№45 თი მაჭავარიანი: ფსიქოლოგმა მითხრა, რადგან შენ ვერ დაასრულე საკუთარი თავი, ახლა ორგანიზმი ცდილობს, დაგასრულოსო
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
თი მაჭავარიანი სოციალური ქსელებიდან ბოლო თვეების განმავლობაში გავიცანით. მას ახლა უკვე „ნიჭიერის“ სცენიდანაც ბევრი იცნობს და ალბათ, რთულად წარმოსადგენია, რომ მასავით ლაღ და ბავშვური ბედნიერების გამზიარებელ გოგონას, ძალიან რთული გზა აქვს გამოვლილი.
თი მაჭავარიანი: ბავშვობიდან ვცდილობდი, პოზიტიური ვყოფილიყავი და დადებითი მუხტი შემენარჩუნებინა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სკოლაში მაბულინგებდნენ, რადგან ძალიან დაბალი ვიყავი. თუმცა, არა მხოლოდ ამის გამო, განსხვავებულ ადამიანებს დღემდე აბულინგებენ, უჭირთ სიახლეებთან შეგუება. მე არ ვიყავი ბოროტი, ჩემი სამყარო მქონდა, სკოლაში სულ რაღაცები მიმქონდა და ბავშვებს ვურიგებდი, მასწავლებლებთანაც ასეთი დამოკიდებულება მქონდა და ამის გამო, ეგონათ, რომ მათ „ვეტენებოდი“. რეალურად, ეს ყველაფერი გულიდან მოდიოდა და ასეთ დამოკიდებულებას ძალიან განვიცდიდი. ძალიან მომწონდა ემინემი და კასეტები მიმქონდა ხოლმე სკოლაში, რომ სხვებსაც მოესმინათ და ერთხელ დამიმტვრიეს. როგორც კი თინეიჯერი გავხდი, სერიოზული პროტესტი დამეწყო. თავიდან ხომ რეპი მომწონდა, მერე ძალიან მძიმე როკის მსმენელი გავხდი. ისეთი ვიყავი, როგორსაც ახლა ვერავინ წარმოიდგენს – ძალიან შავი, ღამე ყურებში მეტალიკით ვიძინებდი. ხასიათიც შემეცვალა, ცივი და ძალიან დისტანციური გავხდი. შავები მეცვა, სახეზეც შავი მესვა, თმა გაბურძგნული მქონდა, საერთოდ სხვა ტიპაჟი ვიყავი.
– სტუდენტობის პარალელურად გახდი დედა და მერე ამერიკაშიც წახვედი. იქ როგორ აეწყვეთ?
– უნივერსიტეტი ბულგარეთში დავამთავრე. მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა პირველი შვილი გამიჩნდა და მის გაზრდაში ლექტორებიც მეხმარებოდნენ, სტუდენტებიც და რასაკვირველია, ჩემი ყოფილი მეუღლე. უნივერსიტეტი დავამთავრე და წავედით ამერიკაში, სადაც მანამდე, ყოველ ზაფხულს დავდიოდით გაცვლითი პროგრამით უნივერსიტეტიდან. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, ჩემი ყოფილი მეუღლე კოლუმბიის უნივერსიტეტში მოხვდა ნიუ-იორკში და იქ გადავედით ნიტასთან ერთად, ემა და ნოა უკვე იქ გამიჩნდნენ. ამერიკა ძალიან მიყვარს და კიდევ ვაპირებ ჩასვლას, მაგრამ მანამდე აქ უნდა დავიმკვიდრო თავი კარგად. იქ ნაცნობი გარემო დამხვდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები და მათთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს, ბავშვების გამო სახლში ჩაჯდომა გამიჭირდა. ბევრი ამბობს: დედობა არ უნდოდა და რისთვის აჩენდაო... რაც ძალიან საწყენია. ჩემი შვილები ძალიან მიყვარს, ძალიან მინდოდა, სამი შვილი მყოლოდა. უბრალოდ, არ ვიყავი მზად იმ რეალობისთვის, რომელიც იქ დამხვდა და ძალიან გამიჭირდა.
– რა თქმა უნდა, შვილები ძალიან დიდი ბედნიერებაა, თუმცა თავისთავად რთული იქნებოდა სამ ბავშვთან მარტო, ყველას გარეშე. მერე იყო რთული პერიოდი, სუიციდის მცდელობაც. როგორ შეძელი ამ მდგომარეობასთან გამკლავება?
– მე ვფიქრობ, რომ ადამიანი შინაგან სიკეთეს არასდროს კარგავს, მაგრამ რთულ პერიოდებში შინაგანი დემონები უფრო აქტიურობენ და ცდილობენ, შეგვჭამონ. ყველა ადამიანს აქვს მათთან შებრძოლების უნარი. არ მინდა, ვთქვა, ვინც სუიციდის მცდელობა ბოლომდე მიიყვანა მხდალი ადამიანია-მეთქი, არანაირად, უბრალოდ, მისი დემონები უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ და ეს ძალიან სამწუხაროა. ყველას უნდა გვწამდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია მათი დამარცხება. როდესაც მე ვერ შევძელი იმის გაკეთება, რაც მინდოდა, საკუთარი თავი ლაჩარი და ძალიან სუსტი მეგონა. ახლა, პირიქით, ვფიქრობ, რომ სამყაროს ვუყვარვარ, რადგან შანსი მომცა, აქამდე მოვსულიყავი. ყველაფერი რაღაცისთვის ხდება. ის რთული პერიოდი რომ არ გამევლო, დღეს ბევრად უფრო სუსტი და ჩაკეტილი ვიქნებოდი. საკუთარ თავზე მუშაობით, იმაზე ფიქრით, რომ „არ ტეხავს“ ფსიქოლოგთან თუ ფსიქიატრთან სიარული და მოდი, იქნებ, ვცადო და დამეხმაროს, ყველაფერი შევცვალე. მენტალური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ფიზიკური. მას ვერ ვხედავთ, მაგრამ დიდ ნაპრალებს აჩენს, არასასიამოვნო ფიქრები შინაგანად გვჭამს. თავის ტკივილს თუ სჭირდება მკურნალობა, არც გონების მკურნალობაშია რამე სამარცხვინო. შენ თუ გონებაში გიტრიალებს აზრი სხვისი ან საკუთარი თავის დაშავების შესახებ, ამას უნდა მიხედო.
– ფიზიკურ ჯანმრთელობას რაც შეეხება, ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ფიზიკურადაც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდი?
– რამეზე რომ გამუდმებით ფიქრობ და ყოველღამე ეს ფიქრები გჭამს, არ გაძინებს, იმ დონეზე, რომ პანიკური შეტევა გემართება, შენ კი მასთან გამკლავების მცდელობის ნაცვლად, ცდილობ, შეეგუო, მერე ორგანიზმი გაძლევს სიგნალს, იმისთვის, რომ იქნებ ასე მაინც მიხედო თავს. მეც ასე დამემართა. რადგან საკუთარი თავი ვერ დავასრულე, მჭამდა ფიქრები, რომ სუსტი ვიყავი. საკუთარ თავს ვადანაშაულებდი იმის გამო, რომ სუიციდის მცდელობა ბოლომდე ვერ მივიყვანე. საკუთარ თავზე დამამცირებლად ფიქრი ყველაზე დიდი დანაშაულია მის წინაშე. ადამიანის ორგანიზმი საოცრებაა და ამას ჩემი მაგალითიც ამტკიცებს. მუცლის არეში ტკივილები დამეწყო და ექიმთან წავედი, აღმოჩნდა, რომ საშვილოსნოზე სიმსივნური წანაზარდები მქონდა და მეორე დღისთვის გადაწყდა ამოკვეთა. არ მინდოდა, მთლიანად ამოეკვეთათ საშვილოსნო – ჯერ კიდევ პატარა ვიყავი და მომავალში თუ შვილის გაჩენის შანსი იქნებოდა, მას ვერ დავკარგავდი, ასე ვერ მოვიქცეოდი. ვმკურნალობდი, კვლევებს ვიტარებდი, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც მებრძოდა შინაგანად საკუთარი თავი, წანაზარდები ისევ იზრდებოდა. ჩემს ფსიქოლოგთან მივედი და ჩემს ისტორიას რომ გადახედა, მითხრა, რადგან შენ ვერ დაასრულე საკუთარი თავი, ახლა ორგანიზმი ცდილობს, რომ დაგასრულოსო. მას შემდეგ ორ წელზე მეტი გავიდა და ეს ფრაზა დღემდე არის ჩემი ძირითადი მამოძრავებელი და მოტივატორი. ამ ფრაზის გამო გიჟივით ვაკეთებ ყველაფერ კარგს, ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობ, არ ვეწევი, არ ვსვამ, მაქსიმალურად ვიტვირთავ თავს სხვადასხვა აქტივობებით, რომ ის უაზრო ფიქრები ისევ არ გამიჩნდეს.
– მეუღლესთან დაშორება რატომ გადაწყვიტე, დასაწყისში ხომ მისი დახმარებით შეიცვალე უკეთესობისკენ?
– 11 წელი ვიყავით ერთად. ძალიან ბევრი რამ მოხდა, შევიცვალეთ შინაგანად თუ ფიზიკურად. იმდენად ადრეულ ასაკში დავიწყეთ ურთიერთობა, რომ მერე, საბოლოოდ რომ ჩამოვყალიბდით, ვეღარ შევეწყვეთ ერთმანეთს. არაჩვეულებრივი მამაა, მისნაირი მამა საქართველოში, ალბათ, ერთ პროცენტს ჰყავს. ორი კვირა ჩემთან არიან ბავშვები, ორი კვირა – მასთან. შვილებისთვის ყველაფერს აკეთებს და უბედნიერესი ვარ, რომ ჩემს შვილებს და მეც ასე გაგვიმართლა, მაგრამ ცოლქმრულ ურთიერთობაში ასე არაა და ვფიქრობ, რომ დაშორების გადაწყვეტილება სწორი იყო ჩემთვისაც, მისთვისაც და ბავშვებისთვისაც.
– წერდი, რომ ადამიანები გსაყვედურობენ იმის გამო, რომ ასეთი ხარ, რომ გართობაც გინდა, სულ სახლში ჯდომა არ მოგწონს და ასე შემდეგ – სამი შვილის დედას რაღაცები აღარ შეეფერებაო.
– კი, თუნდაც ის, რომ ფესტივალებზე მიყვარს სიარული, განსხვავებულად მაცვია... ძალიან მაკრიტიკებენ, რატომ აკეთებ ამას, შენ ხომ შვილები გყავს, დედა ხარ, სახლში უნდა იჯდე და ბავშვებს მიხედოო. აზრიც არ აქვს ასეთ ადამიანებთან დისკუსიაში შესვლას. დარწმუნებულები არიან საკუთარ სიმართლეში და ვცდილობ, უარყოფით განწყობას არ მივაქციო ყურადღება. უბრალოდ, ჩემთვის ვცხოვრობ. არავის არ ვუშლი ხელს, ბოროტი არ ვარ, მაგრამ დედობასა და ჩემს შვილებს როცა ეხებიან, ცოტა უარყოფითი დამოკიდებულება მიჩნდება და ასეთ ადამიანებს მაშინვე ვბლოკავ.
– სოციალურ ქსელებში ერთად შეგიყვარეს შენ და შენი საყვარელი ადამიანი. ეს ისტორია როგორ დაიწყო?
– საქართველოში ჩამოსვლიდან ძალიან მალე დაიწყო. ლაშასთან ტატუებისა და პირსინგების სიყვარულმა დამაკავშირა. ის უკვე საკმაოდ მოთხოვნადი ტატუმასტერი იყო და თავიდან რომ მივწერე, არ მიპასუხა. ვიფიქრე, რომ „თავში ჰქონდა ავარდნილი“ და სხვა მოვძებნე პირსინგების გასაკეთებლად (იცინის). კარგად არ გამიკეთეს და ისევ ლაშას მივწერე, მაშინ ნახა ჩემი ძველი მინაწერებიც და მეორე დღისთვის დამიბარა. პირველივე შეხვედრიდან მომეწონა მასთან სტუდიაში და მაშინვე ტატუს გასაკეთებლად ჩავეწერე (იცინის). ძალიან კარგად შევეწყვეთ, ბევრი ვისაუბრეთ, თავიდანვე მომწერა, ძალიან მომეწონე, განსხვავებული ტიპაჟი ხარ, სამი შვილის დედა, ასეთ ტანზე, ასეთი ვიზუალით როგორ ხარო (იცინის). თავიდან ორივე ვამბობდით, რომ სერიოზული ურთიერთობის დაჭერა არ გვინდოდა, მეც ახალი დასრულებული მქონდა 11-წლიანი ურთიერთობა და არ იყო მარტივი. მას კიდევ თავის შეხედულებები ჰქონდა და ვფიქრობდით, სადაც დინება წაგვიყვანდა, იქ წავსულიყავით. ძალიან მალე იმდენად შეხმატკბილებულები გავხდით, ყველაფრის ერთად კეთება გვინდოდა, დავიწყეთ ერთად ცხოვრება. ლაშაც საკმაოდ დიდია, 32 წლისაა და აქამდე სერიოზული ურთიერთობა არ ჰქონია, თვითონაც განსხვავებული ტიპაჟია და ისე გამოვიდა, რომ ჩვენ ძალიან კარგად ავეწყვეთ, ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მან ჩემამდე დაიწყო „ტიკტოკზე“ აქტიურობა და მეც მაძალებდა, პოპულარობაში დაგეხმარებაო. რეალურად ასეა, ამ სივრციდან „ინსტაგრამზე“ გადმომყვნენ, შემდეგ „იუთუბზე“ დავიწყე აქტიურობა და ძალიან მალე იმდენად კარგი შედეგი მქონდა, რომ შოკირებული ვიყავი. მერე წამოვიდა დაინტერესება სხვადასხვა კომპანიისგან, არხებისგან, გადაცემებისგან. ერთ-ერთი „ნიჭიერია“, რომლის უზომოდ მადლიერი ვარ.