№45 მტაცებელი
ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #44 (1035)
ოთარი შვილის გონივრულმა პასუხმა მომენტალურად ბოლომდე გამოაფხიზლა და თან ძალიან შეარცხვინა. რა თქმა უნდა, გაიგო კოტიკოს იგავური ნათქვამი, მაგრამ ვითომ ვერაფერს მიხვდა, სასწრაფოდ წამოდგა – მე წავედი დასაძინებლად, ხვალ ადრე ვარ ასადგომი. თქვენც დაწექით, უკვე ძალიან გვიანიაო – და ფლატუნით გავიდა სამზარეულოდან, სადაც ორი თვალცრემლიანი და გულნატკენი შვილი დატოვა.
სალომე ატირდა – მამას რატომ არ ვუყვარვარო, დედა კი არც გახსენებია. მერე ადგა და სლუკუნით გავიდა თავის ოთახში.
კოტიკო კიდევ კარგა ხანს იჯდა სამზარეულოში და მშობლებზე ფიქრობდა. ჯერ მხოლოდ 16 წლის იყო და ბოლომდე ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა დედასა და მამას შორის, რომლებსაც სულ ცოტა ხნის წინ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ; ბოლოს კი ინტუიციით იგრძნო, რა უნდა ყოფილიყო ამ ყველაფრის მიზეზი და სამზარეულოში წყლის დასალევად შემოსულ მამას ჯიქურ ჰკითხა:
– მამა, ახალი საყვარელი გაიჩინე?
ბიჭი თვითონვე დააბნია თავისმა შეკითხვამ. „ახალი საყვარელი“ იმას ნიშნავდა, რომ მიხვდა: მამამისს ადრეც ჰყავდა საყვარლები, ახლაც ჰყავს და ოჯახის მსხვრევის მიზეზი სხვა არაფერი იყო, თუ არა მისი ამორალური ცხოვრება. ეს რომ გაიაზრა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ამორალური ცხოვრების წესი მარტო ქალებისთვის არ ყოფილა დამახასიათებელი.
შვილის ასე ღიად დასმული შეკითხვა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ოთარს წყალი გადასცდა და კინაღამ დაიხრჩო. რამდენიმეწუთიანი ხველების შემდეგ ოთომ ძლივს ამოისუნთქა, მაგრამ კოტიკო არ შერხეულა, არც კი ცდილა, მიშველებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მართლა შეეშინდა, მამას არაფერი დაემართოსო.
ოდნავ სული რომ მოითქვა, ოთარი ისე გავიდა სამზარეულოდან, შვილისთვის ზედ არ შეუხედავს და, ცხადია, არც პასუხი გაუცია, თუმცა ბიჭის შეკითხვამ და ტონმა მიახვედრა: ნებისმიერ სიტუაციაში კოტიკო მთლიანად დედას დაუჭერდა მხარს, აი, სალომეს პოზიცია კი, სავარაუდოდ, 50-50-ზე იქნებოდა.
***
იმ საღამოს შემდეგ სალომე ისე შეიცვალა, ვეღარავინ ცნობდა: ყველას მიმართ აგრესიას ამჟღავნებდა – სახლშიც და გარეთაც. სწავლას ისე მოუკლო, მასწავლებლები ყოველ კვირას იბარებდნენ თათულის. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ სალომეს დიდი ინტერესი გაუჩნდა ბიჭების მიმართ, რასაც სულაც არ მალავდა. ამ ინტერესიდან გამომდინარე, დაიწყო ასაკისთვის შეუფერებლად ჩაცმა, შეიცვალა ლაპარაკისა და სიარულის მანერა; კვირაში ორჯერ იცვლიდა თმის ფერსა და ვარცხნილობას და ქუჩაში მაკიაჟის გარეშე აღარ გადიოდა. ასეთი ჩაცმული და მოხატული სალომე, რომელსაც ბავშვური იერი ჰქონდა და სიმაღლითაც ვერ დაიკვეხნიდა, ლამაზი სახის მიუხედავად, საკმაოდ უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა – დაბერებულ ბავშვს ჰგავდა.
თათულის არ გამოჰპარვია შვილის ასეთი არასასურველი მეტამორფოზა და ყველანაირად სცადა, სიტუაცია ემართა: სალომეს მეგობრებსაც შეხვდა და ესაუბრა; ბავშვთა ფსიქოლოგთანაც იყო ვიზიტზე და ისიც კი მოახერხა, რომ შვილიც დაითანხმა, ფსიქოლოგს გასაუბრებოდა. ათასნაირი მცდელობისა და ზრუნვის შემდეგ მდგომარეობა ცოტათი გამოსწორდა: სალომემ თვითონ მოინდომა ფსიქოლოგთან სეანსებზე სიარული და მალე უგემოვნო და შეუფერებელ ჩაცმა-დახურვასა და საშინელი მაკიაჟის კეთებასაც თავი დაანება, მაგრამ, სამაგიეროდ, ოჯახის წევრებისგან მოითხოვდა სრულ მორჩილებასა და მომსახურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ ისტერიკას აწყობდა, დედა შვილს არ აიყვანდა. ამიტომ ყველა ცდილობდა, მისი მოთხოვნები და სურვილები შეესრულებინა და ზედმეტად არ გაეღიზიანებინა.
ერთხელ თათულის ფსიქოლოგმა დაურეკა და თავისთან დაიბარა. თათული მაშინვე გაიქცა მასთან და გულისფანცქალით დაელოდა, რას ეტყოდა ქალბატონი ქეთევანი.
– თქვენს შვილს ვიღაცის ან რაღაცის მიმართ აქვს მძაფრი პროტესტი. მაპატიეთ, რომ გეკითხებით, მაგრამ, ოჯახში სიმშვიდე გაქვთ?
– ბატონო? – შეკითხვამ დააბნია თათული და ამ ერთსიტყვიანი შეკითხვით ცოტა დრო მოიგო, რათა მოეფიქრებინა, რა პასუხი გაეცა, თორემ, მშვენივრად მიხვდა, რასაც ეკითხებოდნენ. ქალბატონი ქეთევანიც მიხვდა დაბნეული მშობლის ამ უნებლიე მანევრს, ამიტომ კითხვა აღარ გაუმეორა და მოთმინებით დაელოდა პასუხს.
თათული ორიოდე წუთს დუმდა, მერე კი ძალა მოიკრიბა და გადაწყვიტა, არ ეცრუა. იცოდა, ექიმს მსიმართლეს თუ არ ეტყვი, ძალიანაც რომ ეცადოს, ვერ მოგარჩენს. ამიტომ პირდაპირ და მოკლედ უთხრა:
– არა.
– ქმართან გაქვთ პრობლემა თუ მეორე შვილთან?
– ქმართან.
– გაყრილები ხართ?
– არა. ვერა და ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი.
– მაპატიეთ, ასე დაწვრილებით რომ გეკითხებით, მაგრამ სხვაგვარად ვერ დავადგენ სალომეს ასეთი საქციელის მიზეზს.
– არა უშავს, მკითხეთ, რაც საჭიროდ მიგაჩნიათ.
– უკაცრავად... ქმარი ფიზიკურ შეურაცხყოფას გაყენებთ შვილების თანდასწრებით?
– ფიზიკურს არა, სიტყვიერ შეურაცხყოფას კი არ მაკლებს. მამცირებს და დამცინის, – საკუთარ თავს გადაახტა და პირველად გაუმხილა სხვა ადამიანს თავისი ყველაზე დიდი ტკივილი.
– თქვენი აზრით, რა მიზეზით?
– ჩემი გარეგნობა აღარ მოსწონს. წონაში მოვიმატე, თავს ვეღარ ვუვლი, რადგან ოჯახის მოვლას ვერ ავუდივარ. მოკლედ, ეთაკილება, ჩემნაირი ცოლი რომ ჰყავს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მღალატობს და ამას შვილებთანაც აღარ მალავს. მე კი მოდიდან გამოსულ პალტოს მეძახის და, კიდევ, ქვაბებისა და ცოცხის დედოფალს.
– შვილების თანდასწრებით?
– დიახ.
– საყვარელი ჰყავს?
– დიახ.
– და ბავშვებმა ეს იციან?
– მგონი, კი.
– მაპატიეთ, მაგრამ, რატომ არ ეყრებით?
– მე არ ვმუშაობ და ვინ არჩენს ჩემს შვილებს?
– ბავშვები ვის მხარეს არიან?
– მგონი, ჩემკენ უფრო იხრებიან, მაგრამ მამასთანაც ინარჩუნებენ რაღაც დონეზე ურთიერთობას, არ არის გამორიცხული, ისევ და ისევ იმის გამო, რომ მე ჯიბის ფულსაც ვერ მივცემ.
– არ გიფიქრიათ, რომ სალომეს თქვენი გადაუწყვეტელი პოზიცია და საკუთარი თავის იგნორირება უფრო აღიზიანებს, ვიდრე მამის საყვარლების არსებობის გაგება?
– არა, არ მიფიქრია. თუმცა, ახლა, თქვენ რომ მითხარით, ვფიქრობ, ნამდვილად ეს იქნება მთავარი მიზეზი.
– თქვენი ვაჟი რამდენი წლისაა?
– თექვსმეტის.
– ისიც უარესობისკენ შეიცვალა?
– არა, მაგრამ უკვე მაგუებს, თუ გამიმართლა, ინგლისში მინდა სასწავლებლად წასვლაო.
– თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?
– მე თანახმა ვარ. ხელსაც კი შევუწყობ. მიეჩვიოს დამოუკიდებელ ცხოვრებას. თანაც, ჩვენგან დაისვენებს. ჯერ ბავშვია და უკვე ნერვები აღარ უვარგა.
– ხომ არ გეწყინებათ, რაღაც რომ გირჩიოთ? როგორც თქვენი შვილის ფსიქოლოგმა, რა თქმა უნდა.
– პირიქით, გამიხარდება.
– საკუთარი თავის, ასე ვთქვათ... მიხედვით ხომ არ დაგეწყოთ?
– როგორ? – ვერ მიხვდა თათული.
– მაგალითად, ცოტა რომ გახდეთ, ვარცხნილობა შეიცვალოთ, უფრო თანამედროვედ ჩაიცვათ, მაკიაჟი გაიკეთოთ... ერთი სიტყვით, თავადაც ხვდებით, ალბათ.
– და ეს დადებითად იმოქმედებს სალომეზე? – გაუხარდა თათულის.
– არამარტო სალომეზე.
– მართლა? დღეიდანვე დავიწყებ! – ქალს იმედის სხივი ჩაუდგა თვალებში, – მაგრამ, მინდა, რომ სალომემ კიდევ იაროს თქვენთან. აშკარად გამოიღო შედეგი თქვენმა საუბრებმა.
– კი ბატონო. მე თვითონ გეტყვით, როდიდან აღარ იქნება საჭირო ჩემთან სიარული.
– ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, ქალბატონო ქეთევან. კარგად ბრძანდებოდეთ!
– ნახვამდის.
თათული ენთუზიაზმით აღსავსე გამოვიდა ფსიქოლოგისგან, სუპერმარკეტში შეიარა, იმდენი დიეტური პროდუქტი შეიძინა, რამდენიმე დღეს რომ ჰყოფნოდა და სახლში აიტანა. მერე სალონში წავიდა, თმა შეიღება და თანამედროვე ვარცხნილობა გაიკეთა. ისე შეიჭრა როლში, რომ შილაკის გაკეთებაზეც ვერ თქვა უარი და ამ ყველაფრის შემდეგ ბედნიერი და მხიარული დაბრუნდა სახლში.
– ვა, დედა?! ცოტა რომ გახდე, იცი, რა მაგარი ნაშა იქნები? – აღფრთოვანება ვერ დამალა სალომემ.
– ძველი ბიჭივით ნუ მელაპარაკები, გთხოვ, – შენიშვნისგან თავი ვერ შეიკავა თათულიმ.
– დედა, რა ლამაზი ხარ! – გაუხარდა დედის დანახვა შინ დაბრუნებულ კოტიკოს.
– ოჰო! – ცალი წარბი ასწია და ჩაიცინა ოთომ, მაგრამ მეტი არაფერი უთქვამს, ივახშმა და კომპიუტერს მიუჯდა.
„ჯერ სადა ხარ, ცოტა ხანს მაცადე და გაჩვენებ, რა შეუძლია უარყოფილ ქალს!“ – გულში ქმარს დაექადნა თათული.
მართლაც, სულ რაღაც ორიოდე თვეში საკმაოდ მკაცრი დიეტის, მასაჟების, კვირაში ორ-ორჯერ აერობიკის, ცურვისა და შოპინგების შემდეგ, თათულიმ ქარს გაატანა ზედმეტი 12 კილოგრამი, ასაკის 12 წელი და, 42 წლის დაღლილმზერიანი, საკმაოდ დანაოჭებულსახიანი და მოდუნებულსხეულიანი თათული 30 წლის კარგად მოვლილ ახალგაზრდა ქალს დაემსგავსა – სწორედ ისეთს, ყველა ასაკის მამაკაცი ერთნაირად ნერწყვის ყლაპვით რომ აყოლებს თვალს.
და, ერთხელაც, რამდენიმედღიანი „გულაობის“ შემდეგ სახლში დაბრუნებულმა ოთომ ძლივს იცნო ცოლი, რომელიც ძალიან მოკლე ხანში, ქვაბებისა და ცოცხის დედოფლობიდან ნამდვილ ჰოლივუდის ვარსკვლავად იქცა. კაცმა თვალი ვერ მოსწყვიტა თათულის, მაგრამ მხოლოდ ერთი მოკლე კითხვა დაუსვა:
– ამ ყველაფრის ფული ვინ მოგცა?
– ნუ გეშინია, შენი ფული არ დამიხარჯავს, – ცოტა არ იყოს, ქალური თავმოყვარეობა შეულახა ქმრის, მსუბუქად რომ ვთქვათ, უტაქტობამ, მაგრამ დიდად არ უდარდია, მხარზე ახალი ჩანთა გადაიკიდა, ახალი მზის სათვალე აიღო და გასასვლელისკენ გაემართა.
– სად მიბრძანდები? – გაუკვირდა ოთოს – არ იყო მიჩვეული ცოლის სახლიდან გასვლას, თან საღამოს საათებში, და თანაც, ასეთ სუპერ ფორმაში.
– დაქალებმა დამპატიჟეს კაფეში, – პასუხი არ დაამადლა თათულიმ.
– შენ, რა, დაქალებიც გყავს? – დასცინა ქმარმა, – მერე მე ვახშამი არ მინდა?
– მაცივარშია და თვითონ გაიცხელე, – ნიშნის მოგებით გაუღიმა ქალმა და კარი გაიხურა.
„ნეტავ ახლა ჩემს შვილებს რომ დავენახე, თუ შემაქებდნენ?“ – გაიფიქრა თათულიმ ლიფტში, მერე მობილური ამოიღო ჩანთიდან და სალომეს და კოტიკოს დაურეკა – ცოტა შემაგვიანდებაო.
***
თათულის ასეთმა მეტამორფოზამ მართლაც დადებითად იმოქმედა შვილებზე. ორივე აღრფთოვანებით შესცქეროდა გაახალგაზრდავებულ, გალამაზებულ დედას და მათი ურთიერთობაც უფრო დათბა და მოწესრიგდა. ის კი არა, ოთარიც ვეღარ უბედავდა უხეშობას, დაცინვასა და დამცირებას.
სალომესაც უფრო დაუწყნარდა ხასიათი, მაგრამ ბიჭების მიმართ ინტერესი არ განელებია. მართალია, მისი აქტიურობა ჯერჯერობით მაინც ჯდებოდა რაღაც საზღვრებში, მაგრამ, ასაკის მატებასთან ერთად, ფლირტებისა და სიყვარულის სურვილიც ემატებოდა.
ერთხელ, თავის 14 წლის იუბილეზე, აგარაკზე, სალომემ ბავშვობის მეგობარი დაპატიჟა ძმასთან ერთად, რომელიც კოტიკოსთან ძმაკაცოდა. იმ ძმამ კი თავისი მეჯვარეც მიიყვანა თავის შეყვარებულთან ერთად. უცხო სტუმარს მირიანი ერქვა, მაგრამ მიკას ეძეხდნენ. სალომეზე ბევრით უფროსი იყო – უკვე უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და მუშაობდა კიდეც. მიკამ საოცარი თაიგული მიართვა იუბილარს, ლოყაზე აკოცა და ღიმილით უთხრა:
– რა ფუმფულა და ლამაზი ბავშვი ხარ! ბოდიშს ვიხდი დაუპატიჟებლად რომ მოვედი, – მერე კი თავისი შეყვარებულიც გააცნო: – ეს სესილია, ჩემი საცოლე.
სალომე მიხვდა, რომ მიკას ის უფრო პატარა ეგონა და დიდად არ გახარებია, მაგრამ სიტყვა „ფუმფულამ“ მთლად გული მოუკლა. თუმცა კიდევ უფრო მეტად იმან მოუკლა გული, რომ მიკა დანახვისთანავე შეუყვარდა, ის კი ამდენი წლით უფროსია და, თანაც, საცოლე ჰყავს.
ამ ფაქტმა დააფიქრა და დაასევდიანა, მაგრამ უცებ მამის ორი „შეგონება“ გაახსენდა: პირველი – თუ ვინმე მოგეწონა, არავის დაუთმოო და, მეორე – ცოლი კედელი არ არის, მისი გვერდზე გაჩოჩება შეიძლებაო. გაახსენდა და გადაწყვიტა, მიჰყოლოდა ამ „შეგონებას“.
გაგრძელება შემდეგ ნომერში