№45 რა მიზნით შექმნა ლავრენტი ბერიამ ომის მიწურულს სპეციალური ჯგუფები, რომლებშიც მეცნიერები შედიოდნენ
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ანალოგიური მისიები ჰქონდათ შექმნილი ამერიკელებს, ბრიტანელებსა და ფრანგებს და ისინიც, დაახლოებით, იმავე პრინციპით მოქმედებდნენ. თუმცა, საბჭოელებმა მაინც ყველას აჯობეს. მარტო ის რად ღირდა, რომ საფრანგეთის საოკუპაციო ზონაში საბჭოთა ჯგუფმა, რომელსაც თითქოს გზა აებნა, ურანის ქვაბი აღმოაჩინა და ააფეთქა. ურანის ქვაბი უზარმაზარი ნაგებობა იყო, სადაც ურანის გახლეჩა წარმოებდა და ეს იყო ატომური ბომბის დამზადების ტექნოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი. ამ სამსართულიან შენობას საბჭოელები ნამდვილად ვერ წამოიღებდნენ ფრანგული ოკუპაციის ზონიდან და ისე გაანადგურეს, რომ ფრანგებს არ ესარგებლათ. სამაგიეროდ, წამოიღეს ტონობით სამეცნიერო დოკუმენტაცია და უკვე „არზამას 16-ში“ ააგეს ანალოგიური „ურანის ქვაბი“.
პავლე სუდოპლატოვი: „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ის, რომ გერმანელი მეცნიერების ყველა დამუშავებული თემა საბჭოთა მეცნიერებმა მიითვისეს და ბევრმა მათგანმა სწორედ პლაგიატის წყალობით გაითქვა სახელი. ბერია კი, ანუ ის ადამიანი, ვინც საბჭოთა მეცნიერებს ასეთი არნახული ნახტომი გააკეთებინა, ბოროტმოქმედად, ჯაშუშად, კაციჭამია ვამპირად შერაცხეს და ყოველგვარი კანონის დარღვევით, ვერაგულად მოკლეს. არადა, ხრუშჩოვმა რომ მიიწერა კოსმონავტიკისა და საერთოდ, რეაქტიული სარაკეტო სისტემის ტრიუმფი, ეს ყველაფერი ბერიას დამსახურება იყო. სწორედ, ბერიას წყალობით, მისი ორგანიზატორული ნიჭის მეშვეობით განხორციელდა ეს პროექტები და ბერია რომ ასე ვერაგულად არ მოეკლათ, გაგარინი, ან სხვა ვინმე – პირველი კოსმონავტი ჯერ კიდევ 1955 წელს გაფრინდებოდა კოსმოსში. შემდგომ კი მთვარესაც პირველები ჩვენ დავიპყრობდით. ბერიას მკვლელობამ გაგარინის გაფრენა 6 წლით გადადო, მთვარე, კი, სულაც ამერიკელებმა დაიპყრეს. ასე რომ, მთელი მსოფლიო შეცდომაშია შეყვანილი და ყველამ უნდა გაიგოს, რომ ხრუშჩოვმა კი არ გაუშვა გაგარინი კოსმოსში, არამედ ბერიას მიერ დაწყებულმა და ინერციით მიმავალმა პროექტმა, რომელიც ხრუშჩოვმა საკუთარ თავზე მიიწერა. ასევე, დიდი ნახტომი იყო მედიცინაში და ესეც ბერიას დამსახურებაა, რადგან სწორედ ბერიას დავალებით მოიძიეს და ბრიტანეთის საოკუპაციო ზონიდან მოიპარეს დოქტორ მენგალის ჩანაწერები, რომელსაც ასევე, „სიკვდილის ექიმს“ უწოდებდნენ. საკონცენტრაციო ბანაკების ტუსაღებზე ჩატარებულმა მენგალის ჯოჯოხეთურმა ექსპერიმენტმა დიდი გარღვევა გამოიწვია მედიცინაში და ის საბჭოთა ექიმებმაც გამოიყენეს. ბერია ყველაზე ადრე მიხვდა ამ ჩანაწერების მნიშვნელობას და თავად მენგალის შეპყრობა დაისახა მიზნად. მის მოსაძებნად სპეციალური ჯგუფიც კი შექმნა და მის დაჭერასთან ახლოც კი იყო, მაგრამ თავად ბერია მოკლეს ვერაგულად და მენგალის კვალი დაიკარგა“.
ლავრენტი ბერია, რა თქმა უნდა, ანგელოზი არ იყო, მაგრამ ის არც მენგალივით კაციჭამია გახლდათ, თუმცა კაციჭამიების მიღწევების გამოყენებაზე უარს არ ამბობდა და მათ წარმატებითაც იყენებდა, იმავე კაციჭამიების გასანადგურებლად.