№45 წარმატებული ჰემატოლოგი და ტრანსფუზიოლოგი მანანა ღირდალაძე, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტთან ერთად – თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში
ნინო კანდელაკი ინა სიმონია
საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკის ხელმძღვანელი, თსსუ-ს ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 1 მონოგრაფიის ავტორი – ქალბატონი მანანა ღირდალაძე, ოცწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მიუხედავად, ყოველდღიურად ცდილობს, ფეხი აუწყოს თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე პროცესებს. ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებისა და სიმპოზიუმების მუშაობაში, ჩართულია საერთაშორისო კვლევებსა და გრანტებში. დამსახურებულად მიღებული ბევრი ჯილდოს მიუხედავად, მისთვის ყველაზე განსაკუთრებული მაინც 2017 წელს სტუდენტების მიერ მინიჭებული საუკეთესო ლექტორის წოდებაა.
მანანა ღირდალაძე: ექიმების ოჯახიდან ვარ, მამა ექიმი კარდიოლოგი – პროფესორი გახლდათ, დედა – ფარმაკოლოგი, ბიძა კი ონკოლოგი იყო, საღამოობით, ოჯახის შეკრებების დროს, ხშირად განიხილავდნენ ავადმყოფების მდგომარეობას, ამ ყველაფრის შემხედვარეს, მეც ბავშვობიდან გამიჩნდა ექიმობის სურვილი. ჩემი ძმაც ექიმია თსუ-ს ასოცირებული პროფესორი. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩავაბარე, რომელიც ასევე, წითელ დიპლომზე დავამთავრე.
– ჰემატოლოგიაში როგორ მოხვდით?
– ორდინატურის დროს ენდოკრინოლოგიაში გამანაწილეს, მიუხედავად იმისა, რომ 2 წლის განმავლობაში ძალიან კარგ კოლექტივში მოვხვდი, მამაჩემთან მივედი და ვუთხარი, რომ ენდოკრინოლოგად მუშაობა არ მაკმაყოფილებდა და მინდოდა, სხვა უფრო საინტერესო დარგში მემუშავა. მართლაც ჩემი სწავლის პერიოდში ამდენი ენდოკრინოლოგიური პრობლემა არ იყო და შესაბამისად, ძალიან მარტივივად მომეჩვენა. მამას პირველი დისერტაცია ჰემატოლოგიის ინსტიტუტში ჰქონდა დაცული და ეს დარგი ძალიან უყვარდა. წითელი დიპლომით გზა უფრო მეტად გახსნილი მქონდა და დავიწყე მუშაობა ჰემატოლოგიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. ბედნიერი ვარ იმით, რომ სკოლიდან მოყოლებული, არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტშიც ძალიან ძლიერი პროფესიონალების გუნდი დამხვდა, ყველა ცდილობდა, განსხვავებული შემთხვევები განეხილათ და ჩვენთვის ესწავლებინათ. ჩემი ხელმძღვანელი გახლდათ პროფესორი მანანა შეყლაშვილი, რომელმაც ჩვენს დარგში ბევრი სიახლე შემოიტანა, ამასთან, ძალიან იყო დაინტერესებული ახალგაზრდა თაობის განვითარებითა და წინსვლით. პირველი დისერტაცია მოსკოვში დავიცავი. სადოქტორო დისერტაციის დასაცავად კი მოსკოვიდან ლენინგრადში გამგზავნეს. დაბრუნების შემდეგ ისევ ჰემატოლოგიის ინსტიტუტში განვაგრძე მუშაობა.
– თქვენი სადისერტაციო თემა იმუნოლოგიასაც მოიცავდა, რაც დღეს ძალიან აქტუალური გახდა.
– დისერტაცია იმუნოლოგიასა და ჰემატოლოგიაში მაქვს დაცული. ცნობილია, რომ იმუნოლოგიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ონკოდაავადებების განვითარებაში.
– კერძოდ, რა როლი აქვს იმუნიტეტს ლეიკემიების განვითარებასა და მკურნალობის პროცესში?
– ადამიანის ორგანიზმში მუდმივად ხდება უჯრედების სომატური მუტაცია, ანუ გადაგვარება. როგორც კი იცვლება უჯრედი, მას ორგანიზმში არსებული ნორმალური იმუნური სისტემა აუცილებლად მაშინვე გამოიცნობს და როგორც უცხოს, ანადგურებს. თუ იმუნური სისტემა დათრგუნულია, გადაგვარებული უჯრედი უყურადღებოდ რჩება, ის იწყებს უკონტროლო გამრავლებას და ვითარდება ონკოლოგიური დაავადებები, მათ შორის – ლეიკემიები. ასევე, ლეიკემიის დროს, იმუნური დაცვის მოშლის გამო, ადვილად ვითარდება ინფექციური და აუტოიმუნური დაავადებები, რაც ძალიან ართულებს მკურნალობის პროცესს.
– რა შედეგებია დღესთვის ლეიკემიების მკურნალობაში?
– წლების წინ ავადმყოფი, ლეიკემიის ზოგიერთი ფორმით, თავის ტვინში სისხლჩაქცევის ან შეუჩერებელი სისხლდენის გამო შეიძლებოდა, კლინიკაში მოხვედრიდან რამდენიმე დღეში დაღუპულიყო. დღეისთვის თანამედროვე პროგრამული პოლიქიმიოთერაპიისა და ტარგეტიული თერაპიის (რაც გულისხმობს ისეთი პრეპარატების მოხმარებას, რომლებიც ახდენენ სიმსივნური უჯრედების ზრდის დაბლოკვას) საშუალებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ავადმყოფთა არა მარტო სიცოცხლის ხანგძლივობა, არამედ გაუმჯობესდა სიცოცხლის ხარისხი და შესაძლებელი გახდა გამოჯანმრთელება.
– რა არის ლიმფოსარკომა?
– ლიმფოსარკომა ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ლიმფურ კვანძებში ან სხვა ორგანოების ლიმფოიდურ ქსოვილში წარმოიქმნება. დღეს მათ ჰოჩკინისა და არაჰოჩკინის ლიმფომებად მოვიხსენიებთ. ამ დაავადებების დროს ქიმიოთერაპიასთან და რადიაციულ თერაპიასთან ერთად, უკვე ტარდება მონოკლონუმი ანტისხეულებით მკურნალობა, რომლებიც მიზანმიმართულად კლავენ გარკვეული ტიპის ლიმფოიდურ უჯრედებს. ამით ავადმყოფების სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-15 წლით გაიზარდა და გამოჯანმრთელების მაჩვენებელი უკვე 60-70 პროცენტი გახდა.
– რა არის ლეიკემიის განვითარების ძირითადი მიზეზები და ხელშესაწყობი ფაქტორები?
– ლეიკემიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი დღემდე არ არის ცნობილი. დადასტურებულად ითვლება რადიაციის მოქმედება. მნიშვნელობა ენიჭება ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებას, ვირუსულ ინფექციებსა და გენეტიკურ ფაქტორებს. ხელშემწყობ ფაქტორებად კი უნდა განვიხილოთ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმუნური სისტემის დათრგუნვა, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, არასრულფასოვანი კვება, რაც იწვევს ორგანიზმში მიკროელემენტებისა და ვიტამინების დაფიციტს და სხვა.
– ოჯახი გაგვაცანით.
– მეუღლე ინჟინერია. გვყავს ერთი ვაჟი, რომელიც გარემოს დაცვაში მუშაობს, სამი შვილიშვილი: უფროსი გოგონა 20 წლისაა და არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს. ბიჭები კი, ჯერ სკოლის მოსწავლეები არიან.