№45 წარმატებული ნეიროქირურგი გიორგი ვალიშვილი – ნეიროქირურგიულ დაავადებებსა და მკურნალობის მეთოდებზე
ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია
წარმატებულ ნეიროქირურგს, ასოცირებულ პროფესორს, ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ნეირომედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს – გიორგი ვალიშვილს პროფესიული საქმიანობის 35-წლიანი გამოცდილება აქვს და ნებისმიერი სირთულის ნეიროქირურგიულ ოპერაციებს წარმატებით ატარებს, მათ შორის, თავის ტვინზე, ზურგის ტვინზე, პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე. გარდა ამისა, წარმატებით ასრულებს რეკონსტრუქციულ ნეირო-ორთოპედიულ ოპერაციებს დღეისთვის არსებული თანამედროვე მეტალოკონსტრუქციების გამოყენებით.
რა ჩივილებით დავგეგმოთ ნეიროქირურგთან ვიზიტი და რა შეიძლება, გახდეს ნეიროქირურგიული პრობლემების გამომწვევი ძირითადი მიზეზები – ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე გიორგი ვალიშვილმა გვიპასუხა.
გიორგი ვალიშვილი: ექიმების ოჯახში გავიზარდე, მამა – ჯანო ვალიშვილი, ცნობილი ნეიროქირურგი გახლდათ, დედა – პედიატრი, შესაბამისაც ეს სფერო ახლობელი იყო ჩემთვის და მეც ექიმობა გადავწყვიტე. 1987 წლიდან ნევროლოგიის ინსტიტუტის მორიგე ნეიროქირურგი გახლდით. 1988 წელს ჩავაბარე ასპირანტურაში მოსკოვში, ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტში. იქვე ვმუშაობდი, დაახლოებით, ორი წელი, შემდეგ ჩამოვედი, ისევ ნევროლოგიის ინსტიტუტში განვაგრძე საქმიანობა და ამჯერად უკვე ინსტიტუტის ნეიროქირურგი გახლდით. 2003 წლიდან ინგოროყვას კლინიკაში ვიყავი ნეიროქირურგი, 2005 წლიდან – ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ახლა კლინიკა „მედინას“ ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ. პარალელურად, საჭიროების შემთხვევაში – რამდენიმე კლინიკის კონსულტატი.
– მედინაში რა ტიპის ნეიროქირურგიულ ჩარევებს ახორციელებთ?
– ჩვენს ნეირომედიცინის დეპარტამენტში ტარდება ყველა ნეიროქირურგიული ოპერაცია, რაც შეიძლება, დღეს საქართველოში გაკეთდეს – დაწყებული ელემენტარული დისკექტომიიდან, დამთავრებული თავის ტვინის სიმსივნეებით. სტატისტიკური მონაცემებით საკმაოდ მაღალ დონეზე ვართ როგორც გართულებების სიმცირის, ასევე ლეტალური გამოსავლების თვალსაზრისით, რაც ძალიან გვეამაყება.
– როგორია კლინიკის ტექნიკური აღჭურვილობა?
– ჩვენი კლინიკა, 12 წელია, ფუნქციონირებს აჭარის რეგიონში და პირველ ეტაპზე, იმ პერიოდში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პრაქტიკულად, „მედინა“ იყო ფლაგმანი. ძალიან სერიოზული განაცხადი იყო ის, რომ გვქონდა ყველა ძირითადი საშუალება, რომლითაც შეიძლება, იამაყოს დღეს ნებისმიერმა ნევროლოგიურმა, ნეიროქირურგიულმა და ზოგადი პროფილის თანამედროვე კლინიკამ. მაღალი კონკურენციის ფონზე მუდმივად განახლებისა და კიდევ უფრო მეტად განვითარების პროცესში ვართ.
– თავისა და ზურგის ტვინის რა თანდაყოლილი დაავადებები გვხვდება?
– ბავშვთა ნეიროქირურგიის ერთ-ერთი დიდი სეგმენტი, სწორედ, ამ პათოლოგიებს განეკუთვნება, თანდაყოლილი ხერხემლის უკანა რკალების განუვითარებლობა, ხერხემლის მაგარი გარსის თანდაყოლილი დეფექტი, ზურგის ტვინის გარსების თიაქარი. ბოლო პერიოდში, ულტრასონოგრაფიული ტექნიკის განვითარებისა და დახვეწის ფონზე, ძალიან ხშირად, მუცლადყოფნის პერიოდშივე ხდება ამ დიაგნოზების დასმა. ნეიროქირურგიული ჩარევით, ძირითად შემთხვევებში, წარმატებით ხდება ამ დეფექტების გამოსწორება. დიდებში უამრავი შეძენილი პათოლოგია და ტრავმული დაზიანებებია.
– რა ჩივილებით ხასიათდება თავისა და ზურგის ტვინის დაავადებები?
– ტკივილი წელის არეში, გადაადგილების შეზღუდვა, თავბრუ, ხელისა და ფეხის დაბუჟება. პროვოცირებას უწევს არაჯანსაღი ცხოვრების წესი, უმოძრაობა, სიმძიმის აწევა და ასე შემდეგ.
– რა ღონისძიებებია საჭირო ნეიროქირურგიული დაავადებების გამოსავლენად?
– დიაგნოზის დასასმელად საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების ერთობლიობა. ნატიფი ნევროლოგიური გასინჯვით ჭკვიანი ნევროლოგი, დიდწილად, ზუსტ დიაგნოზს სვამს. ამ სიტუაციაში კომპეტენცია ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, საჭიროა პაციენტის გამოკითხვა, შემდეგ ვიზუალური დაკვირვება, ხშირად ყოფილა შემთხვევა, შორს მიმავალი პაციენტი დამინახავს და დამისვამს დიაგნოზი. ამას გარდა, თანამედროვე ნეიროქირურგია წარმოუდგენელია კომპიუტერული და მაგნიტურ–ბირთვული ტომოგრაფიების, ასევე დიგიტალური ანგიოგრაფიული კვლევების გარეშე.
– ანევრიზმები ასაკობრივი დაავადებაა?
– ამ პათოლოგიის დროს არ არის მკაცრად განსაზღვრული ასაკი, უფრო ახალგაზრდა პაციენტთა დაავადებას ეძახიან, თუმცა, საკმაოდ მოწიფულ ასაკშიც გვხვდება.
– რა მნიშვნელობა აქვს დროულ დიაგნოსტიკას ნეიროქირურგიაში?
– საკმაოდ ხშირია, როდესაც პაციენტს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებს გარკვეული სიმპტომების კომპლექსი, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობს, არ მიაქციოს ყურადღება და არ მივიდეს ექიმთან, რაც ბევრ შემთხვევაში, დამღუპველია, რადგან დაგვიანებული დიაგნოსტირება ხშირად განსაზღვრავს მკურნალობის შედეგს.
– რა ტიპის ოპერაციებს მიმართავთ თავის ტვინის დაზიანებებისას?
– თავის ტვინის დაზიანების დროს კეთდება პლასტიკური და რეზექციული ტრეპანაციები. ტრეპანაცია კეთდება იმ ლოკალიზაციით, სადაც არის პათოლოგიური კერა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს პათოლოგიურ კერასთან მიდგომას. ხანდახან არის შემთხვევა, როდესაც პათოლოგიური კერა განლაგებულია გარკვეულ ადგილას და ტრეპანაციით შესაძლებელია, მოკლე მანძილზე მიხვიდე მასთან, მაგრამ მისასვლელად ფუნქციურად ძალიან მნიშნელოვანი უბანი უნდა გაიარო და არ არის გამორიცხული ქირურგიული ტრავმა მიაყენო. აქედან გამომდინარე მოწოდებულია მიდგომების მრავალი სხვადასხვა მეთოდი, რომ ფუნქციონალურად მნიშვნელოვან უბნებს მაქსიმალურად ავუაროთ გვერდი და რაც შეიძლება, ოპტიმალურად მივუდგეთ პათოლოგიურ კერას.
– ოჯახი გაგვაცანით.
– მყავს მეუღლე და ოთხი შვილი. მეუღლე პროფესიით ნევროლოგია, მაგრამ ამჟამად დიასახლისი.
მამა – ჯანო ვალიშვილი, ცნობილი ნევროლოგი გახლდათ.
დედა – ბელა გვენეტაძე ასევე, ცნობილი ნეონატოლოგია, ამჟამად პენსიაზეა, თუმცა პაციენტებს პერიოდულად მაინც უწევს კონსულტაციებს.