კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


ბედიანაშვილი – ბედინაშვილი – ბადიანიშვილი

ქართული სიტყვა, ბედიდან მომდინარეობს საკუთარი სახელი და მისგან კი – კნინობითი (მოფერებითი) სახელები: ბედი, ბედია, ბედინა, ბედისანა, ბედითა, ბედილა, ბედო, ბედუკა, ბედაილ, ბედაურა, ბედე, ბედიაი, ბედითა, ბედინი, ბედუნი.

ბედიანაშვილთა გვარის ფუძედ წინაპრებს ბედიანა აუღიათ და მისგან წარმოქმნილი ქართული გვარ-სახელია ბედიანიშვილიც.

ქართულ საისტორიო საბუთებში ბედიანაშვილთა გვარი მეთექვსმეტე საუკუნიდან იხსენიება. ქართული გვარების მკვლევარმა, ბატონმა ალექსანდრე ნაზღაიძემ, დაადგინა, რომ საქართველოში ბედიანაშვილთა სამი შტო ჩანს: შიდა ქართლში (ხაშური-გორის რაიონებში), ქვემო ქართლში (თეთრი წყარო-გარდაბნის რაიონებში) და გარე კახეთში (გარდაბან-საგარეჯოს რაიონები). ჯერჯერობით დადგენილი არ არის, ყველა მათგანი ერთი პირიდან მომდინარეობს თუ სხვადასხვიდან (ბედიანა). მსგავსი პრობლემა ბევრ გვარშია.

პირველად გვარი ბედიანაშვილი გვხვდება 1523 წლის ბარათიაანთ გაყრის წიგნში, სადაც აღნიშნულია, რომ „ბარათაშვილთა ფეოდალური სახლის გაყოფის შედეგად, თავად გერმანოზ ბარათაშვილს და მის ძმებს ალგეთის ხეობის სოფელ ტბისში, სხვა გლეხებთან ერთად ბედიანაშვილიც ერგოთ თავისი მამულით“. ტბისელი ბედიანაშვილი, რომელიც თავად გერმანოზ ბარათაშვილს ერგო, აზნაურად არის მიჩნეული. ზოგ საბუთში ბედიანაშვილი ბედინაშვილადაც არის ჩაწერილი.

ვახტანგ ორბელიანის ყმა კი ყოფილა მღვდელი გაბრიელ ბედიანაშვილი.

1781 წლის „ტფილისის მიდამოების სოფლების ხალხის აღწერის დავთარში“ სოფელ ტაბახმელაში თავად ყაფლანისშვილის ყმათა შორის იხსენიება მღვდელი იოსებ ბედიანაშვილი, რომელიც, თურმე, ლაშქარშიც მონაწილეობდა.

მეფე ერეკლეს მორიგე ჯარში ბედიანაშვილიც გამოდიოდა. 1781 წლის ერთი ქვემოქართლელი ბატონის ყმათა გადასახლების სიაში მოიხსენიება იასე ბედიანაშვილი.

1823 წლის კამერალური აღწერის მასალებში, ქვემო ქართლის სოფელ ღოუბანში მოიხსენიებიან ქაიხოსრო ორბელიანის გლეხი გიორგი ბედიანაშვილი და მისი შვილები.

ბედიანაშვილთა შიდა ქართლის შტო მოიხსენიება კარბელაშვილის „ამილახვრიანთ საგვარეულოს ისტორიულ გუჯარებში“, საიდანაც ირკვევა, რომ 1690-1691 წლებში, მეფე გიორგი მეთერთმეტემ თავის დას, თამარ ბატონიშვილს, გია ამილახვრის მეუღლეს, უბოძა სოფელ ფხვენისში მცხოვრები აზნაურები: იალღუზიშვილი, ბედიანაშვილი და ცალქალამანიძე თავიანთი ყმითა და მამულით.

1692 წელს მეფე გიორგი მეთერთმეტის მეტოქემ, ერეკლე პირველმა (ნაზარალიხანმა) ეს ფხვენისელი აზნაურები, ბედიანაშვილი და იალღუზიშვილი, ჩამოართვა გივი ამილახვარს და თავის მომხრეს, იოთამ ამილახორიშვილს უბოძა, ამილახვრობასთან და გორის მოურავობასთან ერთად.

1830 წელს, ქართლის გაღმა მხარეში, სოფელ კეხიჯვარში მოიხსენიება სურამის მახლობლად, სოფელ შინდისიდან გადმოსახლებული გლეხი ბედიანაშვილი.

გარე კახეთის ბედიანაშვილები ქართულ საისტორიო საბუთებში 1665 წლიდან ჩანან. ამ წელს კახეთის მეფემ, არჩილ მეორემ, გარე კახეთის სოფელ ხაშმში მცხოვრები ბერიკა და გოგია ბედიანაშვილები თავიანთი მამულით თავად როშაქ ჩოლოყაშვილს უბოძა.

1701 წელს სამებელმა ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერს სიგელი დაუწერა მამულის დანებების თაობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ მისმა ყმებმა ბედიანაშვილებმაც ხელი აიღეს მონასტრის მამულზე.

ბევრი ქართული გვარი, რომელიც ქვემო ქართლში ბინადრობდა, დღეს შიდა ქართლში, გარე კახეთსა და ქიზიყში გვხვდება. მტრის ხშირი შემოსევების დროს ისინი ქვემო ქართლიდან შიდა ქართლსა და გარე კახეთში აფარებდნენ თავს. ასე მოიქცნენ ბედიანაშვილებიც. ნაწილი ამ გვარისა შიდა ქართლში გადავიდა, ნაწილი კი – გარე კახეთში ჩასახლდა.

ამიტომ, ქვემოქართლელი ბედიანაშვილების შტო უფრო ადრე იხსენიება საბუთებში, კერძოდ, 1523 წელს.

1995 წელს აღებული ვაუჩერების მიხედვით, სულ დაფიქსირებულია 500 ბედიანაშვილი: თბილისში – 184, გარდაბანში – 140, რუსთავში – 40.

ბედიანიშვილი კი – 32: თბილისში – 28, მესტიაში – 2, თეთრწყაროში – 1.

აზოშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აზო. ეს გვარი გვხვდება 1721 წლიდან.

სახელი აზო მოიხსენიება ძველ ქართულ ისტორიულ წყაროებში.

„შიოშ სოლოღაშვილის ყმად, ქალაქ საღორისში, 1721 წელს მოიხსენიება სეხნია აზოშვილი“.

წინწყაროში მცხოვრები აზოშვილები ბერძნებად აღიარეს და აზოევად ჩაწერეს. სულ დაფიქსირებულია 18: თბილისში – 16, თეთრი წყაროში – 14, რუსთავში – 8.

ხახაშვილი

ადამიანის ორგანიზმის ნაწილებთან არაერთი გვარია დაკავშირებული, მაგალითად, თავთანაა დაკავშირებული გვარები: თავაძე, თავბერიძე, თავგორაშვილი; თვალთან – თვალჭრელიძე, თვალაბეიშვილი, თვალავაძე; ცხვირთან – ცვირავაშვილი, ცხვირაშვილი; ყურთან – ყურავა, ყურაული, ყურაშვილი და ასე შემდეგ. ხახისგან გაჩნდა გვარი ხახაშვილი, ხახიშვილი, ხახიძე.

საქართველოში 80 ხახაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 28, გორში – 23, თიანეთში – 19. არიან სხვაგანაც.

აზრუმელაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარ სახელად ქცეული სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა არზრუმი, იგივე ერზრუმი, ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში. „არზრუმ“ – სპარსულად „რომის მიწას“ ნიშნავს. აქედან, ამ სიტყვიდან გაჩნდა სახელი აზრუმელა.

თომა და გრიგორი აზრუმელაშვილები მოიხსენიებიან 1873 წელს, დიდ თონეთში.

1843 წელს პატარა თონეთში მოიხსენიება ნურიკაშვილ-აზრუმელაშვილი თომა.

საქართველოში 151 აზრუმელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 83, თეთრი წყაროში – 33, რუსთავში – 15.

ათუაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარის სახელი ათუა.

ათუა მოიხსენიება 1781 წლის 18 თებერვალს, ზურაბ თუმანიშვილის მიერ გიორგი ბატონიშვილის სახელზე გაცემულ არზაში.

ათუა კობელი მეთვრამეტე საუკუნის ყმების ნუსხაშიც მოიხსენიება.

1831 წელს თონეთში ესტატე თავსუბუქმა ჯვარი დაიწერა ბერუა დოლისშვილის ასულ მარიამზე. სასიძოს მხრივ, თავმდები იყო მამუკა ათუაშვილი.

სააკა ათუაშვილი, მართლმადიდებელი, სარწმუნოებით ქართველი, მოიხსენიება სოფელ კოდაში 1851 წელს.

საქართველოში 285 ათუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 71, გურჯაანში – 53, საგარეჯოში – 49.

საკაშვილი

სკვითების სახელი საკა შემორჩა სამხრეთ ამიერკავკასიის ერთ-ერთ ოლქს – საკაშენეს. სახელი საკა საფუძვლად უდევს გვარს საკაშვილი.

საკაშვილი ერთხელაა დაფიქსირებული 1721 წლის აღწერით სოფელ კუმისში. გვარი გვხვდება ოსებშიც. უპირატესობა გადადის საკაევზე. სააკა და საკა (საჰაკა) ერთმანეთს ხშირად ენაცვლება.

„საკაშვილი ცხვილოს მცხოვრები არის ამილახვრის ყმა, ჰყავს განაყოფი საკა“ (1672-1699 წლები).

ამავე ძირისაა გვარები საკიანი, საკაევი, საკოიანი.

საქართველოში 107 საკაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 42, კასპში – 25, გორში – 14.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების


скачать dle 11.3