შეუძლიათ თუ არა ქალ მძღოლებს ჩამქრალი ავტომობილის დაქოქვა
ძალიან ხშირად, გამოუცდელ და ზოგჯერ გამოცდილ მძღოლებსაც კი, ავტომობილის გაუმართაობა, რომელიც ერთი შეხედვით საკმაოდ სერიოზული ჩანს, საგონებელში აგდებს. თუმცა, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საკუთარი ძალებით, მექანიკოსის განათლების გარეშეც იოლად შეგვიძლია მისი მოგვარება: მაშინაც, როცა ავტომობილი გაჩერდა და აღარ იქოქება და მაშინაც, თუ საჭესთან ქალბატონი ზის.
მევლუდ მელაძე: ხანდახან, ძალიან პატარა პრობლემის გამო, მძღოლები პანიკაში ვარდებიან, ეს განსაკუთრებით ქალ მძღოლებს ეხება. პრობლემის მხოლოდ ვიზუალური მხარე არ ნიშნავს, რომ კატასტროფის წინაშე ვდგავართ, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი გაჩერდა. მინიმალური ცოდნა მაინც რომ გვქონდეს, ძალიან დიდ დროს, ნერვებსა და თანხას დავზოგავთ. მეგობრებთან რეკვასა და ტირილს, ჯობია, პრობლემის მოგვარება თავად დაიწყოთ. არსებობს ისეთი მარტივი გაუმართაობები, რომლის აღმოფხვრაც ადგილზევე ძალიან იოლად არის შესაძლებელი. ყველაზე ხშირად ჩვენს მანქანას ელექტროსისტემების მცველი უფუჭდება.
– რისმა მცველმა შეიძლება მანქანა გააჩეროს?
– უმარტივეს მაგალითს მოგიყვანთ: მცველი იცავს ელექტრონული მოწყობილობების მუშაობის სისწორეს, საწვავის იქნება ეს მაჩვენებელი, წყლის მდგომარეობის თუ სხვა. ჩვენ შეიძლება გასაღებით გავაღოთ, მაჩვენებელმა არ იმუშაოს, მაგრამ მანქანა მაინც დაიქოქოს. რა ხდება ამ დროს? გენერატორს, ისევე, როგორც ხელსაწყოების დაფას, არ მიეწოდება სიგნალი იმის შესახებ, რომ აკუმულატორი დასა მუხტია. ის არ იწყებს მუშაობას, შესაბამისად , აკუმულატორის რესურსი იწურება, რის შედეგადაც ავტომობილი ან ჩაქრება, ან თავად ჩავაქრობთ და ვეღარ დავქოქავთ. ამ დროს იწყება პანიკა და ძებნა იმ მიზეზისა, რომელმაც ავტომობილი გააჩერა, რეალურად კი სულ პატარა დამცავია დამწვარი. დამცავის დაწვა ძალიან იოლია, ის პირველივე გაუმართაობას საკუთარ თავზე იღებს და ეს წვავს, ან უმიზეზოდ გამოდის მწყობრიდან. ყველა მძღოლისთვის სავალდებულოა, იცოდეს, მანქანაში კონკრეტულად რა ადგილას არის განთავსებული დამცავების ბუდე, სადაც ყველა მათგანი ერთადაა თავმოყრილი. უმრავლეს შემთხვევებში, ის ხელსაწყოების დაფის ქვეშაა. აუცილებელია, ვიცოდეთ, თუ როგორ იცვლება დამცავი. სხვადასხვა დამცავს სხვადასხვა წინაღობა აქვს. თუ ჩვენ დაბალი წინაღობის დამცავს მაღალი დაწოლის დასაცავად ჩავდებთ, ის, რა თქმა უნდა, ძალიან მალე დაიწვება.
– როგორ გავარკვიოთ, რომელ დამცავს რამხელა წინაღობა აქვს?
– სადაც დამცავია განთავსებული, იქვე წერია, თუ რამხელა დატვირთვის გაძლება შეუძლია მას. ეს ციფრებია: 5, 10, 15 და ასე 70-მდე. 70-ს, ცხადია მეტი დატვირთვის ატანა შეუძლია. თუ ჩვენ, ვთქვათ, 30-იანი დამცავი დაგვეწვა და იქ 5-იან მცველს ჩავდებთ, მან შესაძლოა, იმუშაოს, მაგრამ, თუ იმ დეტალს, რომელსაც ის დამცავი იცავს, რამე პრობლემა შეექმნება, არის დიდი ალბათობა, რომ დამცავი საკუთარ თავზე მას არ აიღებს და მაშინ ის დეტალი დაიწვება, რომელსაც პრობლემა აქვს. დამწვარი დამცავის პოვნა ძალიან იოლია. უმეტეს მათგანს ზემოდანვე ეტყობა, რომ გაწყვეტილია, ისევე, როგორც ეს დამწვარ ნათურაზე ჩანს. იქვე, სადაც დამცავია, აუცილებლად იქნება განთავსებული მისი ამოსაღები სპეციალური, პინცეტის ფორმის გასაღები, თუ, რა თქმა უნდა, თქვენი მანქანიდან ის ვინმემ არ დაკარგა. ამით დამწვარ მცველს იოლად ამოვიღებთ და სხვას ჩავსვამთ. სათითაოდ ყველა მცველის ამოღება მოგიწევთ, სანამ დამწვარს არ მიაგნებთ. ანუ, როგორც კი ელექტრონული სისტემა აურევს, მანქანა ან არ იქოქება, ან ფარები არ ინთება, ან რომელიმე ხელსაწყო არ ინთება, პირველ ყოვლისა, დამცავებს ვამოწმებთ. როდესაც მცველების ხუფს მოვხდით, ნომრების მიხედვით აწერია, რომელი რას იცავს. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ არის ასახული ახალ ავტომობილებში. საერთოდ, რაც უფრო ახალია მანქანა, მით უფრო დახვეწილი ელექტროსისტემა აქვს მას, მით მეტადაა დამოკიდებული დამცავებზე და მათი გამოცვლა უფრო მეტ შედეგს მოგვცემს.