№45 როგორ გაათავისუფლა „კაგებეს“ სპეცჯგუფმა გატაცებული გოგონა
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
გატაცება
1969 წლის 1 აპრილს, დაახლოებით, საღამოს 9 საათზე უცნობებმა 19 წლის ნონა ქამუშაძე გაიტაცეს. გოგონა თავის მეგობართან, გვანცა კოკაიასთან იყო სტუმრად ოქროს უბანში, ორჯონიკიძის ქუჩაზე და როდესაც მეორე სართულის კიბეებზე დაეშვა, ის სწორედ მაშინ გაიტაცეს სადარბაზოდან. გოგონას ქუჩაში ძმა ელოდებოდა, რომელიც იმ დროს მანქანაში იჯდა. სადარბაზოს მეორე გასასვლელიც ჰქონდა და ბოროტმოქმედებმა ნონა იქიდან გაიყვანეს, მანქანაში ჩატენეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. გატაცების მომენტში გოგონას ძმა ზურაბი მანქანიდან გვანცა კოკაიას ელაპარაკებოდა, რომელიც ფანჯარასთან იდგა. ნონამ რომ სადარბაზოდან გამოსვლა დააგვიანა, ზურაბმა სადარბაზო შეამოწმა, მაგრამ და იქ ვერ აღმოაჩინა და გვანცასთან ერთად შეუდგა ნონას ძებნას. გოგონა რომ ვერ იპოვეს, აკანკალებული ზურაბი გვანცას ბინაში ავიდა, მამამისს დაურეკა და უთხრა:
– მამა, ნონა დაიკარგა!
– ვიცი. არავისთან არაფერი დაგცდეს და მანდაც ყველა გააფრთხილე, რომ ენას კბილი დააჭირონ. ახლახან დამირეკეს და მითხრეს, რომ ნონა გატაცებულია და გადამალული ჰყავთ. ახლავე სახლში მოდი. მაგრამ ფრთხილად იარე. ფულს ითხოვენ, – მიუგო ზურაბს მამამისმა.
გამოსასყიდი
19 წლის ნონა ქამუშაძე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი იატაკქვეშა მილიონერის, 60 წლის ზურაბ ქამუშაძის შვილიშვილი იყო. ნონა სამედიცინო ინსტიტუტში მეორე კურსზე სწავლობდა, ისევე, როგორც მისი ტყუპისცალი ძმა – ზურაბი. უფროსი ზურაბ ქამუშაძე, ეგრეთ წოდებული, „ცეხავიკი“ იყო და არალეგალური წარმოება ჰქონდა. ის დეფიციტურ საქონელს აწარმოებდა – დაწყებული ფერადად მოხატული პარკებიდან, ლაიკის ქურთუკებით დამთავრებული. „ცეხავიკ“ ქამუშაძეს მტრები არ ჰყავდა და ყოველმხრივ პატივცემული და დაფასებული ადამიანი იყო. ის ხელს უმართავდა ყველას, ვინც კი მას დახმარებას სთხოვდა. გარდა ამისა, უფროსი ქამუშაძე ფულს ჩუქნიდა „შავი სამყაროს“ ავტორიტეტებს, ხოლო „ობეხეს“ (მილიციის ეკონომიკურ დანაშაულთა მებრძოლ განყოფილებას) თავის „სტავკას“ უხდიდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ზურაბ ქამუშაძეს ახლო მეგობრობა აკავშირებდა „ცეკას“ პირველ მდივანთან, ვასილ მჟავანაძესთან. ერთი სიტყვით, ზურაბს ყველგან მეგობრები ჰყავდა და ამიტომ ძალიან უკვირდა, რომ მისი შვილიშვილი გაიტაცეს. გამტაცებელმა კი „ცეხავიკი“ ტელეფონთან იხმო და მამაკაცის დაწვრილებულმა ხმამ მას უთხრა:
– იცოდე, არავინ ჩარიო და ფული მოიტანე, თუ გინდა, შენი შვილიშვილი ცოცხალი ნახო. თუ არა და მას ჯერ გავაუპატიურებთ, მერე კი თავს მოვჭრით და ფოსტით გამოგიგზავნით. გასაგებია?
– გასაგებია. ყველაფერს ისე ვიზამ, როგორც მეტყვით. რამდენს ითხოვთ? – იკითხა ზურაბ ქამუშაძემ.
– მილიონ მანეთს. ხვალისთვის მზად უნდა გქონდეს. მოგვიანებით დაგირეკავ და გეტყვი, სად მოიტანო, – თქვა გამტაცებელმა.
– მაშინ ზეგისთვის იყოს. ეს ორი დღე ფულის მოსაგროვებლად მჭირდება. ხვალ საღამოს დამირეკეთ და მითხარით, სად მოვიტანო, – უთხრა ზურაბმა გამტაცებელს და თანხმობა რომ მიიღო, ტელეფონი გათიშა, შემდეგ აეროპორტში გაემგზავრა და მოსკოვში გადაფრინდა.
გამტაცებლები
ზურაბ ქამუშაძე-უფროსი მოსკოვიდან მეორე დღეს, დღის მეორე ნახევარში ჩამოფრინდა. საღამოს კი გამტაცებელმა დარეკა და „ცეხავიკს“ ჰკითხა:
– შეაგროვე ფული?
– კი. მილიონი მანეთი თან მაქვს და სადაც მეტყვი, იქ მოვიტან, – მიუგო ქამუშაძემ.
– თერთმეტ საათზე ვაკის პარკთან მიდი და შესასვლელთან რომ ქუჩის ტელეფონია, იქ იპოვი ბარათს, წაიკითხე და ისე მოიქეცი, როგორც იქ წერია. იცოდე, არავინ მოიყვანო, თორემ შენს შვილიშვილს ცოცხალს ვერ ნახავ, – თქვა გამტეცებელმა.
– კარგი. გამოვდივარ, – თქვა „ცეხავიკმა“ და ფულთან ერთად, საკუთარი „ვოლგით“ გაემართა ვაკის პარკში.
ტელეფონ-ავტომატის ჯიხურში ზურაბმა მართლა იპოვა ბარათი, რომელშიც ეწერა: ქუჩაში, შენ წინ თეთრი „მოსკვიჩი“ დგას. მიდი და ფულით სავსე ჩანთა სალონში ჩადე. მერე კი სახლში წადი. როგორც ფულს ავიღებთ, შენს შვილიშვილს ორი საათის მერე დაგიბრუნებთ“. ზურაბმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ბარათში ეწერა. მოპარული „მოსკვიჩი“ საკანალიზაციო კოლექტორის თავზე ეყენა და გამტაცებელმა ფული მას მერე აიღო და მიიმალა, რაც იატაკამოჭრილი მანქანიდან ტყავის ჩანთა „დაითრია“. გამტაცებელი ასიოდე მეტრში, ჭავჭავაძის გამზირზე ამოძვრა და „მოსკვიჩში“ ჩაჯდა, რომელიც მას ელოდებოდა. შემდგომ მათ მანქანა შეაბრუნეს და წყნეთის მიმართულებით აიღეს გეზი. გამტაცებლები სულ სამნი იყვნენ და მესამე მათ აგარაკზე ელოდა, რომელიც მილიციის კაპიტნის, კაკო სალდაძის სიდედრს, ოფელია კუკავას ეკუთვნოდა. დანარჩენი ორი გამტაცებელიც მილიციელები იყვნენ, თანაც საკმაოდ მაღალი ჩინის – კაპიტანი ოთარ ჯარაძე და მაიორი ემზარ ხვადაგიანი. მათ ფული აგარაკის „ზალაში“ ჰქონდათ და ითვლიდნენ, როდესაც გამტაცებლებს „კაგებეს“ სპეცჯგუფი წამოადგათ. დამნაშავეები აქვე დააპატიმრეს. ნონა კი სარდაფიდან ამოიყვანეს და ბაბუამისს ჩააბარეს. გამტაცებლები საოცრად დაბნეულები იყვნენ და ვერ გაეგოთ, „კაგებე“ მათ კვალს როგორ დაადგა. საქმე კი ის იყო, რომ ტყავის ჩანთაში, ეგრეთ წოდებული, „რადიომაიაკი“ იყო ჩამონტაჟებული და სპეცჯგუფმა სწორედ ამის მეშვეობით მიაგნო გამტაცებლების ადგილსამყოფელს. ეს მიკრომოწყობილობა რადიოსიგნალებს სპეციალურ პულტზე გადასცემდა. იმ პერიოდში ამ მოწყობილობას ბალისტიკურ რაკეტაზე ამაგრებდნენ. მოსკოვში ჩაფრენილმა ზურაბ ქამუშაძემ კი თავისი გაჭირვება ძველ მეგობარს, „კაგებეს“ პოლკოვნიკს, მერაბ ხარაბაძეს უთხრა და სწორედ მერაბმა დაგეგმა და განახორციელა მთელი ეს ოპერაცია. გამტაცებლები 15-15 წლით დააპატიმრეს.