№45 როგორ მოიშორა სოფო აბაიშვილმა სხეულიდან ორი ადამიანი
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
31 წლის სოფო აბაიშვილი, ფაქტობრივად, მეორედ დაიბადა. როცა სარკეში იყურება, თავადაც არ სჯერა იმ შედეგის, რასაც ბოლო 4 წელიწადში მიაღწია. თუმცა, ამისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდა და საკმაოდ სტრესული სიტუაციები გამოიარა. დღეს ის ბევრი ადამიანის სტიმული გახდა და ამბობს, რომ ქუჩაში თავდაჯერებული და თავაწეული დადის, რაზეც წლებია, ოცნებობდა.
სოფო აბაიშვილი: მთელი ცხოვრება, ბავშვობიდან ვოცნებობდი, მოცეკვავე ვყოფილიყავი და სამეჯლისო ცეკვები შემესრულებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ჭარბი წონის გამო, ეს არ გამომივიდა. მინდოდა, სცენაზე ვმდგარიყავი, მომღერალი ვყოფილიყავი, მაგრამ არც ეს ოცნება ამიხდა. სახლში მეუბნებოდნენ: ამხელა ხარ და ვინ მიგიღებსო. ასე რომ, ჩემმა გარეგნობამ და ჭარბმა წონამ, ყველნაირად დამთრგუნა, კომპლექსები გამიჩინა და ხელი შემიშალა, რომ ჩემი ოცნებები ამესრულებინა. სახლში ვიყავი ჩაკეტილი. კი მყავდა მეგობრები, მაგრამ ჩემი სიმსუქნის გამო, ბევრს არ უნდოდა ჩემთან ურთიერთობა.
– პატარა ასაკიდან იყავი ჭარბწონიანი თუ მერე მოხდა საგრძნობი მატება?
– ბავშვობაში საკმაოდ გამხდარი და ძალიან უჭმელი ვიყავი. მახსოვს, მთელი ოჯახი და სამეზობლო კოვზებით დამდევდნენ (იცინის). მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა – ყოველგვარი ჰორმონული ცვლილებების და დარღვევების გარეშე, 13 წლის ასაკში, უკვე 80 კილო ვიყავი. ამის გამო ვერიდებოდი თანატოლებთან ერთად გარეთ გასვლას. მახსოვს, სასწორზე რომ შევდექი და 80 კილო აჩვენა, ოჯახის წევრებისთვის პიკი იყო, დამავლო დედაჩემმა ხელი და ბათუმიდან თბილისში წამომიყვანა ენდოკრინოლოგთან. დამიწერეს დიეტა, სწორი კვება, ვიბრძოლე, დავიკელი, მაგრამ მერე ისევ მოვიმატე.
– თქვი, ჰორმონული ცვლილებები არ აღმენიშნებოდაო. ხომ არ იყო ეს ყველაფერი გენეტიკის ბრალი?
– ნამდვილად, გენეტიკის ბრალი იყო. ბიძა მყავდა ჭარბწონიანი და სამწუხაროდ, მამის გენეტიკამ იმოქმედა. მიყვარდა ტკბილეული და როცა ჭამას მიკრძალავდნენ, ეს ყველაზე დიდი სტრესი იყო. უბანში, მაღაზიაში სულ ვალებს ვიღებდი, ვიტყუებოდი – დედას სტუმრები ჰყავს, მე გამომაგზავნა-მეთქი და ტკბილეულს ნისიად ვიღებდი (იცინის). დედას მაღაზიაში შოკოლადების იმდენი ვალი ხვდებოდა, გიჟდებოდა (იცინის). სხვა გზა არ მქონდა, ჩუმად ვჭამდი.
– შენი გარეგნობის გამო ბულინგისა და დაცინვის მსხვერპლი თუ გამხდარხარ თანატოლების, კლასელების ან მეგობრების მხრიდან?
– სხვათა შორის, სკოლაში არასოდეს ვყოფილვარ ბულინგისა და დაცინვის მსხვერპლი. თუმცა, თავად ვიყავი დაკომპლექსებული და ვერიდებოდი თანატოლებთან კონტაქტს. ჩაკეტილი კი ვიყავი, მაგრამ ვინც მეგობრებში ბავშვობიდან შემომრჩა, სწორედ მათი დახმარებით მივაღწიე იმ შედეგს, რასაც ახლა ხედავთ. ასევე, დედა და და მედგნენ გვერდით. 24 წლის რომ გავხდი, 185 კილო ვიყავი. სარკეში კი ვიყურებოდი, მაგრამ სასწორზე რომ შევდექი, თვალებს არ დავუჯერე – ეს ნამდვილი შოკი და პიკი იყო. წავედი ისევ თბილისში, ენდოკრინოლოგთან, ჩავიტარე კვლევები და მიუხედავად ამხელა წონისა, ორგანიზმი მწყობრში იყო. დავიწყე სწორი, საათობრივი კვება და 10 თვეში 75 კილო დავიკელი. რასაკვირველია, რთული იყო ასეთი დიეტა, მაგრამ მხოლოდ წელიწად-ნახევარი შევძელი დაკლებული წონის შენარჩუნება. ნერვიულობები შემხვდა, ჭამას მოვუმატე, თან, ტკბილი ჩემი სუსტი წერტილია და მოკლედ, 60 კილო ისევ მოვიმატე. ნებისყოფა კი მაქვს, მაგრამ, ვხვდებოდი, დიეტას ვეღარ დავიცავდი. ჩემმა დამ და სიძემ მირჩიეს კუჭის ოპერაცია. კი მეშინია ქირურგიული ჩარევების, მაგრამ ისე მინდოდა გახდომა, გადავწყვიტე, გამეკეთებინა. მოკლედ, 4 წლის წინ, გავიკეთე ოპერაცია, დავიკელი 120 კილო და დღეს, 65 კილო ვარ.
– სასწაული შედეგია. ფაქტობრივად, ამ ოპერაციის შემდეგ, შენი მეორედ დაბადება მოხდა. ახლა, როცა სარკეში იყურები, რა განცდა გაქვს და თუ გაანადგურე ძველი ფოტოები?
– სარკეში რომ ვიხედები, იქიდან სულ სხვა გოგო მიყურებს – ყველაზე ძლიერი, ყველაზე მიზანდასახული, ყველაფერს რომ შეძლებს. დამიჯერეთ, თავადაც არ მჯერა ხოლმე, როცა სარკეში ჩემს თავს ვხედავ. სამწუხაროდ, როცა ჭარბი წონა მქონდა, არ ვიყავი მიზანდასახული, ჩემში წარმატებისკენ მიმავალი ყველა გზა ჩავახშვე.
– ამხელა წონის დაკლების შემდეგ, კანის მოდუნება, ჩვეულებრივი მომენტია. ამ მხრივ თუ დაგჭირდა გარკვეული პროცედურების ჩატარება?
– სამწუხაროდ, არ მივარჯიშია, უბრალოდ, სწორი კვებით შევინარჩუნე წონა და კანის მოდუნება მოხდა. გავიკეთე პლასტიკური ოპერაციები და ახლაც მჭირდება.
– სოციალურ ქსელში აქტიურად დებ შენს ფოტოებს, სადაც საოცრად გამოიყურები. ახლა რომ ის წონა იყო, რაც 4 წლის წინ, თუ დადებდი ფოტოებს?
– არ დავდებდი და არც დამიდია ჩემი მთლიანი ფოტო სოციალურ ქსელში. უბრალოდ, მრცხვენოდა. მქონდა ერთი კაბა, რომელსაც ვიცვამდი და ახლა, რაც მომწონს, იმას რომ ვირგებ და ჩემს გემოზე ვიცვამ, არ მჯერა (იცინის). ის ტანსაცმელი, რაც მქონდა, შენახული მაქვს, არ გადამიყრია. ხშირად ვათვალიერებ, დღე არ გავა არ გამოვაღო კარადა და ჩემი წარსული არ გავიხსენო. მთელი ბათუმი მიცნობს და ახლა რომ მხედავენ, შოკში ვარდებიან. ხშირად მირეკავენ, მწერენ სოციალურ ქსელში და მეკითხებიან, რა გააკეთე, რა ჩაიდინეო (იცინის). ჭარბწონიანი ადამიანები რჩევებსაც მთხოვენ. მე მათთვის ერთგვარი სტიმული გავხდი, და არა მარტო მათთვის, გამხდარი ადამიანებისთვისაც კი. არ არსებობს, ნებისყოფა ვერ გამოიმუშავო და დასახულ მიზანს მონდომებით ვერ მიაღწიო. სულ ვცდილობ, ფორმაში ვიყო, ხშირად ვიცვლი იმიჯს და ბედნიერი ვარ. ყოველი დილის გათენება მიხარია. რომ დავწვებოდი, სულ ვოცნებობდი, რომ გავიღვიძებ, ნეტა, დაკლებული ვიყო-მეთქი. ასეთ წონაზე, 13 წლიდან ვოცნებობდი და 31 წლისამ ავიხდინე. ჭარბი წონაც რომ მქონდა, მაშინაც სულ მოწესრიგებული დავდიოდი. მაგრამ, 24 წლის გოგო, 70 წლის ქალს ვგავდი. ჩემს დას რომ მივყვებოდი სადმე, ეკითხებოდნენ: ეს შენი დედააო. ფაქტობრივად, ორი ადამიანი მოვიშორე და 40 წელიც დამაკლდა. ის ორი ადამიანი, რომელიც ჩემში ცხოვრობდა, დილას იწყებდა ჭამით და დღეს ასრულებდა ჭამით.
– ისეთ ფორმაში ხარ, ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელიც გამოგიჩნდა. თუ ანახვებ მათ შენს ძველ ფოტოებს და რა რეაქციები აქვთ?
– ადრე ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდებოდა, თუმცა, ახლა თაყვანისმცემლებიც მყავს და რომ ვაჩვენებ ფოტოებს, არ სჯერათ, შოკში ვარდებიან: შენ ამხელა როგორ იყავიო (იცინის). ხშირად მიგრძნია ქუჩაში დაჟინებული მზერა: ვაიმე, რამხელაა, წადი, შვილო, დიეტა დაიცავი, მშობლები არ გიყურებენო? ამ გადასახედიდან მინდა, ყველა ჭარბწონიან ადამიანს ვუთხრა: არ დაყარონ ფარ-ხმალი, თუ დღეს არ გამოდის, ხვალ აუცილებლად გამოგივათ. ამიტომ ვდებ ჩემს ძველ ფოტოებს და მეამაყება, რომ მე ეს შევძელი. მერწმუნეთ, თუ მოინდომებთ, გამოგივათ. ჩემი გამოცდილებიდან, მეორე დაბადებაზე, უარი არავინ უნდა თქვას. ადრე, ზღვაზე ხალხს ვემალებოდი, შორს ვიჯექი. წელს კი სხვადასხვა ფერებში შევიძინე საცურაო კოსტიუმები და თამამად გავდიოდი ზღვის სანაპიროზე, გამოსაჩენ ადგილას და „მისწორდებოდა“, ხალხს შოკში რომ ვაგდებდი (იცინის).