რატომ არის „ბალმაინის“ ქალი აგრესიული და ცოტა თავხედი
თუ შენ „ცხელი გოგო“ ხარ, ჩაიცვი „ბალმაინი“! წლების წინათ, მოდის სახლს, რომელიც პიერ ბალმაინის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა, ეს ეპითეტი ნამდვილად არ უხდებოდა. ყველაფერი „ბალმაინის“ ახლანდელმა კრეატიულმა დირექტორმა და ქალის ხაზის დიზაინერმა, კრისტოფერ დეკარნინმა შეცვალა. პიერ ბალმაინის დროს მოდის სახლი ძალიან ქალურ, კლასიკურ და მდიდრულ სამოსს ქმნიდა. იმ პერიოდში პიერს „ფრანგული მოდის მეფეს“ უწოდებდნენ და ის სამოსს ნამდვილი ვარსკვლავებისთვის ქმნიდა. „ბალმაინთან“ იმოსებოდნენ ავა გარდნერი, ბრიჯიტ ბარდო და სხვები. მათი ჩაცმის ნატიფი და ულტრამდიდრული სტილი სწორედ პიერის დამსახურება იყო. თუმცა, წლების განმავლობაში უამრავი რამ იცვლებოდა. პიერ ბალმაინის შემდეგ მოდის სახლის ხელმძღვანელობა წილად ხვდა ერიკ მორტენსენს, ბალმაინის „მარჯვენა ხელს“. შემდეგ იყო ოსკარ დე ლა რენტა, რომელმაც თავისი სერიოზული კვალი დაამჩნია მოდის სახლს, თუმცა მისი კლასიკური და „ძვირად ღირებული“ მიმდინარეობა არ შეუცვლია. მოკლედ, „ბალმაინის“ სათავეში მოვიდა კრისტოფერ დეკარნინი, რომელმაც ის უფრო თანამედროვე და ხისტი გახადა. „ბალმაინის“ გოგო დღეს „ცხელია“.
პარიზის მოდის კვირეული „ბალმაინმა“ გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექციით გახსნა, რომელიც მოდის სამყაროსთვის ადრენალინის ტყვიად იქცა. ადრენალინის შოკიდან გამოსულებმა კი ნამდვილი კოლექცია დაინახეს, სადაც საკმაოდ დიდი დოზით იყო წარმოდგენილი ბრჭყვიალა, „ბლინგ-ბლინგ“ და როკ-შიკის ელემენტები, ვინტაჟური ქურთუკები მადონას სტილში. გოგოსთვის, რომელიც წამით შეიხედავდა ჩვენების კულისებში, დაინახავდა მოწნულ გარდერობს, რომელიც მას, როგორც იალქნიან ნავს, ისე ჩაატარებდა ოთხმოციანი წლების ამერიკასთან.
მოხარშული და ქვით ნახეხი ჯინსები, მეტალის სამხრეები, კრისტალებისა და სხვადასხვა ქვის ღილები, კაბები, რომლებსაც ბანდაჟის ტიპის ქვედა ნაწილი აქვთ, თინეიჯერული „პაჩკები“, მაღალქუსლიანი სანდლები – ამ კოლექციით ყველა „ავთარ ფართის“ ოცნებაა ახდენილი. ამ ტიპის ბრწყინვალე, ენერგიით სავსე გოგონა მოდაში ჯანი ვერსაჩემ ჯერ კიდევ ოთხმოციანი წლების ბოლოს შემოიყვანა. აღსანიშნავია, რომ ამ სტილმა ჯანის რეპუტაცია ცოტა შელახა, მაგრამ მისი პოპულარობა არნახულად გაზარდა. მართალია, ეს მიმართულება ერთგვარი კლიშეა, მაგრამ ის იმდენად კარგად არის შესრულებული „ბალმაინის“ მიერ, რომ მხოლოდ შურიანს შეიძლებოდა გასცინებოდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც განასხვავებს კრისტოფერის „ბალმაინს“ დახეულ-დაგლეჯილი სამოსის მოყვარული დიზაინერებისგან – შესრულებაა! თუმცა, გარდა გახეულ-დაგლეჯილი ჯინსებისა და სამხედრო პიჯაკებისა, „ბალმაინმა“ წარმოადგინა კლასიკური მოკლე კაბები, რომლებიც ფერადი თვლებით არის გაფორმებული. სექსუალურთან ერთად არის სხვა ტიპის კაბები, რომელთაც ნამდვილად ვერ ვუწოდებთ სექსუალურს – მკაცრი, განიერი მხრებითა და კარგად დახურული დეკოლტეთი ის ქალს უფრო მოკრძალებულ იერს აძლევს.
რაც შეეხება „ბალმაინის“ ფეხსაცმელს, ის მთლიანად თვლებით არის გაფორმებული და, ამიტომ, რომანტიკულ ქალბატონებს კონკიას ფეხსაცმლის თანამედროვე ვერსიის ასოციაციას გაუჩენს. თუმცა, ერთიანობაში, „ბალმაინის“ კოლექცია ძალიან შორს არის რომანტიკულობისგან. კრისტოფერ დეკარნინის ქალი არა რომანტიკული და მეოცნებე, არამედ ცოტა თავხედი, აგრესიული, პირდაპირი და მგრძნობიარეა. ერთი სიტყვით, ჩაიცვით ოცი წლის წინანდელი მოხარშული ჯინსი, მკაცრი პიჯაკი, ღია „პერისჰილტონური“ ფეხსაცმელი და თქვენ გაღიარებენ, როგორც ყველაზე მოდურად ჩაცმულს.
ანა სარალიძე