერაციის შემდეგ, რომელმაც სეპარატისტული რეჟიმების მიერ მართული აფხაზეთის და ეგრეთ წოდებულ „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. ხოსე დანიელ ორტეგა საავედრა, ნიკარაგუის პრეზიდენტი და 1979 წლის სანდინისტური რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედი, რუსეთის დიდი მეგობარი და, ვენესუელის ლიდერის უგო ჩავესისა და ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის მსგავსად, ანტიამერიკული პოლიტიკის მიმდევარია. ამ ფაქტების გათვალისწინებით, საინტერესო იქნება გავეცნოთ დანიელ ორტეგას ცხოვრების მეტ-ნაკლებად სკანდალურ და ბევრისთვის უცნობ დეტალებს
1 - დიქტატურასთან ბრძოლა ორტეგების საოჯახო ტრადიცია გახლდათ. დანიელის მამა ანტისამთავრობო სამხედრო დაჯგუფებების მებრძოლი იყო, ხოლო დედა რამდენიმე წლის განმავლობაში ციხეში იჯდა, რადგან მეუღლისგან დაშიფრულ სასიყვარულო ბარათებს იღებდა, რომლებსაც ნიკარაგუის სპეცსამსახურები პოლიტიკურ კონტექტსტში განიხილავდნენ. სომოსას დიქტატორულ რეჟიმთან ბრძოლა დანიელ ორტეგამ სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო. 1962 წელს ის სანდინისტური გამათავისუფლებელი ფრონტის მებრძოლი გახდა და მონაწილეობდა მთავრობის წევრების წინააღმდეგ მოწყობილი ტერაქტების ორგანიზებაში. კერძოდ, 1967 წლის 23 ოქტომბერს მის მიერ ჩატარებული ტერორისტული აქტის შედეგად სომოსას მთავრობის „ნაციონალური გვარდიის“ უფროსი ლაკაიო ლიკვიდირებულ იქნა. იმავე წელს ორტეგა დააპატიმრეს და შვიდი წლის განმავლობაში სისასტიკით განთქმულ მანაგუას „ტიპიტაპეს“ ციხეში იჯდა. 1974 წელს ორტეგა კუბაზე გაიქცა, საიდანაც 1978 წელს დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა ანტისამთავრობო მოძრაობას, რომლის შედეგად 1979 წელს ნიკარაგუაში მოხდა სანდინისტური რევოლუცია და პრეზიდენტ სომოსას მთავრობა დაემხო.
2. 1979 წელს დანიელ ორტეგა სათავეში ჩაუდგა ნიკარაგუის რეკონსტრუქციის მთავრობას და 1980 წლიდან საბჭოთა კავშირის და კუბის დახმარებით, ქვეყანაში სოციალიზმის აშენებას დაუდო სათავე. საბჭოთა კავშირისგან ორტეგამ დახმარების სახით 125 მილიონი ამერიკული დოლარი, თ-54 ტიპის 50 ტანკი და 250 სამხედრო მრჩეველი მიიღო. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნიკარაგუის სანდინისტურ რეჟიმს დიპლომატიური დახმარებაც გაუწია. 1980-1990 წლების განმავლობაში დანიელ ორტეგამ სახელმწიფოს საწარმოთა 2/3-ის ნაციონალიზაცია მოახდინა, დაანგრია ეკონომიკა, გაზარდა საგარეო ვალი და ინფლაციის ტემპი. გარდა ამისა, მისი პოლიტიკის მოწინააღმდეგეებთან, ეგრეთ წოდებულ კონტრასებთან ბრძოლაში დაიღუპა 30 ათასი ნიკარაგუელი, რაც სამ მილიონიანი მოსახლეობისთვის შემზარავი ციფრია. 1990 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, დანიელ ორტეგას პრეზიდენტობასაც დაესვა წერტილი. 1990 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს პროამერიკელმა პოლიტიკოსმა გაიმარჯვა. ამის შემდეგ ვერავინ იფიქრებდა, რომ 2006 წელს დანიელ ორტეგა კვლავ პრეზიდენტი გახდებოდა.
3. ახლახან რუსულ პრესაში დაიბეჭდა ცნობილი რუსი პოლიტტექნოლოგის, ბორის ელცინის იმიჯმეიქერისა და პირადი კონსულტანტის, ასევე დანიელ ორტეგას არჩევნების საკითხებში მრჩევლის, იგორ მინტუსოვის ინტერვიუ. მინტუსოვი 1996 და 2001 წლებში დანიელ ორტეგას საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა და მისი თქმით, ორტეგა არჩევნების პერიოდში ისეთ პოპულისტურ პოლიტიკას ეწეოდა, რუსეთის პროვინციებში რომ კარგად მუშაობს. მაგალითად, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის მოსახლოებას ჰპირდებოდა სერტიფიკატების გადაცემას, რომელთა საფუძველზე მისი ამომრჩეველი მიიღებდა ძროხას, ღორს და სათესლე მასალას. გარდა ამისა, ყოველი ოჯახი მიიღებდა ათასი დოლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას. მინტუსოვი იხსენებდა, რომ უცნობი იყო, თუ საიდან უნდა მოეტანა ამდენი ფული ორტეგას, სამაგიეროდ, ნიკარაგუის გაჭირვებულმა მოსახლეობამ დაიჯერა დაპირებების და 2006 წელს ორტეგა პრეზიდენტად აირჩია.
4. „კაგებეს“ მაიორის ვასილი მიტროხინის პირადი არქივების მიხედვით, დაზვერვის ისტორიის მკვლევარმა, ინგლისელმა კრისტოფერ ენდრიუმ ორი წიგნი გამოსცა „ფარი და მახვილი“ და „კაგებე“ – ბრძოლა „მესამე“ მსოფლიოსთვის“. მიტროხინი 30 წლის განმავლობაში მუშაობდა „კაგებეს“, საგარეო დაზვერვის სამსახურში. დიდ ბრიტანეთში გადაბარგების შემდეგ, მან თან წაიღო საარქივო მასალები, რომელთა მიხედვით ენდრიუმ სკანდალური წიგნების გამოცემა მოახერხა. კერძოდ, წიგნიდან ცნობილი გახდა, რომ დანიელ ორტეგა „კაგებეს“ ოფიცრებთან თანამშრომლობდა და მათი უშუალო ჩარევით ხდებოდა სანდინისტური რევოლუციის ორგანიზება. დანიელ ორტეგა არაოფიციალურ შეხვედრებზე „კაგებეს“ ოფიცერ ნიკოლაი ლეონოვთან ერთად სანდინისტური მოძრაობის გეგმებს განიხილავდა. კრისტოფერ ენდრიუს ვერსიით, დანიელ ორტეგა „კაგებეს“ პროექტი იყო, რომელიც მას ამერიკასთან ბრძოლაში სჭირდებოდა.
5. ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ ერთი მილიარდი დოლარი სთხოვა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ცენტრალურ ამერიკაში ნარკოტიკების სავაჭრო ქსელთან ბრძოლის წამოწყებისთვის. სააგენტო „ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, ორტეგამ ოფიციალურად მიმართა ამერიკის სენატს, რომ თანხა გამოუყონ შვეულმფრენების, კატერებისა და რადიო-სალოკაციო მოწყობილობების შესაძენად. ცნობილია, რომ ნარკოტიკების დიდი ნაწილი კოლუმბიიდან, ცენტრალური ამერიკის გავლით, ხვდება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და ამ ტრაფიკის მოსპობას გეგმავდა ორტეგა. მიუხედავად იმისა, რომ ორტეგა ირწმუნებოდა, ჩემს თხოვნას გაგებით მოეკიდნენ ამერიკაშიო, ოფიციალურ ვაშინგტონს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ამ საკითხთან დაკავშირებით.
6. 1986 წელს ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ამერიკის შეერთებული შტატები დამნაშავედ სცნო საერთაშორისო სამართლის დარღვევასა და ნიკარაგუის სუვერენიტეტის შებღალვაში. ამერიკა ეგრეთ წოდებული „კონტრასების“ მხარდაჭრეაში ამხილეს და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ არ განსაზღვრა ჯარიმის ოდენობა, დანიელ ორტეგას მთავრობამ ზარალი გამოთვალა და ამერიკას 17 მილიარდი დოლარის გადახდა მოსთხოვა. 1990 წელს მოსულმა ახალმა მთავრობამ უარყო ორტეგას მოთხოვნები და ამერიკასთან კონსტრუქციული ურთიერთობის წამოწყება დაიწყო. მაგრამ, მას შემდეგ რაც 2006 წელს დანიელ ორტეგა კვლავ გახდა ნიკარაგუის პრეზიდენტი, სკანდალურმა ლიდერმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტად არყოფნის პერიოდში, ჯარიმის „მრიცხველი“ ჩართული იყო და დღევანდელი დღის მონაცემებით, ამერიკა ვალდებულია ნიკარაგუას 49 მილიარდი დოლარი გადაუხადოს. ოფიციალური ვაშინგტონი არანაირ კომენტარს არ აკეთებს ამასთან დაკავშირებით.
7. დანიელ ორტეგამ გადაწყვიტა ნიკარაგუის კონსტიტუციის შეცვლა და ამასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტა. ვენესუელის პრეზიდენტის უგო ჩავესის, ბოლივიის პრეზიდენტის ევო მორალესის და ეკვადორის მეთაურის რაფაელ კოერას მსგავსად, ორტეგასაც მოუნდა პრეზიდენტად არჩევის განუსაზღვრელი ვადის დაკანონება და რეფერენდუმის ჩატარება სწორედ ამას უკავშირდება. ნიკარაგუის ამჟამინდელი კონსტიტუციის თანახმად, ერთ პირს არ შეუძლია, ზედიზედ ორჯერ კენჭი იყაროს პრეზიდენტობაზე. საინტერესოა, რომ მსგავსი წინადადებით გამოვიდა ჰონდურასის პრეზიდენტი მანუელ სელაი და 2009 წლის ივნისში პრეზიდენტის ინიციატივით უკმაყოფილო ოპოზიციამ, სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა.
8. ნიკარაგუის განათლების ყოფილმა მინისტრმა, კათოლიკური კოლეჯის რექტორმა უმბერტო ბელიმ ნიკარაგუის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის, კარდინალ მიგელ ობანდო ბრავოს დასჯა მოითხოვა. კარდინალმა კათოლიკური ეკლესიის კანონების დარღვევით, ერთად აზიარა დანიელ ორტეგა და მისი მეუღლე. კანონიკური სამართლის მიხედვით, განქორწინებულებს და ხელმეორედ დაქორწინებულებს ეკრძალებათ, ზიარების საიდუმლო პროცესში მონაწილეობა. დღემდე არ არის ოფიციალურად ცნობილი, დაწერილი აქვთ თუ არა ჯვარი დანიელ ორტეგას და მის მეუღლეს – პოეტ როსარიო მურილიოს, რომელთანაც დანიელ ორტეგას ექვსი საერთო შვილი და ერთი გერი ჰყავს.
9. რუსეთსა და ნიკარაგუას შორის არსებული თითქმის ოცწლიანი დუმილის შემდეგ კი, მას მერე, რაც ნიკარაგუამ აღიარა აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა, პრეზიდენტი ორტეგა მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა და საფუძველი დაედო ნიკარაგუელი და რუსი ხალხის მეგობრობას. პრეზიდენტი მედვედევი ორტეგას „ამხანაგ დანიელად“ მიმართავდა ოფიციალურ შეხვედრებზე, ხოლო ორტეგა დიდი რუსეთის პატარა პრეზიდენტს ასე მოიხსენიებდა: „ჩემი ძმა, ამხანაგი და პრეზიდენტი დიმიტრი“. რუსეთმა თავის თავზე აიღო ნიკარაგუის ეკონომიკის აღმშენებლობა და პირველი, რაც მათ გააკეთეს, ეს არის „გაზის“ ტიპის 130 ავტობუსის გადაცემა მანაგუას მუნიციპალიტეტისთვის. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის საელჩო ნიკარაგუაში თავის თავზე იღებს აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეების ინტერესების დაცვას ნიკარაგუის ტერიტორიაზე. სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნიკარაგუამ და რუსეთმა გააუქმეს სავიზო რეჟიმი და ამიერიდან რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია იმგზავროს ცენტრალურ ამერიკაში.
10. რამდენიმე წლის წინ დანიელ ორტეგა სექსუალურ სკანდალში გაეხვია. მისმა გერმა, ზოილამერიკა ნარვაეზ მურილიომ ნიკარაგუის ადამიანთა უფლებების დაცვის კომისიაში 47-გვერდიანი დოკუმენტი წარადგინა, სადაც დეტალურად აღწერდა თუ როგორ ახორციელებდა დანიელ ორტეგა მასზე სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას 20 წლის განმავლობაში. ზოილამერიკას მტკიცებით, ორტეგა მასთან დაწოლას აიძულებდა. მასალებიდან ცნობილი გახდა, რომ დანიელ ორტეგამ თავისი გერი პირველად 11 წლის ასაკში გააუპატიურა. დაკავებისგან ორტეგა მისმა სადეპუტატო მანდატმა დაიცვა, ხოლო პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ამ თემაზე ლაპარაკიც კი აიკრძალა.
უშანგი რუხაძე