№45 ჯანო იზორია: ამ ტკივილის გულში ჩაგროვება არ შეიძლება, დილის გათენება საინტერესო აღარაა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
გიორგი თავართქილაძის ფილმი – „ცუდი ხალხი“, წარმატებულ საფესტივალო ცხოვრებას განაგრძობს და ამჯერად გერმანიაში აფასებენ. მანამდე იყო საფრანგეთი, კანადა, ამერიკა, ლონდონი, სამხრეთ აფრიკა. და, ბუნებრივია, არაერთი აღიარება პრესტიჟულ ფესტივალებზე, თითოეულ ქართველთან ერთად, განსაკუთრებით სასიხარულოა შემოქმედებითი გუნდისთვის.
ჯანო იზორია: ამ ფილმის პირველი ჯილდო წინანდლის პრემია იყო და ამის შემდეგ არაერთი წარმატება ხვდა წილად ძალიან ბევრ ქვეყანაში. ვხუმრობთ ხოლმე, თეთრ დათვებთანღა დაგვრჩა მისი ჩვენებაო (იცინის). დიდი წარმატებებით მოვიარეთ ყველა კონტინენტი. კანადაში მე (მეორეხარისხოვანი როლი) და ვახო ჩაჩანიძე (მთავარი როლი) მამაკაცის როლის საუკეთესოდ შემსრულებლებად დაგვასახალეს. ამ ფილმმა უმაღლესი კლასის ფესტივალებზე მოიპოვა ჯილდოები, მათ შორის, სულ რამდენიმე დღის წინ – საფრანგეთში და მალე გერმანიიდან ველოდებით პასუხს. ფანტასტიკური გუნდი შეკრიბა რეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ და 90-იანი წლები მთელი სიმძაფრით გადმოსცა ყველა დეტალში – ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაა. გახსოვთ, ალბათ, „დუბლიონკები“ – იმ პერიოდის განუყოფელი ნაწილი, რომელიც მეც მქონდა, როგორც ალბათ, ყველას და ფილმში მისი მორგებისას იმდროინდელი ემოციები გამიცოცხლდა. ამბობენ ხოლმე, საქართველო მაშინ ლობიომ და ხამსამ გადაარჩინაო. პურის რიგები, ომები, ქაოსი, არეულობა... ეს ის ფილმია, რომელიც მე ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ნახონ ბავშვებმა, რომ 90-იანი წლების შეცდომები კარგად გაიაზრონ. ხელოვნების დანიშნულებაც ხომ ესაა.
– პანდემიამ ბევრი რამ შეაჩერა, მაგრამ ამ მომენტისთვის კიდევ ერთი ახალი როლისთვის ემზადებით...
– სულ რამდენიმე დღეში უნდა დაწყებულიყო ფილმის გადაღება და ამისთვის ვვარჯიშობდი წონაში დასაკლებად, მაგრამ აპრილისთვის გადაიდო და ეს ამბავი ჩემთვის ძალიან მტკივნეული და სტრესულია. იმედია, რამე გზას იპოვიან იმისთვის, რომ ხელოვანმა ადამიანებმა საკუთარი საქმის კეთება შეძლონ. ცოტა ლოგიკას აცდენილი მგონია ასეთი ხელფეხშეკრულობა, თეატრში ძალიან მარტივად იქნება შესაძლებელი რეგულაციების დაცვა. ახლა დილის გათენება საინტერესო აღარაა, არ ველოდები თეატრში რეპეტიციას, გადაღებებს. მესმის, რისკი არსებობს და ამიტომ ხდება ასე, მაგრამ რაღაც რეგულაციების ფონზე გარისკვა ღირს თუ გვინდა, ბოლოს შამპანური დავლიოთ. სახელმწიფო თეატრში ვარ და ხელფასს ვიღებ. ღმერთმა მომასწროს ისეთ დროს, როცა საქართველოში მსახიობებს კარგი ხელფასი ექნებათ, მაგრამ მთავარი მაინც მუშაობის პროცესია და ძალიან გვიჭირს მის გარეშე. თვის ბოლოს მივალ და ჯამაგირს ავიღებ – კი ბატონო, მაგრამ თამაში მინდა. თან, ამდენხნიანი უმოქმედობა მსახიობისთვის პროფესიულად ძალიან ცუდია. ამ ზაფხულს ორი სპექტაკლი ვითამაშეთ და ამან ცოტა გვიმკურნალა. დილით ბედნიერი ვიღვიძებდი, უამისობა კატასტროფაა.
– ამ პერიოდის განმავლობაში გქონდათ სხვა საქმის კეთების მცდელობა?
– ძალიან დაბნეული ვარ. სხვა პროფესიაში ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. არაფერი მეთაკილება, მანქანასაც გავრეცხავ და მშენებლობაზე ცემენტსაც ავიტან, მაგრამ ვიცი, რომ ამის კეთების დროს, დარდით რაღაცას დავიმართებ, რადგან ყველაზე საყვარელ საქმეს ვიქნები მოწყვეტილი. ხელფეხშეკრული ვარ, რაც არ ვიცი და არ მესმის, იმას ხელს ვერ მოვკიდებ. თორემ ფოთში, საზღვაო ქალაქში ვცხოვრობ და მიფიქრია, მოდი, გადამზიდ კომპანიაში დავიწყებ მუშაობას, როცა ელემენტარულისთვის არ გაქვს შემოსავალი, სხვა რა გზაა, მაგრამ იქაც ვიღაცის სათრევი გახდები, რაც ძალიან უხერხულია. შეიძლება, ისწავლო კიდეც, მაგრამ მე მინდა, ჩემს პროფესიას ვემსახურო.
– ამ ფონზე ოჯახური ცხოვრება როგორ მიდის?
– მშვენივრად ვართ მე და გვანცა. პანდემიას ერთად გავუძელით. ახალი შეუღლებულები ვართ, მაგრამ რთული ამბები გავიარეთ. იმედის მომცემი ადამიანია, ეგ რომ არ მყავდეს, გავაფრენდი. ზოგჯერ მოვიღუშები და ჩემი ხასიათის რთულ მხარეს ვავლენ, რომელიც მარტო სახლში ჩანს, გარეთ პოზიტიური ვარ. ქვეყანას არ ვანგრევ და სიგიჟეებს არ ჩავდივარ, მაგრამ მოწყენილი რომ ვარ, ისეთ მოტივაციას მაძლევს და მამხნევებს, რომ ხალისს მიბრუნებს. ძალიან კარგი მაყურებელი და შემფასებელია ჩემი, როგორც მსახიობის. სიახლეს ველოდებით და ღმერთის წყალობით, როცა ეს მოხდება, გაიგებთ. ჩემი პატარა – ევა იზრდება, ჩემი სიცოცხლე უკვე ოთხი წლისაა.
– როგორ ახერხებთ ურთიერთობას?
– ღმერთმა დამიფაროს, დათქმული რიცხვი და საათი მქონდეს მასთან საურთიერთოდ. ხშირად ვნახულობ, სასეირნოდ დავდივარ და ურთიერთობის პრობლემა არ გვაქვს.
– გვანცას როგორ შეეწყო?
– ძალიან კარგად მიიღო, მეგობრობენ, ერთად სეირნობენ. ამ საკითხში ოჯახსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამისთვის დიდი მადლობა ევას დედას და ბებოს.
– საკმაოდ რთული ცხოვრება გაქვთ გამოვლილი...
– კი და ამას ძალიან ახლობელ ადამიანებს რომ არ ვუზიარებდე, ვერ შევძლებ, გულში ვერ დავიტევ. ამ ტკივილის გულში ჩაგროვება არ შეიძლება. ზოგჯერ ამოვაფრქვევ ხოლმე და ეს შვებას მგვრის. ჩემთან მარტივად არაფერი მოსულა. კონკიას ისტორიას არ მოვყვები, მაგრამ ზოგიერთს თუ ჰგონია, იღბლიანი ვარ, ვეტყვი, რომ საშრომი ძალიან ბევრი მაქვს, დღევანდელობისთვის კი ძალიან ბევრი ვიწვალე, ბევრ და არც თუ ისე მარტივ გზებზე ვიარე. ბევრი ღამე გავათენე ხან სად, ხან სად და მადლობა უფალს ყველაფრისთვის.
– გარეგნულად, ძალიან მხიარული, ხალისიანი და აქტიური ჩანხართ. ყველას არ უჩვენებთ ამ ტკივილსა და სევდას?
– ჩემ ირგვლივ ძალიან ძლიერი ადამიანები იყვნენ და არიან – პედაგოგი რეზო ჩხეიძე, მეგობარი აფხაზეთში – ენგურზე ერთად ვიყავით, როცა ხერხემლის ტრავმა მიიღო და ეტლში აღმოჩნდა. ბევრი საღსალამათი, მაგრამ მძიმე ისტორიის მქონე ადამიანის პოზიტიურობისა და სიკეთის შემხედვარე, ჩემს თავს ვეუბნები, რომ ძალაც მაქვს და ჯანმრთელობაც, ამიტომ საკუთარ თავს დევიზად ვუქციე ფრაზა – „არ გაჩერდე!“ ზოგჯერ მეც მიკვირს, ხალისიანად რომ ვარ, მაგრამ მარტო რომ ვრჩები, მერე საკმაოდ სევდიანი ვხდები. სიმინდის ყანის სუნი რომ მცემს, სოფელი და აფხაზეთი მახსენდება, რაც სულ სხვა ემოციებს იწვევს. ხშირად სამარშრუტო ტაქსით ვმგზავრობდი და მათ მძღოლებს საქვეყნოდ ვუხდი მადლობას, იმისთვის, რაც მე მათ ვუტარებივარ და „პერევალზე“ ვუსადილებივარ, ქასთინგზე ჩამოვუყვანივარ, ჩემი არაერთი მცდელობის თანაზიარები ყოფილან და ეს ყველაფერი განმარტოებისას მახსენდება.