№45 როგორ უპასუხა თამარ მეფის ჯარმა ორჯერ, მტრის სასტიკ დანაშაულს
ნინო კანდელაკი გია მამალაძე
გარდაიცვალა თუ არა დავით სოსლანი, მეზობელი მაჰმადიანური სახელმწიფოების მესვეურებს იმედი გაუჩნდათ, ქართული სახელმწიფო დასუსტდა, მეფეს ქმარი მოუკვდა, დიდი მხედართმთავარი და ამიერიდან შეიძლება მისი აბუჩად აგდებაო.
სხვა ახსნა არ აქვს არდაველის (არდებილის) სულთნის საქციელს. საერთოდ მისი საქციელი რეალობას მოწყვეტილი ადამიანის ქმედებას ჰგავს, თავზეხელაღებული შლეგის.
აღდგომის დიდმარხვის პერიოდში, ისარგებლა რა ჩვენს სამეფო კარზე და საერთოდ საქრისტიანოში ლოცვისა და მარხვის პერიოდით, არდაველის სულთანმა დაძრა თავისი ჯარი და ფარულად შემოვიდა საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში. ჯართან ერთად, იარა ისეთი გზებით, რომლებიც ნაკლებად კონტროლდებოდა და სწრაფი მარშით, ღამით მიადგა სომეხთა ერთ-ერთ ყოფილ დედაქალაქს, ანისს. ანისი და სომხური მიწების ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი მაშინ საქართველოს შემადგენლობაში შემოდიოდა.
ღამით მიადგა მიანას სულთნის ჯარი ქალაქ ანისს, ისე, რომ იქ მდგარმა მცირერიცხოვანმა ქართულმა გარნიზონმა და ასევე მცირერიცხოვანმა, ადგილობრივმა სომხურმა სამხედრო ნაწილებმა ვერ შეამჩნიეს ვერაფერი. იმ დროს საქართველოს სომხეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მებრძოლები საქართველოს ჯარში მსახურობდნენ, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები. ამის ინტერესიც ჰქონდათ. მათი სურვილი იყო, მთელი სომხეთის ტერიტორია გაეთავისუფლებინათ მაჰმადიანი დამპყრობლებისგან და საქართველოსა და თავისი სახელმწიფოებრიობისთვის შეეერთებინათ. ასე სომეხი მოსახლეობა გადაურჩებოდა რელიგიურ და ეროვნულ ჩაგვრას მაჰმადიანებისგან, ვინაიდან, სომხებს ქართულ სახელმწიფოში არავინ ჩაგრავდა, არც ეროვნული, არც რელიგიური თვალსაზრისით.
იმდენად მოულოდნელად მიადგნენ ქალაქ ანისს მაჰმადიანები, რომ ქალაქში მყოფ მცირერიცხოვან მეომრებს, არც ქალაქი გაუმაგრებიათ, არც მაშველი ჯარი უხმიათ, სააღდგომო მარხვის გამო, არც კი გაუგიათ რამე. მაშინ ანისში ცხოვრობდნენ გრიგორიანი და ქალკედონი სომხები, ასევე, მცირე რაოდენობით ქართველები. ცხოვრობდნენ მაჰმადიანებიც, რადგან ქართული სახელწიფო არავის ჩაგრავდა და ყველას აძლევდა მშვიდობიანად ცხოვრებისა და ვაჭრობის საშუალებას. ანისი დიდი და მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი იყო, მრავალრიცხოვანი მოსახლეობით.
ანისსა და საქართველოს სომხეთის დიდ ნაწილს ძმები, ამირსპასალარი ზაქარია და მსახურთუხუცესი ივანე მართავდნენ. ისინი, გეგუთში იყვნენ თამარ მეფესთან სადარბაზოდ.
გათენდა თუ არა, გახსნეს ანისელებმა ქალაქის ჭიშკრები. მოულოდნელად ქალაქში შეიჭრა მაჰმადიანთა ჯარი და დაერია სომხებს, ქართველებსა და სხვა მოქალაქეებს. ვინაიდან სააღდგომო მარხვა იყო, ქრისტიანები ეკლესიებში იყვნენ. თავდამსხმელები უბრალო მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტას შეუდგნენ. ზოგიერთმა მოასწრო და ციხეში, სხვადასხვა ნაგებობაში გამაგრდა. ზოგი გამოქვაბულებს შეეფარა, რომლებიც კლდეებით შემოსაზღვრულ ანისთან იყო. როგორც ამბობენ, თორმეტი ათასი ქრისტიანი მოკლეს ეკლესიაში არდაველის სულთნის ჯარებმა. სხვები ქალაქის ქუჩებში, სახლებში... გაძარცვეს ანისი და შინ გაეშურნენ.
როცა ამბავი აცნობეს მეფე თამარს, იგლოვა ჩვენმა ხელმწიფემ თავისი ქვეშევრდომები. მეფის ბრძანებით, მხარგრძელებმა ფარულად ჯარის მზადება დაიწყეს.
გაეშურა მცირერიცხოვანი ქართული ჯარი არდაველისკენ. ჩვენმა წინაპრებმაც მოულოდნელობის ეფექტი გამოიყენეს, ცენტრალური გზებით არ იარეს და რამადანის დღესასწაულზე მიადგნენ არდაველს.
ღამით არდაველთან დაბანაკდნენ ჩვენი წინაპრები. დილაადრიანად შეიჭრნენ ქალაქში და ზუსტად ისევე მოიქცნენ – თორმეტი ათასი ჯარისკაცი და სულთნის ერთგული მოკლეს სულთნის სასახლეში და მიზგითებში. დაატყვევეს სულთანი და მისი ცოლ-შვილი...
... გავიდა რამდენიმე წელი. თამარ მეფის ბრძანებით, ზაქარია და ივანე მხარგრძელების მეთაურობით, ჩვენი წინაპრების ჯარი ირანის დასალაშქრად გაემართა. რამდენიმე ქალაქი აიღეს უომრად, მათ შორის, თავრიზი. თავრიზელების თავკაცებმა დიდი საჩუქრები მიართვეს ქართველთა ჯარს. ქალაქში ხუთასკაციანი ციხიონი დატოვეს ქართველთა სარდლებმა.
შემდეგ გაემართნენ ჩვენი წინაპრები და მიადგნენ ქალაქ მიანას (მიენას). მიანას მელიქმა (მმართველმა, მეფემ) თავრიზელების მაგალითს მიჰბაძა. დიდძალი ოქრო-ვერცხლი და საჩუქრები მიართვა ჩვენი ჯარის მხედართმთავრებს და გაუღო ქალაქი. რა თქმა უნდა, არც იქ გაუძარცვავთ მოსახლეობა ჩვენს წინაპრებს.
ჩვენების ლაშქრობას რამდენიმე მიზანი ჰქონდა: ქართული ჯარის უძლეველობის შესახებ ცნობების გავრცელება აღმოსავლეთში, სამხედრო დაკვირვება მომავალი ლაშქრობებისთვის, ალაფი და სხვა.
მიანაშიც ხუთასკაციანი გარნიზონი დატოვეს ქართველთა სარდლებმა და განაგრძეს გზა. დაიმორჩილეს კიდევ რამდენიმე ქალაქი, მათ შორის, ზანგანი (ზენჯანი), ყაზვინი, აჰვარი, გურგანი (გორგანი) და სხვა.
იმდენი ალაფი დაუგროვდა ჩვენს ჯარს, რომ წინ წასვლა ვეღარ შეძლო. თან ზამთარიც კარზე იყო მომდგარი. ამიტომ, მობრუნდნენ და გამოემართნენ საქართველოსკენ გამარჯვებულნი.
უკანა გზაზე მოადგნენ ჩვენი წინაპრები ქალაქ მიანას, მაგრამ, ჩვენი ხუთასკაციანი ციხიონი არ დახვდათ ქალაქში. მიანას მელიქმა განაცხადა: „თავრიზში წავიდნენო“.
ბრძანების გარეშე ქართველები პოსტს არ დატოვებდნენ. მხარგრძელებმა არ დაიჯერეს. ცოტა ხანში ჩვენს სარდლებთან გამოცხადდა ერთი ქართველი მეომარი, იმ ხუთასი მეომრიდან, გარნიზონად რომ დატოვეს მიანაში და მან სიმართლე უთხრა სარდლებს: როცა ქართული ჯარი შუა ირანსა და ხორასანში ლაშქრობდა, როგორც ჩანს, ვიღაცას მიანას მელიქისთვის მიუტანია ამბავი, თითქოს ქართველებს გზა შეუკრა დიდმა სულთანმა და გილანელთა დახმარებით მთელი ქართული ჯარი გაანადგურაო. მიანელ მელიქს და დიდებულებს ძალიან გახარებიათ. ჩუმად შეუკრებიათ მეომრები, მოულოდნელად თავს დასხმიან ქართველთა ციხიონს და დაუტყვევებიათ. ის ერთი ქართველი მეომარი რაღაც საქმეზე ყოფილა წასული და შემთხვევით გადარჩენილა. რომ დაბრუნდა, დაინახა მოძმეები დატყვევებულები და მოკლულები. მისი თქმით, მიანას მელიქის ბრძანებით, ძალიან სასტიკად მოქცევიან ჩვენს ოთხას ოთხმოცდაცხრამეტ წინაპარს, ყველა დაუხოცავთ, მათ შორის, ბევრი – წამებით. გადარჩენილი მეომარი ვეღარაფერს უშველიდა მოკლულ და საწამებლად გაკოჭილ თანამოძმეებს. ამიტომ, დამალულა, გასულა ქალაქიდან და ელოდა ჩვენი ჯარის უკან დაბრუნებას, რათა ყველაფერი ეთქვა სარდლებისთვის.
არაადამიანურად უწამებიათ ჩვენი მებრძოლები მიანელებს, ზოგი ძელზე ჩამოუკიდებიათ, ზოგისთვის ცოცხლად გაუხდიათ ტყავი...
განრისხდნენ ჩვენი წინაპრები. ამირსპასალარ ზაქარიას ბრძანებით, შეიპყრეს მიანას მელიქი, მისი ცოლ-შვილი, ქალაქის თავკაცები და დახოცეს. ზოგს ტყავი გააძვრეს და მინარეთზე ჩამოკიდეს, ქალაქი გაძარცვეს, დაარბიეს და დაწვეს.
ასე უპასუხეს მტრების უაზრო სისასტიკეს ჩვენმა წინაპრებმა თამარ მეფის დროს.