№45 როგორ უნდა ებრძოლოთ თვალის გარშემო გაჩენილ ნაოჭებსა და შავ რგოლებს
ნინო კანდელაკი ანი რევია
იმის გამო, რომ ქუთუთოების კანქვეშ თითქმის არ არის კუნთები და ცხიმი, მასზე სხვა ადგილებთან შედარებით უფრო ადრე წარმოიქმნება პირველი ნაოჭები და გამოუძინებლობის შემთხვევაში დაღლილობის კვალიც მალე ჩნდება. ამიტომ სჭირდება თვალების ირგვლივ კანს განსაკუთრებული მოვლა. რაც უფრო ადრე დაიწყებთ კანის მოვლას თვალების ირგვლივ, მით უკეთესი.
* კარტოფილის კომპრესი დაღლილობის მოსახსნელად და თვალების განტვირთვისთვის: გახეხეთ უმი კარტოფილი წვრილ სახეხზე, დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი რძე და ცოტა ფქვილი, აურიეთ, რომ ერთგვაროვანი არაჟნის სისქის მასა მიიღოთ და 15 წუთი დაიდეთ დახუჭული თვალების ირგვლივ. თვალების ირგვლივ შავი რგოლების მოსაშორებლად კი გახეხეთ წვრილ სახეხზე უმი კარტოფილი, შეახვიეთ მარლაში ან თხელ ნაჭერში და დაიდეთ ქუთუთოებზე 5 წუთით;
* კიტრის კომპრესი: კიტრს მოაჭერით 2 თხელი მრგვალი ნაჭერი და დაიდეთ თვალებზე 15 წუთის განმავლობაში. ისინი მოგიხსნით დაღლილობას და მოგაშორებთ დაძაბულობის კვალს ქუთუთოებიდან. ან გათალეთ კიტრი, გამოწურეთ წვენი, ჩააალბეთ დოლბანდი და გააკეთეთ კომპრესები. ამ უბრალო პროცედურების შემდეგ, თვალების ირგვლივ კანი საგრძნობლად გამოკეთდება;
* სტაფილოს კომპრესი: სტაფილო გახეხეთ წვრილ სახეხზე, აურიეთ კვერცხის გული და 2 ჩაის კოვზი კარტოფილის სახამებელი. ეს ნიღაბი დაიდეთ თვალების ირგვლივ და წამოწექით. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით თვალის გარშემო დამატენიანებელი კრემი.
კარგია ნატურალური ზეთებიც, მაგალითად, ნუშის ან აბუსალათინის, ყურძნის თესლის, რადგან ის ეხმარება კანის დატენიანებას, სწრაფად და მსუბუქად შეიწოვება, მდიდარია ვიტამინებით და სხვა კომპონენტებით, რომლებიც უხდება მობერებულ თვალის კანს. ასევე, კარგია ნაღების კარაქი. ის შეიძლება გამოიყენოთ ისე, როგორც თვალების ირგვლივ ღამის კრემი – ნაზად შეიზილეთ კანში. თვალის გარშემო კარაქის შეზელით თქვენ ასტიმულირებთ სისხლის მიმოქცევას და არ ჭიმავთ კანს. სასარგებლოა ჩვეულებრივი, მცენარეული ზეთიც, თუ მას საღამოს წაისვამთ.
აქვე გასწავლით თვალის გარშემო ნაოჭების საწინააღმდეგო მკვებავი ნიღბების მომზადებას:
* კვერცხის, თაფლისა და რძის ფხვნილის ნიღაბი – აურიეთ კვერცხის გული, ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი და რძის ფხვნილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული ფაფა დაიდეთ თვალებზე და გააჩერეთ 20 წუთი. ეცადეთ, თვალში არ მოხვდეს. ეს რეცეპტი კარგად მოქმედებს თვალების ირგვლივ მგრძნობიარე კანზე.
* ბანანის ნიღაბი – ერთი სუფრის კოვზ გასრესილ ბანანის რბილობს შეურიეთ 1 სუფრის კოვზი გამთბარი ნაღების კარაქი. მიღებული მასა შეიზილეთ თვალების ირგვლივ. გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.
* შვრიის ნიღაბი – ნახევარი სუფრის კოვზ შვრიის ფანტელს დაასხით ცხელი რძე. როდესაც შვრია გადიდდება, თბილივე დაიდეთ ქუთუთოებზე და გააჩერეთ 20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით. ასეთი ნიღაბი შესამჩნევად ასწორებს თვალების ირგვლივ ნაოჭებს.
გაითვალისწინეთ, რომ თვალების ირგვლივ კანის მოსავლელად კრემის არჩევას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ. ჩვეულებრივი სახის კრემები არ გამოდგება. პირიქით, უმეტესი მათგანის ქუთუთოების ნაზ კანზე წასმა არ არის რეკომენდებული, რადგან ასეთი კრემები ძალიან „მძიმეა“ თვალების ირგვლივ მგრძნობიარე კანისთვის და შეუძლია, ძლიერ დაჭიმონ ის, რაც ახალი ნაოჭების გაჩენას იწვევს. კრემი ტუბში უფრო დიდხანს ინარჩუნებს თავის სასარგებლო თვისებებს, ვდრე ქილაში, რადგან ნაკლებად ხვდება ზემოქმედებაში ჟანგბადთან. კარგია კრემები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის თაფლი, C ვიტამინი, რეტინოლი (A ვიტამინი) და სხვადასხვა მჟავები. ეს ნივთიერებები მოქმედებენ საკმაოდ ნელა, სამაგიეროდ, ღრმად აღწევენ კანში და ასტიმულირებენ კოლაგენის წარმოქმნას, რის ხარჯზეც კანი უფრო ელასტიკური და ახალგაზრდული ხდება. მოერიდეთ კრემებს, რომლებიც შეიცავენ კოფეინსა და სპირტს.
თვალების ირგვლივ კრემის წასმა საჭიროა დღეში ორჯერ – დილით და საღამოს, მაკიაჟის მოშორების შემდეგ. ქვედა ქუთუთოზე წაისვით კრემი თვალის გარე კუთხიდან შიდასკენ, ხოლო ზედა ქუთუთოზე – პირიქით, შიდა კუთხიდან გარესკენ.