№45 რა მნიშვნელობა აქვს „დაცემული“ კარადის „ასაკსა“ და შიგთავსს და რა პრობლემები გადმოვა თქვენზე სასმლის სხვისი ჭიქით დალევისას მისი წინა მომხმარებლისგან
ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი
ჯერ კიდევ რამდენიმე ათასწლეულის წინ მიხვდა ჩვენი დაკვირვებული წინაპარი, რომ ყველაფერი ამ სამყაროში ურთიერთკავშირშია. ნებისმიერ, სულ უმნიშვნელო მოვლენასაც კი თავისი შედეგი მოსდევს. ზოგჯერ ამ ჯაჭვის თვალყურის დევნება ძალიან ძნელი - თითქმის შეუძლებელია. ამიტომაცაა, რომ პირდაპირ მზა გზავნილად იღებენ თუნდაც ფორმულირებას, რომ: მარილის დაბნევას ჩხუბი მოჰყვება, ან ჭურჭლის გატეხას - ბედნიერება და ასე შემდეგ. ამჯერად, ეზოთერიკოსი, ბატონი ოთარ პ. ინტერვიუში ისაუბრებს მინიშნებებზე, რომელიც ავეჯის ზოგიერთ კომპონენტს ეხება: თუ რაზე მიგვანიშნებს - ოთახში წლობით მდგარი ან კედელზე დაკიდებული კარადის მოულოდნელად იატაკზე დამხობა, ან სალხინოდ გაშლილი მაგიდის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.
- რადგან სამყაროში ნებისმიერ მოვლენას თავისი მიზეზ-შედეგობრივი ახსნა აქვს, სწორედ მისი ერთგვარი „წაკითხვაა“ ის უამრავი მინიშნება და გადმოცემა, რომელსაც თუ არ ითვალისწინებს, მასზე მაინც რომ არ სმენოდეს, ალბათ ასეთი ადამიანის მოძებნა გაგვიჭირდება. სრულიად ჩვეულებრივი, ყოფითი საგანი უცებ უჩვეულოდ, აუხსნელად „იქცევა“. მაგალითად: თავისთვის მდგარი ფინჯანი დილით გაბზარული გვხვდება ან გალესილი დანა - დაჩლუნგებული, თეფში კი - მუქი ლაქებით დაფარული...
- ასეთი რამ იმდენად ხშირია, რომ უკვე აღარც გვიკვირს, მაგრამ კარადის თავისთავად ჩამოვარდნა ან გადმობრუნება, ყოველდღიური მოვლენა ნამდვილად არ არის და იმდენად აუხსნელია, რომ რაღაცნაირ შიშს იწვევს...
- გეთანხმებით, მაგრამ ახსნა მრავალფეროვანია და მათგან ყველაზე გავრცელებული გვამცნობს: თუ სახლში მოულოდნელად კარადა წაიქცა, ახლო მომავალში კონკრეტული ადამიანისგან მწარე იმედგაცრუება გელით. ტანსაცმლის ან წიგნების კარადა უმეტესად მამაკაცზე მიანიშნებს: იქნება ეს ქმარი, შეყვარებული, მეგობარი, კოლეგა; თეთრეულის ან ჭურჭლის კარადა კი ქალის სიმბოლოა: ცოლის, მეგობრის, შეყვარებულის. საერთოდ, მიიჩნევენ, ნებისმიერი კარადა დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების სიმბოლოა და მისი დაცემა ნიშნავს, რომ ცხოვრებაზე თქვენი შეხედულება სრულიად მცდარია. სასწრაფოდ გადახედეთ თქვენს პრინციპებსა და პრიორიტეტებს, რათა წარმატებული განვითარება და სრულყოფა განაგრძოთ. მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რა ხნისაა „დაცემული“ ავეჯი. ახალი ნივთი ცხოვრების მოულოდნელ შემობრუნებას, კარდინალურ ცვლილებას, ახალ შეხვედრებსა და შთაბეჭდილებებს ნიშნავს, რაც დიდ ზეგავლენას მოახდენს თქვენს მსოფლმხედველობაზე; ძველი, გაცვეთილი ხარახურა კი გაფრთხილებთ, რომ წარსულში რაღაც საქმეები თუ ურთიერთობები მოუგვარებელი დაგრჩათ, რაც მალე შეგახსენებთ თავს. ასევე, ყურადღება მიაქციეთ, რით იყო სავსე წაქცეული გარდერობი, შუშის ვიტრინა თუ „გორკა“. წიგნის თარო მიგანიშნებთ, რომ ბოლო დროს ძალზე არაორგანიზებული გახდით, რაც უარყოფითად აისახება ცხოვრების ყველა სფეროზე. ქვედა საცვლების შიგთავსი რომანტიკულ თავგადასავალს გიწინასწარმეტყველებთ მოულოდნელი შედეგით; ზედატანის სამოსი - გირჩევთ, გარღვეული ბიუჯეტის დასაკემსად მოემზადოთ; ჭურჭლით სავსე „გორკა“ კი - გაფრთხილებაა ქალებისთვის, რომ სამსახურში ხელმძღვანელი ან კოლეგა გამოძალვას უპირებს.
- თუ კარადა იატაკზე დაცემისას დაიმტვრა?..
- თუ დავარდნამ გარდერობი დაამტვრია, მოგიწევთ, დიდი ხნის წინ დაგეგმილი გართობა გადადოთ: იქნება ეს რესტორანში, თეატრში თუ კონცერტზე წასვლა. ცარიელი კარადის ჩამოქცევა მიგანიშნებთ, რომ კარგად დაუკვირდეთ საკუთარ საქციელსა თუ სიტყვებს, თორემ შეიძლება საბედისწერო შეცდომა დაუშვათ, რომელსაც ვეღარ გამოასწორებთ. თუმცა, ისეც ხდება, რომ კარადა იატაკზე ეცემა და იმსხვრევა მხოლოდ სიზმრებში, რაც ცხადში მოსალოდნელ ავადმყოფობაზე მიგანიშნებთ. თუ სიზმრისეული „კატასტროფისას“ არ დაზარალდით, ესე იგი, იოლი გაციებით გადარჩებით. მაგრამ, თუ ავეჯის ნამტვრევებქვეშ მოყევით, სასწრაფოდ ჩაიტარეთ კომპლექსური გამოკვლევა, რათა სერიოზული დაავადება ადრეულ სტადიაზე გამოვლინდეს.
- რაც შეეხება მაგიდის ირგვლივ ლხინსა და ქეიფს, რა მინიშნებებია ამ დროს გასათვალისწინებელი?
- მოგეხსენებათ, სადღესასწაულო სუფრა ყველა ეპოქაში იზიდავდა ადამიანს, შესაბამისად, არცაა გასაკვირი, რომ მასთან დაკავშირებით უამრავი ცრურწმენა და მინიშნება გაჩნდა, რომელთაგან რამდენიმე დღემდეც აქტუალურია. მაგალითად: ქეიფის დროს მაგიდიდან გადმოვარდნილი ვაშლი შეყვარებულთან შეხვედრას ნიშნავს; სუფრაზე დაღვრილი სასმლის ქაღალდის ხელსახოცით გაწმენდა, უახლოეს ხანში მეუღლესთან ურთიერთობების გარკვევას გაუწყებთ; ხოლო თუ სტუმარს მოულოდნელად სასულეში ნამცეცი გადასცდა, ბევრი იტყვის, მასპინძელს მისთვის ლუკმა დაენანაო. თუმცა მინიშნების მიხედვით, ეს ახალი სტუმრების შემოსწრების მაუწყებელია. ხშირად ხდება, რომ საზეიმო აურზაურში, შემთხვევით ან შეგნებულად, სხვისი ჭიქიდან გიწევთ დალევა. რას უწინასწარმეტყველებს უყურადღებო სტუმარს ასეთი საქციელი? - ცრუმორწმუნეს მაშინვე შიში იპყრობს, რადგან სჯერა, რომ სხვისი სასმისიდან მასზე არა მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემები გადავა, არამედ სხვა უსიამოვნებებიც: უპერსპექტივობა კარიერაში ან უიღბლო ოჯახური ცხოვრება. იგივე შემთხვევაზე გავრცელებული სხვა მისტიკური მინიშნებებიც არანაკლებ გვემუქრება: სხვის ჭურჭელს შეუძლია გადმოგვცეს, არა მხოლოდ წინა მფლობელის უბედურებანი, არამედ მის მიერ ჩადენილი მძიმე ცოდვებიც კი. ვის უნდა, რომ პასუხი აგოს სხვის ცოდვებზე? ამიტომ, თუ შემთხვევით სხვის ჭიქაზე წაგიცდათ ხელი, მინიშნება გირჩევთ, გაიხსენოთ: რა საქმეები დაგრჩათ შეუსრულებელი - სხვისი ჭურჭელი შეგახსენებთ, რომ მისი რეალიზების გადადება უკვე აღარ შეიძლება. მაგრამ თუ სხვისი ჭიქიდან სვამდით სიზმარში, აუცილებლად ღრმად ჩაიხედეთ საკუთარ სულში: იქნებ სხვისი წარმატებისა და კეთილდღეობის შემყურეს ბოღმა გახრჩობთ? ისწავლეთ დააფასოთ ის, რაც გაქვთ და ამით ცხოვრებას თუ ვერ გაიიოლებთ, გაიხალისებთ მაინც.