№45 ძველი თბილისის დამნაშავეები
ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი

იოსიფ ლოშკარევი – მძარცველი, ოთხკაციან ბანდასთან ერთად ხვდებოდა გამვლელებს. 1907 წელს ვერცხლის რიგში მათ ავეტიკ ბეჟანოვი გაძარცვეს, მოხსნეს მას ვერცხლის ქამარი და ვერცხლის საათი. ისინი შემდეგ ნაგი-ბაბა-ბეკ-ოღლისთან იპოვეს, ხელის დამცლელთან. ამავ დროებაში ტფილისში დაეხეტება კიდევ დავით ბაკურაძის ბანდა, ასევე, ქუჩაში გამვლელებს რომ ძარცვავდნენ. ბაკურაძე პეტრე-პავლეს სასაფლაოსთან მოკლეს, როცა ჯერ დამქაშებთან ერთად მანუფაქტურის ქუჩა-ქუჩა გამყიდველი პეტრე სურენკოვი გაძარცვა და შემდეგ გამოდევნებულ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. პოლიციასთან სროლა მეტად ხშირია. სხვადასხვა ჩინებს კლავენ ჩასაფრებითაც, თავდასხმითაც, იარაღის ასართმევად, ძველი ანგარიშების გასასწორებლად. ამ წელს მოკლულთა შორის იყვნენ გარადავოი პეტრე ლელოიანცი, გარადავოი ალექსანდრე ნიკოლაევი, აკალადჩიკ გუგუშვილს ესვრიან და ის ბედზე გადარჩება. კლავენ კეფაში იარაღის მიბჯენით ტფილისის პოლიცმაისტერ ბალაბანსკის ყოფილ დამცველ ლეკ მუსას, ქუჩაზევე კლავენ და დააგდებენ. სოლოლაკის გორაზე პრაპორშჩიკ ლოლაძის მცველ ინგუშ ალი შავაროვს ნახულობენ თავმოჭრილს. თავი წაღებულია. ამ ლოლაძეზე სოლოლაკში თავდასხმისას შავაროვი დაჭრეს და შემდეგ ლოლაძის მამის სახლში იმყოფებოდა ჭრილობისაგან განსაკურნებლად. აქ მას ღამე შეუვარდნენ, როგორც იმისმა მსახურად მიჩენილმა ბიჭმა მოყვა, თავი მოაჭრეს, თან წაიღეს და დატოვეს წერილი, რომ „უკეთესი მკურნალობისათვის ის გაგზავნილია სრულ სიმშვიდეში“.
ჩრჩილის შეჭმული ლივრეა
სამიკიტნო დუქნის ჭუჭყიან ოთახში რამდენიმე ქურდი მოთავსებულიყო, პაპიროსებს აბოლებდნენ და ლამპის სინათლეზე ლაპარაკობდნენ.
– სუსაძემ გააგდებია თავი, გუშინ დათვრა რავარც ღორი და პანღური კრეს, – ყვებოდა ერთი იმერელი.
– გასაღებები? – იკითხა მათში მთავარი რომელიც ჩანდა და სხვათაგან ნაყვავილარი სახე გამოარჩევდა.
– მეიტანა. დღეის სწორს მანგლისში მიდიან, სახლი სუ მთლად ცარიელი იქნება, და ეიღე კლიტე და გამეიტანე ოქრო მეშოკებით, – თქვა ისევ იმერელმა, რომელსაც გიგო ერქვა და პოვრობის ძიებაში ჩამოსულიყო ტფილისში.
საუბარი მათ საქმიანობას ეხებოდა. მათ ბლომად ქურდი მოსამსახურე მოეკრიბათ, ოჯახებში აგზავნიდნენ და როცა იქაურობას კარგად დაიხსომებდნენ, ოთახთა განლაგებასა და შინაგან წესს დაისწავლიდნენ, განჯინებსა და კარს გასაღებებს მოარგებდნენ, რაიმე მიზეზით თავს აგდებინებდნენ. მერე კი ნერსესოვი და მისი დამქაშები შეუდგებოდნენ საქმეს, იმ სახლს ქურდავდნენ და აცარიელებდნენ.
ვასო ნერსესოვი იყო ის ნაყვავილარსახიანი.
– სად იყავი ამდენ ხანს? – გახედა მან ამ დროს შემოსულ სეიდს, – ეგზარხოსთან ჩაის სომდი? – თან ხველება აუტყდა.
– ალაჰმა სტუმრები გამოგვიგზავნა, მძარცველები, დარაბის მტვრეველები, არც ბებუთის ასმაზე უკან დამხევები, – თითქოს ფირმანი წაეკითხოს სპარსელს.
– რა ზაგადკებით ლაპარაკობ? – შეეშვა რევოლვერის წმენდას იოსება ჯაფარიძე, კუთხეში რომ იჯდა.
– ვიცანი, ერთი ისფაჰანელია, უბედური. მკვლელი.
– შენ მიაცილე?
– ჰო.
– სად?
– „სამტრედეში“.
ნერსესოვი ერთხანს ფიქროქბდა, მერე გიგოს გადახედა.
– მტრედებს პური დაუყარე, თვალი დაადე, ნახე, რა ხალხია, სად დადიან.
ლუტვ ალი ჯაბარი – სპარსელი, სამკაციანი მძარცველთა ბანდის წევრი 1871 წელს ღამე სახლებს რომ ეცემოდნენ. ისინი საქმეზე ფაეტონით მიდიოდნენ და ძარცვის შემდეგ ღამეში ქრებოდნენ. ის დამქაშობდა აბულფატ სემამ ოღლისთან, თუმცა მე-9 ნაწილის ბოქაულმა ქანანოვმა დაიჭირა. ციხიდან გამოსულმა ისევ შეკრა ბანდა და 1873 წელს აბას კული ასკერ ოღლისთან და ალი ბაბა ოღლისთან ერთად გაქურდა ტფილისელი ჯაბარ-ხან-ახმედოვის პაპიროსის დუქანი, აბანოს ქუჩაზე. კედელი გაანგრიეს და 105 მანეთის თამბაქო და ფული წაიღეს. ამ საქმეს მე-7 ნაწილის პოლიციელმა სიდამონ-ერისთავმა მოჰკიდა ხელი და აბას კული ასკერ ოღლი დააკავა, დანარჩენი ორი კი გაიქცა და მიიმალა. მათ შემდეგ მნაცაკანოვის ხიდის მებაჟე გივიშვილი გაძარცვეს, მერე ლექსების წერა რომ დაიწყო და ავლაბარში წმინდა სანთლებსა და თავის ნაწერებს ყიდდა. ამ ყაიდის წიგნებს ქუჩაში ბევრს იყიდდი, „შაურიანი წიგნები“ ერქვა და კალათით დაატარებდნენ თათრის მეიდანზე და შაითან ბაზარში.
(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)