ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: ვცხოვრობ მშობლების მიერ დანატოვარ მიწის ნაკვეთზე აშენებულ სახლში. აღნიშნული მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია საკომლე წიგნში. საჯარო რეესტრის მიერ გაცემულ ამონაწერში, მიწის ნაკვეთის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სააღრიცხვო ბარათი. გთხოვთ განმიმარტოთ, არის თუ არა საკომლე წიგნიდან ამონაწერი იურიდიული დოკუმენტი?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტებია:
ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, საკომლე წიგნიდან ამონაწერი; მებაღის წიგნაკი; საქართველოს რესპუბლიკის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით შექმნილი, მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის ყრილობაზე დამტკიცებული მიწის განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის სარეგისტრაციო პერიოდში შექმნილი მოქმედი საგადასახადო სია, სასამართლოს აქტი, ან/და სხვა დოკუმენტები.
კითხვა: 15 წელია, ვცხოვრობ თბილისში. ვსარგებლობ მიწის საერთო ფართობიდან გარკვეული ნაწილით. ეზოს მთლიანი ფართობი ეკუთვნის ჩემს მეზობელს, რაც რეგისტრირებულია საკომლე წიგნში და აღრიცხულია საჯარო რეესტრის ტექაღრიცხვის ბიუროს არქივში. გთხოვთ, განმიმარტოთ, რა კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე ხდება საკუთრების აღიარება.
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საკუთრების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები:
ა) მართლზომიერი მფლობელობის არსებობა;
ბ) სარგებლობაში არსებული;
გ) თვითნებურად დაკავებული.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, კანონმდებლობის თანახმად, იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის შემთხვევაში, რამდენს შეადგენს მისი საპრივატიზაციო ფასი?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით განკარგვის შემთხვევაში, მისი საპრივატიზაციო ფასი, ხარისხის (კარგი/მწირი) გათვალისწინებით, შეადგენს გამოსყიდვის შესახებ განცხადების წარდგენის დროისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქონების გადასახადის საბაზრო წლიური განაკვეთის ათმაგ ოდენობას. თუ მიწაზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობები ან/და მრავალწლიანი ნაგებობები, მაშინ საპრივატიზაციო ფასი მოიცავს კანონმდებლობით განსაზღვრულ მათ საწყის ფასსაც.
კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, იმ შემთხვევაში, თუ ქონება მაქვს მართლზომიერ მფლობელობაში, კერძოდ, მაქვს ბაღის წიგნაკი, ასეთ შემთხვევაში მეკუთვნის თუ არა საკუთრებაში გადაცემისას თანხის გადახდა?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა დაინტერესებულ პირს საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ.
კითხვა: ვარ 75 წლის მოხუცი. მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს საკუთრებაში ბინა და გვსურს, ერთად შევადგინოთ ანდერძი. როგორ უნდა მოვიქცეთ?
პასუხი: მეუღლეებს შეუძლიათ, ერთობლივად შეადგინონ ანდერძი, მაგრამ, მხოლოდ ურთიერთმემკვიდრეობის შესახებ. ესე იგი, გარდა მეუღლეებისა, ერთობლივი ანდერძი არ შეიძლება ეხებოდეს სხვა პირს.
კითხვა: დეიდამ ჩემს სახელზე შეადგინა ანდერძი, რომლითაც საცხოვრებელი სახლი მიანდერძა. ნოტარიუსი უარს მეუბნება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ეს სახლი საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით არ ეკუთვნის დეიდაჩემს.
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ნაანდერძევი ქონება აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული მოანდერძის სახელზე. თუ ქონება, რომელიც ანდერძშია მითითებული, საჯარო რეესტრის ან ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემებით არ ირიცხება მოანდერძის სახელზე, ამ შემთხვევაში, ანდერძისმიერი მემკვიდრე ვერ მიიღებს სამკვიდრო მოწმობას ანდერძში მითითებულ ქონებაზე და, შესაბამისად, ანდერძი ძალას კარგავს.
კითხვა: მსურს, დავადგინო ნათესაური კავშირი. ვის უნდა მივმართო?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სასამართლოს განცხადებით უნდა მიმართოთ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განცხადებაში უნდა აღინიშნოს, თუ რა მიზნისთვის გჭირდებათ ამ ფაქტის დადგენა. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ და განცხადებას თან უნდა დაურთოთ მტკიცებულებანი, რომ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთების აღდგენა შეუძლებელია, ვინაიდან სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ შეუძლებლობის შემთხვევაში, რის გამოც, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას სასამართლო განიხილავს მხოლოდ ისეთ საქმეებს, როგორიცაა: პირთა ნათესაური კავშირის დადგენა; პირის კმაყოფაზე ყოფნის აქტის დადგენა; შვილად აყვანა; ქორწინებისა და განქორწინების ფაქტის დადგენა. უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს. აღნიშნული განიხილება დაჩქარებული წესით.
კითხვა: სასამართლომ 2009 წლის მაისში გამოიტანა გადაწყვეტილება, თუმცა გადაწყვეტილება სამართალწარმოებაში არ ჩამიბარებია. გთხოვთ, მაცნობოთ, რა ვადაში უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ჩაბარება სამოქალაქო საქმეზე?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ-სამართალწარმოებაში გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად. უზენაესი სასამართლოსთვის აღნიშნული ვადა შეადგენს ერთ თვეს. მხარეებს, თავიანთი განცხადების საფუძველზე, გადაეცემათ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლები, არაუგვიანეს 3 დღისა განცხადების შემოტანიდან.