№45 სიცოცხლის კოდი
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

32 წლის ბონდო კაკაჩიამ მთელი ეს პროცედურა გაიარა და ორი ათლეტური აღნაგობის პირად მცველთან ერთად, ვახტანგ ლომიძის კაბინეტში შედგა ფეხი. ახალმოსულმა პროფესორს გაუღიმა, მიესალმა და მისკენ გაემართა ხელის ჩამოსართმევად. პირადი მცველებიც მიჰყვნენ კაკაჩიას. ლომიძემ კი კაკაჩიას ხელები დაანახვა, რომლებზეც რეზინის ხელთათმანები ჰქონდა წამოცმული და უთხრა:
– გაგიმარჯოს, ჩემო კარგო, მაგრამ სამწუხაროდ, ხელს ვერ ჩამოგართმევთ. სოკოვანი დაავადება მჭირს. მეშინია, ვინმეს არ გადავდო და ხელთათმანებიც ამიტომ მიკეთია. აბა, დაბრძანდით და მითხარით, რამ შეგაწუხათ.
ახალმოსულს წამიერი შეცბუნება გამოეხატა სახეზე, მაგრამ უმალვე გაუქრა და ექიმს გაუღიმა. თვალი შეავლო მის ხელთათმანიან ხელებს, შემდეგ – სახეს. ბოლოს სკამზე დაჯდა და პროფესორს ნაღვლიანად უთხრა:
– ეჭვი მაქვს, ექიმო, რომ ფილტვების კიბო მჭირს და თქვენთან დახმარებისთვის მოვედი.
– ასეთი ეჭვი რამ გაგიჩინათ? – ჰკითხა ლომიძემ. კაკაჩიამ კი მიუგო:
– პირველ რიგში, იმან, რომ მამაჩემს სჭირდა ფილტვის კიბო და ახალგაზრდა გარდაიცვალა. მცოდნე ხალხმა კი მითხრეს, კიბო შეიძლება, გენეტიკურადაც გადადიოდეს და მიდი, გაესინჯეო. აი, ამიტომ მოვედი თქვენთან. გამსინჯეთ და ნურაფერს დამიმალავთ.
– არაფერს დაგიმალაევთ. თუ რამე გჭირთ და მკურნალობას დაექვემდებარება, გიმკურნალებთ. ახლა კი რენტგენი გადავიღოთ. მობრძანდით, – უთხრა ლომიძემ პაციენტს და გვერდით ოთახში შეუძღვა.
ბონდო კაკაჩია ექიმს უკან გაჰყვა. თუმცა ოთახში ორი პირადი მცველიც შევიდა და ისეთი პოზიცია დაიკავეს, რომ პაციენტს ექიმთან მიახლოების საშუალება არ ჰქონოდა. როდესაც პაციენტი წელზემოთ გაშიშვლდა და სურათი გადაიღო, პროფესორმა ანიშნა – ჩაიცვიო. შემდეგ რენტგენის სურათს დაუწყო თვალიერება. ბოლოს კი თავი გააქნია და მაგიდისკენ გაემართა. პაციენტი თვალს არ აცილებდა პროფესორის მიმიკებს და მანიპულაციებს. ხოლო, როდესაც ლომიძემ თავი გააქნია, კაკაჩიას სახეზე მიტკლისფერი დაედო და ლომიძეს უთხრა:
– რა ხდება, ექიმო, ხომ მშვიდობაა?
– პრობლემები გაქვთ, – თქვა პროფესორმა.
კაკაჩია კიდევ უფრო გაფითრდა და ჰკითხა:
– რა პრობლემები?
– ფილტვები სუფთა გაქვთ. სამაგიეროდ, ყელში გაქვთ სიმსივნე და რომ არ დავაგვიანოთ, სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ მკურნალობა, – უთხრა პროფესორმა.
კაკაჩია მთელი სხეულით ცახცახებდა, თვალები აუცრემლდა და შეშლილივით იმეორებდა:
– კიბო, ღმერთო ჩემო, ყელის კიბო მაქვს. რატომ, საიდან? ჯიშში არავინ მყოლია ავადმყოფი და არასდროს არაფერს შევუწუხებივარ.
პროფესორი ყურადღებით ისმენდა პაციენტის მონოლოგს, თან თავის პირად მცველებს შეავლებდა ხოლმე თვალს. კაკაჩიამ კი ხელებში ჩარგო თავი. იატაკზე დაჯდა და უკვე ქვითინით იმეორებდა ერთსა და იმავეს. ლომიძემ თვალები მოჭუტა და კაკაჩიას უთხრა:
– თქვენ არ თქვით, მამა ახალგაზრდობაში ფილტვის კიბოთი გარდამეცვალაო?
– არა, რა ფილტვის კიბოთი, – ქვითინით მიუგო კაკაჩიამ.
– მოიტყუეთ? – ხმას აუწია ექიმმა.
– ჰო, ჰო, მოვიტყუე, – ქვითინებდა პაციენტი.
– კი მაგრამ, რატომ? რა მიზანი გქონდათ? – ჰკითხა ექიმმა.
კაკაჩიამ უცებ ქვითინი შეწყვიტა და იატაკიდან წამოხტა. მცველებმა ის გვერდებიდან შებოჭეს და ადგილზე გააქვავეს. პაციენტმა კი პროფესორს ვედრებით მიმართა:
– ხომ მომარჩენთ, ექიმო?
– თუ დროზე დავიწყებთ მკურნალობას – კი, – მიუგო ექიმმა და დაამატა, – მეტყვით თუ არა სიმართლეს?
– პროფესორის სიტყვებზე კაკაჩია სრულად გამოერკვა და ლომიძეს უთხრა:
– რას გულისხმობთ, რა სიმართლეს, ექიმო?
– ბატონო ბონდო, – ირონიით თქვა პროფესორმა, – აშკარაა, რომ თქვენ არ იცოდით, რომ სიმსივნე გქონდათ და ტყუილი მითხარით მამათქვენის შესახებ. ანუ, თქვენ აქ გასასინჯად კი არა, სხვა მიზნით ხართ მოსული და სწორედ, ამას გეკითხებით.
– სხვა – რისთვის? არაფრისთვის. აქ მე გასასინჯად მოვედი, – დაბნეულად თქვა კაკაჩიამ.
– კეთილი და პატიოსანი. თქვენი დიაგნოზი ყელის სიმსივნეა, რომელსაც მკურნალობა სჭირდება სასწრაფოდ და მე კი უარს ვაცხადებ. აქედან წადით. გაიყვანეთ, ბიჭებო, – თქვა პროფესორმა და პირად მცველებს კარისკენ მიუთითა.
– მოიცათ, მოიცათ, ყველაფერს გეტყვით. არ გამაგდოთ და მიმკურნალეთ, – აყვირდა კაკაჩია, რომელიც პროფესორის პირად მცველებს უკვე ჰაერში ჰყავდათ აყვანილი და მიჰყავდათ.
– გაჩერდით და თქვას სიმართლე, – თქვა ლომიძემ და კაკაჩია იატაკზე დააყენეს, თუმცა ისევ მაგრად ეჭირათ.
კაკაჩიამ ამოისუნთქა და პროფესორს უთხრა:
– აქ მე თქვენს მოსაკლავად გამომგზავნეს.
– ვინ გამოგგზავნა? – კბილებში გამოსცრა ლომიძემ.
– ჯამბულ გოლეთიანმა, – უპასუხა კაკაჩიამ.
– ეგ ვინაა?
– ძველი „კაგებეშნიკია“.
– საიდან იცნობ?
– ჯართის მიმღები პუნქტი ჰქონდა და ადრე მაგასთან ვმუშაობდი. მერე დახურა და ზოგჯერ მირეკავდა და მამუშავებდა ხოლმე დავალებებზე.
– რა დავალებებზე? – იკითხა ექიმმა და კაკაჩიას თვალი თვალში გაუყარა.
კაკაჩიამ თავი ჩაღუნა და თქვა:
– ვინმეს შეშინება თუ იყო საჭირო, ღამით დავხვდებოდი და თავში აგურს ჩავარტყამდი, მანქანას ან ოფისს დავუწვავდი. ერთხელ პატარა ბავშვი გავიტაცე. მოკლედ, ყველანაირ დავალებას ვასრულებდი.
ლომიძე ზიზღნარევი გამომეტყველებით უსმენდა კაკაჩიას და ჰკითხა:
– ჩემი მკვლელობა როდის შეგიკვეთა და როგორ აპირებდი ამის შესრულებას? ხომ ხედავ, როგორ მიცავენ?
– თქვენს მოსაკლავად განსაკუთრებული საშუალება გამონახეს, ბატონო ვახტანგ და სცენარებიც შეიმუშავეს, – თქვა კაკაჩიამ.
– მოყევი, – კბილებში გამოსცრა პროფესორმა.
– თქვენი სპეციალური შხამით მოწამვლა შემიკვეთეს.
ლომიძემ ერთხანს უყურა კაკაჩიას და უთხრა:
– მომისმინე. აქედან რომ წახვალ, გოლეთიანს უთხარი, ლომიძე ავადაა, ვერ მიმიღო და ერთი კვირის მერე დამიბარა-თქო. ამას რომ ეტყვი, ჩემს და შენს სიკვდილს ერთი კვირით გადადებენ. შენი ტელეფონის ნომერი და სხვა კოორდინატები დამიტოვე და ამ დღეებში ჩემი კაცი მოგაკითხავს და გეტყვის, როგორ მოიქცე. გასაგებია? – უთხრა კაკაჩიას ლომიძემ.
– დიახ, ბატონო ვახტანგ, – მიუგო კაკაჩიამ.
– წადი ახლა და არაფერი აურიო, – უთხრა ლომიძემ კაკაჩიას და გაისტუმრა.
***
ვახტანგ ლომიძე საგონებელში იყო ჩავარდნილი და ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო. ბონდო კაკაჩიას აღიარების შემდეგ აშკარა იყო, რომ მისი ლიკვიდაციით ძალიან სერიოზული ხალხი იყო დაინტერესებული, რაზეც მკვლელობის მეთოდი მიუთითებდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ეს ოპერაცია სპეცსამსახურის პროფესიონალმა დაგეგმა და კაკაჩია, ეგრეთ წოდებული, „სახარჯი მასალა“ იყო, რომელსაც შარშანდელი თოვლივით გააქრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პროფესორს ბევრი ფულიც ჰქონდა და საიმედოდაც იყო დაცული, ლომიძემ იცოდა, – მას „მეტკა“ ჰქონდა დადებული და ადრე თუ გვიან მის ლიკვიდაციას მაინც განახორციელებდნენ. ფული და დაცვა მას ვერ უშველიდა და თავდაცვის სხვა საშუალებები უნდა ეძებნა. პროფესორს შეეძლო, პოლიციისთვის ან უშიშროებისთვის მიემართა, მაგრამ მისი აზრით, ეს უსარგებლო ღონისძიება იქნებოდა. პროფესორი ფიქრობდა, რომ დახმარებისთვის დიდი, ძლიერი სახელმწიფოების მთავრობებისთვის მიემართა და რომელიმე ასეთ ქვეყანაში გადასულიყო საცხოვრებლად. თუმცა, ვახტანგ ლომიძემ ისიც იცოდა, რომ არც ასეთი ვარიანტით ექნებოდა გარანტია, რომ შემკვეთის ხელი იქ არ მისწვდებოდა. მართალია, პროფესორს შეეძლო, მოეთხოვა სრული დაცვა და მაშინ დიდი სახელმწიფო მას ვინაობას და გარეგნობას შეუცვლიდა და ინკოგნიტოდ იცხოვრებდა, მაგრამ ეს ლომიძეს არ აწყობდა. ქართველი პროფესორი მსოფლიო წოდებასა და აღიარებას უმიზნებდა, ეს კი კონსპირაციას გამორიცხავდა. ამიტომ, ვახტანგ ლომიძე, ერთი მხრივ, დიდი სასიკვდილო საფრთხის წინაშე იდგა, მეორე მხრივ კი მსოფლიო აღიარების დაუოკებელი წყურვილი კლავდა. ასეთ წინააღმდეგობრივ ფიქრებში გაატარა ლომიძემ ორი დღე და ღამე და გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდა. ორმოცდარვასაათიანი ფიქრის შემდეგ ქანცგამოცლილ ლომიძეს თავის კაბინეტში, საწერ მაგიდასთან, სავარძელში ჩაეძინა. პროფესორი ტელეფონის გაბმულმა ზარმა გამოაღვიძა. მან მობილური ყურზე მიიდო და უპასუხა:
– გისმენთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში