კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 დავით დვალიშვილი: ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს, არ მინდა. მადლობა უფალს, რაც იყო

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: დავითი.
გვარი: დვალიშვილი.
პროფესია: მსახიობი.
– ბავშვობა...
– ჩემს თაობას თითქმის არ გვქონია, ისეთი გაჭირვება და დუხჭირი ცხოვრება იყო. ყოველი დღე ერთფეროვანი იყო, არსად არაფერი ხდებოდა, სულ ერთ ადგილზე ვიყავით და ჩვენი ყოველდღიურობა იყო: სკოლა, სახლი, ეზო... იმ პერიოდში ვინც იპარავდა, ისინი კარგად ცხოვრობდნენ და ვინც ვერა – უჭირდათ. ცივია ბავშვობის მოგონებები. ყველაზე ტკბილად მახსენდება დედის გაკეთებული მჭადი და ხაჭაპური, უგემრიელესი იყო, ალბათ, იმიტომ, რომ ხშირად მიჭამია ძალიან მშიერს...
– მშობლების როლი...
– რაც შეეძლოთ, ყველაფერი გამიკეთეს. მამა რკინიგზაში მუშაობდა, დედა დიასახლისი იყო. როცა თეატრალურზე ჩაბარება გადავწყვიტე, მამასთვის მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვერ ვბედავდი, ვფიქრობდი, არ მომცემდა ამის უფლებას. ბოლოს, როგორც იქნა ვუთხარი: თეატრალურში მინდა ჩავაბარო-მეთქი, მიპასუხა: მერე, მე რა შემიძლია გაგიკეთო, კი, ბატონოო. გაოცებული დავრჩი თანხმობით, თუმცა ამას, თურმე, თავისი მიზეზი ჰქონია, რაც ძალიან გვიან გავიგე. როცა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ყვარყვარე ვითამაშე, მამა უკვე გარდაცვლილი იყო, დედა ესწრებოდა სპექტაკლს. მაშინ დედამ მითხრა: კარგი იყო. ისე, რომ იცოდე, მამაშენს „ქუჩარა“ აქვს ნათამაშები ტყიბულშიო. ანუ, მამასაც შეუგრძნია სცენის მტვერი და გულში ჰქონია ამ სფეროს მიმართ სიყვარული, ამიტომ არ იყო ჩემი არჩევანი მისთვის მიუღებელი.
– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...
– ბავშვებს ბევრი ოცნება აქვთ, ხან რას მიედებიან, ხან – რას. მეც არაერთი რამ მსურდა. მერე სკოლაში მასწავლებელმა რამდენიმე სპექტაკლში ჩამსვა, თან მითხრა: კარგი ხმა გაქვს და ალბათ, არტისტი უნდა გამოხვიდეო. თითქოს რაღაც ჩადო ამ სიტყვებით ჩემში, საფუძველი მომცა, რომელმაც მერე ნელ-ნელა ჰპოვა განვითარება. დავამთავრე სკოლა და მოვხვდი თეატრალურში. სხვათა შორის, თბილისში მამამ ჩამომიყვანა, მაშინ სულ მეორედ ჩამოვედი დედაქალაქში. ყველანაირად ცდილობდა, დამხმარებოდა, თუმცა არასოდეს დასცდენია, თავადაც რომ უნდოდა, არტისტი ვყოფილიყავი...
– პროფესიული ჩვევა...
– თუკი შეიძლება, ამას ჩვევა დავარქვათ, ძალიან მიყვარს რეპეტიცია, სპექტაკლზე მეტადაც კი. მუშაობის პროცესი მანიჭებს დიდ სიამოვნებას და მაგიდასთან  თემის გარჩევა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა.
– ადამიანში ვაფასებ...
– ერთგულებას. კაცი ერთგული უნდა იყოს სიყვარულის, ოჯახის, მშობლის, მეგობრის. ერთგულება ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა. აი, დაუნახაობას და უმადურობას კი ყველაზე მეტად ვერ ვიტან.
– წარმატებული ადამიანი არის...
– გააჩნია, რა კუთხითაა ადამიანი წარმატებული. არიან პოპულარულები უარყოფითი კუთხით, თუმცა თავს წარმატებულად თვლიან. მიყვარს და პატივს ვცემ  ყველა ადამიანს, რომელიც რაღაცას რუდუნებით აკეთებს თავისი ქვეყნისთვის, ხალხისთვის და გარშემო მყოფთათვის. წარმატებულად მიმაჩნია ის კაცი, ვისაც შეუძლია, თავი დადოს სიყვარულისთვის, მეგობრობისთვის, ქვეყნისთვის, თორემ მარტო როლის თამაში და ტაშის დაკვრა არაა წარმატება.
– მწამს...
– სიყვარულის. ღმერთია სიყვარული და ამ სიყვარულის მწამს თითოეულ ჩვენგანში.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– უფალი არსებობს მსოფლიო წესრიგისთვის. ნოდარ დუმბაძეს აქვს საოცრად ნათქვამი: ადამიანმა შექმნა ღმერთი... ანუ, პირველ რიგში, ჩვენშია ღმერთი.
– ცოდვა არის...
– გიჟს რომ დასცინებენ,  თითქოს იმ დროს მასზე უკეთესები იყვნენ, ქვეყანას რომ მიწას გაუყიდიან... ერთმა კაცმა თქვა, ეკლესიასთან გავიარე და
ვიფიქრე: ბარემ შევივლი და სანთელს დავანთებო. შევიდა და კანდელთან მოიტეხა ფეხი. მან შესცოდა, ღვთის სახლთან გაიარა და თქვა: ბარემ სანთელსაც ავანთებო... ბევრი რამაა ცოდვა, ზოგს ისე ჩავდივართ, ვერც კი ვამჩნევთ.
– ვრისკავ...
– სიტუაციის შესაბამისად. უცებ შემიძლია ხოლმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება.
– ბედისწერა...
– ამბობენ, ადამიანი რომ იბადება, თან დაჰყვება მისი მომავალიო. შეიძლება, ადამიანი კოდირებულად იბადება, მაგრამ მერე მის ხელშია საკუთარი ბედის სადავეები, საით წაიყვანს მას და თავად წყვეტს, როგორ იცხოვრებს. მოკლედ, შენი ბედი შენს ხელშია.  
– მაკვირვებს...
– ნიჭიერი ადამიანი. ვგიჟდები, კაცმა, რომ იცის ერთი, მეორე, მესამე საქმე და ყველაფერი გამოსდის ხელიდან. გაოცებული ვუყურებ ხოლმე, როგორ ახერხებენ ბევრი რამის ერთად კეთებას. ადამიანის შესაძლებლობები ჩემთვის სასიამოვნოდ გასაკვირი რამაა.
– ვერიდები...
– უსიამოვნებას, კონფლიქტს და ხშირად გვერდზეც ვდგები ამის გამო. ერთი თეატრიდანაც კი წამოვედი, რადგან არ მინდოდა, უსიამოვნება. არ მიყვარს დაძაბულობა ურთიერთობებში,  ამიტომ ყოველთვის გავდივარ გვერდზე, თუ ეს შესაძლებელია.
– სიყვარული...
– ყველაფერია. ასაკში რომ შედიხარ, კიდევ უფრო სხვა თვალით უყურებ ამ სამყაროს. უკვე 70-ს გადავცდი და გაზაფხულზე კვირტი რომ იშლება, მიხარია, მიყვარს და ვუყრებ, ყოველდღე როგორ ემატება ფოთოლი ფოთოლს. ახალგაზრდობაში მსგავს რამეს ყურადღებას არ ვაქცევდი. ასეა ყველაფერში, სულ სხვაგვარად აკვირდები ყველაფერს და სხვანაირად გიყვარს.
– სიყვარული და ჩარჩოები...
– ჩარჩო და წესრიგი იცავს ადამიანებს, ქვეყანას. თვითცენზურა აუცილებელია ადამიანში და ვფიქრობ, როგორც ადამიანი, ასევე ნებისმიერი რამ რაღაცას უნდა დაემორჩილოს, თუმცა სიყვარული შეიძლება, ერთადერთი რამ იყოს, სადაც ვერანაირ წესს ვერ დააწესებ და ვერანაირ საზღვარს ვერ გაავლებ.
– ის, რაც უპატიებელია...
– ღალატი და  მქონია, მსგავსი მომენტი.
– ვეჭვიანობ...
– მეტ-ნაკლებად, როგორც ყველა ადამიანი. ეჭვიანობა არის გაფრთხილება: მე ეს ვიცი და ყურადღებით იყავი. ტყუილუბრალოდ  არ ეჭვიანობენ, ესე იგი, იცი რაღაც და შანსს აძლევ მას. რამდენად მიიღებს ამ შანსს და გამოიყენებს, ეგ სხვა თემაა.
– ბოდიშის მოხდა...
– არ მიჭირს. გაცეცხლებულზე დაუფქრებლად თუ იტყვი რამეს, აუცილებლად ბოდიში უნდა მოიხადო – ეს კაცური თვისებაა. ცუდი სიამაყეა, როცა საკუთარ შეცდომას ვერ აცნობიერებ.
– ვემტერები...
– საქართველოს მტრებს. ღამე რომ დავწვები ხოლმე, იცით რამდენი მიომია და ვომობ? ხან სად ვყოფილვარ, ხან – სად. ცრემლებამდე მტკივა ეს თემა...
– ვნანობ...
– უფრო მეტი განათლება რომ არ მივიღე. წიგნიერება აუცილებელია ადამიანისთვის. ერთმა მოაზროვნებ თქვა: ჩემი განათლება ჩემი მეხსიერებააო. რაღაცას რომ ვსწავლობთ, ის უნდა დაგვრჩეს, რაც ბევრს ვისწავლით და წავიკითხავთ, უფრო მეტი დაგვრჩება გონებაში.
– ვიტყუები, როცა...
– არ ეხება სერიოზულ საქმეს. ტყუილი რა კაცის საკადრისია, არ მიყვარს.
– ვაგროვებ...
– შუშის ჭურჭელს, ძალიან მიყვარს და ბევრი მაქვს, განსაკუთრებით ღვინის. არაერთი უცნაური ბოთლი მაქვს კოლექციაში.
– ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
– რა იქნება ხვალ, რა ეშველება ჩვენს უბედურ ქვეყანას. ხშირად მეფიქრება იმაზე, რომ ეკლესიას ბევრი მტერი შეესია. ადამიანმა შეიძლება, დაკარგო მეტყველება, სმენა, მხედველობა, მაგრამ ერი  თუ რწმენას დაკარგავს, გადაშენდება. ქართველებს ბევრი საფიქრალი მოგვეძალა ამ ბოლო დროს, ცუდ სიტუაციაში ვართ... ასევე, ვფიქრობ იმაზე, რომ შვილიშვილები უნივერსიტეტებს ამთავრებენ და მინდა, ჩემზე ბევრად უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ – ნულიდან დავიწყე ყველაფერი, უამრავი სირთულე გადავლახე.
– რთული პერიოდი...
– ორი წლის წინ გარდაიცვალა ჩემი ძმა და ვერაფრით დავუშვი ეს ფაქტი, ისე ცუდად იმოქმედა ჩემზე, რომ ჯანმრთელობის პრობლემაც კი შემექმნა. ჩემს ახალგაზრდობაში არასოდეს ნორმალური ცხოვრება არ ყოფილა, სულ განცდებში, წუხილში, წვალებაში, შიშში ვცხოვრობდით, ღმერთს დაცილებული ვიყავით, მომავალს ვერ ვხედავდით, სულ ღრუბლებში იყო ჩვენი ბედი და სამწუხაროდ, ამ ღრუბლებს დღემდე ვერ გავცდით.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– 30 წელს გადაცილებული ვიყავი, როცა მანქანა ვიყიდე. ერთმა უფროსმა მეგობარმა მითხრა: დათო, სიჩქარეს ასს რომ გადააცილებ, ყოველთვის გაგახსენდეო. 40 წელია, რაც საჭესთან ვარ და როგორც კი სწრაფად მივდივარ, მაშინვე სიჩქარეს დავხედავ, ისე უცნაურად მითხრა  ეს სიტყვები, დღემდე ჩარჩენილი მაქვს. ალბათ, ყველაზე მეტად ეს რჩევა გამომადგა ცხოვრებაში.
– ცხოვრება რომ  თავიდან იწყებოდეს...
– არ მინდა. ვამთავრებ და მადლობა უფალს იმისთვის, რაც იყო. დაბადება აღარ მინდა, იქ უკეთესიაო, ასე ამბობენ და აქ რა მინდა.

скачать dle 11.3