„ტოიოტას“ პრეზიდენტი ბოდიშს იხდის
მსოფლიოში ცნობილი იაპონური კომპანია „ტოიოტას“ პრეზიდენტმა, აკიო ტოიოდამ, საჯაროდ მოიხადა ბოდიში მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე მილიონი ავტომობილის უკან გამოწვევის გამო და პრობლემებთან დაკავშირებით სპეციალური საკონტროლო კომიტეტის დაფუძნების სურვილის შესახებ განაცხადა. მან აღიარა, რომ კომპანია კრიზისშია და ის დამწუხრებულია მომხდარის გამო. მისი თქმით, „ტოიოტას“ ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, როგორ აღმოფხვრას ის პრობლემები, რაც კომპანიის მიერ გამოშვებულ ჰიბრიდული მოდელის ავტომობილ „პრიუსს“ აღმოაჩნდა. ბოლო ხანებში „ტოიოტამ“ 8 მილიონზე მეტი მანქანა გაიწვია უკან მისი მართვის სისტემაში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი წუნის გამო. ანალიტიკოსთა შეფასებით, გაყიდვების შემცირებისა და „ტოიოტას“ ახალი მოდელის მილიონობით ავტომობილის უკან დაბრუნების გამო კომპანია 2 მილიარდამდე დოლარს იზარალებს. ზარალი კიდევ უფრო დიდი იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ ათწლეულების განმავლობაში „ტოიოტას“ მიერ დაგროვილი ნდობის კაპიტალი „პრიუსთან“ დაკავშირებული სკანდალური სიტუაციის გამო წამიერად გაქარწყლდება. აღსანიშნავია, რომ სისტემური ნაკლი ჯერჯერობით მხოლოდ იაპონიასა და ამერიკაში გაყიდულ ავტომობილებს აღმოაჩნდა. ევროპაში ამ მხრივ განსხვავებული ვითარებაა. ამერიკის შეერთებული შტატების ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „პრიუსთან“ მიმართებაში გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მისმა მწარმოებელმა კომპანიამ მართვის სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ განაცხადა. მიუხედავად ყველაფრისა, იაპონური კომპანიის ხელმძღვანელები იმედს არ კარგავენ, რომ წელიწადს მნიშვნელოვანი ზარალის გარეშე დაასრულებენ.