ამერიკა საეჭვო უცხოურ კაპიტალს ომს უცხადებს
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ქვეყნის ფინანსური სექტორის ზედამხედველობის გაძლიერებას და იმ ხვრელების ამოვსებას აპირებს, რომლებიც უცხოეთის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, „ჭუჭყიანი ფული“ გაათეთრონ. არსებული სიტუაციის შეცვლის გადაწყვეტილებამდე ამერიკელი მაღალჩინოსნები მას შემდეგ მივიდნენ, რაც სენატის გამოძიების შედეგები გახმაურდა. ამ გამოძიების შედეგად, ამერიკის შეერთებულ შტატებში საეჭვო წარმოშობის თანხების გადარიცხვის სხვადასხვა ხერხები და მაგალითები გამოვლინდა. როგორც კონგრესში წარდგენილ მოხსენებაშია აღნიშნული, ხშირად არალეგალური წარმოშობის კაპიტალი ამერიკაში ადვოკატთა, ბანკირთა, ლობისტთა და რიელტორთა მრავალრიცხოვანი არმიის მხარდაჭერის წყალობით ხვდება. ექსპერტების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულმა ბანკებმა გარკვეული წინაღობები შეუქმნეს არალეგალურ კაპიტალს, უცხოეთის მოქალაქეებს ამერიკელების პროფესიული დახმარების წყალობით მაინც მიუწვდებათ ხელი ქვეყნის ფინანსურ სისტემაზე. კონგრესში წარდგენილ მოხსენებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა აფრიკელი მაღალჩინოსნების მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფულის გათეთრების უამრავ შემთხვევას. ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით, ეკვატორული გვინეის პრეზიდენტის ვაჟმა, ამერიკელი იურისტების დახმარებით, შტატებში 110 მილიონამდე საეჭვო წარმოშობის დოლარი გადარიცხა. ამ თანხით მან მალიბუში უძრავი ქონება და კერძო თვითმფრინავი შეიძინა. გაბონის პრეზიდენტმა ომარ ბონგომ ამერიკელი ლობისტის დახმარებით დაჯავშნული ავტომობილი და ექვსი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი შეიძინა. შესაბამისი თანხა მან HSBC, „კომერსი ბანკსა“ და „ჯი-პი მორგან ჩეიზში“ არსებული საეჭვო ანგარიშებიდან გადაიხადა. ამერიკელი კონგრესმენების აზრით, ერთ-ერთი წინაღობა ქვეყანაში „ჭუჭყიანი ფულის“ მოხვედრის გზაზე, შესაძლოა, უცხოელი კლიენტების მიერ ამერიკულ ბანკებში ამერიკელი იურისტების დახმარებით ანგარიშის გახსნისას, დოკუმენტების უფრო მკაცრი შემოწმება გახდეს.