კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რატომ არ უნახავს სოფო ჯაბაურს დედა თვეების განმავლობაში და რას ეუბნებიან ოჯახს ექიმები ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის შესახებ

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

სოფო ჯაბაურს მაყურებელი რამდენიმე პროექტიდან იცნობს. მათ შორის: „ყავა და ლუდი“, „ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“ და „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც ის პრემიერ-მინისტრის ცოლის როლს ასრულებს.
სოფო ჯაბაური: გოჩა ცომაიამ რომელიც ამ სერიალში პრემიერს თამაშობდა, შემატყობინა, რომ პრემიერის ცოლის როლზე სჭირდებოდათ მსახიობი და მან მე გამიწია რეკომენდაცია, ჩათვალა, რომ როლს კარგად მოვერგებოდი. გოჩა „ჰეროკრატიის“ გადაღებისას გავიცანი და მას შემდეგ მეგობრული ურთიერთობები გვქონდა. ძალიან დადებითი ადამიანია. ჩავწერეთ სინჯი და დამამტკიცეს. „ჩემი ცოლის დაქალები“ იმ დროისთვის ერთადერთი ქართული სერიალი იყო, რომელსაც მე ვუყურებდი. ამდენად, სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა, მით უფრო, რომ ყოველთვის მიხარია, როცა თავდაპირველ პროფესიასთან შეხების შესაძლებლობა მეძლევა. მუშაობა დადებით და საინტერესო გარემოში მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, ასევე, საინტერესო იყო შედეგის ნახვაც.  
– სერიალში პრემიერ-მინისტრის მეუღლის როლი გაქვთ, როგორი აღმოჩნდა ეს ამპლუა თქვენთვის?
– პრემიერის მეუღლე გავლენიანი ქალია, საკუთარ თავში დარწმუნებული, ცოტა ხისტიც, თუმცა საბოლოოდ, გაზვიადებული ეგოს მიუხედავად, მაინც სამართლიანი და დაბალანსებული აღმოჩნდება ხოლმე. სიმპათიებით ვარ ამ ქალის მიმართ განწყობილი. საინტერესო პერსონაჟი იყო და მგონია, რომ როგორც პერსონაჟს, კიდევ მეტი რესურსი აქვს, ბევრი მიმართულებით იქნებოდა საინტერესო ამ ხაზის განვითარება.
– როგორ აირჩიეთ პროფესია და რა გზა გამოიარეთ დღემდე?
– სკოლის პერიოდში რამდენიმე სხვადასხვა პროფესიაზე ვფიქრობდი. მაინტერესებდა ისტორია, ფსიქოლოგია... სასკოლო ასაკში ჩვენებებსა და გადაღებებში ვმონაწილეობდი ევროპის სამოდელო ცენტრებში – პარიზში, მილანში, გერმანიის რამდენიმე ქალაქში. მოზარდობის ასაკში მეტ-ნაკლებად ყველა გოგოს უნდა სამოდელო სფეროში საქმიანობა. მანამდე, 10 წლის ასაკში, თბილისში გამართულ სილამაზის კონკურსში გრან-პრიც მოვიპოვე. თუმცა რამდენიმე წელში აღმოვაჩინე, რომ არ იყო საკმარისი ის საქმე, რომელიც მხოლოდ ადამიანის ვიზუალურ მხარეს უკავშირდება. საბოლოოდ მივხვდი, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება კინოსარეჟისოროზე ჩაბარება იქნებოდა. რამდენადაც რეჟისურა სინთეზური ხელოვნებაა, პრაქტიკული ფსიქოლოგიის, ასევე, ისტორიისა თუ ხელოვნების სხვადასხვა სფეროების ცოდნისა და მათთან შეხების გარეშე არ გამოდის. თუმცა სკოლა 15 წლისამ დავამთავრე და ამ ასაკში რეჟისურის შესწავლა ცოტა ნაადრევია; ამას დაემატა მეორე ფაქტორი – იმ წელს სამსახიობო ჯგუფი ქართული თეატრის მეტრს, ლილი იოსელიანს უნდა აეყვანა. ამ შესაძლებლობის უგულვებელყოფა დანაშაული იქნებოდა. ამდენად, ვცადე ბედი და დრამის სამსახიობოს მისაღებ გამოცდაზე დავრეგისტრირდი. ქალბატონ  ლილისთან ერთად ახალი ჯგუფები სხვა პედაგოგებსაც ექნებოდათ, თუმცა გამიმართლა და მე, სწორედ, ლილი იოსელიანის ჯგუფში აღმოვჩნდი. ეს იყო მისი ბოლო ჯგუფი... სამსახიობოს დასრულების შემდეგ, უკვე დაგროვილი ცოდნითა და მოწიფული ასაკით, თავდაპირველ სურვილს დავუბრუნდი და კინოსარეჟისორო ფაკულტეტიც დავამთავრე ბუბა ხოტივარის ხელმძღვანელობით, რომელიც ერთი ნახვით შემიყვარდა.  
მას მერე, რაც ინსტიტუტი დავამთავრე, ბევრ სხვა სფეროში მუშაობის გამოცდილება შევიძინე. ვიმუშავე პოლიტიკური გადაცემისა და საინფორმაციო გამოშვების კორესპონდენტად, წამყვანად – ტელეკომპანია „კავკასიაში“, ასევე, საჯარო სამსახურში – მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით. ახლა, მესამე წელია, კომერციაში ვმუშაობ.
– როგორია სოფოს რეალური ცხოვრება კადრს მიღმა, რით ხართ დაკავებული ყოველდღიურად?
– ყოველდღიური ცხოვრება ჩემს შვილსა და ამჟამინდელ სამსახურეობრივ საკითხებს მოიცავს – ძირითადად, სკოლა, ლევანის სხვა აქტივობები, სამსახური, დასვენება და მომდევნო დღისთვის მზადება. საღამოობით, ძირითადად, მე და ლევანი ვგეგმავთ პირად დროს ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის.
– ბოლო პერიოდში საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარეთ, ვგულისხმობ დედის მეუღლის – ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. რა შეგიძლიათ, ამასთან დაკავშირებით უთხრათ საზოგადოებას?
– დიახ, გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული, მართლაც რთული პერიოდია. რთული შესაგუებელია თავად თავდასხმის არაადამიანური ფაქტი, ისევე, როგორც ძალიან სტრესულია მკურნალობის რთული და ხანგრძლივი პროცესისთვის თვალყურის დევნება. თუმცა, ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს და იმედია, ანა და ცოტნე მალე დაუბრუნდებიან ჩვეული ცხოვრების რიტმს. ძალიან მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო ეს ყველაფერი. თავიდან ვერც ვიჯერებდი, რომ ამ მასშტაბის თავდასხმა მოხდა. ამას არავინ ელოდა და დღემდე გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანის ასე გამეტება.
– როგორი ადამიანია ცოტნე ოჯახის წევრის თვალით და როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ?
– ცოტნე უკიდეგანოდ ერუდირებული და ინტელექტუალური ადამიანია, მისი მოსმენა ყოველთვის საინტერესო იყო. ის შეუპოვარი მხარდამჭერია კრიტიკულ სიტუაციებში. ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ლევანს მოსწონდა მასთან დროის გატარება, ღვინის დაყენებას ასწავლიდა, ერთად ვარჯიშობდნენ და ასე შემდეგ. იმედია, მალე ყველაფერი წინანდელ კალაპოტს დაუბრუნდება. თავიდან სიკვდილს ებრძოდა, ახლა უკვე გამოჯანმრთელებისთვის იბრძვის. ეს ხანგრძლივი პროცესია და პატარ-პატარა ნაბიჯებით მიიწევენ წინ. იქაური ექიმები ოპტიმიზმის საფუძველს ხედავენ.
– რაც შეეხება დედას, მისი მდგომარეობის შესახებაც აუცილებლად მინდა, გკითხოთ, რადგან რამდენადაც ვიცი, სრულიად მარტო, სხვა ქვეყანაში უმკლავდება ამ ყველაფერს.
– დიახ, მე ვიტყოდი, რომ წარმოუდგენლად რთულია, მოულოდნელად მიატოვო ყველაფერი და გაურკვეველი ვადითა და პერსპექტივით გაემგზავრო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანთან საკუთარი ინტერესების საზიანოდ. დედამ აქ სამი სამსახური, ოჯახი, მეგობრები და მშვიდი, კარგად ორგანიზებული ცხოვრება უკანმოუხედავად მიატოვა. ამდენი თვის განმავლობაში მე და ჩემს შვილს ანა არ გვინახავს. ზუსტად იცოდა, რომ მის ასეთ მხარდაჭერას ცოტნეს გამოჯანმრთელებაში არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს არის, ალბათ, უპირობო სიყვარულის, ერთგულებისა და გამბედაობის მაგალითი. დედამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე მასთან ერთად იბრძოლოს. პირიქით რომ მომხდარიყო, ცოტნეც იმავეს გააკეთებდა მისთვის.

скачать dle 11.3