როგორ იპოვა ერთმანეთი მამა-შვილმა და რატომ არ იცოდა მამამ 28 წლის შვილის არსებობის შესახებ
28 წლის იულია ნუვრუზის ასული კუტნიაში ეძებდა: დაახლოებით 65-67 წლის ნუვრუზ მუსას ძე ალაზოვს.
ისტორია: ვეძებ მამაჩემს, დაახლოებით, 65-67 წლის ნუვრუზ მუსას ძე ალაზოვს. მამაჩემი არასდროს მინახავს და ძალიან მინდა, მისი გაცნობა. ჩემ გარდა მას კიდევ ორი ვაჟი ჰყავს, ორივე ჩემზე უფროსია. ვიცი, რომ მამა ბოლნისში, სოფელ დორბაზში ცხოვრობდა (არ ვიცი, სწორია თუ არა სოფლის სახელწოდება). უკვე 28 წლის ვარ და ამჟამად ვცხოვრობ თურქეთში, მაქვს ჩემი ოჯახი და ძალიან მინდა მამის პოვნა.
ჟურნალისტის შენიშვნა: „თბილისელების“ 1-7 თებერვლის ნომერში ჩვენს მკითხველს გავაცანით ორი ისტორია; ერთ-ერთი იულიას ისტორია იყო. მაშინ იულია ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ასე მოკლე ხანში იპოვიდა მამას. ასევე ნაპოვნია ალექსი თეიმურაზის ძე მგალობლიშვილი. მას შვილი ეძებდა. ორივე გოგონას თავიანთი მამები ნანახიც კი არ ჰყოლიათ. „თბილისელები“ ულოცავს მათ ერთმანეთის პოვნას. ჩვენი რუბრიკის მეშვეობით უამრავმა ადამიანმა მოძებნა ერთმანეთი და ცხოვრება დააკავშირა მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მაინც ზღვაში წვეთია, იმდენად ბევრი ადამიანი ეძებს ერთმანეთს.
ინტერვიუ იულიასთან:
– რა შეგრძნება დაგეუფლა, როდესაც გაიგე, რომ მამაშენი ნაპოვნია და შენთან დაკავშირება უნდა?
– ვერც კი წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვარ. როდესაც მითხარით, რომ მამაჩემი ნაპოვნია, მაგრამ ჯერ უნდა დააზუსტოთ, ნამდვილად ის პიროვნება არის თუ არაო, შემეშინდა, იმდენად მინდოდა, რომ ის ყოფილიყო. თან ვნერვიულობდი, მე ხომ არ ვიცოდი, რა რეაქცია ექნებოდა ჩემ გამოჩენაზე. მან ხომ ჩემი არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. ასევე მაფიქრებდა ჩემი ნახევარძმებიც. თქვენგან შევიტყვე, რომ ისინი, თურმე, რუსეთში ცხოვრობენ. ასე ხომ მათ ვერც კი ვიპოვიდი. მოხარული ვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ჩემს ცხოვრებაში ასეთი დიდი სიხარული არ მქონია. დიდი მადლობა იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ.
– იულია, პირველი, ვინც გამოეხმაურა შენს ისტორიას, მამაშენის ბიძაშვილი იყო, რომელიც, საბედნიეროდ, მიხვდა, ვის ეძებდნენ. მასაც ძალიან გაუხარდა შენი გამოჩენა. ვიცი, რომ პირველად შენ სწორედ მას დაუკავშირდი. მოგვიყევი, როგორი იყო თქვენი (ნათესავების) პირველი საუბარი.
– უპირველესად, რა თქმა უნდა, დამაინტერესა, ვინ იყო ალი. შემდეგ თქვენგან გავიგე, რომ ალი ბიძად მეკუთვნის და გახარებულმა დავურეკე. სწორედ მისგან გავიგე, რომ მამაჩემი ამჟამად ბაქოშია და ძალიან უნდა ჩემთან დაკავშირება. ანუ, გამოდის, რომ მან მიმიღო, ამან კი მეტი ძალა შემმატა. გამიმართლა იმაშიც, რომ თვითონ ბიძაჩემი ძალიან თბილი ადამიანი აღმოჩნდა. მან დამამშვიდა და ამიხსნა, რომ მამაჩემმაც და ჩემმა ძმებმაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ჩემი არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ, მე მიმიღეს და უსაზღვროდ უხარიათ კიდეც ეს.
ინტერვიუ 52 წლის ალი ნადიევთან (იულიას ბიძასთან):
– ალი, თქვენ პირველმა წაიკითხეთ ეს ისტორია და გამოგვეხმაურეთ. რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ თქვენს ბიძაშვილს ქალიშვილი ეძებს?
– ისტორიაში მითითებული იყო ბოლნისის რაიონი და ჩვენი სოფელი. ამან გამამახვილებინა ყურადღება. შემდეგ, სახელი და გვარი რომ წავიკითხე, რა თქმა უნდა, გავოცდი. ნამდვილად არავინ იცოდა, ნუვრუზს თუ ქალიშვილი ჰყავდა. უპირველესად, გამიხარდა და მაშინვე დავურეკე ნუვრუზს ბაქოში. მან მთხოვა, იულიას კოორდინატები გამეგო, რადგან მასთან დაკავშირება უნდოდა. ერთი სული ჰქონდა, როდის დაელაპარაკებოდა. დიდი სიხარულია, შვილს რომ იპოვი, მართალია, მას იულია არც დაუკარგავს, მაგრამ გოგონას რომ არ მოეძებნა, ჩვენ ხომ ვერაფერს გავიგებდით. ყოველთვის სასიხარულოა, როდესაც ახალ ნათესავს იძენ. იულია კი, გამოდის, ჩვენი სისხლით ნათესავია.
– როგორ ფიქრობთ, მომავალში რა ურთიერთობა ექნებათ იულიას და მამამისს?
– ვფიქრობ, კარგი ურთიერთობა ექნებათ – მამაშვილური. ძმებიც მიიღებენ და ღვთის წყალობით, ალბათ, მალევე შეხვდებიან ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ იულია თურქეთშია, მამამისი – ბაქოში, ძმები კი – რუსეთში, მთავარი მაინც ისაა, რომ მათ უკვე იპოვეს ერთმანეთი. ძალიან მიხარია, რომ მონაწილეობა მივიღე ამ საქმეში. შეიძლება ითქვას, ვერ ვითმენდი კიდეც, ერთი სული მქონდა, როდის დავურეკავდი ნუვრუზს და შევატყობინებდი, რომ მას შვილი ეძებდა. დიდი მადლობა თქვენ, რომ ასეთ სასწაულებს ახდენთ. ჩემი ბიძაშვილი ერთი წამითაც არ დაეჭვებულა, რადგან იულიას სიტყვებიდან გამომდინარე, ყველაფერი ემთხვეოდა. ის მართლაც იყო ჩასული კორენოვსკში და იცნობდა იულიას დედას. ფიზიკურადაც გოგონა თითქოს ჰგავს მამას.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.