კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 ხელმოცარული და უბედური

დანიელ სეიმონი

 ჯიმი  ხელმოცარული ადამიანი იყო. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე მიაჩნდა. დიდი სურვილი ჰქონდა,  ძლიერიც ყოფილიყო და წარმატებულიც, მაგრამ... ჩვეულებრივ, ძლიერი ადამიანები სიტუაციის ბატონ-პატრონები არიან. ჯიმი კი ყოველთვის მისი მსხვერპლი აღმოჩნდებოდა ხოლმე.   საგანგებოდ შეიძინა სახელმძღვანელო ერთ შილინგად, რომ ესწავლა, როგორ მიეღწია წარმატებისთვის. ახლა შვებულებაში იყო, მაგრამ ამას დასვენებას ნამდვილად ვერ დაარქმევდა. მისთვის რომ გეკითხათ, მოდური და ძვირად ღირებული კურორტი კიმპტონ-ონ-სი სულაც არ იყო მისთვის სასურველი ადგილი, სადაც დასვენებას შეძლებდა. მაგრამ, ლუისმა,  ქალიშვილმა, რომელზეც ჯიმი  ჭკუას კარგავდა, აიხირა და კაციც დაჰყვა მის ნებას. თუმცა, კიმპტონ-ონ-სიში ჩამოსულმა ლუისმა საცხოვრებლად ყველაზე ფეშენებელური სასტუმრო, „ესპლანადა“ შეარჩია და იქ დაბინავდა. ჯიმის  ჯიბე კი ამას ვერ შესწვდა – მან ზღვიდან მოშორებით, იაფფასიან სასტუმროში იქირავა ნომერი. გულზე გახეთქილი, გამწარებული გასცქეროდა ჰორიზონტს, სადაც ზღვის სანაპიროზე მოდური ბუნგალოები იყო ჩამწკრივებული. ჯიმი  ვერც იოცნებებდა ასეთ ფუფუნებაზე. ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური ბუნგალო, თავისი გასახდელებითა და  საშხაპეებით, თავად ლორდ ედუარდ ჯემპონს ეკუთვნოდა. ამ სეზონზე მასთან თავად რაჯა მარაპუტნი იყო სტუმრად. რაჯას სიმდიდრეზე ლეგენდები დადიოდა. ჯიმმა  დილის გაზეთში წაიკითხა, რომ მარაპუტნის ეკუთვნოდა მსოფლიოში ყველაზე დიდი, მტრედის კვერცხის ზომის ზურმუხტი, რომელსაც არასდროს იშორებდა და სულ თან დაჰქონდა. ჯიმი ოცნებებში წავიდა.  მას რომ ჰქონოდა ასეთი ზურმუხტი... ლუისსა  და მის მეგობრებს სანაპიროზე შეხვდა. გოგონები ყველაფერზე იცინოდნენ. ჯიმს ნერვებს უშლიდა მათი სულელური ქირქილი.  კიდევ ის კუდაბზიკა კლოდ სოპვორსი, თეთრი, გაქათქათებული ფლანელის შარვლით, გვერდიდან აღარ შორდებოდა ლუისს. ისინი ერთად მუშაობდნენ ეროვნულ საფინანსო დეპარტამენტში – ლუისი ნელ-ნელა აღწევდა პროფესიაში წარმატებას. ჯიმმა  ამოიოხრა.
– ერთმანეთს თითქმის ვერ ვხედავთ, – უსაყვედურა ლუისს.
– ჰო, მაგრამ, ახლა ხომ ერთად ვართ, შეგიძლია, ჩვენთან ერთად გაცურო. მაგრამ, ძვირფასო, ამ გასახდელით ვერ ისარგებლებ. აქ მხოლოდ ის ადამიანები იცვლიან, ვინც სასტუმრო „ესპლანადაში“ ცხოვრობს. რიგში მოგიწევს ჩადგომა, აი, იქით – ლუისმა არაპრესტიჟული, უფასო გასახდელებისკენ გაიშვირა ხელი. ჯიმმა კარგად გაარჩია ლუისის  ხმაში ირონია.  მხოლოდ ის შეეძლო, საკუთარ თავზე გაბრაზებულიყო. რიგი მართლაც შთამბეჭდავი იყო. თანაც, ქალები ისე თავხედობდნენ... ზღვიდან კი უკვე ლუისის კისკისი და იმ იდიოტი კლოდის ჭიხვინი ესმოდა. ჯიმი მიხვდა, რომ კიდევ დიდხანს ვერ შეძლებდა ზღვაში შესვლას. ისე, რა მოხდებოდა, თუ რომელიმე ბუნგალოში გამოიცვლიდა?  ვინ მიხვდებოდა, სასტუმროში ცხოვრობდა, თუ არა. ჯიმმა საათს დახედა – ჯერ 10 საათიც არ იყო. ასეთ დროს ლორდ ჯემპონთან ხალხს ისევ ეძინა. პლაჟზე ისინი 12 საათზე ცოტა ადრე ჩამოდიოდნენ. მერე ის წყეული სახელმძღვანელოც გაახსენდა – წარმატებული ქალები ძლიერი ადამიანების შესახებ და... გარისკა. ბუნგალო სახელწოდების მიხედვით შეარჩია. „მინდეზირი“ – ამაზე სულელურ სახელს ვერაფრით მოიფიქრებდი. ჯიმი  ბუნგალოში შეძვრა. კარი ღია დახვდა. გასახდელები მის მარცხენა ფლიგელში იყო განთავსებული. კომფორტული, ორად გაყოფილი – ქალებისთვის და მამაკაცებისთვის. გასახდელში საკიდზე თითქმის ისეთივე ტილოს შარვალი ეკიდა, როგორიც ჯიმს  ეცვა. იქვე იდო საზღვაო ქუდი, პულოვერი და ფეხსაცმელები.  სწრაფად გამოიცვალა და საკუთარი თავით უზომოდ კმაყოფილი, პლაჟზე გავიდა. წარმატებამ ისე გაააქტიურა, რომ ლუისს ცურვის გაკვეთილებიც კი ჩაუტარა. ინგლისური წყლების ტემპერატურამ მთელი კამპანია მალე „ამოყარა“ წყლიდან. ლუისი და მისი მეგობრები სასტუმროს რესტორანში აპირებდნენ ლანჩზე წასვლას, ჯიმმა ისევ ბუნგალოს მიაშურა. სწრაფად გამოიცვალა და გარეთ გამოვიდა. მაგრამ ლუისი და მისი მეგობრები აღარსად ჩანდნენ. გაბრაზდა – ხომ შეეძლო  დამლოდებოდაო.  სასტუმროს რესტორანში წასვლა გადაიფიქრა, გადაწყვიტა, ქალაქში, რომელიმე იაფფასიან კაფეში ესადილა. უკვე კაფესთან იყო მისული, რომ მარჯვენა ჯიბეში, ბარძაყთან, რაღაც სიმაგრე იგრძნო. მანამდე ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ჯიბეში ხელი რომ ჩაიყო, თითები რაღაც კვერცხისებრსა და მაგარს მოხვდა. კაფეში აღარ შესულა, იქვე კედელს ამოეფარა და ხელისგული გაშალა. ზურმუხტის ბრწყინვალებამ თვალი მოსჭრა. ძვირფას ქვებში კარგად ვერ ერკვეოდა, მაგრამ ზურმუხტის ორიგინალობაში ეჭვი ოდნავაც არ შეჰპარვია. ქვა შეუდარებელი სილამაზის იყო. ჯიმის კანი დაუბუსუსდა. ღმერთო! ეს ხომ რაჯას სახელგანთქმული ზურმუხტი იყო, მაგრამ, როგორ აღმოჩნდა მისი შარვლის ჯიბეში?! უცებ გონება გაუნათდა: ეს მისი შარვალი არ იყო. გასახდელში შეცდომით სხვისი შარვალი ჩაიცვა. ღმერთო, ახლა, ალბათ, მთელი ადგილობრივი პოლიცია ზურმუხტის ქურდს ეძებდა. რა უნდა ექნა? პოლიციაში რომ მისულიყო, ვინ დაუჯერებდა, რომ ზურმუხტი სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა მასთან? მიიხედ-მოიხედა, ქუჩის მეორე მხარეს გაზეთებს ყიდდნენ, ზურმუხტიანი მუჭი ღრმად ჩაიტენა ჯიბეში და გაზეთების გამყიდველთან მივიდა. ყველა გაზეთის პირველივე გვერდებზე, ვეება ასოებით ეწერა მყვირალა სათაურები: „რაჯას სახელგანთქმული ზურმუხტი დაიკარგა“, „რაჯა სასოწარკვეთილია და მპოვნელს დიდ ჯილდოს ჰპირდება“, „არავინ იცის, ვინ მოიპარა მსოფლიოში ყველაზე დიდი ზურმუხტი“. ჯიმმა  შუბლზე მოისვა ხელი. ერთადერთი შანსი შარვლის დაბრუნება იყო. ახლა  პლაჟზე  ხალხიც არ იქნებოდა, სასწრაფოდ უნდა მოეშორებინა თავიდან ეს ავბედითი ქვა. ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ბუნგალო „მინდეზირი“ ლორდის საკუთრება იყო. ესე იგი, ვინმე ისეთმა იქურდა, ვინც ლორდთან იყო დაახლოებული. თუმცა,  ეს ნაკლებად აინტერესებდა. ბუნგალოს კარი ისევ ღია დახვდა, მისი შარვალიც იქვე ეკიდა. ის იყო, საკიდიდან ჩამოხსნა, რომ ზურგს უკან ვიღაცის ხმა გაიგონა:
 – ვიცოდი, რომ მოხვიდოდი. ჩავარდი?
ჯიმი  ნელა შემობრუნდა, მის წინ საშუალო სიმაღლის ჩაფსკვნილი მამაკაცი იდგა.
 – ინსპექტორი მერდესი ვარ სკოტლანდ-იარდიდან. ზურმუხტი უნდა მომცე.
 – რა ზურმუხტი? – გაიოცა  ჯიმმა, – არაფერი მესმის.
– გესმის და მომცემ კიდეც, თორემ, საქმე უარესად წაგივა. მაგრამ, თუ ჭკუას მოუხმობ და ზურმუხტს დააბრუნებ, გაგიშვებ. ლორდს ამ ამბის გახმაურება არ სჭირდება. რაჯას – მით უმეტეს. დააბრუნე ქვა და წადი შენს გზაზე.
 – რატომ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ნამდვილად სკოტლანდ-იარდიდან ხართ? მერდესმა ლაბადის კალთა გადაიწია და ნიშანი აჩვენა.
– კარგი, დავიჯერე, – თქვა ჯიმმა – მაგრამ, ზურმუხტი თან არ მაქვს, საიმედო ადგილას შევინახე.
 – ერთად წავიდეთ და ავიღებ, – მათ ერთად ჩაუარეს სასტუმრო „ესპლანადას“ და ქალაქისკენ აიღეს გეზი. როცა პოლიციის განყოფილებას გაუსწორდნენ, მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, ჯიმი  ინსპექტორს მკლავებში ჩააფრინდა და მთელი ხმით იბღავლა:
– ქურდი, ქურდი! მიშველეთ, მიშველეთ! – რამდენიმე წუთში მათ გარშემო პოლიციელების გუნდი შეიკრა და ორივე შენობაში შეიყვანეს.
– ეს კაცი ჯიბეში ჩამიძვრა და საფულე ამომაცალა, – თქვა ჯიმმა.
 მერდესი გაწითლდა:
– ნუ უსმენთ, გიჟია. გამჩხრიკეთ და ნახავთ, რომ ცრუობს. ინსპექტორს დიდი წვალება არ დასჭირვებია, ისე ამოიღო მერდესის ჯიბიდან  საფულე და მასთან ერთად მბრწყინავი მწვანე ქვა.
 – დასწყევლოს ეშმაკმა! ეს ხომ რაჯას ზურმუხტია, რომელიც მოიპარეს!
– ეს მან, მან ჩამიდო ჯიბეში თავის საფულესთან ერთად! – აყვირდა მერდესი – ის არის ქურდი, მე კი არა!
ინსპექტორმა შუბლი მოისრისა: – აქ რაღაც-რაღაცები უნდა გაირკვეს. ახლა ბატონი ლორდი მობრძანდება და ვნახოთ, რას გვეტყვის. მერდესი ცარცივით გათეთრდა:
–  მეჩქარება, უნდა წავიდე, ქურდი ეს ჯენტლმენია. მე პატიოსანი მოქალაქე ვარ.
 – ვერსად ვერ წახვალთ. აი, მისი ბრწყინვალებაც. ოთახში მაღალი, ძალიან სიმპათიური მამაკაცი შემოვიდა და აღელვებული მივიდა ინსპექტორთან:
– შეუძლებელია! თქვენ ის იპოვეთ? რანაირად?
– მილორდ, ძალიან გაგვიმართლა. ამ ორი ჯენტლმენიდან, რომელიმე ხომ არ გეცნობათ?
ლორდმა ზურმუხტიდან მზერა ჯიმსა და მერდესზე გადაიტანა
.– ჯო, აქ რას აკეთებ? ეს ჩემი კამერდინერია. ერთი თვის წინ ავიყვანე სამსახურში. ჯო, ეს შენ იქურდე, შენ მოიპარე ქვა?
– სავარაუდოდ, ასეა, სერ. აი, ეს ჯენტლმენი კი ძალიან დაგვეხმარა, – მოახსენა ინსპექტორმა. ლორდმა აღფრთოვანებით ჩამოართვა ხელი ჯიმს:
 – თქვენ ჩემთან ერთად წამოხვალთ, რაჯა უნდა გაგაცნოთ. სადილზე გეპატიჟებით. უარს არ მივიღებ. ჯიმმა თავი დაუქნია. მანქანაში კი ლორდს ყველაფერი უამბო.
 – კი, მაგრამ, როგორ მიხვდით, რომ სკოტლანდ-იარდიდან არ იყო? – ო, სერ, მისი ნიშანი,  ამაყად რომ მაჩვენა. მეც იმ კლუბის წევრი ვარ.  მაგრამ საიდან უნდა სცოდნოდა...
 – შესანიშნავია, შესანიშნავი! – ლორდმა ხელები მოიფშვნიტა, – ძალიან მომწონხართ, ახალგაზრდავ, სწორედ, თქვენნაირი თანაშემწე მჭირდება პარლამენტში!
ჯიმი ბედნიერებისგან გაიბადრა – აი, ახლა კი ნამდვილად ფლობდა სიტუაციას.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ


скачать dle 11.3