კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დარჩა ირაკლი ნასიძის ყოფილი მეუღლე მის მუზად და რატომ არის ის მუდმივად ფსიქოზურ მდგომარეობაში

ჩვეულებრივი მოკვდავები სილამაზის ნებისმიერი სახით გამოვლენას ღრმად აღვიქვამთ, თუმცა ყოველთვის არ ვიცით და ვერ ვიაზრებთ, რა არის სილამაზე, ჩვენთვის ის მაინც აბსტრაქტული და ხელშეუხებელია. მაგრამ, არიან ადამიანები, რომელთა ხელშიც სილამაზე მატერიალიზდება და ის აბსოლუტურად გამაოგნებლად მოქმედებს ყველა მნახველზე. დიზაინერი ირაკლი ნასიძე მოდის ჯადოქარია, რომლის შემოქმედებაც ხელოვნების ნიმუშებია და არა უბრალოდ სამოსი. როგორც თავად ირაკლი ამბობს, ის, უბრალოდ, ქმნის და შემდეგ უკვე ამ ქმნილებებს ირჩვენ ქალები.

ირაკლი ნასიძე: უდიდეს სიყვარულში ვიზრდებოდი და ამ სიყვარულმა დიდწილად განაპირობა, თუ როგორ ადამიანად ჩამოვყალიბდი. ჩემ გარშემო არა მხოლოდ ოჯახის წევრებს, ვგულისხმობ ნათესავებსა და ახლობლებს, ერთმანეთთან ყველას უდიდესი სიყვარული აკავშირებდა და ის სიყვარული, რომელიც „ჩემს სივრცეში იყო და მოძრაობდა“, არის ჩემი წარმატების სათავე. სიყვარული რა არის?! ის, რაც საკუთარი თავის რწმენას გაძლევს, გჯერა, რომ ბევრი შეგიძლია. როდესაც სიყვარულით ხარ გაჟღენთილი, ამ სიძნელეებს ვერ გრძნობ, მიდიხარ და მიდიხარ წინ. ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ვხვდები, როგორი რთული იყო აქამდე მოსვლა. იმ წუთას ზუსტად ამ სიყვარულის გამო ვერ ვგრძნობდი ბარიერებს.

– ზუსტად როდის მიხვდი, რისი კეთება გინდოდა, რომ ეს იყო შენი საქმე?

– ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს. მოვიდა და ვიცოდი, რომ ეს იყო წყალობასავით სადღაც ზევიდან. ამას, ალბათ, მაშინ მივხვდი, როდესაც ხელში ფანქარი ავიღე და პირველი რაღაც დავხატე. არ ვგულისხმობ იმას, რომ მაშინვე ზუსტად ვიცოდი, როგორი იქნებოდა ჩემი მომავალი. მაგრამ, ვიგრძენი, რომ ჩემთან რაღაც წყალობასავით მოვიდა ეს ნიჭი, შრომისმოყვარეობა და, მე ეს ყველაფერი, უბრალოდ, მივიღე, ისე, რომ არ ჩავძიებულვარ, რატომ და რისთვის მოხდა. ძალიან გამიმართლა იმაში, რომ ჩემს ოჯახში არასდროს ყოფილა იმაზე საუბარი, რომ ბიჭისთვის დიზაინერობა უპერსპექტივო პროფესია იყო. ჩემს ოჯახში უამრავი ხელოვანი ადამიანია: დედაჩემი საკმაოდ ექსტრავაგანტური იყო, როგორც თავისი ქცევით, ისე აზროვნებით, გემოვნებით და სხვა; ასევე მამაჩემიც. ყოველთვის გვიყვარდა ყველაფერი ორიგინალური და არა ჩვეულებრივი და კლასიკური.

– როგორ მოხდა შენი წასვლა პარიზში? ალბათ ძალიან უცნაური იყო, რომ სწორედ პარიზში, „მოდის მექაში“ მიდიოდი.

– ესეც ძალიან სპონტანურად მოხდა. მქონდა საკუთარი თავის რწმენა, მჯეროდა ჩემი ოჯახის და მსურდა, ის სიყვარული, რომელიც ჩემმა ოჯახმა, ჩემმა ქვეყანამ ჩემში ჩადო, უკან დამებრუნებინა. და არა მხოლოდ, ჩემი წრისთვის, არამედ გლობალურად, ხალხისთვის, რადგან, ჩემი არარსებობის შემდეგაც სამყაროს ერთი ლამაზი ისტორია მაინც დარჩეს. რაც შეეხება იმას, როგორ წავედი. პირველად ეს მოხდა სტუდენტური გაცვლითი პროგრამის წყალობით, როდესაც პირდაპირ კონტესას სასახლეში მოვხვდით, ეს ბრეტანში მოხდა. მაშინ ეს არაპროფესიული, უბრალოდ, ენის ცოდნის გასაუმჯობესებელი კურსები იყო, მაგრამ, ისეთი დრო ვატარეთ, მსგავსი გართობა და დასვენება, თამამად შემიძლია, ვთქვა, მას მერე აღარ მქონია. სრული შოკი მივიღეთ, მეგონა, მთელი საფრანგეთი ასე ცხოვრობდა. სამთვიანი დაუვიწყარი არდადეგები გამოვიდა. საოცარი გარემო იყო. ერთგვარი გამოცდა ჩავაბარე საკუთარ თავთან, როდესაც პარიზში ჩავედი უკვე პროფესიული საქმიანობის გასაგრძელებლად.

– პირველი წარმატება რა იყო?

– პირველი წარმატება იყო შერერთან და ლაკრუასთან მუშაობა, ივ სენ ლორანთან შეხვედრა. როდესაც პირველად ივ სენ ლორანი ოთახში შემოვიდა, მის ერთ-ერთ თანამშრომელთან ერთად ვმუშაობდი და მის შემოსვლას საერთოდ არ ველოდით. ეს ისეთი მომენტი იყო, ვერ აგიწერთ. მხოლოდ შემოსვლა, ხელის ჩამორთმევა და მცირე საუბარი – ამ ყველაფერმა ჩემზე უკვე შემოქმედებითი გავლენა იქონია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მოდის ისტორიას წერდნენ. ჩემი შემოქმედება ემოციებზე, მოვლენებზე, შეხვედრებზეა აგებული; ვიღაცისთვის შეუმჩნეველი ნიუანსი ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ემოციის გამომწვევად შეიძლება იქცეს.

– ხელოვან ადამიანებს ხშირად ეკითხებიან, რა ან ვინ არის მათი მუზა. შენს შემთხვევაში ეს მხოლოდ მოვლენები და ემოციები იყო?

– არა, რატომ?! ჩემს შემთხვევაში ადამიანები ძალიან სერიოზული შთაგონების წყაროდ იქცევიან ხოლმე, მათი ქცევები, მანერები, ხმის ტემბრი – ყველაფერი. ჩემი მუზა იყო და, ალბათ, ყოველთვის იქნება ჩემი ექსმეუღლე, ანა-ნიკიტა. მუზები ხომ არ კვდებიან, ამიტომ, არ შეიძლება, რომ აღარ იყოს. ამ ყველაფერს ავსებენ სხვა ადამიანები, მეგობრები, მათთან საინტერესო საუბარი.

– განსაკუთრებით რომელ დიზაინერთან მუშაობა იყო შენთვის კომფორტული, სად გრძნობდი თავს ყველაზე კარგად?

– ყველაზე კარგად შერერთან ვგრძნობდი თავს, უფრო სწორად, ამ მოდის სახლში, თორემ, ბატონი შერერი უკვე დიდი ხნის გარდაცვლილია. ძალიან მიყვარს ქსოვილების დამუშავება, მოხატვა, არა მხოლოდ ნაქარგით, არამედ, ვთქვათ, პირდაპირ აკრილით. შერერის სახლის კრეატიულ დირექტორს, სტეფანსაც ძალიან მოსწონდა ეს და მისგან სრული ნდობა მქონდა. იყო კაბები, რომლებზეც სრულ თავისუფლებას მაძლევდა, შეკვეთებზე ვმუშაობდი. იქ როგორ ხდება, იცი?! კაბები, რომელიც ჩვენებაზე გამოდის, რჩება, არ იყიდება, რადგან ძალიან პატარა ზომისაა. ჩვენების შემდეგ უკვე შეკვეთებზე ვმუშაობდი. ამ დროს ამაყი ხარ და ეს ძალიან სასიამოვნო მომენტია. ასევე ძალიან კარგი პერიოდი მქონდა ლაკრუასთან. საერთოდ, სხვა ადამიანთან მუშაობის დროს ბოლომდე უნდა შეისწავლო მისი ფსიქოლოგია, გემოვნება, უსიტყვოდ უნდა მიხვდე, რა სურს და შენი „ეგო“ ცოტა დამალო, დაივიწყო. ეს პროცესი ცოტა რთულია, მაგრამ ძალიან საინტერესო.

– დამთრგუნველიც ხომ არ არის, როდესაც შენსას ივიწყებ?

– არა, ამას, როგორც ჩრდილს, ისე ვერ აღიქვამ, პირიქით, ეს იყო შემოქმედებითად ყველაზე მიმზიდველი პროცესი. როდესაც რაღაცას მივუტანდი და ვხედავდი მის აღფრთოვანებულ მზერას, ვიცოდი – ის უკვე გასაკეთებლად ჩაშვებული იყო. ესე იგი, მე ზუსტად ვიგრძენი, მას რისი დანახვა უნდოდა. ეს ხომ მაინც ჯგუფური სამუშაოა. ჩემი გუნდის გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი, არ იქნებოდა „ირაკლი ნასიძე“.

– როდის მიხვდი, რომ უკვე შეძლებდი დამოუკიდებლად მუშაობას და „ირაკლი ნასიძის“ შექმნას?

– ამას ყოველთვის ვხვდებოდი, უბრალოდ, ეს გზა ყველამ უნდა გაიაროს. არც ერთი შემოქმედი კუტიურიე არ ყოფილა ისტორიაში, რომელმაც ასე პირდაპირ დაიწყო საკუთარი მოდის ხაზის შექმნა. ივ სენ ლორანმა „დიორთან“ დაიწყო, გოტიემ – „პიერ კარდენთან“, უნგარომ – „გურეშთან“ და სხვა. მაშინ სკოლებში არ სწავლობდნენ, ახლა რომ მოდის სკოლებია გახსნილი, ასე არ ხდებოდა, ყველაზე დიდ სკოლას ასეთ სახლებში გადიოდნენ. სახელოსნოებში ამ დიდი მეტრების შეგირდები იყვნენ. ჟან პოლ ნოტი, იცით, ალბათ, ეს დიზაინერი, ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და უკვე რამდენიმე წელია, ჩვენი პრეტ-ა-პორტე ერთად იყიდება. ერთი კონცეფცია შევქმენით და ჩვენს სამოსს ერთ მულტიბრენდულ მაღაზიებში ყიდიან. ძალიან კარგად შეიძლება ჩემი და ჟან პოლის სამოსის არევა-შეხამება. ჟან პოლი ცხრამეტი წელი იყო ივ სენ ლორანის ასისტენტი, დღესდღეობით კი „ჩერუტის“ არტ-დირექტორია. სულ მალე მას თბილისშიც ვიხილავთ. ასე რომ, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, მოხვდე მოდის სფეროში ამ გზის გავლის გარეშე, არ გაეცნო სხვის ხელოვნებას, არ ისწავლო სხვისი შემოქმედება და თავად შენი არ გაზარდო.

– მაგრამ, დადგა მომენტი, როდესაც საკუთარ ლეიბლს ჩაუყარე საფუძველი. ამ დროს შიშის განცდა თუ გქონდა?

– მქონდა, ეს 2000 წელს მოხდა. შიში ყოველთვის მაქვს, ყოველთვის, როდესაც რაღაცას ვაკეთებ. მაგრამ, ეს ის შიშია, რომელიც შემოქმედებით პროცესში რაღაც უნიკალურ იდეებსა და ხედვებს აღვიძებს. თუ შიში არ გაქვს და ღრმად გულთან რაღაც არ გაწვება და არ გტკივა, მაშინ არ გამოვა ის, რაც უნდა გამოვიდეს და შენი შემოქმედებაც ზედაპირული იქნება. პირველი ჩვენება პარიზის მოდის მუზეუმში იყო, რომელიც ქალაქის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. არის მეორე მუზეუმიც, მაგრამ კერძო, ის კი უშუალოდ ქალაქის კუთვნილებაა და სწორედ იქ ვაჩვენე პირველი კოლექცია.

– რა ერქვა კოლექციას?

– საერთოდ ჩემს კოლექციებს ერთი საერთო სახელი აქვთ – „აღკუზიუ“, რაც ქართულად „კერვის ხელოვნებას“ ნიშნავს, იმ დღიდან დღემდე ასე ჰქვია. ამ კოლექციას არაჩვეულებრივი რეზონანსი მოჰყვა. ბოლოს კი იმაზე გადავირიეთ, რომ საქორწილო კაბის შეკვეთა მივიღეთ. ამას ნამდვილად არ ველოდით. პირველივე კოლექციის შემდეგ, როდესაც საერთოდ არავინ გიცნობს, რთულია, რამე განდონ, მით უმეტეს – საქორწილო კაბა. ჩემი პრეს-ბიურო, რა თქმა უნდა, მუშაობდა იმაზე, რომ კოლექცია მოდის კრიტიკოსებს, პრესის წარმომადგენლებს, შემკვეთებს ენახათ, მაგრამ ისინი მოდიან ახალი დიზაინერის ჩვენებაზე, რომელსაც მაინც ეჭვის თვალით უყურებენ. კატრინ დე გრამომნმა უდიდესი ნდობა გამოხატა ჩემ მიმართ და საქორწილო კაბა შემიკვეთა. გაოგნებული ვიყავი, როდესაც ჩვენების შემდეგ მოვიდა. რაც მოიზომა, ყველაფერი უხდებოდა. ფანტასტიკური სხეული ჰქონდა. უნდა წარმოიდგინოთ, რომ ეს ყველაფერი უმცირესი ბიუჯეტით და უდიდესი ენთუზიაზმით კეთდებოდა, უამრავი ადამიანი გვეხმარებოდა. ამ შეკვეთამ დიდი სტიმული მომცა.

– როგორც ვიცი, კრიტიკოსები ძალიან დაუნდობლები არიან.

– ვიღაცისთვის, ალბათ, დაუნდობლებიც არიან, მაგრამ ჩემთვის მათი შეფასებები ყოველთვის ძალიან ობიექტური და პროფესიონალურია. ჩვენ მიმართ ყოველთვის დადებითი და სწორი შეფასებები ჰქონდათ. ვამბობ „ჩვენ“, რადგან ჩემს გუნდს ვგულისხმობ, იმ ცხრა ადამიანს, რომლებიც ერთად ვმუშაობთ. მყავს ჩემი „პირველი ხელი“, რომელთან ერთადაც რვა წელია, ვმუშაობ და რომლის გარეშეც, ალბათ, ჩემი კოლექციები არ შედგება. ერთი სიტყვით, კარგად მიგვიღეს. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პირველი კოლექცია ჩემი „ბიბლიაა“, რასაც იმ წუთას ვერ ვაცნობიერებდი.

– რა არის ირაკლის სტილი? შენი ქალი როგორია?

– არ მყავს წარმოდგენილი იდეალური ქალი, რომლისთვისაც კოლექციებს ვქმნი. უფრო ასე ვიტყოდი – ქალები ირჩევენ ირაკლის და არა ირაკლი – ქალს. ქალი ირჩევს თავის სტილს, რომელიც ყველასთვის იქმნება. რა თქმა უნდა, წარმოსახვაში ყოველთვის მყავს ქალი, პერსონაჟი, მაგრამ ის, ალბათ, იმდენად იდალურია, რომ მისი განვრცობა შეუძლებელია. როდესაც მაღაზიაში შედიხარ, უნდა იგრძნო, რომ ეს კაბა, რომელიც ირაკლისია, შენთვის არის შექმნილი, შენია და მორჩა.

– და, თან, რომ იცი, მოდიდან არ გადავა.

– (იცინის) კი, ესეც ზუსტად უნდა იცოდე.

– მოხვედრა პარიზის მოდის კვირეულზე – ეს რა იყო შენთვის?

– წელიწადში ორჯერ ყველა შემოქმედს სწორედ აქ გამოაქვს თავისი ნაფიქრი, თუ რა იქნება მომდევნო სეზონზე აქტუალური; ეძლევა უფლება, რომ სწორედ იქ წარადგინოს თავისი შემოქმედებითი და კომერციული იდეები. იქ იკრიბებიან მსხვილი შემკვეთები, ბაიერები, პრესის წარმომადგენლები. იქ მოხვედრა ძალიან რთულია, ოფიციალურ კალენდარში უნდა იყო გათვალისწინებული, თორემ ისე, არაოფიციალურ ნაწილში, ყველას შეუძლია, თავისი მონაცემები გააგზავნოს, მაგრამ მისი ჩვენების სანახავად პრესა და შემკვეთები არ მივლენ. ამქვეყნად ყველაფერი კანონზმიერია. იმ გზამ, რომელიც ავირჩიე, საქმემ, რომელიც მინდოდა, მეკეთებინა, მიმიყვანა პარიზის მოდის კვირეულამდეც. იმისთვის, რომ ოფიციალურ ნაწილში მოხვდე, გჭირდება პროტექტორი, ვიღაცის პროტეჟე უნდა იყო. ქართულად „პროტეჟე“ ცუდად ისმის, მაგრამ ეს, უბრალოდ, არის ადამიანი, ვინც იმ კომისიას, სადაც უმსხვილესი მოდის სახლების, „დიორის“, „შანელისა“ და სხვათა დირექტორები არიან, აწვდის შენზე ინფორმაციას, შენს დოსიეს და ისინი განიხილავენ, იქნები თუ არა იმ კვირეულზე მოწვეული სტუმარი. მოწვეული სტუმრები არიან უნგაროც, ვალენტინოც და სხვებიც, რადგან მოდის კვირეულზე მხოლოდ ხუთი მუდმივი სახლია. ჩემს შემთხვევაში პროტექცია გამიწია ადამიანმა, რომელსაც მოუქარგავს და გადაუქარგავს მთელი მოდის სამყარო. ის ამბობდა, რომ ჩემი ნამუშევრები – ეს არის რენესანსი ქარგვის ხელოვნებაში. არადა, ქარგვა საერთოდ არ არის ჩემი, ანუ ის ნამუშევრები სპონტანურად, ყოველგვარი ფიქრისა და მიზნების გარეშე გავაკეთე, მაგრამ ის განსაკუთრებული აღმოჩნდა და ძვირადაც ფასობს. შემდეგ უკვე ამ ქსოვილებზე ისეთი ვაჭრობა მიდის, ვერ წარმოიდგენთ. გინდა „დიორი“ აიღე, გინდა „შანელი“ – მშვენივრად გევაჭრებიან, როდესაც საქმე რაღაცის ყიდვაზე მიდის.

– წარმატებული იყო ეს ჩვენება?

– ჩემი ყველა ჩვენება წარმატებული მგონია. მიჭირს საკუთარ ჩვენებებზე საუბარი. საერთოდ, როგორც კი კოლექცია მზად არის და ის ჩვენებაზე გადის, ჩემთვის ის იმ წამსვე ქრება, იმ წუთიდანვე ვიწყებ ახალ კოლექციაზე ფიქრს. რაღაც დაბადებას ჰგავს ეს ყველაფერი. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ივ სენ ლორანმა თქვა, რომ ყოველ ექვს თვეში ორსულად ვარო. ზუსტად ასეა. მართლა არ არის ეს იოლი ხვედრი, მუდმივად ფსიქოზურ მდგომარეობაში ხარ. გარეგნულად კი მშვიდი ჩანხარ, მაგრამ შენში სულ დუღს იდეები, აზრები, შთაბეჭდილებები, ქაოსში ხარ. მაგრამ ეს იმდენად ჩემი ნიჭია, ჩემში ზის, რომ ამ ყველაფერს ტვირთად ვერ აღვიქვამ. ერთი სიტყვით, სრულიად ჯანმრთელ მდგომარეობაში არასდროს ვარ.

– რა არის შენთვის მოდა?

– ჩემთვის მოდა არის ეფემერული, ზმანებასავით, რომელიც თან არის და თან – არა. ადრენალინის მომენტი მაქვს მოდაზე. ზოგადად კი, მოდა – ეს არის სილამაზის, ესთეტურობის გამოხატვა. მისი საშუალებით ადამიანს შეუძლია ხაზი გაუსვას თავის შინაგან სამყაროს, წარმოაჩინოს თავისი დამოკიდებულებები, ღირებულებები; ეს არის საუბარი გარემოსთან, ქალაქთან. როდესაც ადამიანი პირველად მოდის ჩემთან, იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყურება, რა აცვია, ვიგებ მის ენას, ვესაუბრები.

– ანუ, გარკვეულწილად ფსიქოლოგიც ხარ?

– გარკვეულწილად არა, არაჩვეულებრივი ფსიქოლოგი ვარ, თამამად შემიძლია, ვთქვა (იცინის). მიხრა-მოხრით, მანერებით, ან, თუნდაც, როგორ გაქვს მოხვეული ეს შარფი, რომელიც ახლა გიკეთია (მე მომმართავს, – ს.გ.) – ეს ყველაფერი ხომ მაინც ტვინიდან მოდის?! სანამ შარფს მოიხვევდი, სარკეში ხომ შეხედე საკუთარ თავს, ესე იგი საკუთარ სხეულს ესაუბრე. ეს საუბარი კი ყველაზე საინტერესოა. არიან ქალბატონები, რომლებმაც ზუსტად არ იციან, რა სურთ და, როდესაც მათ ვესაუბრები, ვხვდები, შიგნიდან რისი სურვილი აქვთ.

– რამდენი ხნით ხარ თბილისში?

– სულ რამდენიმე დღე დამრჩა. ვიყავი შეკვეთილში, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დავისვენე და ცოტა ხანში უკან უნდა დავბრუნდე. მინდა გითხრათ, რომ სულ მალე თბილისში იქნება მაღაზია, სადაც „ირაკლი ნასიძე“ გაიყიდება. ფასები იქნება საკმაოდ ნორმალური და მისაღები ყველა ფენისთვის.

– ამბობენ, „ირაკლი ნასიძე“ ძალიან ძვირი ღირსო.

– ასე კონკრეტულად თქმა ძალიან ძნელია. თუ ვინმე ხელით დამუშავებულ და მოქარგულ კაბაში დიდ თანხას იხდის, ის, შეიძლება, თქვენთვის იყოს ასტრონომიული, მაგრამ ჩემთვის – არა, რადგან მას ასტრონომიულად ბევრი ენერგიის დახარჯვა და შრომა სჭირდება: ჯერ იდეის დონეზე მუშავდება, იქმნება კონცეფცია, ხდება მისი კონსტრუირება, დამუშავება და სხვა. ასე რომ, ის სამოსი, რომელიც აქ გაიყიდება, ანუ „პრეტ-ა-პორტე“, ყველა სოციალური ფენისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მგონი, ჯობია, ცოტა დანაზოგი გააკეთო და „ირაკლი ნასიძის“ კაბა შეიძინო, რომლითაც ნებისმიერ სიტუაციაში არაჩვეულებრივად ლამაზად და განსაკუთრებულად იგრძნობ თავს.



სალომე გველესიანი


скачать dle 11.3