ევროს კურსის კლება არცთუ ისე საშიშია
ევროს კურსის ბოლოდროინდელი დაცემა დოლართან მიმართებაში ევროპელებს მაინცდამაინც არ აღელვებთ. კაპიტალი ევროპიდან ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიედინება და ამის უმთავრესი მიზეზი საპროცენტო განაკვეთების ზრდაა. ევროზონის საბიუჯეტო პრობლემები ამ კუთხით არცთუ პირველხარისხოვანია. საერთო ევროპული ვალუტის – ევროს საკმაოდ მაღალი კურსის დაწევას მიმომხილველთა მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან პესიმისტური პროგნოზები მოჰყვა, რომლის თანახმადაც, ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში არსებული ეკონომიკური კრიზისი ევროს „ნათელ მომავალს“ ბოლოს მოუღებდა. სკეპტიკოსთა უმეტესობა ამერიკელები და ბრიტანელები იყვნენ. ისინი შემოღებისთანავე დრამატულ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ევროს. ამ დროს, გერმანელები, პირიქით, ევროს მაღალი კურსით იყვნენ შეშფოთებულნი, რის გამოც მათი პროდუქცია ნაკლებად კონკურენტუნარიანი ხდებოდა. ევროს კურსის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი სავალუტო სპეკულანტთა „თამაშებია“, რომელთა გავლენაც სავალუტო ბირჟაზე განსაკუთრებულად დიდია. სავალუტო მოთამაშეთა დიდმა ნაწილმა ევროპული ვალუტის კურსის აწევით, მნიშვნელოვანი სარგებლის მიღების შემდეგ, გარკვეულ მომენტში იგრძნო, რომ ზრდის პოტენციალი ამოიწურა და ამერიკული დოლარისკენ იბრუნა პირი. ამ ეტაპზე ისინი დოლარის კურსის აწევაზე დებენ ფსონს და ეს ევროპელ ექსპორტიორებსაც აწყობთ. ამასთან, ევროს შედარებით დაბალი კურსი ევროპის ცენტრალურ ბანკსაც ხელ-ფეხს უხსნის ინფლაციასთან საბრძოლველად იმ შემთხვევაში, თუ მისი საფრთხე რეალური გახდება. გარდა ამისა, ევროპული ნაწარმის კონკურენტუნარიანობის ზრდა მსოფლიო ბაზარზე უფასო ანტიკრიზისული პროგრამის ფასს იძენს. უნაღდო ანგარიშსწორებაში, შემოღების პერიოდში, 1999 წელს 1 ევრო 1,18 დოლარის ეკვივალენტური იყო. წლინახევრის შემდეგ საერთო ევროპული ვალუტის კურსი 0,83 დოლარამდე დაეცა, მაგრამ, სკეპტიკოსთა აზრის საწინააღმდეგოდ, ევროზონა არ დაშლილა. ასე რომ, ევროს ბევრს ვერაფერს ვერც ამჟამინდელი კურსის ცვლა დააკლებს.