კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დაასახელა მილიარდერი ჯორჯ ლუკასი „100 ყველაზე დიდ ამერიკელს“ შორის და რა იყო მისი „ვარსკვლავური ომების“ შთაგონების წყარო


ის არის ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეჟისორი და პროდიუსერი ამერიკული კინემატოგრაფიის ისტორიაში. მან შექმნა ეპიკურ-ფანტასტიკური საგა „ვარსკვლავური ომები“, სტივენ სპილბერგთან ერთად – ლეგენდარული კინოარქეოლოგისა და თავგადასავლების მაძიებლის ინდიანა ჯონსის პერსონაჟი. საუბარია ჯორჯ ლუკასზე, ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანზე ჰოლივუდში, რომლის ქონება 3 მილიარდ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული და „ფორბსის“ მილიარდერების ბოლო, 2009 წლის რეიტინგში 205-ე პოზიცია უკავია.

ჯორჯ უოლტონ ლუკას უმცროსი 1944 წლის 14 მაისს დაიბადა კალიფორნიის შტატში, რანჩოზე მოდესტოში. ის მკაცრ ოჯახში იზრდებოდა. მის მშობლებს – ჯორჯ ლუკასს უფროსს და დოროთი ბომბერგერს საკუთარი საკანცელარიო მაღაზია ჰქონდათ და ბუდისტური რელიგიის მიმდევრები იყვნენ. ჯორჯი ბავშვობიდან დიდი ფანტაზიორი და მეოცნებე იყო და „ვარსკვლავური ომების“ გმირის, ლიუკ სკაიუოკერის მსგავსად, ისიც პროფესიონალი მრბოლელის კარიერაზე ოცნებობდა. ჯორჯი ხშირად იღებდა მონაწილეობას არასანქცირებულ რბოლებში და 1962 წელს, სკოლის დამთავრებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე, ერთ-ერთი ასეთი რბოლის დროს, იგი სერიოზულ ავარიაში მოჰყვა, რამაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. საავადმყოფოში გატარებული თითქმის 3 თვის შემდეგ ჯორჯმა უარი თქვა მრბოლელის კარიერაზე და კოლეჯში ანთროპოლოგიის შესწავლას შეუდგა. კოლეჯში სწავლის დროს ლუკასი კინემატოგრაფიით დაინტერესდა და სწავლა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში, კინემატოგრაფიული ხელოვნების კურსზე განაგრძო. უნივერსიტეტში ჯორჯთან ერთად ცნობილი რეჟისორები: ჯონ მილიუსი, რენდალ კლეიზერი და ჰელ ბერვუდი სწავლობდნენ. აქვე გაიცნო ლუკასმა სტივენ სპილბერგი, რომელთან ერთადაც მან მოგვიანებით გადატრიალება მოახდინა კინოინდუსტრიაში. ლუკასის, როგორც რეჟისორის ჩამოყალიბებაზე ასევე დიდი გავლენა მოახდინა სლავკო ვორკაპიჩმა, იუგოსლავიის რესპუბლიკიდან გამოქცეულმა რეჟისორმა. ის სერგეი ეიზენშტეინთან ერთად იყო ნამუშევარი და უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. 1967 წელს ლუკასმა ბაკალავრის დიპლომით დაასრულა სწავლა უნივერსიტეტში. იმ პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო ოპერაციებს ატარებდა ვიეტნამში და ლუკასს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შეტყობინება მიუვიდა. მას სამხედრო საჰაერო ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფში უნდა ემსახურა, მაგრამ სამედიცინო შემოწმების დროს, დიაბეტი დაუმტკიცდა, რის გამოც სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს. 1967 წელს ლუკასი სამხედრო საჰაერო ძალების სკოლაში მოეწყო ინსტრუქტორის თანამდებობაზე, სადაც სამხედროებს დოკუმენტური კინემატოგრაფიის სხვადასხვა საკითხებს შეასწავლიდა. სწორედ იმ პერიოდში გადაიღო მან თავისი პირველი დამოუკიდებელი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ელექტრონული ლაბირინთი: THX-1138“, რომელსაც წარმატება ხვდა წილად სტუდენტური ფილმების ყოველწლიურ ფესტივალზე. ფესტივალზე ლუკასმა ფრენსის ფორდ კოპოლა გაიცნო, რომელთან ერთადაც ჩამოაყალიბა ფანტასტიკური ფილმების მწარმოებელი კინოკომპანია „ამერიქენ ზოუთრუფი“. კოპოლასთან ერთად ლუკასმა „ელექტრონული ლაბირინთის“ სრულმეტრაჟიან ვერსიაზე დაიწყო მუშაობა. ფილმი „HX-1138“ ეკრანებზე 1971 წელს გამოვიდა და კინოკრიტიკოსებმა იგი საკმაოდ ცივად მიიღეს. იმავე წელს ლუკასმა დააფუძნა საკუთარი სტუდია „ლუკასფილმი“ და დაიწყო მუშაობა ფილმზე, რომელმაც მას გზა გაუკვალა ჰოლივუდის ოლიმპამდე.

1973 წელს ამერიკის კინოეკრანებზე გამოვიდა „ამერიკული გრაფიტი“, ფილმი რომელმაც მიიღო „ოქროს გლობუსი“ და „ოსკარის“ 5 ნომინაცია. გარდა ამისა, მაყურებელმაც და კრიტიკამაც ფილმი დადებითად მიიღო, რაც შემოსავლებზეც აისახა. ფილმმა ლუკასს საჭირო რეპუტაცია და ფინანსები მოუტანა და მანაც მუშაობა დაიწყო თავისი ცხოვრების მთავარ ფილმზე „ვარსკვლავურ ომებზე“. ფილმის შთაგონების წყარო, როგორც ლუკასი იხსენებს, ამერიკული კომიქსები და აკირა კუროსავას ფილმები იყო. „ვარსკვლავური ომების“ ყველა ეპიზოდმა რამდენიმე მილიარდი დოლარის მოგება მოუტანა ლუკასსა და სტუდია „მეოცე საუკუნე ფოქსს“, რომელიც 70-იან წლებში სერიოზულ ფინანსურ კრიზისში იმყოფებოდა და სწორედ ლუკასის ხელშეწყობით მოახერხა „ფინანსური ჭაობიდან“ ამოსვლა.

ფილმების რაოდენობა, რომლებიც ლუკასმა გადაიღო არ არის ბევრი, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ნამდვილი გადატრიალება მოეხდინა მსოფლიო კინემატოგრაფში. ჯორჯ ლუკასმა ყველას დაუმტკიცა, რომ მაყურებლის მოსაზიდად გაცილებით ეფექტურია არა ვარსკვლავების მიწვევა გადასაღებ მოედანზე, არამედ სპეცეფექტების რაოდენობა ფილმში. სწორედ ჯორჯ ლუკასს უნდა უმადლოდეს თავის ვარსკვლავურ სტატუსს ჰარისონ ფორდი, რომელმაც ჯერ „ვარსკვლავურ ომებში“ შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი და შემდგომ ინდიანა ჯონსის პერსონაჟით გაითქვა სახელი.

გარდა კინემატოგრაფიისა, ჯორჯ ლუკასი ქველმოქმედებითაც არის დაკავებული. 2005 წელს მან მილიონი დოლარი გადარიცხა მარტინ ლუთერ კინგის მემორიალის ასაშენებლად, ვაშინგტონში. გარდა ამისა, მან უპრეცედენტოდ დიდი შემოწირულობა გაიღო „ფილმების სკოლისთვის“ – 175-180 მილიონი დოლარი და ეს არის ყველაზე დიდი თანხა, რომელიც კი ოდესმე მიუღია სასწავლებელს. 2005 წელს ტელეარხმა „დისქავერიმ“ ჯორჯ ლუკასი „100 ყველაზე დიდ ამერიკელს“ შორის დაასახელა, ხოლო კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა 2009 წელს იგი კალიფორნიის შტატის „დიდების დარბაზში“ გააწევრიანა.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, 1969 წელს ჯორჯი მონტაჟის რედაქტორზე, მარშა ლუი გრიფინზე დაქორწინდა, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს. სხვათა შორის მარშას მოპოვებული აქვს „ოსკარი“ „ვარსკვლავური ომების“ მონტაჟისთვის. 1983 წელს ჯორჯი და მარშა განქორწინდნენ და მას შემდეგ მილიარდერი რეჟისორი შემჩნეული ჰყავთ მომღერალ ლინდა რონსტადთან და „არიელ ინვესტმენტის“ პრეზიდენტთან მელოდი ჰოსბონთან. თუმცა, ოფიციალური სახე ამ ურთიერთობებისთვის ლუკასს, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო 900 მილიონი დოლარის ზარალი ნახა, არ მიუცია. ასე, რომ, იგი უცოლო მილიარდერების კლუბის წევრია.


скачать dle 11.3