№46 წარმატებული ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია – თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სამსახურში
ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი
ანესთეზიოლოგსა და რეანიმატოლოგს, კრიტიკული მედიცინის ექიმ-სპეციალისტს, „ღია გულის“ ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელს – ბატონ გიორგი გრიგოლიას ანეთეზიოლოგიასა და რეანიმატოლოგიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მაღალი პროფესიონალიზმის მიღმა კარგი ფსიქოლოგიცაა და პაციენტები განსაკუთრებული იუმორითა და მეგობრული დამოკიდებულებით გამოარჩევენ. მის პრაქტიკაში იყო რთული და კიდევ უფრო მძიმე პერიოდები, როცა სოხუმში ომის დროს ექიმად მივლენილმა, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს კლინიკის დაბომბვის შედეგად კონტუზია მიიღო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხედველობა და სმენა დაკარგული ჰქონდა. ჯარისკაცი თეთრი ხალათით 36 წელია, 24-საათიან რეჟიმში დგას ადამიანების სოცოცხლისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე.
გიორგი გრიგოლია: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავარების შემდეგ ქირურგიის ინსტიტუტში მოვხვდი. იმ დროისთვის ის ერთ-ერთი წამყვანი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკა იყო. იმ პერიოდს დაემთხვა საქართველოში გულის ქირურგიის განვითარების პროცესების დაწყება, რისთვისაც ახალკურსდამთავრებულთაგან ჩამოაყალიბეს თექვსმეტკაციანი ჯგუფი, რომელთა შორისაც მეც გახლდით და გაგვგზავნეს მოსკოვში შესაბამისი კვალიფიკაციის მისაღებად. 1988 წელს დავბრუნდი საქართველოში და ისევ ქირურგიის ინსტიტუტში განვაგრძე მუშაობა. იმ პერიოდში გაჩნდა ძალიან კარგი პროგრამა – ამერიკელები ეხმარებოდნენ განვითარებად ქვეყნებს. ერთ-ერთმა ამერიკულმა კლინიკამ კარდიოქირურგიის დახმარების პროგრამა გააკეთა და ამოირჩიეს საქართველო, კერძოდ, ქირურგიის ინსტიტუტი, საიდანაც ნიუ-ჯერსის შტატში, დებორას კლინიკაში ვიყავი მივლინებული წელიწად-ნახევრით. ამერიკიდან დავბრუნდი და პირდაპირ სოხუმში წავედი სამუშაოდ, მძიმე დღეები გამოვიარეთ, ჩემს თვალწინ დაემხო სოხუმი.
– რა როლი აქვს ანეთეზიოლოგიას ქირურგიაში?
– ამ პროფესიის ჩამოყალიბებამ მნიშვნელოვნად წასწია წინ ქირურგია. როდესაც ანეთეზიოლოგია არ არსებობდა, ქირურგები ვერ აკეთებდნენ მასშტაბურ ოპერაციებს. ანესთეზიოლოგის მოვალეობაა, დაიცვას ავადმყოფი ქირურგიული აგრესიისგან და შეუწყოს ქირურგს ხელი ოპერაციის სრულფასოვნად გაკეთებაში.
– აღსანიშნავია, რომ დღეს ბევრად უსაფრთხო გახდა ანესთეზია.
– როდესაც ანესთეზიოლოგიაში დავიწყე მოღვაწეობა, დღევანდელთან შედარებით, მაშინ ნაკლებად უხიფათო წამლები იყო. დღეს ბევრად წინაა ეს პროფესია და კიდევ ვითარდება, ძალიან ბევრი მედიკამენტია გამოგონებული, რომლებსაც არა აქვს ისეთი გვერდითი მოვლენები, რაც ადრინდელ წამლებს ჰქონდა. შესაბამისად, ავადმყოფისთვის დღეს ანესთეზიოლოგია უფრო და უფრო უსაფრთხო ხდება, ერთი მხრივ, ახალი მედიკამენტების გამოგონებით და მეორე
მხრივ, მონიტორინგის ხარისხის გაუმჯობესებით.
მხრივ, მონიტორინგის ხარისხის გაუმჯობესებით.
– ანესთეზიოლოგი პაციენტს ოპერაციამდე ხვდება და შემდეგ პაციენტის გამოღვიძებაც მისი მოვალეობაა, ალბათ, თქვენს გამხნევებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს პაციენტებისთვის.
– მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროფესია ყოველდღიურად უფრო და უფრო უსაფრთხო ხდება, ავადმყოფების 90 პროცენტს ქირურგიულ ჩარევაზე მეტად ანესთეზიის ეშიანია. ჩემი 36-წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით მივხვდი, რომ ექიმმა საკუთარ თავზე პაციენტისთვის კარგი განწყობის შექმნაც უნდა აიღოს. როდესაც ღელავს პაციენტი, კარგი ექიმი კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს, განსაკუთრებით ისეთი მასშტაბური ოპერაციების დროს, როგორებზეც მე ვდგავარ – სადაც გულის გაჩერება, სისხლის ხელოვნური მიმოქცევა ხდება და ფაქტობრივად, ადამიანი კვდება. ყოველთვის უნდა დააყენო საკუთარი თავი კონკრეტული პაციენტის ადგილზე და მისი გადმოსახედიდან განსაზღვრო შენი ქცევა.
– ყველაზე ხანგრძლივი ოპერაცია თუ შეგიძლიათ, გაიხსენოთ?
– იყო შემთხვევა, როდესაც 24 საათი ვაკეთებდით ოპერაცაის, 85 წლის ქალბატონი იყო, რამდენჯერმე დავკარგეთ მაგიდაზე, მაგრამ საბოლოოდ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.
– რეანიმატოლოგობა რატომ გადაწყვიტეთ?
– ანესთეზიოლოგია ვიწრო პროფესიაა, რაც ქირურგიული ჩარევის უზრუნველყოფას და ყველაფრის დამთავრების შემდეგ პაციენტის გამოღვიძებას ემსახურება. რეანიმატოლოგია უფრო ფართოა, ძალიან ბევრი რეანიმაციული შემთხვევაა, სადაც ქირურგია სულაც არ არის საჭირო. რეანიმატოლოგია უფრო მეტ ცოდნას მოითხოვს და ბევრად საინტერესოა, მაგრამ ანესთეზიოლოგიასთან შედარებით, დროში უფრო გაწელილია, რეანიმატოლოგს შესაძლოა, ერთი პაციენტი რამდენიმე კვირა ჰყავდეს, რაც უფრო მძიმე სამუშაოა.
– რა არის თქვენთვის ყოველი ახალი შემთხვევა, გამახსოვრდებათ პაციენტები?
– ყოველი ადამიანი, რომელიც წარმატებით გაივლის ქირურგიულ მანიპულაციას, გამოიღვიძებს ან რეანიმაციიდან გამოჯანმრთელებული გადადის
განყოფილებაში ერთგვარი გამარჯვებაა ჩემთვის, სწორედ; ამ ბედნიერი ემოციებისთვის ვმუშაობ. ადამიანები, რომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ხშირად თვეების განმავლობაში ვიბრძვი, რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრება მამახსოვრდება.
განყოფილებაში ერთგვარი გამარჯვებაა ჩემთვის, სწორედ; ამ ბედნიერი ემოციებისთვის ვმუშაობ. ადამიანები, რომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ხშირად თვეების განმავლობაში ვიბრძვი, რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრება მამახსოვრდება.
– მხოლოდ „ღია გულში“ მუშაობთ, არ გიფიქრიათ სხვა სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობაც შეითავსოთ?
– სამწუხაროდ, ექიმებსაც და ექთნებსაც რთული ეკონომიკური სიტუაციის გამო, ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა კლინიკაში უწევთ მუშაობა, რისი წინააღმდეგიც ვარ, ვფიქრობ, ადამიანს აქვს თავისი მუშაობის რესურსი და როდესაც ის ერთ დღეს ერთ ადგილასაა მორიგე და მეორე დღეს – სხვაგან, მისი მუშაობის ხარისხი ქვეითდება, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პაციენტს აყენებს ზიანს.
– რა გზა გაიარა „ღია გულმა“ ერთ-ერთ თანამედროვე სამედიცინო ცენტრად ჩამოყალიბებამდე?
– „ღია გული“ 2001 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც ქირურგიის ინსტიტუტს გამოეყო კარდიოქირურგია და კერძო გახდა, ვნახეთ პარტნიორები შვეიცარიაში, გერმანიაში, ისრაელში, რომლებიც თითქმის ყოველ კვირას ჩამოდიონენ, აკეთებდნენ ოპერაციებს და ჩვენს მედპერსონალს ასწავლიდნენ იმ სტანდარტებს, რა სტანდარტებიც იყო მათ ქვეყნებში. პროცესი 2001-2007 წლებში გრძელდებოდა. 2007 წლიდან, ძირითადად, დამოუკიდებლად დავიწყეთ მუშაობა.
– ყველა წარმატებული პროფესიონალის უკან დგას ოჯახი, რომელთა მხარდაჭერა ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები?
– მყავს მეუღლე, ერთი ქალიშვილი და ერთი შვილიშვილი.
– რთული და დაძაბული სამუშაო განრიგი გაქვთ და კარგი განტვირთვა თქვენი მუშაობის ხარისხზე მნიშვნელოვნად აისახება. რა არის თქვენთვის განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალება?
– ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ნახევარი მსოფლიო მაქვს შემოვლილი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში ვიმოგზაურე და ბევრი ძალიან საინტერესო ადგილი აღმოვაჩინე.